LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბექა გონაშვილი: „წარმატების მისაღწევად ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მაქვს გასაკეთებელი”

9

10 ოქტომბერს რადიო ”ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას ”წარმატების ფორმულა” მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი სტუმრობდა.

ბექამ, რომელიც ბავშვობიდან იურისტობაზე ოცნებობდა, სკოლის დასრულების შემდეგ პაატა გუგუშვილის სახელობის კოლეჯში ჩააბარა სამართლის შესასწავლად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დასრულების შემდეგ კი, ერთი წელი თიბისი ბანკში იმუშავა საკრედიტო ადმინისტრატორის პოზიციაზე, თუმცა, მალე მობეზრდა რუტინული სამუშაო და მეგობრებთან ერთად ფოლკლორული ანსამბლი ”ჩვენებურები” დააარსა, რომელიც დღესაც  წარმატებით აგრძელებს შემოქმედებით მოღვაწეობას.

– ბატონო ბექა, როგორ მიხვედით დღევანდელ საქმიანობამდე და რამ განაპირობა თქვენი ამ სფეროთი დაინტერესება?

– შეიძლება ითქვას, დღევანდელი საქმიანობა ჩემი ცხოვრების ნაწილი და ერთგავერი გაგრძელებაა. თუნდაც ფოლკლორზე რომ ვისაუბროთ. ფოლკლორი ხომ სინამდვილეში მუსიკასა და ხელოვნებასთან შერწყმული ტრადიციებია, რომელიც შრომის პროცესში სრულდება, ანუ ადამიანი ჯერ მუშაობს, მერე კი, ისვენებს და მღერის. ფოლკლორი და სოფლის მეურნეობა ერთმანეთზეა მიბმული, ასე რომ, ვფიქრობ ჩემი საყვარელი ფოლკლორისგან არც ისე შორს ვარ წასული.

14657247_1319199664766328_1074558176555600954_n– რამდენადაც ვიცი, ცხვრის ექსპორტის სეზონი უკვე დაწყებულია. ვისთან გაქვთ მოლაპარაკება და სად ხორციელდება ექსპორტი?

– საერთოდ, სეზონი ივლისში იწყება და ნოემბრის თვეში სრულდება. სამწუხაროდ, წელს მოთხოვნა ნაკლებია. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ჩვენი ცხვარი ექსპორტზე გავიტანოთ, რადგან თუ არ იქნება რეალიზაცია, მაშინ ძალიან ბევრი ცხვარი მოგროვდება იმ ტერიტორიაზე, სადაც ჭარბი ძოვების წყალობით ისედაც საძოვარის და საკვების დეფიციტია. გარდა ამისა, სერიოზული პრობლემა შეიქმნება სესხის დაფარვის და ხელფასების გაცემის კუთხით. გასულ კვირას ყატარში ვიყავი, კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებას. საბედნიეროდ, ბოლო რამდენიმე თვეა, სოფლის მეურნეობის სამინისტროც ამოგვიდგა მხარში და ძალიან გვეხმარება. იმედი მაქვს, სასურველ შედეგს მალე  მივაღწევთ.

– რა პრობლემები აქვს მეცხვარეობას და თქვენი აზრით, რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ სირთულეების დასაძლევად?

– ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე არ ვარ სუფსიდიების მომხრე და არასდროს მითხოვია სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარება. თუმცა, ვთვლი, რომ აუცილებელია სახელმწიფოს ჩართვა მარკეტინგის სფეროში. რამდენიმე თვეა ინტენსურად ვთანამშრომლობთ პროფესიონალებთან, ერთობლივად შევიმუშავეთ სამოქმედო გეგმა და დაწრმუნებული ვარ, ყველაფერი გამოსწორდება. თუმცა, ეს მომავლის პერსპექტივაა, დღეს კი, ძალიან მძიმე მდგომარეობა გვაქვს ამ სფეროში.

– რამდენად ხელსაყრელი პირობებია საქართველოში თქვენი ბიზნესისთვის?

14670795_1319199601433001_4394091891709143821_n– ვფიქრობ, ნაკლებად ხელსაყრელი პირობებია.  

– საშუალოდ რამდენი პროფესიონალი მეცხვარეა დღეს საქართველოში და რამდენად არიან ჩართული ამ პროცესში ახალგაზრდები?

– 2014 წლის მონაცემებით 10 და მეტი სული ცხვარი ჰყავდა 13 ათასს ოჯახს ანუ დაახლოებით 30-40 ათასი ადამიანია დაკავშირებული მეცხვარეობასთან, რაც საკმაოდ სერიოზიული ციფრია. სამწუხაროდ, ახალგაზრდები ნაკლებად ინტერესდებიან ჩვენი საქმიანობით, რადგან არც მოტივაცია აქვთ, არც პერსპექტივა.

– რამდენადაც ვიცი, თქვენ მაღაზიაც გაქვთ, რომელსაც ”ბექას ნობათი” ჰქვია, რატომ გადაწყვიტეთ ამგვარი მაღაზიის გაკეთება?

– ზოგადად, ძალიან სარისკოა მხოლოდ მეცხვარეობით შემოფარგვლა, გარდა ამისა, ვფიქრობ, სოფლის მეურნეობაში არ შეიძლება მხოლოდ ერთ სფეროზე კონცენტრირება და საჭიროა სხვადასხვა მიმართულებით მუშაობა. გამომდინარე აქედან, 2011 წელს კახეთში, დედოფლისწყაროს რაიონში ფერმერთა მომსახურების ცენტრი გავაკეთეთ, სადაც ფერმერებს სხვადასხა სერვისი შევთავაზეთ. მოგვიანებით მათი პროდუქტის რეალიზებაც გადავწყვიტეთ, რადგან ხშირია შემთხვევა, როცა ფერმერები ჯერ მოსავალს იღებენ და მხოლოდ შემდეგ იწყებენ ფიქრს მათ რეალიზაციაზე, ნაცვლად იმისა, რომ თავიდანვე გაარკვიონ თუ რა პროიდუქტზეა ყველაზე დიდი მოთხოვნა და სწორედ მისი წარმოება დაიწყონ.

14671370_1319199931432968_1437234978028209552_n– რა პროდუქტზეა დღეს ყველაზე დიდი მოთხოვნა?

– სამწუხაროდ ნაკლები მოთხოვნაა ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტზე მისი მსყიდველობითი უნარიდან გამომდინარე. მართალია, სურვილი ბევრს აქვს, მაგრამ ამგვარი პროდუქტის წარმოება ძალიან ძვირი ჯდება, რადგან ხარჯიც მეტია, ინვესტიციაც და დროც გაცილებით მეტი ჭირდება. ჩვენს მაღაზიაში ძირითადად ხორცის და რძის პროდუქტის რეალიზაცია ხდება, რადგან ვცდილობ მხოლოდ იმ ფერმერებთან ვითანამშრომლო, ვისაც კარგად ვიცნობ, ვენდობი და პროდუქტის მაღალ ხარისხშიც დარწმუნებული ვარ.

– თქვენს ცენტრში ბევრ სხვა მომსახურებასთან ერთად შინაური ცხოველების ხელოვნური განაყოფიერებაც ხდება. თქვენ ხომ არ ბრძანდებით ამ იდეეის ნოვატორი?

– არა, მე ნამდვილად არ მეკუთვნის პირველობა. ვფიქრობ, თუ რამეს აკეთებ აუცილებლად კარგად უნდა გააკეთო ან საერთოდ დაანებო თავი. გამომდინარე აქედან, თუ არ გადავედით მაღალპროდუქტიულ ჯიშებზე, მაშინ არც ჩვენს შრომას არ ექნება ფასი, რადგან ყოველთვის გამოჩნდება ის, ვინც აუცილებლად გვაჯობებს. ვეტერინარიაში ჩართვის შემდეგ, ჯიშების გაუმჯობესებაზე დავიწყეთ ფიქრი, რისთვისაც აუცილებელი აღმოჩნდა ხელოვნური განაყოფიერება. ქართული ჯიშები საკმაოდ კარგია, თუმცა მათი წველადობა და პროდუქტიულობა ძალიან დაბალია. გამომდინარე აქედან, საჭიროა ჯერ ჯიშის გაუმჯობესება, მერე კი, მათი ჯანსაღი და მაღალი ხარისხის საკვებით უზრუნველყოფა.  

– რამდენი ხანია ამ საქმიანობით ხართ დაკავებული?

– ხელოვნური განაყოფიერება 2013 წელს დავიწყეთ, საკვების საწარმო კი, 2015 წელს შევქმენით. შედეგი საკმაოდ კარგი გვაქვს. წელს ხელოვნური განაყოფიერებით დაბადებული 300-ზე მეტი ხბო გვყავს.

– რამდენად რთული პროცესია ხელოვნური განაყოფიერება და რა თანხებთანაა დაკავშირებული?

– პროცესიც რთულია და საკმაოდ სოლიდურ დაფინანსებასაც მოითხოვს. თუმცა, ნებისმიერ კარგ ფერმერს შეუძლია ამ პროცესის დამოუკიდებლად შესრულება.

14650170_1319200148099613_8410308445519407339_n– გაქვთ თუ არა ბავშვობის ოცნება, რომელიც ჯერ არ აგისრულებიათ?

– განსაკუთრებული ოცნება არასდროს მქონია. თუმცა, ბავშვობაში ძალიან მტკიოდა გული, როცა გაჭირვებულ ადამიანებს ვხედავდი და მინდოდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა ბედნიერი ყოფილიყო. იმედი მაქვს, ოდესმე ეს ოცნებაც ამისრულდება, დღეს კი, ყველანაირად ვცდილობ ამ საქმეში ჩემი წვლილიც შევიტანო.

– რამდენი ადამიანია დასაქმებული მეცხვარეთა ასოციაციაში და რა სამომავლო გეგმები გაქვთ?

– ასოციაციაში სულ რამდენიმე ადამიანია გაერთიანებული, თუმცა ეს აბსოლუტურად საკმარისია. სამომავლოდ რამდენიმე ახალი პროექტის განხორციელებას ვგეგმავ. სულ ცოტა ხნის წინ მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან ერთად დედოფლისწყაროში ახალი პროექტი წამოვიწყეთ, რაც ფერმერებისთვის განვადებით საქონლის საკვების მიწოდებას, შემდეგ კი, მათგან უკვე პროდუქტის შესყიდვას და რეალიზაციას ითვალისწინებს.  

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?  

– ძირიდად ბევრს ვფიქრობ, თუმცა არის შემთხვევები, როცა გადაწყვეტილება აუცილებლად სწრაფადაა მისაღები.

ბლიცკითხვები:

– სპორტის რა სახეობა გიტაცებთ?

– ძალიან დიდხანს ვთამაშობდი კალათბურთს.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– რა კარგია ცხოვრება!

– სად ისვენებთ სიამოვნებით?

– მთაში.

– რომელია თქვენი საყვარელი კერძი?

– ხინკალი.

– სად ატარებთ საღამოს?

– ვცდილობ მეტი დრო გავატარო ოჯახთან.

– თუ ჩაშლილა უკვე გამოსული საქმე და რა იყო ამის მიზეზი?

– ბევრჯერ მქონია ასეთი შემთხვევა. მიზეზი კი, ყოველთვის სხვადასხვაა.

– რა თვისებას აფასებთ ყველაეზ მეტად ადამიანში?

– გულწრფელობას.

– ვინაა თქვენი მისაბაძი ბიზნესმენი?

– ძალიან ბევრია, თუმცა ვერავის გამოვარჩევდი.

– ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ, რას დახატავდით გადაცემაში ”წარმატების ფორმულა”?

– საათს დავხატავდი, რადგან დრო ყოველთვის ცოტაა, გასაკეთებელი კი, ძალიან ბევრი.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– პირველ რიგში გულწრფელი უნდა იყოს საკუთარ თავთან და ზუსტად იცოდეს რისი გაკეთება უნდა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ახლობლების მხარდაჭერა და დახმარება. ამ შემთხვევაში მე ძალიან გამიმართლა, თუმცა, ვერ ვიტყოდი, რომ წარმატებული ადამიანი ვარ, რადგან წარმატების მისაღწევად ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მაქვს გასაკეთებელი.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები