დავით გორგილაძე: ორი წელია „m2“-ში ვმუშაობ და დღესაც აღფრთოვანებული ვარ ჩვენი შეკრული გუნდის საქმიანობით

დავით გორგილაძე: ორი წელია „m2“-ში ვმუშაობ და დღესაც აღფრთოვანებული ვარ ჩვენი შეკრული გუნდის საქმიანობით

26 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ სამშენებლო კომპანიის „m2“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით გორგილაძე სტუმრობდა.

კომპანიამ, რომელიც მრავალი წელია მხოლოდ კრეატიულ იდეებზეა ორიენტირებული, უამრავი საინტერესო პროექტი შექმნა, რაც პირველ რიგში გუნდური პრინციპით მუშაობის დამსახურებაა.

– ბატონო დავით, რა განაპირობებს კომპანიის წარმატებას და თავად როდის შეუერთდით „m2“-ის ჯგუფს?

– თითქმის ორი წელია „m2“-ში ვმუშაობ და დღესაც აღფრთოვანებული ვარ ჩვენი შეკრული გუნდის საქმიანობით. ბოლომდე გვჯერა საქმის, რომელსაც ვაკეთებთ და ვთვლით, რომ საკმარისი პროფესიონალიზმი გვაქვს, რათა ნებისმიერი წამოწყება განვახორციელოთ, რადგან საბოლოო ჯამში სწორედ ეს განაპირობებს კომპანიის წარმატებას.

– რას თვლით თქვენს მთავარ მიზნად?

– ჩემი, როგორც პიარის სპეციალისტის საქმიანობა საზოგადოებასთან ურთიერთობას და კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. გამომდინარე აქედან, მინდა ჩვენს მომხმარებელს – არსებულ და პოტენციალურ მობინადრეებს ზუსტი ინფორმაცია მივაწოდო იმ კომპანიაზე, რომელთანაც აპირებენ თანამშრომლობას.

– რატომ არ ახორცილებეს „m2“ რეგიონალურ პროექტებს და რას გეგმავთ თბილისში?

– მართალია, აქამდე მხოლოდ დედაქალაქის ბაზარზე ვიყავით წარმოდგენილი, მაგრამ ახლა, რეგიონების ათვისებასაც ვიწყებთ. „m2“-ის პირველი რეგიონალური პროექტი ქუთაისში მზადდება, სადაც სასტუმრო „რამადა“ აშენდება, რომელიც მსოფლიოში სასტუმროების ყველაზე მსხვილი სქელის Wintem-ის დიდი ოჯახს შეუერთდება. გარდა ამისა, ხვალ ყაზბეგის გამზირზე 152-ნომრიან სასტუმროს „რამადა ენკორ თბილისს“ გავხსნით, მოგვიანებით კი, „რამადას“ ბრენდის კიდევ ერთ სასტუმროს წარმოვადგენთ მელიქიშვილის გამზირზე. დაინტერესებული ვართ თელავითაც, სადაც ისევ სასტუმროს აშენებას ვგეგმავთ, რადგან ჩვენი სტარტეგიაც სწორედ ესაა – მაქსიმალურად გავავითაროთ სასტუმროების ქსელი საცხოვრებელი კომპლექსების პარალელურად.

– რას წარმოადგენს კომპანიისთვის პროექტი, რომელიც სოლოლაკის ქედზე ხორციელდება?

– ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან მანამდე მხოლოდ სტანდარტის და ოპტიმას მიმართულებით ვმუშაობდით, ეს კი, პირველი მაღალი ხაზის პროექტია. წარმატებული აღმოჩნდა Skyline Residence თავისი უნიკალური ხასიათით, რომელიც ჩვენს ქალაქს ზევიდან გადმოჰყურებს.

– რამდენადაა დაცული თქვენს კომპანიაში გენდერული ბალანსი?

– 2016 წელს ჩვენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის და გაეროს გლობალური შეთანხმების ერთობლივ ინიციატივას – „ქალთა გაძლიერების პრინციპები“ შევუერთდით და საკუთარ თავზე 7-პუნქტიანი გეგმის შესრულება ავიღეთ, რომელსაც გრაფიკით მივყვებით. პირველ რიგში კომპანიის შინაგანა წესი შეიცვალა და დოკუმენტაცია ჩასწორდა იმ მითითებების გათვალისწინებთ, რომლებიც გენდერული თანასწორობის საკითხებში ჩართული არასამთავრობო ორგანიზაციისგან მივიღეთ. გარდა ამისა, კომპანიის ყველა თანამშრომელმა სპეციალური ტრენინგი გაიარა, სულ ცოტა ხნის წინ კი, ე.წ. „საჩივრის მექანიზმი“ ამოქმედდა, რომელიც ერთის მხრივ პრევენციას ითვალისწინებს, მეორეს მხრივ კი, მისით სარგებლობა ნებისმიერ თანამშრომელს შეუძლია, ვინც საკუთარ თავს დისკრიმინირებულად ჩათვლის. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ტოპ-მენეჯმენტში სრულადაა დაცული გენდერული ბალანსი, ჩვენს განყოფილებაში კი, ქალბატონები ჭარბობენ.

– როგორ იქმნება ახალი პროდუქტი „m2“-ში?

– რა თქმა უნდა, ნებისმიერი სიახლე გუნდური პრინციპით იქმნება, რადგან გადაწყვეტილების მიღებისას ყველა ნიუანსის გათვალისწინებაა საჭირო, რასაც უამრავი ადამიანის დაფიქრება და განსხვავებული შეფასება სჭირდება.

– რა სტილის ტანსაცმელში გრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად?

– ძალიან მომწონს ე.წ. „სმარტ ქეჟუალი“.

– საქმიან შეხვედრაზე რას აქცევთ ყურადღებას პირველ რიგში?

– ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორის პუნქტუალურობა, რამდენად ხშირად სარგებლობს ის სოციალურ ქსელით და რამდენადაა დაინტერესებული ჩვენი საუბრით.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– გადაწყვეტილებას გააჩნია. ჩემს შემთხვევაში, პირველი ნააზრევი ყოველთვის მართებულია, დაგვიანებული გადაწყვეტილება კი, ბევრჯერ გამიხდა სანანებელი.

ბლიც-კითხვები:

– რა სლოგანი აქვს  „m2“-ს?

– „იცხოვრე უკეთესად!“

– ხართ თუ არა კოლექციონერი?

– გაბრიელ გარსია მარკესის გამოცემებს ვაგროვებ სხვადასხვა ენაზე.

– რა პროფესიას შეითავსებდით საკმარისი დრო რომ გქონდეთ?

– დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ძაღლების და სხვა შინაური ცხოველის მომვლელი.

– აქსესუარი, რომლის გარეშე არასდროს ტოვებთ სახლს?

– სათვალე.

– სად ისვენებთ გადატვირთული დღის შემდეგ – ბარში მეგობრებთან ერთად თუ აუზზე?

– ბარში, მეგობრებთან ერთად.

– როგორ იწყება თქვენი დილა – ნატურალი წვენით თუ ფინჯანი ყავით?

– ფინჯანი ყავით.

– წიგნი, რომელიც ბოლოს წაკითხეთ?

– ლასა ბუღაძის „პატარა ქვეყანა“.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– ზუსტად იმას, რასაც ბავშვობაში ვხატავდი – სახლს, ხეს და მზეს, რადგან სხვა არაფერი მეხერხება.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიან წარმატების მისაღწევად?

– ვფიქრობ, მთავარი შრომისმოყვარეობა, ძლიერი ნებისყოფა და ცნობიმოყვარეობაა.

გადაცემის ჩანაწერი

27 თებერვალი, 2018

სხვა ჩანაწერები