LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასდროს არ ღირს მიღწეულით დაკმაყოფილება

4

13 ივლისს რადიო ”ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას ”წარმატების ფორმულა” ”თეგეტა მოტორსის” კომერციული დირექტორი გიორგი მშვილდაძე სტუმრობდა.

ტექნიკურ უნივერსიტეტში საავტომობილო-საგზაო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, გიორგიმ სწავლა მოსკოვის ავტოსაგზაო ინსტიტუტში გააგრძელა და მრავალი სამეცნიერო შრომისა და ორი გამოგონების ავტორი, ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც პერსონალური კომპიუტერის პრაქტიკული გამოყენება შეისწავლა და დაამკვიდრა საქართველოში.

ჰოლდინგი ”თეგეტა მოტორსი”, რომელიც მომხმარებელს ავტოპროდუქტებისა და ავტომომსახურების ფართო ასორტიმენტს თავაზობს, 1995 წელს დაარსდა. გიორგი კომპანიას 1997 წელს შეუერთდა და მის დამაარსებელთან, თემურ კოხოძესთან ერთად თავისი წვლილი შეიტანა კომპანიის განვითარებაში.

როგორც გიორგიმ აღნიშნა, ბიზნესის დაწყება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ნაკლებად განვითარებულ საავტომობილო სფეროში, არ არსებობდა ფინანსები, იყო მხოლოდ სურვილი და ენთუზიაზმი. ბაზრის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ყველაზე დიდი მოთხოვნილება ავტოსათადარიგო ნაწილებზე იყო და სწორედ მათი იმპორტირება დაიწყო უცხოეთიდან.

კომპანია ნელ-ნელა განვითარდა, დაემატა ახალი სფეროები დღეს კი, ”თეგეტა მოტორსი” ერთ-ერთი ლიდერი ავტოკომპანია და 300-მდე უცხოური ფირმის წარმომადგენელია საქართველოში. გიორგის განცხადებით, სირთულეები დღესაც ბევრია, თუმცა კომპანიას ძლიერი მენეჯმენტი ჰყავს, რომელიც ყველა საკითხს ერთად განიხილავს და გადაწყვეტილებასაც ერთობლივად იღებს. გიორგი ძალიან ამაყი და ბედნიერია, რომ კომპანიას ასეთი ძლიერი და ნიჭიერი ადამიანებით დაკომპლექტებული გუნდი ჰყავს. თავად კი, სირთულეების დროს არასდროს იბნევა, პირიქით უფრო მობილიზებული ხდება და სწორი ანალიზის შედეგად, ისევ გუნდთან ერთად ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას ღებულობს.

დღევანდელი ბიზნესგარემო გიორგის მრავალწლიანი გამოცდილებით, ბევრად უკეთესია. მაღალი კონკურენციის მიუხედავად ნებისმიერ სფეროში შეიძლება ბიზნესის დაწყება და პროფესიონალი კადრების მოძიებნა. ”თეგეტა მოტორსი” თვითონაც აქტიურადაა ჩართული კადრების გადამზადებაში.

დღეისათვის კომპანიას 18 ფილიალი აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით და 1200-ზე მეტი ადამიანი დასაქმებული. სამომავლოდ, ”თეგეტა მოტორსი” სხვა სიახლესთან ერთად Online-გაყიდვების გააქტიურებას და კორპორატიული კლიენტებისთვის ახალი პროექტის – ”My Car History” შეთავაზებას აპირებს, რომლიც მომხმარებელს საიტის დახმარებით საკუთარი საავტომობილო პარკის კონტროლის საშუალებას მისცემს. წლის ბოლოს ახალი სერვის-ცენტრი გაიხსნება ქუთაისში, 2016 წელს კი, რეგიონალური საწყობის ამოქმედება იგეგმება დასავლეთ საქართველოში.

თანამშრომლებში გიორგი ყველაზე მეტად ნიჭს, ლოგიკური აზროვნების და ანალიზის უნარს აფასებს. წარმატების მთავარ ფორმულად კი, მიზანდასახულობას მიიჩნევს. მისი აზრით არასდროს არ ღირს მიღწეულით დაკმაყოფილება და ყოველთვის უნდა იყოს წინსვლისა და განვითარების მოტივაცია.

აუდიო ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები