„ჩემი ბედნიერი ოჯახის“ გუნდი ქართული პრემიერისთვის ემზადება – დეტალები „არტ-FM“-ში

„ჩემი ბედნიერი ოჯახის“ გუნდი ქართული პრემიერისთვის ემზადება – დეტალები  „არტ-FM“-ში

19 სექტემბერს, რადიოფორტუნასდა თათა სადრაძის გადაცემაშიარტ-FM“ რეჟისორმა ნანა ექვთიმიშვილმა და მსახიობმა ია შუღლიაშვილმა ახალი ფილმიჩემი ბედნიერი ოჯახიწარმოადგინეს.

ქალბატონო ნანა, რა არის თქვენი ახალი ფილმის მთავარი მესიჯი?

– ფილმის მთავარი თემა – ოჯახია, რომელიც სამი თაობის წარმომადგენლებს აერთიანებს. ცენტრალური ფიგურა – 52 წლის მანანაა, მის გარშემო კი, ოჯახის წევრები – მეუღლე, შვილები და მშობლები არიან თავმოყრილი. მესიჯი – ასე თქმა ცოტა რთულია, ფილმი ზოგადად იმაზეა, თუ როგორ ახერხებს ადამიანი ოჯახში და დღევანდელ ქართულ რეალობაში საკუთარი ცხოვრებით ცხოვრებას და იმის გაკეთებას, რაც მას სურს.

 ქალბატონო ია, რამდენად ახლოსაა პერსონაჟი თქვენთან ?

– შესაძლოა, წვრილმანებში ვგავართ ერთმანეთს, თუმცა ერთიანობაში მაინც ძალიან განვსხვავდებით. მართალია, მე ასეთი მრავალრიცხოვანი ოჯახი არ მყავს, მაგრამ ნანამ და სიმონმა იმდენად ზუსტად შეძლეს საკუთარი ჩანაფიქრის მოწოდება, რომ ერთმანეთსაც სწრაფად გავუგეთ და ჩემს პერსონაჟსაც.

ქალბატონო ნანა, თქვენი აზრით, რატომაა ქართული კინო უცხოეთში უფრო წარმატებული, ვიდრე საქართველოში?

ჩვენი ფილმი ქართველ მაყურებელს ჯერ არ უნახავს, პრემიერა 28 სექტემბერს შედგება და მაშინ გავიგებთ თუ როგორ მიიღებს მას

ქართველი მაყურებელი. გრძელი ნათელი დღეები“ საკმაოდ კარგი გამოცდილება იყო ჩვენთვის, ფილმი ქართველმა მაყურებელმა კარგად მიიღო. ბოლო წლებში ქართული კინო საკმაოდ აქტუალური გახდა საქართველოს საზღვრებს გარეთ. მანამდე რუმინულ ახალ ტალღაზე იყო საუბარი, ბევრი საინტერესო ფილმი გაკეთდა, რომლებმაც სერიოზული კონკურენცია გაუწიეს შედარებით მდიდარ ქვეყნებს, სადაც ფესტივალებიც ხშირად იმართება, სადაც რესურსიც საკმარისია და კრიტიაც საკმაოდ აქტიური… ყველაფერი ის, რაც კინოს განვითარებას ეხმარება. ბოლო წლებია, რაც ქართული კინოთიც დაინტერესდნენ. კინო ყველაზე უკეთ ასახავს ამა თუ იმ ქვეყნის ცხოვრებას, რეალობას. და ალბათ სწორედ ეს აინტერესებთ, საქართველო და საავტორო კინოს თვალით დანახული ქართული ცხოვრება და რეალობა.

ქალბატონო ია, რამდენად მნიშვნელოვანი იყო თქვენთვის ფილმში მონაწილეობა?

– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ფილმმა ძალიან ბევრი შემმატა და პრაქტიკულად გარდატეხა შემოიტანა ჩემს ცხოვრებაში. აუცილებლად უნდა ვახსენო ჩემი კოლეგები და პირველ რიგში მერაბ ნინიძე, რომელსაც სტუდენტობიდან ვიცნობ, თუმცა პირველად ვიმუშავეთ ერთად, რაც ძალიან საინტერესო და სასიამოვნო აღმოჩნდა ჩემთვის. გარდა ამისა, ყველა პერსონაჟი იმდენად ზუსტადაა შერჩეული, რომ შეუძლებელი იყო საერთო ენა არ გამოგვენახა და მართლა ერთი ოჯახი არ გავმხდარიყავით.

სად უფრო მოგწონთ მუშაობა კინოში, თეატრსა თუ სერიალებში?

– მუშაობა ყველგან საინტერესოა, თუმცა ბოლო დროს კინომ განსაკუთრებით გამიტაცა.

რას გრძნობთ, როცა ჯულიეტ ბინოშს გამსგავსებენ?

– რა თქმა უნდა სასიამოვნოა, თუმცა ვფიქრობ, ბევრად უკეთესია როცა არავის გავხარ და ყველასგან განსხვავდები.

მსახიობი რომ არა, რა პროფესიას აირჩევდით?

– მართალია, მუსიკა ჩემი ცხოვრების ნაწილია, თუმცა მუსიკოსობა არასდროს მინდოდა. არ ვიცი, ალბათ ნებისმიერ შემთხვევაში მსახიობის პროფესიას ავირჩევდი.

ქალბატონო ნანა, გაქვთ თუ არა საყვარელი ფილმი ან საუნდთრეკი?

– ბევრი ფილმია, რომელიც მომწონს. საუნდრეკი ასე ცალკე არ მახსენდება… სპონტანურად მახსენდება მუსიკა ტრიუფოს ფილმიდან „400 დარტყმა“.

თქვენი საყვარელი საქმე?

– ალბათ ის, რასაც ვაკეთებ.

რას ურჩევდით დამწყებ რეჟისორებს?

– მუშაობისას ნაკლებად იფიქრონ წარმატებაზე. წარმატებისთვის არ უნდა მუშაობდე, უნდა მუშაობდე იმისთვის, რომ პროცესი მოგწონს და რაღაცის გამოხატვის სურვილი გაქვს.

რატომ აირჩიეთ რეჟისორის პროფესია?

– ეს სურვილი კონკრეტული იდეებისგან დაიბადა. კონკრტული ფილმების იდეებისგან, რომლებიც მსურდა, რომ ფილმები გამხდარიყვნენ.

20 სექტემბერი, 2017

სხვა ჩანაწერები