LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანზორ ქოქოლაძე : “ისე არაფერი არ აჯანსაღებს გარემოს, როგორც კონკურენცია”

16

9 ნოემბერს რადიო ”ფორტუნას” გვანცა ლაღიძის გადაცემაში ”წარმატების ფორმულა” კომპანიის ”ტექნო ბუმი” დამფუძნებელი ანზორ ქოქოლაძე სტუმრობდა.

მონაცემები:

ანზორ ქოქოლაძე 1974 წლის 20 იანვარს ბათუმში დაიბადა. 1993 წელს დაამთავრა ბათუმის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 1995 წელს კი, მაგისტრის ხარისხი მიიღო მოსკოვის საერთასორისო სამართლის ინსტიტუტში, საერთაშორისო კერძო სამართლის მიმართულებით. 1996 წელს დააფუძნა კომპანია ”ელიტ ელექტრონიქსი”, რომელმაც ბათუმის ბაზრობაზე დაიწყო ფუნქციონირება აუდიო და ვიდეოკასეტების გაყიდვით. ამავე წელს ბათუმში ”ელიტ ელექტრონიქსის” პირველი მაღაზია გაიხსნა. კომპანია ყოველწლიურად 100-200%-ით იზრდებოდა, გაყიდვების მაქსიმალური მაჩვენებელი – 307 მლნ. ლარი კი, 2008 წელს დააფიქსირა. 2010 წელს ანზორ ქოქოლაძემ კომპანია ”ტექნო ბუმი” დააარსა.

– ბატონო ანზორ, როდის გადაწყვიტეთ ბიზნესმენობა და რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ტექნიკის ბიზნესი?

– ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში, უნივერსიტეტში ჩაბარებამდე ვგრძნობდი, რომ ბიზნესმენი გავხდებოდი. წარმოდგენა არ მქონდა, რა იყო მარკეტინგი და მენეჯმენტი. არა თუ კონკრეტული ცოდნა, ტერმინებიც კი უცნობი იყო ჩემთვის, თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ ამ მიმართულებით უნდა მემუშავა.

– როგორ დაარსდა ”ტექნო ბუმი” და როგორი იყო მისი განვითარების ისტორია?

– ”ტექნო ბუმი” პრაქტიკულად ”ელიტ ელექტრონიქსის” გააგრძელებაა. 2007 წელს, როცა ჩვენი კომპანია სწრაფი ტემპებით ვითარდებოდა, ერთ-ერთი პირველები ვიყავით, ვისაც პოლიტიკური მიზეზებით პრობლემები შეგვექმნა. ჩვენმა ჯგუფმა ”ელიტ ელექტრონიქსი” დატოვა და ”ტექნო ბუმი” შექმნა. მართალია, აბსოლუტურად არ გვქონდა რესურსები, მაგრამ იყო მოტივაცია და დიდი გამოცდილება, რაც მთავარია ვგრძნობდით ჩვენი მომხმარებლის სიყვარულს და მხარდაჭერას.

– ”ტექნო ბუმი” ყოველთვის აქციებით და სიურპრიზებით გამოირჩევა. რა სიახლეები  გაქვთ ამ ეტაპზე?

– ძალიან ბევრი აქცია გვაქვს დაგეგმილი. ჩვენთვის 2015 წელი არ იყო გაფართოების წელი, რადგან ის მოვლენები, რაც ჩვენს მეზობელ ქვეყნებში განვითარდა, ჩვენც შეგვეხო. შემცირდა ვალუტის შემოდინება, რაც ჩვენზეც საგრძნობლად აისახა. ჩვენი კომპანია მეორადი მოთხოვნილების პროდუქციაზე მუშაობს, ამიტომ შემცირდა მოთხოვნილება. ეს წელი ჩვენ, ეფექტურობის ზრდის წლად გამოვაცხადეთ და შიდა პროცესების დასახვეწად გამოვიყენეთ, რათა მზად ვიყოთ უფრო სწრაფი წინსვლისთვის შემდეგ წლებში.

– თქვენი აზრით რამდენად აუცილებელია ჯანსაღი კონკურენცია?

– ისე არაფერი არ აჯანსაღებს გარემოს, როგორც კონკურენცია. რატომაა მონოპოლური ბაზრები არაპროგრესული? – იმიტომ რომ, არაა კონკურენცია და ყველა მხარე – თანამშრომელიც, კომპანიაც და სახელმწიფოც წგებულია. ჩემი აზრით კონკურენციის გარეშე არ არსებობს პროგრესი.

– რომელ ტექნიკაზეა ყველაზე დიდი მოთხოვნილება და რომელი პროდუქცია ითვლება ყველაზე კონკურენტუნარიანად?

– ყველა პროდუქციაზე დიდი კონკურენციაა. დღეს საქართველოში 13 ქსელი არსებობს. არცერთ ბაზარზე, გაცილებით დიდ ბაზრებზეც კი არაა წარმოდგენილი 13 ქსელი. ეს იმ პროცესებმა გამოწვია, რომლებიც 2008-2010 წლებში განვითარდა – ჯერ დეფიციტი შეიქმნა, მერე კი, ჭარბი მიწოდება, ამიტომ ჩამოყალიბდა ბევრი კომპანია და დაიწყო კონკურენცია, რაც რა თქმა უნდა, ძალიან სასარგებლოა.

–  ტექნიკის ბიზნესი რომ არ ყოფილიყავით, რომელი ბიზნესს მიანიჭებდით უპირატესობას? რამდენადაც ვიცი, სხვა ბიზნესშიც აპირებთ ძალების მოსინჯვას.

– შემიძლია გითხრათ, რომ ვაპირებთ გაფართოებას სხვადასხვა მიმართულებით. ჩემთვის ნებისმიერი საქმიანობა საინტერესოა, რომელიც კანონით არაა აკრძალული და მორალურადაა გამართლებული.

– თქვენი აზრით, დღეს საქართველოში რომელი ბიზნესია ყველაზე მომგებიანი?

– ნებისმიერი ბიზნესი, რომელსაც ხელს მოჰკიდებ, ძირეულად შეისწავლი და ხარისხიანად აამუშავებ მომგებიანი გახდება, თუმცა გასათვალისწინებელია რა მასშტაბები ექნება მას. შეიძლება რომელიმე ბიზნესს არ ჰქონდეს ზრდის პერსპექტივა, მაგრამ მომგებიანი იყოს თავის მასშტაბებში. ჩემი აზრით დიდსაც და პატარა ბიზნესსაც ზუსტად ერთნაირი რესურსი და ენერგია ჭირდება.

– თქვენი აზრით, როგორი ბიზნესგარემოა დღეს, რა პრობლემებს აწყდება ბიზნესი საქართველოში?

– მოდით ჯერ გავარკვიოთ რისგან შედგება ბიზნესგარემო. პირველ რიგში ეს ბაზრის  სიდიდეა, ანუ რამდენად დიდია ბაზარი, მეორე – რამდენად სტაბილურია პოლიტიკური ვითარება, მერე, რამდენად კვალიფიციურია შრომის ბაზარი, მნიშვნელოვანია, რამდენად ადვილად შეიძლება ინვესტიციების და ფინანსური რესურსების მოზიდვა, ასევე გასათვალისწინებელია საკანონმდებლო მხარე, ანუ რამდენად დაბალი, ლიბერალური და სტაბილურია გადასახადები, აუცილებლად აღსანიშნავია სახელმწიფოს დამოკიდებულებაც ბიზნესის მიმართ.

– როგორია სახელმწიფოს დამოკიდებულება დღეს? არის თუ არა დადებითი ცვლილებები და კონკრეტულად რაში გამოიხატება ეს?

– 2012 წლის შემდეგ დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეიცვალა. მართალია, მანამდეც ბევრი სასარგებლო რეფორმა ჩატარდა, თუმცა მაშინ სულ სხვა პრობლემები იყო. წარმოვიდგინოთ, რომ აშენდა ძალიან კარგი შენობა, თუმცა გამოეცალა ფუნდამენტი. ფუნდამენტში მე კერძო საკუთრებას ვგულისხმობ, რომელიც ქვაკუთხედია როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ბიზნესისითვის, ანუ ძალიან ბევრი სასიკეთო გაკეთდა მაგრამ, ფუნდამენტის გამოცლით ხაზი გადაესვა ყველაფერ კარგს. იმდროინდელი ხელისუფლების დამოკიდებულება ბიზნესის მიმართ ძალიან არაჯანსაღი და ხისტი იყო. 2012 წლის შემდეგ  შენარჩუნდა გატარებული რეფორმები, განსაკუთრებით გადასახადების კუთხით. ხელისუფლება კი, ბევრად ლოიალური გახდა ჩვენს მიმართ. არც კი შემიძლია გავიხსენო ბიზნესის მართვის ნაწილში უკანონო ჩარევის პრეცენდენტი, ამიტომ დღევანდელი გარემო მაშინდელისგან რადიკალურად განსხვავდება და ბევრად უფრო ხელსაყრელია ნებისმიერი ბიზნესისთვის. მეტიც, მთელ პოსტსაბჭოთა სივრცეში ბალტიის ქვეყნების შემდეგ, საქართველო ერთ-ერთი პირველია წარმატებული ბიზნესის კეთების კუთხით. შრომის ბაზარს თუ გავითვალისწინებთ, ამ სფეროში ცოტას მოვიკოჭლებთ. თუმცა, ეტაპობრივად სიტუაცია აქაც უმჯობესდება, რასაც კონკურენციაც უწყობს ხელს. ყველა სფერო საკმაოდ კვალიფიციური კადრებით ივსება. პროგრესი რა თქმა უნდა მზარდია, მაგრამ დასავლეთის ქვეყნებს, ბევრად უფრო განვითარებულ ბაზრებს მაინც საგრძნობლად ჩამოვრჩებით. იქ რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესი სიტუაციაა, რადგან მათ უფრო მდიდარი ბიზნესტრადიციები და გამოცდილება აქვთ.

– ყველა ვთანხმდებით, რომ საქართველოში უცხოური ინვესტიციები აუცილებლად უნდა განხორციელდეს. თქვენი აზრით რომელი მიმართულება უნდა გააქტიურდეს ამ კუთხით ყველაზე მეტად?

– მე ასე ვიტყოდი, მთავარია იყოს ჯანსაღი გარემო და ბიზნესი თვითონ გადაწყვეტს სად გადაანაწილოს ინვესტიციები.

– ბატონო ანზორ, თქვენ რას ურჩევდით ხელისუფლებას?

– პატარ-პატარა რჩევები ბევრი მაქვს, მაგრამ მთავარი რასაც ვურჩევდი – მოგების გადასახადის შემცირებაა, ანუ თუ სახელმწიფო გააუქმებს ამ გადასახადს და იმავე პროპორციით წინ წამოსწევს დივიდენდის გადასახადს, ბევრად უკეთესი იქნება და ქვეყნის ეკონომიკასაც ძალიან წაადგება, რადგან ბიზნესი იძულებული გახდება გააკეთოს რეინვესტიცია. ასეთი წარმატებული მაგალითები ძალიან ბევრია მსოფლიოში და ვფიქრობ მთავრობამ აუცილებლად უნდა გადადგას ეს ნაბიჯი.

– თვლით თუ არა, რომ ხელისუფლებამ მაქსიმუმი გააკეთა ლარის დევალვაციის თავიდან ასაცილებლად და შეგეხოთ თუ არა თქვენ ვალუტის კურსთან დაკავშირებული პრობლემები?

– რა თქმა უნდა, ლარის დევალვაციამ სერიოზული გავლენა მოახდინა ჩვენზე. მაშინ როცა ზარალდება ჩვენი მომხმარებელი, ზარალდება ჩვენი კომპანიაც. საკმაოდ დიდი ზარალი განვიცადეთ როგორც ლარის კურსის ვარდნით, ასევე გაყიდვების შემცირების თვალსაზრისით. უნდა ითქვას, რომ ამგვარ კრიზისს გარე და შიდა ფაქტორებმა შეუწყო ხელი. გარე ფაქტორებში მე იმპორტის, ინვესტიციების და ფულადი გზავნილების შემცირებას ვგულისხმობ, შიდა ფაქტორად კი –  ქვეყნიდან საკმაოდ დიდი ოდენობით ფულის გადინება შემიძლია დავასახელო, რომლის შეჩერებაც დროულად შეეძლო მთავრობას.

– როგორი უნდა იყოს კარგი ბიზნესმენი. პირადად თქვენთვის რა არის პრიორიტეტული?

– ზოგადად ბიზნესმენი ორ ტიპად შეიძლება დავყოთ. ერთი – მენეჯერი, მეორე კი – მეწარმე. კარგი ბიზნესმენი პირველ რიგში კარგი ლიდერი უნდა იყოს. ბიზნესი ბრძოლას ჰგავს, ბრძოლაში კი, ვინაა კარგი ხელმძღვანელი? – ის ვინც საკუთარ თავზე იღებს დარტყმას და არასდროს ერიდება პასუხისმგებლობას. გარდა ამისა, ბიზნესმენს რისკზე წასვლის უნარი უნდა ჰქონდეს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ბიზნესი ეს ძალიან სარისკო საქმიანობაა. ნებისმიერი სფერო მოითხოვს გარკვეულ რისკებს, თუმცა ბიზნესს განსაკუთრებით მაღალი რისკიანობა ახასიათებს. მას, ვისაც არ შეუძლია სტრესულ სიტუაციაში მუშაობა, მე საერთოდ არ ვურჩევდი ბიზნესის წამოწყებას. შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ ეს ნაკლები ტრაგედიაა. მთავარია, გქონდეს უნარი იმდენჯერ წამოდგე ფეხზე, რამდენჯერაც დაეცემი.

– ბატონო ანზორ, რამდენი ადამიანია დღეს დასაქმებული ”ტექნო ბუმში”?

– თვითონ ”ტექნო ბუმში” 350 თანამშრომელი მუშაობს, გარდა ამისა, გვაქს გარე სერვისებიც, ასე რომ, საერთო ჯამში 550-მდე ადამიანი გამოდის. ძალიან მალე ახალ პროექტს ვიწყებთ და კიდევ 500-მდე თანამშრომლის აყვანას ვგეგმავთ.

– ძალიან საინტერესოა რა პროექტი იქნება ეს?

– ეს შიდა განვადების პროექტია. ყველა რაიონს თავისი კოორდინატორი ეყოლება. კოორდინატორებს კი, თავის მხრივ შიდა განვადების მენეჯერები, ანუ ყოველი მენეჯერი 1000 ოჯახზე იმუშავებს, სურვილის შემთხვევაში მათთან მივა სახლში და ადგილზე გაუფორმებს განვადებას.

– როგორია კომპანიის შინაგანა წესი. რა მთავარი კრიტერიუმების დაკმაყოფილება უწევთ თქვენს თანამშრომლებს?

– მთავარი, რა თქმა უნდა მოტივაციაა. რადგან, რაც უფრო მეტია მოტივაცია, მით უფრო მაღალია შედეგიც. არანაკლებ მნიშვნელოვანია კვალიფიკაცია და ჯანსაღი მორალი.

– რას ანიჭებთ ყველაზე დიდ მნიშვნელობას საქმიანი შეხვედრის დროს?

– ბუნებრივობას და გულწრფელობას. აუცილებელია საკუთარი და პარტნიორის მიზნების წინასწარ გათვალისწინება. ყოველთვის ზუსტად უნდა იცოდე რა გინდა შენ და რა სურს შენს პარტნიორს, რადგან შეხვედრის შედეგი ყოველთვის ორმხრივი სურვილების კომპრომისული შეჯერების შემდეგ დგება. ამიტომ, სწორად უნდა განსაზღვრო საკუთარი კომპრომისების ზღვარი და ზუსტად იყო ორიენტირებული საბოლოო მიზანზე.

– რა უფრო მისაღებია თქვენთვის – საქმის სწრაფად შესრულება თუ ნელა და გააზრებულად?

– რა თქმა უნდა სწრაფად. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაიმე გაუაზრებლად უნდა აკეთო. საჭოროა ყველაფრის კარგად გათვლა და დაგეგმვა, თუმცა არ ღირს უსასრულოდ ფიქრი და ორჭოფობა.

ბლიც-კითხვები:

– რა არის ”ტექნო-ბუმის” სლოგანი?

– ”ყველაფერი საუკეთესო მომხმარებელს!”

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– ”რაც არ მკლავს, ის მაძლიერებს”, და კითხვაზე: ”როგორ ხარ?”
ყოველთვის ვპასუხობ: ”იმაზე ბევრად უკეთესად, ვიდრე ვიმსახურებ!”

– რაში ხარჯავთ ფულს ყველაზე დიდი სიამოვნებით?

– ქველმოქმედებაში.

– ვინაა თქვენთვის მისაბაძი ბიზნესმენი?

– ბილ გეიტსი, უორენ ბაფეტი და ბიძინა ივანიშვილი.

– როგორია თქვენი დილა?

– ჩემი დილა ძალიან ადრე, 6:30-ზე იწყება. ვკითხულობ ლოცვას, ვსვამ ერთ ბოთლ წყალს და აუცილებლად ვვარჯიშობ.

– ინფორმაციის წყარო, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ?

– ინტერნეტი.

– რას დახატავდით პირობითი ფურცელი და ფანქარი რომ გქონდეთ?

– ალბათ არაფერს, რადგან ხატვა ბავშვობიდან არ მეხერხება.

– დღის ბოლოს, გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ რა უფრო მოგწონთ – აუზი თუ ბარი მეგობრებთან ერთად?

– ძირითადად ვცდილობ აუზზე წავიდე.

– როგორ იქცევით სირთულეების დროს?

– პირველი დარტყმის მიღების შემდეგ, ვცდილებ რაც შეიძლება სწრაფად დავაღწიო თავი პანიკას. ვცდილობ გავარკვიო რა არის დამოკიდებული ჩემზე და რა არა, მერე კი, სწრაფად ვაკეთებ ყველაფერს, რაც ჩემზეა დამოკიდებული.

– საჩუქრების მიღება უფრო გიყვართ თუ სხვებისთვის გაკეთება?

– რა თქმა უნდა სხვებისთვის გაკეთება.

დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი მეგობარი გყავთ?

– კარგი ნაცნობების ძალიან დიდი წრე მყავს, თუმცა ნამდვილი მეგობრები ბევრად ნაკლები არიან.

– ბატონო ანზორ, თქვენი აზრით რა მნიშვნელოვანი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად, ანუ როგორია თქვენი ”წარმატების ფორმულა”?

– წარმატების მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანია შეუპოვრობა, ანუ უნდა გქონდეს უნარი იმდენჯერ წამოდგე ფეხზე, რამდენჯერაც დაეცემი. გარდა ამისა, უნდა შეგეძლოს მსხვერპლის გაღება, რადგან ნებისმიერი წარმატება ადამიანისგან მსხვერპლს, თავგანწირვას და ბოლომდე დაჯარჯვას მოითხოვს.   

 

 

unnamed (1)

აუდიო ჩანაწერი:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები