LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ტყემალაძე: “წარმატება მხოლოდ დაუზარელი შრომით მიიღწევა”

17

15 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მრჩეველი დავით ტყემალაძე სტუმრობდა.

მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებამ აღიარა, რომ მეღვინეობის უძველესი კვალი სწორედ საქართველოში იქნა აღმოჩენილი, საიდანაც მთელ მსოფლიოში გავრცელდა და უდიდესი გავლენა მოახდინა როგორც სოფლის მეურნეობის და კულტურის, ბიოლოგიისა და მედიცინის, ისე ზოგადად ცივილიზაციების ჩამოყალიბებასა და განვითარებაზე.

– ბატონო დავით, ამერიკის შეერთებული შტატების მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სამეცნიერო ჟურნალში სტატია „საქართველოს ადრეული ნეოლითური ღვინო სამხრეთ კავკასიიდან“ გამოქვეყნდა. რას იტყვით იმ მულტიდისციპლინარულ კვლევაზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ჩატარდა?

– ძალიან საინტერესო, თითქმის სამწლიანი კვლევა ჩაატარეს ქართველმა მეცნიერებმა მეტად ავტორიტეტული სერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგნელებთან ერთად. მართალია, სენსაციურ შედეგს არ ველოდით, რადგან ეს მხოლოდ დადასტურება უნდა ყოფილიყო, რომ სწორედ საქართველოდან გავრცელდა ღვინისა და მევენახეობის კულტურა დანარჩენ მსოფლიოში, მაგრამ კვლევას უდიდესი რეზონანსი მოჰყვა საერთაშორისო მედიაში და პრაქტიკულად სენსაციად იქცა, რამაც აქტიური დისკუსია გამოიწვია და რა თქმა უნდა, საქართველოს ცნობადობაც გაზარდა.

– როგორ მიიღო ქართულმა საზოგადოებამ ეს მეტად მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, საამაყო ინფორმაცია. დაინტერესდა თუ არა თემით ქართული მედია?

– სამწუხაროდ, თემამ განსაკუთრებული ყურადღება ვერ დაიმსახურა. რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიცოდით, რომ სწორედ საქართველო იყო ღვინის სამშობლო, თუმცა ბოლო კვლელვამ ზუსტად განსზაღვრა, რომ ღვინის წარმოების კულტურა ჩვენს ქვეყანაში 8 ათასი წლის წინ გაჩნდა. ამგვარი ინფორმაცია არც ქართული საზოგადოებისთვის იყო მანამდე ცნობილი, ერთგვარი სიახლეა და ამიტომ, ინტერესიც მედიის მხრიდან ჯერჯერობით ნაკლებია.

– რამდენად აქტიურად ჩაერთო სახელმწიფო კვლევაში?

– პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ სახელმწიფოს ჩართვის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. სწორედ მათი მხარდაჭერით განხორციელდა პროგრამა მოკლე ვადაში და მოეწყო გამოფენა, ბორდოში. 2013 წელს ღვინის ეროვნული სააგენტოს იმდროინდელი ხელმძღვანელი და დღეს უკვე სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბატონი ლევან დავითაშვილი ჩვენი დარგის წარმოამდგენლებთან ერთად ბატონ ბიძინა ივანიშვილს შეხვდა და მეტად მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა, გაჩნდა რამდენიმე საინტერესო ინიციატივა და აღმოჩნდა, რომ სამეცნიერო კუთხით ჩვენ ძალიან დიდი პოტენციალი გვქონდა. გარკვეული კვლევები 1960-იან წლებში უკვე განხორციელდა, დღეს კი, ძველი მასალის და თანამედროვე ტექნოლოგიებით ჩატარებული კვლევების გამოყენება ბევრად შედეგიანად შეიძლებოდა როგორც დარგისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის. სწორედ ამ შეხვედრაზე გაჩნდა სპეციალური ჯგუფის შექმნის იდეა, პროექტის განხორციელება კი, ეროვნული ღვინის სააგენტოს დაევალა.

– თქვენი აზრით, რამდენად გაზრდის ახალი კვლევა ღვინის ექსპორტს?

– რა თქმა უნდა, ექსპორტი გაიზრდება, თუმცა,   მიღწეულით არ უნდა დავკმაყოფილდებით და უფრო ინტენსიურად გავაგრძელოთ მუშაობა. გასული წელი მართლაც საუკეთესო, რეკოდული წელიწადი იყო – მილიონზე მეტი ბოთლი გავიდა ესქპორტზე და შემოსავალიც მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენ ყოველთვის აქტიურად ვცდილობთ ახალი ბაზრების ათვისებას და დარგის განვითარებას.

– უკვე არსებული ბაზრების გარდა, კიდევ სად გეგმავთ ქართული ღვინის გატანას?

