LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დათო დოიაშვილი: „ყველა ბილეთი გაყიდულია, რაც იმის მანიშნებელია, რომ მაყურებელს ძალიან უყვარს ჩვენი თეატრი”

26

20 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM”-ს რეჟისორი დათო დოიაშვილი სტუმრობდა.

– დათო, ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს „მეფე ლირს“, რომელიც ბუქარესტის ნაციონალური თეატრის სცენაზე დადგით. თავად როგორ შეაფასებდით საკუთარ წარმატებას?

– პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ბუქარესტის თეატრი ერთ-ერთი გამორჩეულია, თავისი უაზრამაზი სცენითა და დარბაზით, რომელიც 1 500 მაყურებელს იტევს. გარდა ამისა, თეატრს შვიდი დამოუკიდებელი სცენა აქვს და ერთ ღამეში თავისუფლად შეუძლია უმასპინძლოს 5 000-მდე მაყურებელს. ყველაფერთან ერთად, თეატრს ძალიან საინტერესო მენეჯმენტი ჰყავს, რომლის გამოცდილებას აუცილებლად გავიზიარებ, როცა ახალი თეატრი გვექნება. აქვე მინდა მადლობა გადავუხადო კულტურის სამინისტროს, რომელიც ძალიან დაგვეხმარა და საშუალება მოგვცა ერთ წელიწადში ახალ სივრცეში და ახალი რეპერტუარით ვუმასპინძლოთ მაყურებელს. ჩემთვის ძალიან დიდი ექსპერიმენტია იყო რუმინეთში მუშაობა, რადგან აბსოლუტურად ახალ გარემოში, ახალი მსახიობების კოლექტივში აღმოვჩნდი. საკმაოდ რთული სამუშაო იყო,  თუმცა ძალიან საინტერესო, რომელსაც თავისი მომხიბვლელობაც ჰქონდა. სხვათაშორის, „მეფე ლირი“ მეორედ დავდგი. პირველად ძალიან პატარა ვიყავი, ბატონ ოთარ მეღვინეთუხუცესთან ვმუშაობდი და უბედნიერესი ადამიანი ვიყავი. მეორედ დადგმა რუმინეთში განვახორციელე და ძალიან მიხარია, რომ 2016 წლის საუკეთესო სპექტაკლების ხუთეულში შევიდა.

– სამომავლოდ სხვა პროექტების განხორციელებასაც ხომ არ გეგმავთ ბუქარესტში?

– შემოთავაზება უკვე მივიღე. წარმოდგენის პირველი აქტის დასრულების შემდეგ, კულისებში თეატრის დირექტორი შემოვიდა და კონტრაქტზე შემომთავაზე ხელისმოწერა. მართალია, მომავალ წელს მე ჩემი გეგმები მაქვს, მაგრამ მაინც უარი ვერ ვუთხარი და სავარაუდოდ, 2017 წლის სეზონი სწორედ ჩემი სპექტაკლით გაიხსენება.

– მრავალრიცხოვანი გასტროლების მიუხედავად, როგორ ასწრებთ საქართველოში  მუშაობას?

– ჩემთვის თეატრი ჩემი მსახიობებით იწყება და ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ბრწყინვალე დასი მყავს. ძალიან მიყვარს და ვამაყობ იმ ადამიანებით, რომლებიც მზად არიან შესვენების გარეშე იმუშაონ, ოღონდ საკუთარი საქმე გააკეთონ კარგად და მიაღწიონ შედეგს. სხვათაშორის, სწორედ ეს მეტყველებს მათ პროფესიონალიზმზე.

– სად დაიდებს მუსიკისა და დრამის თეატრი ახალ ბინას და რამდენი სცენა გექნებათ?

– თეტრი ახალ ბინას აღმაშენებლის 135-ში დაიდებს და მართალია ერთი სცენა იქნება, მაგრამ აუცულებლად თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო კულტურის სამინისტროს.

– რამდენადაც ვიცი, ძალიან ბევრი მოწვევა გაქვთ საზღვარგარეთიდან, სამომავლოდ სად გეგმავთ მუშაობას?

– 2017 წელი ამ მხრივ მართლაც ძალიან დატვირთულია, თუმცა გარკვეული დრო მჭირდება საქართველოში მუშაობისთვისაც. ზუსტად ვიცი, რომ ბულგარეთში გავემგზავრები, სადაც შექსპირის „ქარიშხალს“ დავდგამ. მიწვევა მაქვს კორეადან, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცი, დავთანხმდები თუ არა.

– რომელი იყო ყველაზე მოკლე დროში განხორციელებული სპექტაკლი?

– 28 დღეში დავდგი „სეილემის პროცესი“ ლონდონში.

– რას ნიშნავს თქვენთვის წარმატებული სპექტაკლი?

– აუცილებლად მინდა ავღნიშნო, რომ წარმატებული ყოველთვის არ ნიშნავს კარგ სპექტაკლს. თავისუფლად შეიძლება კარგ და მნიშვნელოვან სპექტაკლს საერთოდ არ ჰყავდეს მაყურებელი, რადგან გარკვეულ მომენტში ზოგიერთი წარმოდგენა ვერ აღიქმება ადეკვატურად. თუმცა, ვფიქრობ, თეატრის მთავარი მიზანიც სწორედ ესაა – თუნდაც რამდენიმე წუთით გაუსწროს დროს.

– „ბალიშის კაცუნაზე“ მინდა გკითხოთ. რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც ეს პიესა?

– ზოგადად რეჟისორებს ძალიან არ უყვართ ცოცხალი დრამატურგები, რადგან მათი აზრით კლასიკის თავიდან გააზრება და ახლებური ინტერპრეტაცია ბევრად უფრო საინტერესოა. თუმცა, არსებობენ გამონაკლისებიც და სწორედ მათ რიცხვს მიეკუთვნება მარტინ მაკდონაჰიც. პირველად პიესა შვიდი-რვა წლის წინ წავიკითხე, მაშინ მინდოდა დადგმა, თუმცა მივხვდი, რომ სხვა რეალობა იყო საჭირო, რადგან იმ პერიოდში მაყურებელი ნამდვილად ვერ აღიქვამდა სპექტაკლს ადეკვატურად. დადგმა რამდენიმე წლით გადავდე და მხოლოდ შარშან გადავწყვიტე მისი განხორციელება. მიხარია, რომ სპექტაკლს ძალიან ბევრი მაყურებელი ჰყავს და საკმაოდ დადებითი შეფასება დაიმსახურა.

– პარალელი რომ გავავლოთ ქართველ და უცხოელ მსახიობებს შორის, რა განსხვავებაა მათ შორის?

– ქართული სამსახიობო სკოლა ძალიან მაღალი დონისაა. განსხვავება მხოლოდ სოციალურ მდგომარეობასა და ანაზღაურებაშია. რა თქმა უნდა, მათ ბევრად მაღალი ანაზრაურება აქვთ, თავისუფლად შეუძლიათ სრული კონცენტრირება მოახდინონ სამუშაოზე და არ გაცდნენ ყოველდღიურ პრობლემებზე ფიქრით. დარწმუნებული ვარ, თუ ქვეყანაში სოციალური პრობლემები მოგვარდება, ქართველი მსახიობების მუშაობაც  ბევრად შედეგიანი იქნება.

– საახალწლოდ რას უმზადებთ ქართველ მაყურებელს?

– იანვრის რეპერტუარი უკვე მზად გვაქვს. ძალიან მიხარია, რომ ყველა ბილეთი გაყიდულია, რაც იმის მანიშნებელია, რომ მაყურებელს ძალიან უყვარს ჩვენი თეატრი. თებერვლის ბოლოს კი, ახალ ვოდევილს წარმოვადგენთ, რომელიც პიესის „მზის დაბნელება საქართველოში“ მიხედვით გაკეთდა.

– დათო, ასეთი გადატვირთული სამუშაო გრაფიკის პირობებში როგორ პოულობთ დროს ოჯახისთვის?

– ბავშვობაში ყოველთვის დიდ ოჯახზე ვოცნებობდი და ძალიან მინდოდა მყოლოდა სულ მცირე ხუთი შვილი. დარიამ უამრავი ახალი და პოზიტიური შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში. მინდა კიდევ ერთი შვილი, ერთს კი, სიამოვნებით ვიშვილებდი.

– რამდენად ხშირად აქებთ საკუთარ შვილებს?

– სამწუხაროდ, არასდროს არ ვაქებ. სხვათაშორის, სწორედ „მეფე ლირის“ დადგმის დროს მივხვდი, რომ მთავარი პრობლემა თაობებს შორის ურთიერობაა – ანუ მამას ახალგაზრდა ქალიშვილების გადაწყვეტილების მიღება არ უნდა, ქალიშვილებს კი, აღარ უნდა იცხოვრონ მამის სურვილების გათვალისწინებით. ვფიქრობ ჩემს ოჯახშიც ზუსტად ასე ხდება. მართალია, ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ იძულებული ვარ მივიღო და პატივი ვცე სხვის აზრს.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები