LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”არტ-FM”–ის სტუმრებმა ”კავკაზ ჯაზ-ფესტივალის” შესახებ ისაუბრეს

6

7 ივნისს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM” ”კავკაზ ჯაზ-ფესტივალის” დამფუძნებელი ელენე მეჩითოვა და ჯგუფის ”სტუმრების” პროდიუსერი ბესო შათირიშვილი სტუმრობდნენ.

– ელენე, როდის აიღებს სტარტს ფესტივალი და რითი იქნება განსხვავებული წლევანდელი ფესტივალი წინა წლების ღონისძიებისგან?

– წლევანდელი ფესტივლი როგორც ყოველთვის რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. ერთ-ერთი და ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია – საგანმანათლებლო. ფესტივალი კულტურის სამინისტროს იდეით, Check in Georgia-ს ფარგლებში იმართება,  კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიხნა და ახალციხეში რაბათის ციხეში დასრულდება დასკვნითი კონცერტით, რაც ფესტივალის კიდევ ერთი ახალი და საინტერესო კომპონენტია.

– ფესტივალი საერთაშორისოა, ამიტომ ძალიან საინტერესოა ვინ ესტუმრება საქართველოს საზღვარგარეთიდან?

– ძალიან საინტერესო პროგრამა გვაქვს. ტრადიციას არც წელს ვღალატობთ და სტუმრებს სასომხეთიდან და აზერბეიჯანიდან ველოდებით. გარდა ამისა, ჩამოვლენ თურქი მუსიკოსები, ამერიკელები, რომლებიც უკვე რამდენიმე დღეა მასტერკლასებს ატარებენ მუსიკოსებისთვის და პირველად გვესტუმრებიან ირანის წარმომადგენლები. საერთო ჯამში 6 ქვეყანა და 11 ჯგუფი იქნება წარმოდგენილი, რომლებიც მეტწილად ეთნო-ჯაზს შეასრულებენ.

– ბესო, სად გაიმართება ჯგუფის ”სტუმრების” კონცერტი?

– ჯგუფი მეორედ მონაწილეობს ჯაზ-ფესტივალში, შარშან შედგა ჩვენი დებიუტი და წილად გვხვდა ფესტივალის გახსნის ბედნიერება, წელს კი პირიქით – დასკვნითი კონცერტით წარვსდგებით მსმენელის წინაშე.  ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველოში ასეთი რანგის ფესტივალი იმართება და ბედნიერები ვართ რომ ჩვენც გავხდით მისი ნაწილი, ამიტომ განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ვეკიდებით ჩვენს გამოსვლას, რომელიც 11 ივნისს შედგება რაბათის ციხეში.

– ელენე, სხვა რა ღონისძიებები იგეგმება ფესტივალის ფარგლებში?

– დახურვის დღეს, ახალციხეში ფარდაგების ფეტივალი და კიდევ უამრავი საინტერესო ღონისძიება იქნება.

– როგორც უკვე აღნიშნეთ, ფესტივალის ფარგლებში მასტერ-კლასები იმართება. საინტერესოა, ვის შეუძლია დასწრება?

– მასტერკლასები უკვე კვირაზე მეტია ტარდება კონსერვატორიის მეორე კორპუსში. დასწრება ნებისმიერ მსურველს შეუძლია, მეტიც, ინსტრუმენტალისტებს საკუთარ ინსტრუმენტით მოსვლა და ჯემ-სეიშენში მონაწილეობის მიღების საშუალებაც აქვთ.

– რამდენადაც ვიცი, ქართველ მუსიკოსებს საზღვარგარეთაც უწევთ პოპულარიზაციას. ახლო მომავალში ხომ არ იგეგმება ქართველი ჯაზ-შემსრულებლების გასვლითი პროგრამები?

– ერთ-ერთ მასტერკლასზე ჩამოსულმა სტუმრებმა რამდენიმე ქართველი შემსრულებელი მოიწონეს და მათი საზღვარგარეთული გამოსვლების ორგანიზებაც შემოგვთავაზეს. სავარაუდოდ, მალე ორი ადამიანი გაემგზავრება, რაც ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის, იმედია ამგვარი ტრადიცია მომავალშიც გაგრძელდება.

 

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები