ბაბი კირკიტაძე: „ეს იყო წყნეთში – ყინულზე მოვცურდი“

ბაბი კირკიტაძე: „ეს იყო წყნეთში – ყინულზე მოვცურდი“

„ხრამში რა მინდოდა და ასეთი ამბავი მოხდა, ბატონო ნიკოლოზ, ყინულზე მოვცურდი. ეს იყო წყნეთში. რომ მოვცურდი, ყინულზე, ყველანაირი ცოდნა გამახსენდა – დედაჩემი რომ მიჩიჩინებდა, რომ აი, ხრეშზე და მოყინულზე მუხრუჭი არ იხმაროო და არ მიხმარია, ამიტომ გადავრჩი. რომ იცურა მანქანამ ყინულზე და გადავეშვი ხრამში და ამითი გავჩერდი. ღმერთო შენ მიშველე, ღმერთო რა გავაკეთო – ამ სიტყვებს ვიმეორებდი და გაგიჟებული ვიყავი; ყველაზე რთული მანქანიდან გადმოსვლა ყოფილა. ეს მანქანა რომ ამოყირავდა. ცალი მხარე ჩაკეტა ტრასამ, რის გამოც იქითა მხრიდან ვერ გადმოვდიოდი და მეორე მხარე ამოყირავებული იყო. კარი ყოფილა ძალიან დიდი და ისეთი მძიმე, ჩვენ რომ ვაღებთ, ჩვეულებრივად და თითქოს არაფერი, ძლივს გავაღე. ფეხებით, ხელებით, მივაწექი, გადმოვეთხლიშე, თოვლში ჩავვარდი. მოკლედ, რომ ამოვედი, ამ დროს დავინახე ავტობუსი. მძღოლმა დამინახა, რომ გადაპირქვავებული ვიყავი, მაგრამ ხელებს მიქნევდა, ბოდიში, ვერ გავჩერდებიო – ბედნიერი ღიმილით, გზა დავულოცე. მერე აღმოვაჩინე, ტელეფონი მანქანაში დამრჩა. შევხტი, ამოვხტი და მერე სამაშველო ჯგუფს დავურეკე და ბიჭები გაჩნდნენ და მიშველეს.  მადლობა მათ კიდევ ერთხელ. დედის გული ხომ იცი?! მირეკავს დედაჩემი – ოცი წლის წინ, ასეთი ტექსტით დაიწყო, ცუდი სიზმარი ვნახეო. ხომ კარგად ხარო?! მოკლედ, ბიჭებმა მითხრეს, ასეთი სუფთა გადახტომა ხრამში არ გვინახავსო; იმ მანქანზე დავჯექი და ისე ჩამოვედი. მანქანას ე.წ. გიტარა ჰქონდა გაღუნული, რომელიც გამოვცვალე და უსაფრთხოდ დავბრუნდი; იმ მომენტში, არ დამიჯერებ, მაგრამ მართლა მეცინებოდა. ღვედიც გავიხსენი იმიტომ, რომ ასეთი ისტორიებიც ვიცოდი,  ღვედი ვერ გაიხსნა და ვერ გადმოვიდაო. რაც სიმღერას ეხება – ისეთი ყოჩაღი არ აღმოვჩნდი, რომ ახალი შემეთავაზებინა მსმენელისთვის, მაგრამ ამ ყველაფერზე აქტიურად დავიწყე ფიქრი. ახალი წლიდან შეიძლება, რომ როგორც ცალკე შემსრულებელი ისე წარვდგე მაყურებლისა და მსმენელის წინაშე“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში ბაბი კირკიტაძემ ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ისაუბრა. ახალგაზრდა მომღერალმა სიცილით გაიხსენა შემთხვევა, რომელსაც უვნებელი გადაურჩა და დასძინა, რომ ახალი წლიდან შესაძლოა სიახლეებით დაუბრუნდეს მსმენელსა და მაყურებელს.

18 დეკემბერი, 2017

სხვა ჩანაწერები