– ღვინის ეროვნულ სააგენტოს როგორც მოკლე დროში განსახორციელებელი, ისე გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა აქვს. პოლონეთსა და სხვა ბაზრებზე ჩვენს ღვინოს უკვე კარგად იცნობენ. თუმცა, რიგ ქვეყნებში, მაგალითად, შეერთებული შტატებში, იაპონიასა და ჩინეთში სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. ვფიქრობ, ამ მხრივ ეს წელი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება და შემოსავლებიც რამდენიმე მილიონით გაიზრდება.

– საინტერესოა, რას გულისხმობს ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტი?

– დარგის განვითარება მხოლოდ ღვინის რეალიზაციაზე არაა დამოკიდებული. ზოგადად მეღვინეობა მეტად მასშტაბური, კომპლექსური სფეროა – ნიადაგის შესწავლით და ახალი ტერიტორიების ათვისებით დაწყებული, ვენახების პასპორტიზაციითა და ახალი ტექნოლოგიების დანერგვით დასრულებული. ასე რომ, ყველაფერს დეტალური შესწავლა და რაც მთავარია, გაერთიანებული ძალებით, გუნდური პრინციპით მუშაობა სჭირდება.

– თავად რომელ ღვინოს ანიჭებთ უპირატესობას?

– ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა სინამდვილეში საკმაოდ რთული კითხვაა. ვფიქრობ, უპირატესობას მაინც ნახევრად ტკბილ თეთრ ღვინოს ვანიჭებ.

– როგორ უნდა დავიბრუნოთ ვაზის ის ჯიშები, რომლებიც ოდესღაც გვქონდა?

– ექსპედიციებისა და კვლევების ჩათვლით, ჯიღაურას საცდელ მეურნებოზე უზარმაზარი სამუშაოს ჩატარების შემდეგ, აღდგენილ იქნა და სიცოცხლეს დაუბრუნდა 525 ე.წ. აბორიგენული ჯიში, თუმცა, მუშაობა ჯერ არ დასრულებულა და გარკვეული კვლევის შემდეგ უკვე არსებულს, ბევრი სხვა ჯიშიც დაემატება.

– რამდენადაც ვიცი, თებერვალში მეტად საინტერესო ფილმის პრემიერა იგეგმება,

– ბორდოს პროექტზე მუშაობისას, როცა საქართველო ღვინის სამშობლოდ წარმოვადგინეთ საფრანგეთში, ორი ფილმი გადავიღეთ. ერთი – საკმაოდ ლაკონური, თუმცა მეტად საინტერესო ჩვენს კვლევას მიეძღვა, მეორეში კი, უფრო დეტალურად ვცადეთ ქართული ღვინისა და მევენახეობის თემის გაშლა.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– საკითხს გააჩნია, თუმცა ჩვეულებრივ გადაწყვეტილებას სწრაფად ვიღებ.

ბლიც-კითხვები:

– როგორ ისვენებთ გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ. აუზს სტუმრობთ თუ ღვინოს მიირთმევთ მეგობრებთან ერთად?

– ღვინის საღამოს მირთმევა ნაკლებად სასარგებლოა, აუზზე განტვირთვა კი, ჩემი დიდი ხნის  ოცნებაა, თუმცა თავისუფალი დრო ვერ გამოვნახე.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– ძალიან მომწონს თქვენი რადიო და აქაური აურა.

– როგორ აღნიშნეთ დღესასწაულები?

– ძალიან სასიამოვნოდ.

– გაქვთ თუ არა, ტრადიცია, რომელსაც არასდროს რალატობთ?

– განსაკუთრებული ტრადიცია არ მაქვს, თუმცა ყოველთვის მაქსიმალურად ვდცილობ მადლიერება გამოვხატო და ყველას გულით მივულოცო დღესასწაწაულები.

– რამდენად ასრულდა თოვლის ბაბუასთვის მიწერილ წერილში ჩათქმული სურვილები?

– ნაწილობრივ ასრულდა.

– გაქვთ თუ არა საყვარელი წიგნი?

– ძირითადად, ჟურნალებში ვეცნობი ჩემთვის საინტერესო პროფესიონალურ ინფორმაციას. ძალიან მიყვარს ბეჭდური მედია და ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობ საერთაშორისო პრესას.

– რას დახატავდით გადაცემაში „წარმატების ფორმულა“?

– ეროვნულ გერბს, სადაც აღნიშნულია, რომ „ძალა ერთობაშია“.

– როგორია თქვენი „წარმატების ფორმულა“?

– წარმატება მხოლოდ დაუზარელი შრომით მიიღწევა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ერთსულოვნება და გუნდური მუშაობა.

გადაცემის ლაივი

https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/1901223426569144/

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები