LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”არტ-FM” რამაზ ჩხიკვაძეს 88-ე დაბადების დღეს მიეძღვნა

9

1 მარტს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემა ”არტ-FM” რამაზ ჩხიკვაძეს 88-ე დაბადების დღეს მიეძღვნა, მოწვეულმა სტუმრებმა – ნანა ფაჩუაჩვილმა, ჯემალ ღაღანიძემ, სოსო ლაღიძემ და მურმან ჯინორიამ კი, დიდი მაესტრო გაიხსენეს.

რამაზ ჩხიკვაძე 1928 წლის 1 მარტს დაიბადა მუსიკათმცოდნე გრიგოლ ჩხიკვაძის და ვოკალისტ ელენე გაჩეჩილაძის ოჯახში. პატარა რამაზს დიდ მუისკალურ კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა, მოზარდმაყურებლის თეატრის პირველი სტუმრობის შემდეგ, რამაზმა მტკიცედ გადაწყვიტა მსახიობობა და სკოლის დასრულების შემდეგ თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტზე ჩააბარა. 1951 წელს რამაზ ჩხიკვაძემ რუსთაველის თეატრში დაიწყო მუშაობა და უამრავი საინტერესო პერსონაჟი შექმნა სპექტაკლებში ” ესპანური მღვდელი”, ”ჭინჭრაქა”, ”სამგროშიანი ოპერა”, ”ბებერი მეზურნეები”, ხანუმა” და ”მეფე ლირი”. მისი და რობერტ სტურიას ”კავკასიური ცარცის წრე” მსოფლიოს 100 საუკეთესო სპექტაკლს შორის მოხვდა, რიჩარდი კი, ყველა დროის რიჩარდების ათეულში შევიდა.

ნანა ფაჩუაშვილი:

– რამაზი უდიდესი პიროვნება იყო, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა. ოქროს წლები ჰქონდა რუსთაველის თეატრს, ყოველდღე სასწაული ხდებოდა, ჩვენ კი, ამის მონაწილე ვიყავით. მიუხედავად იმისა, რომ რამაზ ჩხიკვაზე უდიდესი მსახიობი იყო, ის მაინც თავისი თავმდაბლობით გამოირჩეოდა, საოცრად უპრეტენზიო ადამიანი იყო, რომელიც ყოველთვის თავგანწირვით მუშაობდა, 30 დღეში 30 როლს ასრულებდა და არასდროს წუწუნებდა. ყოველთვის კონცენტრირებული იყო, ხმას ამუშავებდა და ყველა როლზე ბოლომდე მუშაობდა. თუმცა, სცენაზე ნებისმიერ დროს თავისუფლად შეეძლო იუმორი ჩაერთო, რითიც ყველას გააოცებდა. რამაზი უნიჭიერესი ადამიანი იყო, რომელიც საკუთარ თავში აერთიანებდა ტრაგედიას და იუმორს, პლასტიკას და მუსიკას და სწორედ ამ უნივერსალობის წყალობით ჰქონდა მას უბადლო იმპროვიზაციის უნარი. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ შვიდ წარმოდგენაში, მათ შორის მის ბოლო სპექტაკლში – ავთო ვარსიმაშვილის ”სტრინბერგში” ვუწევდი პარტნიორობას. რეპეტიციებს მასთან სახლში გავდიოდით, რადგან სარეპეტიციო დარბაზიც არ გვქონდა. მაშინ სარდაფის თეატრი ერთი დიდი, ბნელი და ცივი ჯურღმული იყო, რამაზმა იხუმრა კიდეც: ”რითი დავიწყე და აი, რითი ვამთავრებო”. სწორედ ”სტრინბერგით” გაიხსნა სარდაფის თეატრი და ალბათ, ესეც სიმბოლური იყო.

ჯემალ ღაღანიძე:

– უბედნიერესი ადამიანი ვარ, რადგან, როცა რუსთაველის თეატრში მივედი, იქ უკვე ისეთი ბუმბერაზი მსახიობები დამხვდნენ, როგორებიც აკაკი ხორავა და აკაკი ვასაძე, გოგი გეგეჭკორი, მედეა ჩახავა  და რამაზ ჩხიკვაძე იყვნენ. ეს მთელი აკადემია იყო, ჩვენ კი, დამწყები მსახიობები, რომლებიც ვუყურებდით, ვსწავლობდით და შეიძლება ითქვას მათი გენები ჩვენშიც გადმოვიდა. რამაზი საოცარი პიროვნება იყო, ჩვენ არა მარტო პარტნიორები, არამედ მეგობრებიც ვიყავით. ის ნამდვილი სიცოცხლის ელექსირი იყო, რომელთან გატარებული ყოველი წუთიც სიხარულით მახსენდება. მართალია, რამაზი არავის უნახავს მოწყენილი, მაგრამ მის ცხოვრებაშიც ბევრი იყო გულდასაწყვეტი. სანამ სახასიათო პერსონაჟებს შესთავაზებდნენ, მისთვის ნაკლებად საინტერესო როლებს თამაშობდა, თუმცა საბოლოოდ მაინც მიაგნო საკუთარ ამპლუას. არავის ეგონა, რომ რიჩარდის როლს შეასრულებდა, თუმცა რობერტ სტურუას ამ როლზე სხვა არავის ხილვა არ სურდა. როცა აკაკი ბაქრაძეს – იმ პერიოდში რუსთაველის თეატრს ხელმძღვანელს ჰკითხეს, მან სპეტაკლის წარმატების მთავარ ფაქტორად რეჟისორის ანუ რობერტ სტურუას და მსახიობის – რამაზ ჩხიკვაძის თანამშრომლობა დაასახელა. ”ხანუმა” მინდა გავიხსენო, რომელიც ძალიან ბევრჯერ დაიდგა და არცერთი წარმოდგენა ერთმანეთს არ ჰგვდა. რამაზი და ეროსი იმპროვიზაციის ოსტატები იყვნენ და მაყურებელიც სწორედ მათ სანახავად მოდიოდა, რადგან დარწმუნებულები იყვნენ, რომლ ყველა წარმოდგენაში რაიმე ახალს შესთავაზებდნენ. 

სოსო ლაღიძე:

– რამაზ ჩხიკვაძე უნიკალური მსახიობი და ადამიანი იყო, რომელსაც სიკეთეც ბევრი ჰქონდა, ვაჟკაცობაც და ადამიანობაც. ოთხ სპექტაკლში მქონდა მისი პარტნიორობის ბედნიერება და ძალიან ბევრი ვისწავლე მკისგან. 

მურმან ჯინორია:

– ორ სპექტაკლში და სამ ფილმში ვთანამშრომლობდი ბატონ რამაზთან. უნიჭიერესი მსახიობი იყო, რომელმაც ზუსტად იცოდა რას ნიშნავდა მსახიობის პროფესია. სამი ხაზი მიჰყავდა სცენაზე ერთდროულად – საკუთარ როლზე ფიქრობდა, საერთო ატმოსფეროს აკონტროლებდა და მაყურებელზე ზრუნავდა, სწორედ ამიტომ იპყრობდა რამაზ ჩხიკვაძის თამაში არა მარტო სცენას, არამედ მთელ დარბაზს.

 

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები