LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დემიენ ვომპლერი და თეო ლომსაძე – ქართულ-ამერიკული მუსიკალური პროექტის დეტალები „არტ-FM“-ში

1

2 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“-ს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს კულტურის ატაშე, ბატონი დემიენ ვომპლერი და ვოკალისტი თეო ლომსაძე სტუმრობდნენ, რომლებმაც ახალ ქართულ-ამერიკულ მუსიკალურ პროექტზე ისაუბრეს.

– ბატონო დემიენ, როგორ გაჩნდა პროექტის იდეა?

– შარშან, ახალგაზრდა როკ-ჯგუფი „ეისიდიკი“ მოვიწვიეთ სამხრეთ კალიფორნიიდან, მათი საქართველოში მოგზაურობის შემდეგ კი, გადავწყვიტეთ, შეგვექმნა რაიმე ახალი და ინოვაციური, თუნდაც გაგვეკეთებინა სპონტანური ფიუჟენი ამერიკულ როკ-ჯგუფსა და ქართველი ხალხური სიმღერის შემსრულებელს შორის. ზოგადად ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო  ძალიან ბევრ პროექტს ახორციელებს ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობაში, ვიფიქრეთ, რატომ არ შეიძლებოდა გაგვეკეთებინა იგივე ზოგადად კულტურის სფეროში და ამ შემთხვევაში მუსიკაში. სწორედ ამ განწყობით ჩავწერეთ სიმღერა და გადავიღეთ ვიდეოკლიპი, რომელიც ვფიქრობ ძალიან საინტერესო გამოვიდა.

– რატომ აირჩიეთ მაინცდამაინც თეო ლომსაძე?

– თეო წინასწარი კვლევის და უამრავ ადამიანთან კონსულტაციის გავლის შემდეგ შევარჩიეთ, როგორც ახალგაზრდა, ენერგიული და ნიჭიერი პროფესიონალი. თუმცა, ვფიქრობ, ამ შემთხვევაში არა ნიჭი და პროფესიონალიზმი იყო გადამწყვეტი, არამედ საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების სხვებისთვის გადაცემის უნარი. თეო კი, კონსერვატორიაში ასწავლის და სწორედ მისი პედაგოგიური გამოცდილების გათვალისწინებით და ამერიკელებისთვის ქართული ფოლკლორის ზუსტად გადაცემის უნარის წყალობით, შევარჩიეთ მისი კანდიდატურა.

– თეო, თქვენთვის რას ნიშნავდა ამ პროექტში მონაწილეობა?

– არაჩვეულებრივი პროექტი იყო და მოხარული ვარ, რომ მომეცა მასში მონაწილეობის შესაძლებლობა. აქვე დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ამერიკის საელჩოს და მის წარმომადგენლებს. დავაზუსტებ და ვიტყვი, რომ კონსერვატორიაში მე ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრში ვმუშაობ და სხვა ტიპის აქტივობების პარალელურად, უცხოელ სტუდენტებსაც ვასწავლი ქართულ ფოლკლიორს, ანუ ამ ტიპის თანამშრომლობის გამოცდილება უკვე მქონდა. თუმცა, ქართული ფოლკლორისა და ამერიკული როკის სინთეზი ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო და ამიტომ ორმაგად საპასუხისმგებლო. სხვათაშორის, ჩემი კვლევის სფერო სწორედ ქართული ფოლკლორის თანამედროვე საზოგადოების მოთხოვნებთან ადაპტირებაა და ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია მივცე მას ის ფორმა და სახე, რომელიც ადვილად გასაგები იქნება ფართო აუდიტორიისთვის. „ესიდიკთან“ თანამშრომლობა ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა, არაჩვეულებრივი მუსიკოსები და ძალიან ნიჭიერი ადამიანები არიან, რომლებმაც ადვილად აუღეს ალღო ქართულ ფოლკლორს და მაქსიმალურად დაიხარჯნენ. დარწმუნებული ვარ, სამდღიანი თანამშრომლობის შედეგად მეტად საინტერესო კომპოზიცია შევქმენით.

– ბატონო დემიენ, უახლოეს მომავალში ჯგუფ „ეისიდიკის“ კონცერტის გამართვა ხომ არ იგეგმება თბილისში?

– „ეისიდიკის“ კონცერტი ჯერ არ იგეგმება. თუმცა, 23 აპრილს ჩვენ საქართველოსა და ამერიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 25 წლისთავს ავღნიშნავთ, დიდ გალა-კონცერტს, უამრავ საინტერესო ღონისძიებას ვგეგმავთ და არაა გამორიცხული საქართველოში მოვიძიოთ ის როკ-ჯგუფი, რომელიც ამ სიმღერას შეასრულებს.

გადაცემის ჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები