LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არჩილ ბაკურაძე: “სასურველი მიზნის მისაღწევად ოპტიმიზმი აუცილებელია”

13

29 თებერვალს რადიო ”ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას ”წარმატების ფორმულა” მიკროსაფინანსო ორგანიზაციის „კრისტალი” აღმასრულებელი თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე სტუმრობდა.

2004-2008  წლებში არჩილ ბაკურაძე ბიზნესისა და პარლამენტის საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივნის მოადგილე იყო ლონდონში, 2013-2015  წლებში საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობას თავმჯდომარეობდა, 2009 წელს ბიზნესისა და ეკონომიკის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე გახდა, 2015 წელს კი, კოალიცია ფინანსური განათლებისთვის თავმჯდომარეობა ჩაიბარა. 2004 წლიდან არჩილი ფონდის ”კრისტალი”გამგეობის თავმჯდომარეა, 2007 წელს კი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციის „კრისტალი” აღმასრულებელი თავმჯდომარე გახდა. 

– ბატონო არჩილ, როგორ დაიმკვიდრა თავი კომპანიამ საქართველოში და როგორი იყო პირველი სასესხო კაპიტალი?

– კომპანია 2007 წელს დაარსდა, თუმცა საფუძველი ბევრად ადრე, 1997 წელს ჩაეყარა, როცა ასე ვთქვათ ”პირველი ფული” მოვიპოვეთ დონორებისგან. იმ პერიოდში გვინდოდა მეწარმეებისთვის ბიზნესი გვესწავლებინა და შემდეგ 10 000 დოლარის ოდენობის სესხები გაგვეცა. მას შემდეგ რამდენიმე ეტაპი გავიარეთ და 2007 წელს ”კრისტალმა” უკვე კომპანიის სახე მიიღო. განვითარების ძალიან საინტერესო გზა გავიარეთ, მუშაობა რამდენიმე ფილიალით დავიწყეთ, დღეს კი, 35 ფილიალს ვაერთიანებთ თითქმის მთელი საქართველოს მასშტაბით. 600 თანამშრომელი გვყავს, 6000-მდე კლიენტი და 15 ფინანსური პარტნიორი, რომელთა შორის მსხვილი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები არიან. სწორედ მათგან ვსესხულობთ დიდი მოცულობის თანხებს ევროსა და დოლარში, შემდეგ კი, ჩვენს მომხმარებელს ვაწვდით შედარებით მცირე რაოდენობით ლარში. ჩვენი კლიენტები ძირითადად ფერმერები, მიკრო და მცირე მეწარმეები – აქტიური და დინამიური ადამიანები არიან, რომლებთანაც ხანგრძლივი და მეტად პოზიტიური ურთიერთობა გვაქვს.

IMG_0069– ”კრისტალი” მიკრო და მცირე მეწარმეების ხელშეწყობაზეა ორიენტირებული, რა ღონისძიებები იგეგმება ამ მიმართულებით, რამდენადაც ვიცი, ცოტა ხნის წინ მეტად საინტერესო პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც 17-დან 25-წლამდე ასაკის მოტივირებული ახალგაზრდების დაფინანსდებს ითვალისწინებს. რას გვეტყვით ამ პროექტზე?

– ეს ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი ინიციატივაა, რომელიც ჩვენი ყოველდღიური სერვისებისგან განსხვავდება. პროექტს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო აფინანსებს, ჩვენ კი, თანადამფინანსებლები ვართ. პროექტის ფარგლებში 1 000 ახალგაზრდას სწავლებას ვგეგმავთ. აქედან 600 ”კრისტალის” ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში გაივლის მეწარმეობის კურსს, 400 კი – სტაჟირების სპეციალიზირებულ პროგრამაში მოხვდება, რომელიც საშუალებას მისცემს მათ, გაიღრმავონ პროფესიონალური უნარები. ამჯერად დღის წესრიგში მეწარმეთა სკოლის პირველი ნაკადის მიღებაა.

– არის თუ არა დღეს პროფესიონალი კადრების დეფიციტი საქართველოში?

– სამწუხაროდ, განათლების სისტემა ვერ უზრუნველყოფს ისეთი სპეციალისტების გაზრდას, რომლებიც ჩვენს შრომის ბაზარს გამოადგება. სტატისტიკით, უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ ახალგაზრდა კაცს სამსახურის საშოვნელად საშუალოდ 6 წელი ჭირდება, ქალს – 11. სწორედ ესაა ყველაზე პროდუქტიული ასაკი, როცა ადამიანს უამრავის შექმნა და სარგებელის მოტანა შეუძლია, როგორც საკუთარი თავისთვის ისე საზოგადოებისთვის. თუმცა, ამ ასაკში მამაკაცების 45 და ქალების 33 პროცენტი დაუსაქმებელია ანუ ფუჭად იხარჯება მთელი პოტენციალი. რა თქმა უნდა, გასულ წლებთან შედარებით უმუშევრობა შემცირდა, მაგრამ ახალგაზრდების დასაქმება მაინც პრობლემად რჩება.  

IMG_0072– რამდენად ხელსაყრელი  ბიზნესგარემოა დღეს საქართველოში და თქვენი აზრით რა უნდა გაკეთდეს ხელისუფლების მხრიდან?

– რა თქმა უნდა, ბიზნეს გარემო იდეალური არაა, თუმცა ვისაც მეწარმეობა სურს, ის არა გარემოს გაუმჯობესებას უნდა ელოდოს, არამედ ნებისმიერი პრობლემა შესაძლებლობად უნდა აქციოს. მართალია, ბიზნესგარემოს გაუმჯობესება ქვეყნის ეკონომიკის გავითარებას დაეხმარება, მაგრამ უმთავრესი მაინც სამართლის უზენაესობაა. ქვეყანამ ჯერჯერობით ვერ მიაღწია ისეთ პოლიტიკურ და მარლთმსაჯულების სისტემას, რომელიც ევროპული დონის საკუთრების უფლების დაცვას უზრუნველყოფდა. ინსტიტუციები და კანონდებლობა მაინც შეიცავს საფრთხეს, რადგან არ მოხდა მათი სერიოზული რეფორმირება. პროცესი თანმიმდევრობით უნდა განხორციელდეს, მთავარი კი, რაც ბიზნეს ჭირდება – გამჭვირვალე და პროგნოზირებადი წესებია. საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს და თუ ამას მივაღწევთ, დარწმუნებული ვარ, ქვეყანა შეძლებს განვითარებას და წარმატების მიღწევას.

– თქვენი აზრით, ბიზნესის რომელი სფეროა დღეს ყველაზე მომგებიანი საქართველოში?

– ვფიქრობ, ყველაზე მომგებიანი სოფლის მეურნეობაა, რადგან ის ძალიან ბევრ ოჯახს და ადამიანს ეხება. გარდატეხა და მეტი შემოსავლები სოფლის მეურნეობაში ძალიან ბევრ ადამიანზე იმოქმედებს დადებითად. მერე კი, როცა გარკვეული კეთილდღეობა შეიქმნება, ტურიზმიც განვითარდება, განათლების სისტემაც გაუმჯობესდება და შემდეგი ნაბიჯების გადადგმაც თავისუფლად შევძლებთ.

– როგორ იქცევით სირთულეების დროს და რას აკეთებთ მათ დასაძლევად?

– სირთულეები ჩვენი ცხოვრების აუცილებელი ელემენტი და ერთგვარი სტიმულია, რომლის დროსაც მობილიზაციაა საჭირო. არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა და ნებისმიერს შეუძლია სიმშვიდის შენარჩუნებით გამოსავლის მოძებნა. ჩვენც გვქონია მძიმე მომენტები, თუმცა, გავუძელით, თვითრწმენა შევიძინეთ და ახლა უფრო მეტად ვისწრაფით განვითარებისა და წარმატებისთვის.

– რატომ აირჩიეთ ბიზნესი მოღვაწეობის სფეროდ და რა პროფესიაზე ოცნებობდით ბავშვობაში?

– მე სოხუმელი ვარ, ზღვასთან ახლოს ვცხოვრობდი და კაპიტნობაზე ვოცნებობდი. მართალია, გემის ვერა, მაგრამ კომპანიის ერთგვარი კაპიტანი მაინც გავხდი. კაპიტანი ყოველთვის ბოლოს ტოვებს თავის ადგილს, რაც სხვათაშორის ბიზნესისთვისაც საჭირო პრინციპია, რომელსაც კარგი იქნება თუ ყველა გაითვალისწინებს. 

IMG_0063– ”კრისტალი” მომხმარებელს ყოველთვის ხარისხიან ფინანსურ მომსახურებას თავაზობს, აღიქმება თუ არა ბანკი მიკროსაფინანსო ორგანიზაციის კონკურენტად?

– არ აღიქმება, რადგან ჩვენ უნიკალური ნიშა გვაქვს დაკავებული. რა თქმა უნდა, რამდენიმე ბანკი საქმიანობს მიკროსაფინანსო ბაზარზე და ისინი ჩვენი პირდაპირი კონკურენტები არიან, მაგრამ საერთო ჯამში ჩვენი საქმიანობა უნიკალურია, რაც სხვათაშორის ბევრს არ ესმის. ჩვენთვის მიკროსაფინანსო ორგანიზაციები უფრო არიან კონკურენტები, თუმცა, ჩვენ ცოტა განსხვავებულად ვხედავთ საკუთარ თავს. ჩვენ არა გავცემთ სესხებს, არამედ ვცდილობთ ეკონომიკური კეთილდღეობა მოვუტანოთ ჩვენს კლიენტებს, რასაც სხვათაშორის კარგად ვახერხებთ, ამიტომ ვთვლი, რომ კონკურენციის მიღმა ვართ. სხვათაშორის, ყველა ასე რომ უყურებდეს საკუთარ საქმიანობს, ქვეყანაში იმდენი საქმეა საკეთებული კონკურენციის დრო უბრალოდ აღარ იქნებოდა.

– როგორი უნდა იყოს კარგი ხელმძღვანელი, რა მთავარ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს და თავად როგორი მენეჯერი ბრძანდებით?

– სიმართლე გითხრათ, არ ვიცი როგორი მენეჯერი ვარ, თუმცა ვთვლი, რომ მართვის ინდივიდუალური სტილი მაქვს. ზოგადად, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის მსოფლმხედველობა, ხელმძღვანელს კი, კარგად უნდა ესმოდეს, რომ ყველა თანამშრომელი ერთნაირად მნიშვნელოვანია, ყველას აქვს უნიკალური ნიჭი და ლიდერობის უნარი. კარგი მენეჯმენტის მთავარი საიდუმლო კომპანიაში არსებული ცოდნის სწორად გამოყენებაა. არანაკლებ მნიშვნელოვანია კომუნიკაცია თანამშრომლებთან და მოსმენის უნარი. არავის არ უნდა ეშინოდეს პრობლემებზე საუბარი, უნდა ჰქონდეს სამართლიანობის განცდა და უნდა გრძნობდეს, რომ კომპანია არა უბრალოდ ფულს შოულობს, არამედ ძალიან დიდ საქმეს აკეთებს.

gareta– რა თვისებები უნდა ჰქონდეს ”კრისტალის” თანამშრომელს?

– მთავარია, იყოს მოტივირებული და თვითორგანიზებული, კრეატიული და მიზნის მიღწევაზე ორიენტირებული. ჩვენ კი, უნდა ვიცოდეთ, რატომ უნდა მას მუშაობის ჩვენთან დაწყება.

– როგორია ”კრისტალის” სამომავლო გეგმები?

– ვაპირებთ უფრო აქტიურად ვიმუშაოთ სოფლის მეოურნეობისა და ტურიზმის სფეროში. გარდა ამისა, ვცვლით კონცეფციას, გვინდა სესხებთან ერთად გარკვეული ეკონომიკური გადაწყვეტილებები შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს, ასევე ცოდნით და ინფორმაციით გავამდიდროთ ჩვენი ფინანსური პროდუქტი. დიდხანს ვფიქრობდით, ღირდა თუ არა ამ ნაბიჯის გადადგმა და საბოლოოდ გადავწყვიტეთ, რომ ლოდინს გარისკვა ჯობია. საკმაოდ სწრაფად ვავითარებთ, ელექტრონულ არხებს, როგორც კომუნიკაციის სფეროს.

– რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიან შეხვედრაზე?

– ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი ემოციონალური კონტაქტია. იმისთვის, რომ შეხვედრა წარმატებული იყოს, ყოველთვის უნდა მოუსმინოთ პარტნიორს და არ უნდა შეიზღუდოთ წინასწარ შექმნილი შთაბეჭდილებით.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– გადაწყვეტილებას გააჩნია. თუ დრო მაქვს, მირჩევნია დავფიქრდე და კონსულტაცია გავიარო გუნდთან. თუმცა, რახან გადაწყვეტილების მიღება ჩემი ძირითადი მოვალეობაა, ვცდილობ ყოველთთვის დროულად გადავწყვიტო, მკაფიოდ ჩამოვაყალიბო და გასაგები ფორმით მივიტანო ადრესატამდე.

ბლიც-კითხვები:

– რა სლოგანი აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციას ”კრისტალი”?

– ”ნაბიჯი ბედნიერებისაკენ!”

– ფრაზა რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობთ დღის განმავლობაში?

– OK!

 – პროფესია რომელსაც დამატებით შეითავსებდით?

– ფილოსოფოსობა.

– პირობითი ფურცელი და ფანქარი რომ გქონდეთ რას დახატავდით გადაცემაში ”წარმატების ფორმულა”?

– ისეთ კომპლექსურ ნახატს დავხატავდი, როგორსაც ბიზნეს სკოლაში გვასწავლიდნენ. სხადასხვა სიტუაციას ასახავს და ლიდერის სურათი ჰქვია.

– ხართ თუ არა გატაცებული სპორტით?

– ძალიან მიყვარს ცხენები და ცხენოსნობა.

– რას ეტყვით უკმაყოფილო მომხმარებელს პირველ რიგში?

– პირველ რიგში ვუთანაგრძნობ და ვკითხავ, რითი შემიძლია მოვაგვარო მისი პრობლემა.

– რომელია თქვენი სამაგიდო წიგნი?

– ჰერნანდო დე სოტოს ”კაპიტალის საიდუმლოება”.

– ვინაა თქვენთვის მისაბაძი ბიზნესმენი?

– სტივ ჯობსი.

– დატვირთული სამუშაო დღის შემდეგ რა უფრო მოგწონთ – ბარი მეგობრებთან ერთად თუ აუზი და აქტიური დასვენება?

– ალბათ მაინც ოჯახი, რადგან ძალიან ცოტა დრო მრჩება მათთან ურთიერთობისთვის.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– უნდა ჰქონდეს ოპტიმიზმი, კრეატიულობა და მოთმინება, რათა მიუხედავად მრავალი მცდელობისა, არ დაიღალოს და მაინც მიაღწიოს სასურველ მიზანს.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები