LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანუკი კურდღელია: “ახლანდელი მე ძალიან განვსხვავდები იმ ანუკისგან, რომელიც ბლოგს წერდა”

ბლოგის გაკეთება 7 წლის წინ დაიწყო. მაშინ არ მუშაობდა, ბავშვს ზრდიდა. ამბობს, სახლში ყოფნა მის ხასიათზე უარყოფითად აისახა, რის გამოც მეუღლემ ბლოგის გაკეთება ურჩია. ასე შეიქმა „ანნა დროულის ბლოგი“. ახლა დაკავებულია, ბლოგისთვის ვეღარ იცლის, თუმცა ფიქრობს მის განახლებას. გადაცემის „ბლოგერები საუბრობენ“ სტუმარი ანუკი კურდღელიაა.

 

ანდრია, ჩემი შვილი 3 წლის იყო, მე არ ვმუშაობდი და მთელ დღეებს მასთან ერთად ვატარებდი, რაც რა თქმა უნდა დიდი ბედნიერებაა, მაგრამ მუდმივად სახლში ყოფნა კატასტროფულად მოქმედებდა ჩემს ხასიათზე, რომელიც ისედაც ვერ გამოირჩევა დიდი სიმსუბუქით. ჰოდა, მეუღლემ, ბაჩომ გადაწყვიტა პირველ რიგში საკუთარი სიმშვიდისთვის ეზრუნა და ბლოგის გაკეთება შემომთავაზა, სადაც ჩემი საყვარელი საქმიანობით, წერით დავკავდებოდი. ერთად ვუყურებდით იუთუბზე ვიდეო გაკვეთილებს ბლოგის შექმნაზე და პარალელურად ვაწყობდით. ბლოგის შემდეგ გავაკეთეთ ფეისბუქ ექაუნთი ანალოგიური სახელწოდებით, მოკლედ ძალიან სერიოზულად მივუდექით საკითხს. რაც შეეხება დროის დათმობას, შეიძლება ითქვას, რომ მთელი ჩემი ღამეები ბლოგს ეთმობოდა. რიტუალივით მქონდა, როცა ყველა დაიძინებდა, ვიმარაგებდი უზარმაზარი ჭიქით ყავას, ბევრ შოკოლადს და შუაღამისას ვიწყებდი წერას, გამთენიისკენ ვტვირთავდი, ფეისბუქზე ვაშეარებდი და ვიძინებდი.

 

როგორია შენი ბლოგის მიზნობრივი აუდიტორია?

თავიდან მიზნობრივი აუდიტორია განსაზღვრული არ მქონია, თუმცა მასალების შინაარსმა თავისთავად განაპირობა ის, რომ ბლოგის მკითხველები ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებული პირები იქცნენ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბლოგის წერა ერთ-ერთ ინტერნეტ გამოცემაში გავაგრძელე. ანუ ჩემი ბლოგი არ ყოფილა პირადული და ე.წ. ყვითელი  თემებით დატვირთული. იყო რამდენიმე მსუბუქი სტატია, თუმცა, უმეტესობა კონკრეტულ პრობლემას და ვითარებას ეხებოდა.

 

ამბობს, რომ მისთვის სულერთი არ არის ადამიანების შეფასებები. სანამ პირველ ჩანაწერს დადებდა, ბევრი იფიქრა, ელოდა რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებების მქონე ადამიანები კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარებდნენ.

 

„მაშინ ქვეყანაში საკმაოდ დაძაბული ვითარება იყო. ეს მოლოდინი კიდევ უფრო გამიმძაფრდა, როცა ინტერნეტ-გამოცემისთვის დავიწყე წერა, სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანი შედიოდა და აქტიურობდა. თუმცა, არ მახსენდება არც ერთი კომენტარი, რომელიც რაღაც საზღვრებს გაცდა და გული მატკინა. ჩემდა გასაკვირად, მკითხველები საკმაოდ თბილად შემხვდნენ და მათი დადებითი კომენატრები და გამოხმაურებებია ის, რაც ახლაც ძალიან მენატრება“.

 

როგორია ავტორი ბლოგს მიღმა?

 

ახლანდელი მე ძალიან განვსხვავდები იმ ანუკისგან, რომელიც ბლოგს წერდა. თუმცა, ის რაც ახლა ვარ ამ ბლოგის დიდი დამსახურებაა. ამჟამად გაცილებით დაკავებული და  დატვირთული ვარ და ამის შედეგია ის, რომ ბლოგისთვის საერთოდ ვეღარ ვიცლი. ადამიანები აგრძელებენ ბლოგზე შესვლას და კომენტარების… მომენატრა წერაც, შემდეგ გვერდის ბევრჯერ დარეფრეშებაც, რომ ნახო რამდენმა წაიკითხა, როგორ შეგაფასეს. ვფიქრობ ბლოგის განახლებაზე, თუმცა, ეს ალბათ არ იქნება იგივე მიმართულების და თემატიკის.

 

წიგნი, რომელსაც ურჩევ მსმენელს?

ეს ყველაზე რთული დავალება.  რჩევა არ ვიცი, მე იმ წიგნს გეტყვით, რომელმაც ბოლო პერიოდში ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. ეს არის დიმიტრი გლუხოვსკის ტრილოგია – მეტრო 2033; მეტრო 2034 და მეტრო 2035. ეს არის ფანტასტიკა, სადაც შემზარავი ნიჭიერებითაა მოთხრობილი, როგორ ცდილობენ გზამოჭრილი ადამიანები ახალი სამყაროს შეკოწიწებას ჩაკეტილ სივრცეში, მონსტრებთან  დაპირისპირებას,მოკლედ  გადარჩენას და როგორ იღუპებიან ამ ბრძოლაში, როგორ კარგავენ საკუთარ თავს. როგორ იქცევა ადამიანი სხვებისთვის  ჯერ გმირად, შემდეგ კი გიჟად, მხოლოდ იმიტომ რომ ის ბრძოლას აგრძელებს, არ ნებდება საყოველთაო უმოქმედობას, რადგან არ სურს სხვებივით შეეგუოს და უბრალოდ არსებობას დათანხმდეს. მოკლედ საოცარი წიგნია და ვფიქრობ, აუცილებლად მოგეწონებათ.

 

 

 

საზღაური საზღვრისთვის
ანუკი კურდღელია

„მაშ, არავითარი საზღვარი, ჯონათან!“ – ამოკითხული და დამახსოვრებული ლივინგსტონის „თოლია“ გვიან წავიკითხე. ასაკით არა – გამოცდილებით გვიან. თქვენ ფიქრობთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდ–(ილებ)–ა წლებს მოაქვს?! – სისულელეა! მერე რა, რომ ბალზაკის ასაკში გაცილებით მეტი იცი სექსუალური თამაშობების შესახებ, მერე რა, თუ 40 წლისა ნაკლებად ცდები ადამიანების ამოცნობაში, ისიც მერე რა, ნახევარი საუკუნისა ჭკუას სხვის შეცდომებზე თუ სწავლობ. მთავარ გამოცდას ბავშვობაში აბარებ, გზაგასაყარზე. ცუდია, რომ არასდროს ვიცით ზუსტად, როდის მთავრდება ბავშვობა. ეს რომ მცოდნოდა, წინა დღით მაინც დავასწრებდი საკუთარი ნებით თუ თავსმოხვეული ცოდნით, წაკითხული წიგნებით, ნანახით და გაგონილით ნელ–ნელა შექმნილ, მაგრამ უკვე ფეხგადგმულ საზღვრებს… ერთი დღით, საათით, წუთით, წამით, ერთი წიგნით, ერთი ამბით, ერთი რჩევით, ერთი მეზობლით, ერთი ომით დამაგვიანდა.. 1991–92 წლებში, 6–7 წლისა ფოთში ვცხოვრობდი. იცით, როგორი იყო მაშინ ფოთი? დასაზღვრულ–განსაზღვრულ–საზღვრული. საზღვარი ყველაფერში – ჭამაში, სიცილში, ლაპარაკში, ურთიერთობებში, გარეთ გასვლაში, დაბანაში, ძილში. საკუთარ სახლშიც კი ვაწესებდით საზღვრებს, დაბომბვისას ყველაზე უსაფრთხოდ სარდაფი მიგვაჩნდა. ჰოდა, ვცხოვრობდით სარდაფში. სანთლის შუქზე ვწერდით მოსკოვში მყოფ მამას წერილებს, რომ გვენატრებოდა, რომ საჩუქრები გვინდოდა და რომ, არ უნდა ჩამოსულიყო. სიფხიზლესაც განსაზღვრული დრო ჰქონდა – სანთლის ჩაწვამდე. მერე ვწვებოდით. ისე მიყვარდა დრო დაწოლიდან დაძინებამდე – ჩემი დრო, ჩემი ოცნებები, თუმცა, მათაც სხვები მისაზღვრავდნენ. მე ხომ სხვების გამო ვოცნებობდი სიმშვიდეზე, სინათლეზე, სხვაგან ცხოვრებაზე. ერთადერთი საკუთარი ოცნება ცისფერთვალება, დიდი, მოლაპარაკე თოჯინა იყო, მამის ჩამოსვლასთან ერთად რომ ამიხდა. რა ადვილია საკუთარი სურვილებით ცხოვრება და მათი ასრულებისთვის ბრძოლა ბავშვისთვის – მშვიდობაზე რომ ოცნებობდა, ადვილი და ხშირად, სამწუხაროდ, უინტერესოც. ჩემს ცისფერთვალება, ლამაზ თოჯინას უბრალოდ „გოგო“ დავარქვი. გოგო გშია? – მაშინ, დაიძინე! წყალი გინდა? – მიდი, ითამაშე! გეძინება? – წამო, გავისეირნოთ. ვძალადობდი? – რათქმაუნდა! ძალადობა ხომ ხშირად შობს ძალადობას ან უმოქმედობას. ახლა ვფიქრობ, რომ უმოქმედობა ყველაზე დიდი ძალადობაა საკუთარი თავის მიმართ. ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი, საზღვრებისთვის საზღაურის გადახდა რომ დავიწყე, უფრო სწორედ, როცა შევამჩნიე რომ საზღაურს ვიხდი. თუმცა, ამაზე მერე…მანამდე იყო სკოლა… -“აბა, ბავშვებო გადაშალეთ წიგნები, წაიკითხეთ, დაიმახსოვრეთ, დაიზეპირეთ, ისწავლეთ…“ ჩვენც ვიმახსოვრებდით, ვიზეპირებდით, ვსწავლობდით. ვკითხულობდით და ვყვებოდით წაკითხულის მოკლე შინაარსს, გმირებს კარგებად და ცუდებად, საქციელებს სწორად და არასწორად ვყოფდით, მერე ამაყად ვუყურებდით სკოლის დერეფანში, ხუთოსნების დაფაზე გამოკრულ საკუთარ სურათებს, უზრუნველი და წარმატებული მომავლის გარანტად რომ მიგვაჩნდა. სასაცილო გულუბრყვილობაა?! – გულუბრყვილობა არის, სასაცილოსი აბა რა გითხრათ. სკოლის დამთავრების შემდეგ ყველაზე ხშირად იმაზე ვფიქრობ, ხუთოსნები სწორხაზოვნების გამო ვიყავით თუ სწორხაზოვნები ვიყავით ხუთოსნობის გამო?! არ ვიცი, რომელმა რომელი განაპირობა. ერთადერთი, რაც დანამდვილებით მახსოვს, ისაა რომ დაფაზე გამოკრულ სურათში საშინლად გამოვიყურებოდი. ნეტავ, ახლა სადაა ის სურათი?! დაფა რომ ადგილზეა ვიცი – ახალი სახეებით, სახელებითა და გვარებით. ალბათ, მათაც დაიზეპირეს პითაგორას თეორემა, მენდელეევის ცხრილი, ნიუტონის კანონები, ტურგენევის „მუმუ“, რომ „მარგო – საქართველოა, ხოლო ჯაყო – საზიზღარი დამპყრობელი“… ალბათ, მათაც გაუცრუვდებათ იმედები, საზღაურსაც გადაიხდიან ფიქრების და აზროვნების საზღვრებისთვის, ვიღაცას ეყოფა დრო, ვიღაცას – არა, ზოგი ვერც მიხვდება, რომ სასკოლო „ინკუბატორის“ ერთი რიგითი კურსდამთავრებულია. ხანდახან, მშურს „მიუხვედრებლების“. ეს მაშინ, როცა მგონია, რომ ბედნიერება სიმარტივეშია. იმაზე ხშირად მგონია, ვიდრე მინდა და იმაზე ნაკლებად, რაიმეს შეცვლა რომ მოახერხოს. თქვენ გიყვართ ცვლილებები?! ნებისმიერი ცვლილება: საკონსტიტუციო, საკადრო, საბიუჯეტო, კლიმატური, ემოციური თუ საზოგადოებრივი, ახალი საზღვრების დაწესებაა, ძველის შეკუმშვა ან გაფართოება. პრინციპში, უსაზღვროობა ხომ უჰაერობის „სინონიმია“. გინდა ჰაერი? უკვე საზღვარია – ყველა შემდეგის დასაწყისი და გამომწვევი. არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ მე მჭირდება საკუთარი ცვლილებები. იცით, როგორ ხდება?! ძველი საზღვრები არ გადაგვილახავს, არ წაგვიშლია, ისე დავამატეთ ან დაგვიმატეს ახლები, ამიტომაც, ზოგჯერ საზღაური გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენი წილი თავისუფლება. ჰო, საზღაურს ყოველთვის ვიხდით და ყოველთვის თავისუფლების რაღაც ნაწილით. მე, ახლა, უბრალოდ, მგონია, რომ ცოტა დამრჩა, უფრო სწორად, დასაკარგი და გადასახდელი აღარ დამრჩა. ალბათ, ამიტომაც მეშორება სკანდინავია, კარლსონების ქვეყანა… პ.ს. საშიშროება: საზღვრის სამანად ქცევა!  სამანი – თავისუფლება, რომელიც არ გჭირდება. საზღაური, რომელიც არ არსებობს!

გადაცემის ჩანაწერი: