LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი MusicFest გაიმართება

32

პროექტ „Check in Georgia”-ს მასშტაბური კულტურული ღონისძიებების სერია ბათუმში გრძელდება.

რადიო ”ფორტუნას” გადაცემა არტ FM-ის სტუმარი იყო  გამოჩენილი ქართველი პიანისტი და იუნესკოს მშვიდობის ელჩი ელისო ბოლქვაძე.

17-22 სექტემბერს ბათუმის ხელოვნების ცენტრი საერთაშორისო ფესტივალ MusicFest-ს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ ფესტივალის დამფუძნებელი და ორგანიზატორი ელისო ბოლქვაძის საქველმოქმედო ფონდი ”ლირა” გახლავთ.

ფესტივალს დაარსების დღიდან მხარს უჭერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ასევე აჭარის კულტურის სამინისტრო.

ქალბატონო ელისო, როგორი იქნება წლევანდელი წელი, ვინ გვეწვევა და რამდენი დღე გაგრძელდება ფესტივალი?

ჩვენი ფესტივალი მეოთხედ ტარდება. მინდა აღვნიშნო, რომ დღეისათვის ეს არის საქართველოში ერთადერთი საერთაშორისო სტატუსის მქონე ფესტივალი, რომელიც ფესტივალების საერთაშორისო ასოციაციაშია შესული. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვაქვს ევროპული სტანდარტები.

რაც შეეხება არტისტებს, ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოვლენ. 17 სექტემბრის კონცერტს, ერთ-ერთი წამყვანი, ახალგაზრდა ამერიკელი დირიჟორი ფილიპ მანი გახსნის, რომელიც ძალიან საინტერესო პროგრამას გვთავაზობს. წელს მოცარტის იუბილე გახლავთ და სწორედ გახსნაზე შესრულდება მისი ბევრი ნაწარმოები. ასევე გვეწვევა ევროპაში ძალიან ცნობილი კლარნეტისტი დარკო ბლეკი.

18 სექტემბერს ლეგენდარული ”ქართული ხმები” სოლო პროგრამით წარდგება მსმენელის წინაშე. 19-ში ისევ ფილიპ მანი გამოვა. 20 სექტემბერს ცნობილი პიანისტი სიპრიან კაცარისი მსმენელს იმპროვიზაციებს შეთავაზებს, მათ შორის ქართულ თემებზეც და ასევე რაველის კონცერტს. 21 სექტემბერს კონცერტს დავით კინწურაშვილი და პიანისტი მაია ირგალინა გამართავენ.

დასკვნითი საღამო 22 სექტემბერს გაიმართება და მიეძღვნება ალექსი მაჭავარიანს, შესრულდება მისი ნაწარმოებები, საფრანგეთში მოღვაწე მევიოლინე ლიანა გურჯიას მიერ. კონცერტს ვახტანგ მაჭავარიანი უდირიჟორებს.

შეუძლია თუ არა ნებისმიერ მსურველს ფესტივალის ფარგლებში გამართულ ყველა ღონისძიებაზე დასწრება?

რა თქმა უნდა. მსურველებს ბილეთების შეძენა შეუძლიათ ბათუმის ხელოვნების ცენტრის სალაროებსა და საიტებზე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ 21 სექტემბერს,  14:00 საათზე სასტუმრო ”ლეო გრანდის” საკონფერენციო დარბაზში გაიმართება იუნესკოს 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სემინარი. ბავშვებისთვის, რომლებიც მასტერკლასებში მიიღებენ მონაწილეობას, დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

ქალბატონო ელისო, რამდენად ჩართულები არიან უცხოური პრესის წარმომადგენლები ბათუმის ფესტივალში?

ცხადია, უცხოური მედია ინფორმირებულია და აქტიურად ადევნებენ თვალყურს მიმდინარე პროცესებს. საფრანგეთში 6 სექტემბერს რადიო ”კლასიკი” დაანონსებს ბათუმის ფესტივალს და ვრცელ ინფორმაციას მიაწვდის მსმენელს. ასევე სხვადასხვა გადაცემაში გაჟღერდება ქართული შემოქმედება და ვისაუბრებთ ქართულ მუსიკაზე ცნობილ ჟურნალისტებთან, საქართველოში საფრანგეთის ელჩთან და იუნესკოს წარმომადგენელ ერიკ ფალტთან ერთად.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები