LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ გაექცეთ ფობიას – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

188

შიში და ფობია ბევრი ადამიანისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. შიში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური ბაზისური ემოციაა. ის ჩაპროგრამებულია ინსტიქტურ სისტემაში და სწორედ ინსტინქტის მსგავსად მუშაობს.  როგორც „ფორტუნას“ ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ფსიქოლოგმა, ფსიქოანალიტიკურმა ფსიქოთერაპევტმა მეგი ქავთარაძემ განუცხადა, ყველა ემოციის მსგავსად, შიში შესაძლობა იყოს მცირე, საშუალო და ინტენსიური, რაც თავის მხრივ, სიტუაციასა და პიროვნებაზეა დამოკიდებული.

როგორ ვლინდება შიში?

ფსიქოლოგის თქმით, როდესაც ადამიანი საფრთხეს გრძნობს, თავის ტვინი აგზავნის იმპულსებს და ნერვული სისტემა აქტიურდება. ეს უკანასკნელი კი თავის მხრივ იწვევს ფიზიკურ სიმპტომებს, როგორიცაა გახშირებული გულისცემა და სუნთქვა, მომატებული სისხლის წნევა. სისხლი მიეწოდება კუნთებს და ამზადებს ფიზიკური აქტივობისათვის. ზოგიერთ ადამიანს აქვს შეგრძნებები მუცლის არეში, თავზე, ხელებზე, ფეხებზე.

მეგი ქავთარაძე ამბობს, რომ შიში ჯანსაღია იმ შემთხვევაში, როდესაც უსაფრთხოებას ემსახურება. ადამიანები გაურბიან შიშის გამომწვევ სიტუაციებსა და საგნებს. ეს კი თავის მხრივ სულაც არ ეხმარება მათ შიშთან გამკლავებაში, თავის არიდება და გაქცევა უფრო ამწვავებს და აძლიერებს შიშს.

„გარკვეული შიშები ბავშვობის დროს ნორმალურია. ეს არის ბავშვის ბუნებრივი რეაქცია, როდესაც ის საფრთხეს გრძნობს და არ აქვს უსაფრთხოების განცდა. ბავშვის ცხოვრებაში მიმდინარე მოვლენების დროს უმრავლესობა ახალი და უჩვეულოა, ამიტომ, ასეთ სიტუაციაში შიშის განცდა ბუნებრივია. თუ ბავშვის შიშები ხელს არ უშლის მას ყოველდღიურ  ფუნქციონირებაში სანერვიულო არაფერია. მაგრამ თუ შიშები იმდენად ინტენსიურია, რომ ხელი ეშლება სწავლაში, სოციალურ აქტივობაში,  ძილში, მაშინ დროა ბავშვთა ფსიქოთერაპევტს მიმართოთ“, – განაცხადა ქავთარაძემ.

მისივე თქმით, ბავშვებში ყველაზე გავრცელებულია შიშის შემდეგი მდგომარეობა:

  • 0–2 წელი–მაღალი ხმების, უცნობი ადამინების, მშობელთან სეპარაციის, დიდი ობიექტების შიში
  • 3–6 წელი–წარმოსახვითი ობიექტების, სულების, მონსტრების, მარტო ძილის უცნაური ხმების შიში
  • 7–16–დაზიანების, ავადმყოფობის, სიკვდილის, ბუნებრივი კატასტროფების შიში

რაც შეეხება ფობიას, ეს არის ინტენსიური შიში, რომელიც ხელს უშლის ადამიანს ყოველდღიურ ფუნქციონირებაში. ფობიების არსებობის დროს ადამიანი თავს არიდებს ვითარებებს, რომელიც შფოთვის პროვოცირებას იწვევს. არსებობს სხვადასხვა სახის ფობიები: სპეციფიკური ფობია, სოციალური ფობია, აგორაფობია.

„ადამინების 5%-ს ეშინია სტომატოლოგიური მკურნალობის, ამასთან შიში იმდენად ძლიერია, რომ ისინი უარს ამბობენ მკურნალობაზე. ჩატარებული კვლევების თანახმად, ფსიქოთერაპიული მკურნალობის შემდეგ, აღნიშნული შიშები ქრება. ასევე, არსებობს საჰაერო ტრანსპორტით ფრენის ფობია, თვითმფრინავით მგზავრობისას შფოთვა გავრცელებულ მოვლენას წარმოადგენს, მაგრამ ზოგიერთი ადამიანი ისეთ ძლიერ შფოთვას განიცდის, რომ მგზავრობა შეუძლებელი ხდება. ზოგჯერ აღნიშნული შიში იმ მფრინავებსაც აქვთ, რომლებმაც ავიაკასტროფა განიცადეს. სისხლისა და ფიზიკური დაზიანების ფობიის დროს სისხლის, ან ფიზიკური დაზიანების დანახვა ძლიერ შფოთვას იწვევს. აღნიშნული ფობია იმით განსხვავდება სხვა შემთხვევებისგან, რომ მას ძლიერად გამოხატული ვეგეტატური რეაქციები ახლავს თან, როგორიცაა გაფითრება, თავბრუსხვევა, გულისრევის შეგრძნება. რაც შეეხება სოციალურ ფობიას, ამ დროს ადამიანს სოციალურ სიტუაციებში ყოფნისას არაადექვატური, ძლიერი შფოთვა ეუფლება. მას ისეთი განცდა აქვს, რომ სხვები აკრიტიკებენ და აკვირდებიან მას.  ასეთი ადამიანები ცდილობენ თავი აარიდონ სიტუაციას და თუ ამას ვერ ახერხებენ, მაშინ ცდილობენ არ ჩაერთონ“, – განაცხადა ფსიქოლოგმა.

როგორ უნდა გაუმკლავდეთ შიშს და ფობიას?

ფობიების სამკურნალოდ შესაძლოა გამოიყენოთ:  ბიჰევიორული თერაპია, რომელიც გულისხმობს ექსპოზიციური (exposure treatment) მკურნალობის ტექნიკის გამოყენებას. პაციენტი მკურნალობის პროცესში თანდათან უნდა მიუახლოვდეს ფობიურ ობიექტს. ზოგჯერ ფობია იმდებად ძლიერია, რომ ექსპოზიციური თერაპია უნდა მოხდეს ჯერ წარმოსახვის დონეზე და შემდეგ რეალურ სიტუაციაში. არსებობს ფსიქოანალიზის მეთოდი,  ამ დროს გამოიყენება თავისუფალი ასოციაციების მეთოდი, პაციენტმა უნდა თავისუფლად ისაუბროს ყველაფერზე, რაც თავში მოუვა, ყოველგვარი ფიქრისა და კრიტიკული შეფასების გარეშე. ასევე, ხდება ზოგ შემთხვევაში მედიკამენტოზური მკურნალობა. 

შიშისა და ფობიის დასაძლევად 7 რჩევას მეგი ქავთარაძე მოგცემთ:

  1.  არ გაექცეთ საკუთარ შიშებს, შეხედეთ მათ პირისპირ. შიშისაგან გაქცევა არ ნიშნავს პრობლემის მოგვარებას. როგორც წესი, ადამიანები გაურბიან შიშის გამომწვევ სიტუაციებსა და საგნებს. ეს კი თავის მხრივ სულაც არ ეხმარება შიშთან გამკლავებაში, თავის არიდება და გაქცევა უფრო ამწვავებს და აძლიერებს შიშს.
  2. ეცადეთ დაადგინოთ როგორია თქვენი ფიქრები, განცდები და ქცევა შიშის გამომწვევ სიტუაციებში.
  3. ეცადეთ მეტი ინფორმაცია მოიძიოთ საკუთარ შიშების შესახებ.
  4. თუ შიში იმდენად ინტენსიურია, რომ ხელს გიშლით ყოველდღიურ ფუნქციონირებაში, აუცილებად მიმართეთ ფსიქოთერაპევტს დახმარებისთვის.
  5. არ შეაშინოთ ბავშვები (ბუა, გუდიანი კაცი და ა.შ), როგორც წესი, ბავშვების დაშინება უკვალოდ არასდროს ქრება
  6. საშუალება მიეცით ბავშვებს ღიად ისაუბრონ საკუთარი შიშებისა და განცდების შესახებ. ბავშვობიდანვე ასწავლეთ მათ გამოხატონ განცდები (არ უთხრათ ბავშვს „ნუ გეშიანია, შენ ხომ კარგი ბავშვი ხარ, ძლიერი ხარ“ პირიქით, მიეცით საშუალება გამოხატონ შიშები, მოუსმინეთ მათ, უთანაგრძეთ, დაეხმარეთ გამოხატვაში)
  7. სითბოთი გაზარდეთ ბავშვები. ეცადეთ დრო გამონახოთ მათთან სათამაშოდ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები