LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბეჟან წაქაძე: „წარმატებას არ უყვარს გაჩერება“

16

13 ივნისს რადიო ”ფორტუნამ” და გვანცა ლაღიძის გადაცემამ ”წარმატების ფორმულა” ამჯერად კომპანიას Georgian Development Group 1-ს უმასპინძლა და მის დამფუძნებელთან, ბეჟან წაქაძესთან ერთად მსმენელს ბიზნესისთვის სასარგებლო რჩევები შესთავაზა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ბეჟან წაქაძე პოდოვსკის ელექტრომექანიკური ქარხანის მთავარ ბუღალტრად მუშაობდა, მოგვიანებით კი, ვანის რაიონის საგადასახადო ინსპექციაში საგადასახადო ინსპექციის უფროსის პოზიცია ჩაიბარა. 2000-2002 წლებში საქართველოს სამთო- გეოლოგიური ასოციაციის ფინანსური მენეჯერი იყო, 2002 წელს კი, თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის საგადასახადო ინსპექციაში გადაინაცვლა ინსპექტორის პოზიციაზე. 2005-2007 წლებში, ბატონი ბეჟანი საგადასახადო-საკონსულტაციო სააუდიტორო ორგანიზაცია ”პროფესიონალის” დირექტორად მუშაობდა, 2007-2010 წლებში სამშენებლო კომპანიების ”მოდულის”, ”სასკოს”, ”ბილდერსის”, ”კალასის” და ”თბილ ელიტ ჰაუსის” ფინანსური მენეჯერი გახდა. 2010 წელს კი, სამშენებლო კამპანია Georgian Development Group 1 დააფუძნა.

– ბატონო ბეჟან, რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც სამშენებლო ბიზნესი?

– პროფესიით ფინანსისტი ვარ და მრავალი წელი ამ სპეციალობით ვიმუშავე. პირველ სამშენებლო პროექტში 1999-2000 წლებში ჩავერთე და უფლისციხის სარეაბილიტაციო სამუშაოებში მივიღე მონაწილეობა. შუძლებელია, ნახო უფლისციხე და არ აღფრთოვანდე, მე კი, ამ უნიკალურ პროექტზე წელიწადზე მეტი ვმუშაოდი. დანგრევის პირას მისული უფლისციხე პრაქტიკულად თავიდან ავაშენეთ, აღვადგინეთ საეკლესიო კომპლექსი, რომელიც დღეს ძალიან წარმატებულად ფუნქციონირებს. პროექტმა უზარმაზარი გავლენა მოახდინა ჩემს ცნობიერებაზე და როგორც კი, ეკლესია-მონასტრების დამოუკიდებლად შენების საშუალება მომეცა, დაუფიქრებლად შევუდექი ამ საქმეს, დღემდე ვაგრძელებ და უკვე მეოთხე ეკლესიას ვაშენებ. ზოგადად, მშენებლობა ისეთი სფეროა, რომელმაც არ შეიძლება არ გაგიტაცოს. ძალიან მადლიანი პროფესიაა, რადგან ადამიანებისთვის სახლებს აშენებ და თუ ყველაფერს მაღალ დონეზე შეასრულებ, მყიდველიც ყოველთვის მადლიერებით გაგიხსენებს.   

– როგორი იყო Georgian Development Group 1-ის პირველი ნაბიჯები და სად განხორციელდა თქვენი სადებიუტო პროექტი?

– პროექტების დაწყების კარგი წინაპირობა მქონდა, რადგან მანამდე ძალიან ბევრ კომპანიაში ვიმუშავე და დიდი გამოცდილებაც შევიძინე. Georgian Development Group 1-ში უკვე ჩამოყალიბებული სპეცილისტი, გამოცდილი ფინანსისტი და მშენებელი მივედი. სხვათაშორის, ძალიან დამეხმარა ჩემი პირველი პროფესია და მოგვაინებით მიღებული გამოცდილება. ყველაფერმა ერთად კი, ამ სფეროში ჩვენი წარმატება განაპირობა. პირველი პროექტი ინგოროყვას ქუჩაზე, პარლამენტის შენობის უკან განხორციელდა, ოთხი კორპუსი ავაშნეთ და ყველას ძალიან მოეწონა. შემდეგი მშენებლობა ისევ ინგოროყვას ქუჩაზე გვქონდა, რასაც ძალიან მალე ორი კორპუსი მოჰყვა ბაგებში, მერე კი, ავლაბარში, გაგაგრინის მოედანზე და ნუცუბიძის ქუჩაზე. ერთ-ერთი ბოლო ობიექტი აბაშიძის ქუჩაზე განხორციელდა. უნიკალური სახლი ავაშენეთ, რომელიც შეიძლება ითქვას, მთელი ვაკის რაიონის გვირგვინია. კიდევ ერთი საცხოვრებელი სახლი შენდება გაგარინზე, რომელიც ახალი სიტყვა იქნება მშენებლობაში, რადგან კლიენტს სრულად გარემონტებულ, ავეჯით და საყოფაცხოვრებო ტექნიკით უზრუნველყოფილ ბინას ჩავაბარებთ. სახლი იმავე პრინციპებით და ხარისხის დაცვით შენდება, როგორც მანამდე ვმუშაობდით – მხოლოდ მაღალი ხარისხის მასალებს ვიყენებთ, სადარბაზო და კიბის უჯრედი მარმარილოთი მოპირკეთდება, ფასადი კი, ბუნებრივ ქვაში იქნება ჩასმული. სხვანაირად დღეს კონკურენციის გაწევა უბრალოდ შეუძლებელია. როგორც იცით, თბილისში მშენებლობის ბუმი 2000-იან წლებში დაიწყო, თუმცა მაშინ მსგავსი მოთხოვნები არ იყო, რადგან კონკურენცია პრაქტიკულად საერთოდ არ არსებობდა.

13445856_1216719818347647_648952090_o– იმოქმედა თუ არა ლარის დევალვაციამ თქვენს GDG-ზე?

– რეალიზაციაზე იმოქმედა, თუმცა, არა იმდენად დოლარის გაძვირებამ, რამდენადაც კურსის არასტაბულურობამ. ხალხი არასტაბულურობამ  შეაშინა და დროებით რეალიზაციამაც იკლო. ახლა კი, ყველაფერი ძველ მდგომარეობას დაუბრუნდა და მომხმარებლის რიცხვიც საგრძნობლად გაიზარდა.

– როგორ ფიქრობთ, ექნება თუ არა K2 კოეფიციენტების მატების დროებით შეზღუდვას უარყოფითი გავლენა სამშენებლო პროცესებზე?

– რა თქმა უნდა ექნება, რადგან ბევრი კომპანია ვერ გაუძლებს ამ პროცესს. თუმცა, გაიზრდება კონკურენცია და ბაზარზე მხოლოდ კონკურენტუნარიანი კომპანიები დარჩებიან. ჩვენ მზად ვართ კონკურენიისთვის და დარწმუნებული ვარ, არანაირი პრობლემა არ შეგვექმნება.

– თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს ხელისუფლების მხრიდან სამშენებლო ბიზნესის ხელშეწყობისთვის?

– აშკარაა, რომ ხელისუფლება მუშაობს ამ თემაზე. მთავრობის რამდენიმე ინოვაცია, მათ შორის მომავალი წლიდან მოგების გადასახადისგან იმ კომპანიების განთავისუფლება, ვინც თანხას ბიზნესში აბრუნებს, საკმაოდ დიდი შეღავათია, რადგან ჩვენ სწორედ ის კომპანია ვართ, ვინც ყოველთვის აბრუნებს თანხას ბიზნესში. კარგი იქნება, თუ ქალაქის მერია პროექტების დამტკიცებას არ გააჭინაურებს, რადგან როგორც იცით, ბიზნესში მთავარი სისწრაფე და მოქნილობაა.

– რამდენი მიმართულება აქვს კომპანიას?

– Georgian Development Group 1 მხოლოდ სამშენებლო კომპანია არ არის. ჩვენ ორი სამედიცინო კლინიკის მფლობელები ვართ, გარდა ამისა, ვაწარმოებთ, შევისყიდით და ვახდენთ სამშნებლო და სარემონტო, ასევე ავეჯის რეალიზაციას.

– რა სამომავლო გეგმები აქვს Georgian Development Group 1-ს?

– სამომავლოდ ლაღიძის ქუჩაზე ვგეგმავთ მასშტაბური პროექტის განხორციელებას. მოლაპარაკაბები უკვე დსრულებულია და მალე ჩვენს პროექტს ქალაქის არქიტექტურულ სამსახურში წარვადგენთ. ძალიან მინდა ისეთი პროექტი გავაკეთოთ, რომელიც ქალაქის სიამაყე იქნება, თბილისელებსაც მოეწონებათ და ქალაქის სტუმრებსაც.

– თქვენს მონაცემებს თუ გავითვალისწინებთ, საკმაოდ დიდი სამუშაო გამოცდილება გაქვთ. სად უფრო კომფორტულად გრძნობდით თავს?

– ყველაზე კომფორტულად დღეს ვარ, რადგან ჩემი საქმე მაქვს და ძალიან მიყვარს.

თქვენი აზრით, რა არის მთავარი წარმატების მისაღწევად?

– წარმატების მიღწევას დიდი შრომა და მიზანდასახულობა ჭირდება. არანაკლებ მნიშვნელოვანია სისწრაფე და ბრძოლის უნარიანობა. აუცილებელი არაა იყო ნიჭიერი, მთავარია გქონდეს უნარი ერთი დღით მაინც დაასწრო სხვებს.

– რამდენი ადამიანია დასაქმებული Georgian Development Group 1-ში და რას ნიშნავს თქვენთვის კარგი თანამშრომელი?

– Georgian Development Group 1-ში შემავალ კომპანიებში 350-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. მშენებლობის პროცესში კი, მათი რიცხვი საგრძნობლად იზრდება. კარგი თანამშრომელი ჩემთვის კარგი შემსრულებელია. ჩვენს კომპანიაში არ არსებობენ ავტორიტეტები, რადგან ნებისმიერი თანამშრომლისთვის ავტორიტეტი მისი პროფესია და პროფესიონალიზმია. თუმცა, მშენებლები ვერ დავიკვეხნით პროფესიონალების სიმრავლით, რაშიც არა ადმინისტრაციას, არამედ კონკრეტულად მშენებლობაზე დაკავებულ პერსონალს ვგულისხმობ. საკმაოდ რთულია სპეციალისტების მოძიება, როცა ყოველდღიურად ახალი ტექნოლოგიები შემოდის და ახალი სტანდარტები მყარდება.

– თქვენი სამუშაო გამოცდილების გათვალისწინებით, თავად როგორი ხელმძღვანელი ხართ და თქვენი აზრით, როგორ უნდა დააბალანსოს მენეჯერმა თანამშრომლებთან ურთიერთობა?

– მომთხოვნი ხელმძღვანელი ვარ და ყველაზე მეტს საკუთარ თავს ვთხოვ. ძალიან არ მიყვარს საქმის მიმართ ზერელე დამოკიდებულება, ამიტომ კომპანიაში ყველა მოტივირებული და მობილიზირებულია. შენიშვნის მიცემაც ყოველთვის შემიძლია, თუმცა, არც ქებას ვიშურებ არასდროს.

– რა პროფესიის არჩევაზე ოცნებობდით ბავშვობაში?

– ბავშვობაში მანქანები მიყვარდა და მძღოლობაზე ვოცნებობდი. თუმცა, როცა წამოვიზარდე, ფინანსებით დავინტერესდი. დედას ძალიან უნდოდა ექიმი გავმხდარიყავი, რადგან მთელი ოჯახი ამ სფეროში მოღვაწეობდა.

– გაქვთ თუ არა ჰობი, იქნებ კოლექციონერი ბრძანდებით ან სპორტით ხართ გატაცებული?

– არც კოლექციონერი ვარ, არც სპორტსმენი, თუმცა ჯანსაღი ცხოვრების წესით ვცხოვრობ და თითქმის ხუთი წელია ყოველი ჩემი დილა ვარჯიშით იწყება.

– ახერხებთ თუ არა განტვირთვას სამსახურში? 

– ძალიან იშვიათად. მხოლოდ უცხოეთში ვიზიტების დროს ვახერხებ სამუშაოს ადრე დასრულებას, აქ კი, ამის შესაძლებლობა თითქმის არასდროს მაქვს.

რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– დიდხანს ნამდვილად არასდროს ვფიქრობ.

ბლიცი-კითხვები:

– რა სლოგანი აქვს Georgian development group 1-ს?

– ”ხარისხი ყველგან და ყველაფერში!”

– რას ეტყვით პირველ რიგში უკმაყოფილო კლიენტს?

– ”აუცილებლად გამოვასწორებ!”

– უცხოელი პარტნიორებიდან ვისთან უფრო გიადვილდებათ საქმიანი ურთიერთობა?

– იტალიელებთან, რადგან ძალიან ჰგვანან ქართველებს.

– სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად იყენებთ დღის განმავლობაში?

– ”მშენებლობა.”

 – რაში ხარჯავთ ფულს ყველაზე დიდი სიამოვნებით?

– შვილიშვილების საჩუქრებში.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– მთავარი იმ საკითხზე მიზანმიმართული მუშაობაა, რომელზეც ორიენტირებული ხარ. არანაკლებ მნიშვნელოვანია, სწრაფი მოქმედება, მონდომება და შრომისმოყვარეობა. დაუძლეველი არაფერია, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წარმატების მიღწევა თუ საკუთარი თავის რწმენა ექნება. წარმატებას არ უყვარს გაჩერება, ამიტომ მუდმივად წინ უნდა იყურებოდე და სულ უფრო მეტის მიღწევას ცდილობდე.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები