"ავერსის" ახალი პროექტის მთავარი მიზანი მედიკამენტების გაიაფებაა | Radio Fortuna - ოფიციალური ვებგვერდი

„ავერსის” ახალი პროექტის მთავარი მიზანი მედიკამენტების გაიაფებაა

„ავერსის” ახალი პროექტის მთავარი მიზანი მედიკამენტების გაიაფებაა

2 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ „ავერსი-რაციონალის“ გენერალური დირექტორი მალხაზ კურტანიძე სტუმრობდა.

ბატონმა მალხაზმა 2010 წელს ჩაიბარა „ავერსი-რაციონალის“ გენერალური დირექტორის თანამდებობა, მანამდე კი, სხვადასხვა წამყვან პოზიციაზე მუშაობდა კომპანიაში, რომელმაც პირველი ადგილი მოიპოვა ფარმაცევტული პროდუქციის წარმოებით თბილისისა და მთელს საქართველოში.

– ბატონო მალხაზ, რას ნიშნავს კომპანიისთვის ამგვარი წარმატება?

– გამარჯვება არა პირადი, არამედ კოლექტიურია, ამიტომ ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც კომპანიის დამფუძნებლებისთვის, ისე თანამშრომლებისთვის. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, როცა გამოცხადებულ კონკურსში იმარჯვებ, მაგრამ ბევრად სასიამოვნოა, როცა ჩვეულ რეჟიმში მუშაობით ხდები გამარჯვებული, რაც არა მხოლოდ ხელმძღვანელების, არამედ ჩვენი დიდი გუნდის ერთობლივი საქმიანობის დამსახურებაა.

– რას ბენეფიტებს იძლევა საერთაშორისო ბაზარზე NBR-კავშირის დახმარება?

– რა თქმა უნდა, ამგვარი დახმარება საშუალებას გვაძლევს მნიშვნელოვანი კავშირები დავამყაროთ საერთაშორისო ბაზარზე და ფართოდ წარმოვადგინოთ ჩვენი პროდუქცია, რადგან რაც უფრო იზრდება მოთხოვნა მედიკამენტებზე, მით უფრო მცირდება მისი ფასი ანუ  მეტი ბრუნვის პირობებში, ფასი ყოველთვის ნაკლებია.

– სამომავლოდ რა გეგმები აქვს „ავერსი-რაციონალს“?

– უამრავი გეგმა გვაქვს. ამჯერად, მრავალმილიონიან პროექტზე ვმუშაობთ, რომელსაც  აპრილის თვეში წარმოვადგენთ და კონტრაქტსაც გავაფორმებთ უცხოელ პარტნიორებთან. პროექტის მთავარი მიზანი მედიკამენტების მნიშვნელოვანი გაიაფება და მოსახლეობის დარწმუნებაა, რომ საქართველოში წარმოებული წამლები არაფრით ჩამოუვარდება უცხოურს. შესაძლოა, ბევრს გაუკვირდეს, როცა ბიზნესმენი საკუთარი პროდუქციის გაიაფებაზე ზრუნავს, მაგრამ, სერიოზული კონკურენციის პირობებში, ჩვენ არასდროს ვიშურებთ ინვესტიციებს, რათა ჩვენს მიერ წარმოებული მედიკამენტები ხარისხიანი, უსაფრთხო, მაქსიამალურად ეფექტური და რაც მთავარია, ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს.

– რამდენად კომპორტული გარემოა კომპანიაში?

– 2005 წელს, „ავერსი-რაციონალი“ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით შეიქმნა და კომფორტული გარემოც არა ხელმძღვანელობის მოთხოვნით, არამედ თანამშრომლების სურვილით შეიქმნა. ვფიქრობ, საერთაშორისო სტანდარტების დაცვა ნებისმიერ კომპანიაში სასარგებლოა, რადგან ამგვარ მსოფლიო გამოცდილებას პირველ რიგში, სამუშაო პირობების გასაუმჯობესებლად და გასამარტივებლად მიმართავ.

– ბატონო მალხაზ, სად მიიღეთ პირველადი პროფესია და რამდენად გამოგადგათ?

– პირველადი განათლება ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში სამრეწველო ელექტრონიკის ფაკულტეტზე მივიღე, მოგვიანებით სწავლა თბილისში, ფარმაციის ფაკულტეტზე გავაგრძელე, სტაჟირება კი, შეერთებულ შტატებსა და ირლანდიაში გავიარე. ვფიქრობ, ინჟინერის გამოცდილება ძალიან გამომადგა მედიკამენტების წარმოების საქმეში.

– თქვენი აზრით, პროფესიონალდ ჩამოყალიბებისთვის რამდენად აუცილებელია უცხოური განათლების მიღება?

– ვფიქრობ, მთავარი იმ გამოცდილების გათვალისწინებააა, რასაც უცხოური განათლება იძლევა. პირადად მე, ვისწავლე, რომ არცერთ საქმეში არ არსებობს წვრილმანები, ყველაფერს ერთნაირი სერიოზულობით, პასუხისმგებლობით უნდა შეხედო და მაქსიმალურად გაითვალისწინო მომხმარებლის ინტერესები.

– სარგებლობთ თუ არა კომპანიაში შიდაგანაწესით და რა მოთხოვნები გაქვთ თანამშრომლებთან?

– პირველ რიგში, შიდაგანაწესის დაცვას ვითხოვ, რაც ჯერ შესასრულებელი, მერე კი, შესრულებული საქმის დეტალურად აღნუსხვას გულისხმობს. კომპანიას 4 000-მდე პროცედურა და 1 200-მდე ფორმა აქვს, რომელიც ყველა სტანდარტების დაცვით უნდა შეივსიოს. ვფიქრობ, ამგვარი მიდგომა, ანუ როცა ყველაფერი წინასწარაა გაწერილი, მუშაობაც ბევრად მარტივია. აქვე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს თანამშრომლებს, რომლებიც მუდმივად ზრუნავენ კომპანიის განვითარებაზე.

– რამდენადაა დაცული გენდერული ბალანსი კომპანიის მენეჯმენტში?

– გენდერულ ბალანსს ნამდვილად ვიცავთ. მეტიც, თანამშრომელთა უმეტესობა სწორედ ქალბატონია.

– პირველ რიგში რას აქცევთ ყურადღებას საქმიან შეხვედრაზე პარტნიორებთან მოლაპარაკებისას?

– მთავარი ნდობაა, ვფიქრობ პარტნიორი სანდო უნდა იყოს, რაც მხოლოდ ფინანსური გარანტიით არ გამოიხატება. გარდა ამისა, პარტნიორთან მუშაობა აუცილებლად კომფორტული უნდა იყოს. პირადად ჩემთვის მიუღებელია ბიუროკრატია და სწორედ ამიტომ ვერიდები მსხვილ კომპანიებთან თანამშრომლობას. ასევე დიდ ყურადღებას ვაქცევ მათ დამოკიდებულებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის ჩვენთან თანამშრომლობა.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ალბათ, გადაწყვეტილებას გააჩნია, თუმცა სამსახურში, ყოველთვის თანამშრომლებთან კონსულტაციით ვიღებ ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას.

ბლიცკითხვები:

– რა სლოგანი აქვს „ავერსი-რაციონალს“?

– „გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!“

– რას ნიშნავს თქვენთვის ჯანსაღი ცხოვრება?

– ჯანსაღი ცხოვრება – ჩემთვის სწორი კვება და სპორტია. მართალია, ქართველებს ყოველთვის გვეზარება სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენთვის მცირე აქტიურობაც საკმაარისია.

– თავად სპორტის რა სახეობით ხართ გატაცებული?

– ძალიან მიყვარს ცურვა.

– გაქვთ თუ არა საყვარელი კერძი, რომელსაც თავადაც შესანიშნავად ამზადებთ?

– რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს მრავალფეროვანი ქართული სამზარეულო, მაგრამ მომზადება ნაკლებად მეხერხება, მხოლოდ ტაფამწვარი გამომდის კარგად, თუმცა, საყვარელ კერძს ნამდვილად ვერ დავარქმევ.

– გაქვთ თუ არა საყვარელი წიგნი?

– ძალიან მიყვარს ნოდარ დუმბაძის შემოქმედება.

– როგორ ახერხებთ განტვირთვას სამსახურში?

– მეტწილად თანამშრომნლებთან ვურთიერთობ.

– გიყვართ თუ არა ხატვა და რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– ბავშვობაში ძალიან მიყვარდა, ახლა კი, თქვენ დაგხატავდით.

– თვისება, რომელიც საკუთარ თავში განსაკუთრებით მოგწონთ?

– საკუთარ თავზე საუბარი ყოველთვის რთულია, თუმცა ბევრი აღნიშნავს, რომ ძალიან ერთგული ვარ.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს, რათა მიაღწიოს წარმატებას?

– ვფიქრობ, კონკრეტული ფორმულა არ არსებობს, თუმცა ჩემი აზრით, წარმატებას პირველ რიგში სტაბილურობა და დაუღალავი შრომა განსაზღვრავს. პირადად მე არასდროს არ ვარ საკუთარი თავით კმაყოფილი და ყოველთვის წინსვლას, განვითარებას ვცდილობ. ქართველებს ერთი ცუდი თვისება გვაქვს – სწრაფად გვინდა წარმატების მოპოვება და როცა მოვიპოვებთ, გვგონია, რომ მუდმივად შევინარჩუნებთ. ვფიქრობ, სასურველი შედეგის მისაღწევად და შესანარჩუნებლად, რაც ბევრად უფრო რთულია, მუდმივი ბრძოლა, შრომა და სტაბილურობაა საჭირო. ჩვენს შემთხვევაში წარმატება ოჯახურმა საქმიანობამ განაპირობა, რადგან არასდროს ვიყავით სხვაზე დამოკიდებული და ყოველთვის ერთმანეთის იმედი გვქონდა. გამომდინარე აქედან, გადაწყვეტილებასაც ყოველთვის დამოუკიდებლად ვიღებთ და რისკზეც თამამად მივდივართ, მიუხედავად იმისა, რომ ფარმაცევტული ბიზნესი – საკმაოდ არაპროგნოზირებული ბიზნესია.

გადაცემის ჩანაწერი

 

3 აპრილი, 2018

სხვა ჩანაწერები