LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან საინტერესო კონცერტი გველის მეგა-ვარსკვლავების მონაწილეობით

9

22 დეკემბერს რადიო ”ფორტუნას” თათა სადრაძის შემაჯამებელ გადაცემას”არტ-FM”-ს ნინო სურგულაძე და პაატა ბურჭულაძე, თამუნა მიქაძე და ლიზა რამიშვილი სტუმრობდნენ.

გადაცემის პირველ ბლოკში ნინო სურგულაძემ საქველმოქმედო ფონდის ”ნატვრის ხე” ორგანიზებულ კონცერტზე ისაუბრა, რომელიც თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში 9 იანვარს შედგება. პაატა ბურჭულაძე კი იმ აქციაზე მოყვა, რომელიც ”ასტრა პარკში” მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის გაიმართა.

– ნინო, ვიცი, რომ ძალიან დაკავებული ხართ, უამრავი კონცერტი და გამოსვლა გაქვთ, საქველმოქმედო ფონდს კი, მართლაც დიდი შრომა ჭირდება. მორიგ საქველმოქმედო საღამოს იანვრის თვეში მართავთ, საინტერესოა ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას?

– მართლაც ძალიან საინტერესო კონცერტი გველის მეგა-ვარსკვლავების მონაწილეობით. მინდოდა, მაღალი ხარისხის მუსიკა გაჟღერებულიყო ყველა გემოვნების მსმენელისთვის. სტუმრად მსოფლიო ვარსკვლავები ჩამოვლენ, მათ შორის ალესანდრო საფინა, რომელსაც ძალიან ბევრი გულშემატკივარი ჰყავს საქართველოში. სხვათა შორის, ალესანდრო ჟურნალ ”People”-ის ”პლანეტის ულამაზესი ადამიანების” რეიტინგში მოხვდა, ჩაწერილი აქვს დუეტი ელტონ ჯონთან, მისი ცნობილი ჰიტი ”Luna Tu” კი მილიონობით გაიყიდა.

ველოდებით ენჯელ ბლუს – უდიდეს მუსიკოსს, გოსპელის ცნობილი შემსრულებელის ქალიშვილს, რომელიც კლასიკური მუსიკის პარალელურად ამ ჟანრშიც აგრძელებს ტრადიციებს. გარდა იმისა, რომ ენჯელს ლა-სკალასა და ქოვენთ-გარდენში იწვევენ, ის 2005 წლის ”მის ჰოლივუდის” ტიტულის მფლობელი და კალიფორნიის სილამაზის კონკურსის გამარჯვებულიცაა.

ასევე ველოდებით ცნობილ ჩელისტს ანა რუცნერს, რომელიც ძალიან საინტერესო პროგრამას შეასრულებს, მომავალ წელს კი ევროვიზიაზე  ბოსნია-ჰერცოგოვინას წარმოადგენს და პიანისტს ოლივერ პულის, რომელმაც უკვე მოასწრო და თავი შეაყვარა ქართველ მსმენელს.

ყველაფერ ამას მაესტრო კარლო პონტი უმცროსი უხელმძღვანელებს. ალბათ ყველამ იცის, რომ ის ცნობილი პროდიუსერის კარლო პონტის და  სოფი ლორენის უფროსი ვაჟიშვილია. ყველა ვარსკვლავი უანგაროდ ჩამოდის, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს. უცხოელებთან ერთად კონცერტში თბილისის ოპერის სიმფონიური ორკესტრი, აფხაზეთის კაპელა და ინსტრუმენტალური ბენდიც მიიღებენ მონაწილეობას. ვფიქრობ, მართლაც საინტერესო კონცერტი გამოვა – სპეციალურად მზადდება სცენა, შესრულდება დუეტები და ძალიან ბევრი ცნობილი ჰიტი.

– ძალიან რთულია ამდენი ვარსკვლავის ერთად შეკრება. როგორ შეძელით მათი დათანხმება?

– მართალია, ყველას საკმაოდ გადატვირთული გრაფიკი აქვს, თუმცა შეძლეს და მოიცალეს. ბევრმა საკუთარი დასვენების დღეები გამოიყენა. რაც მთავარია, ყველას ზუსტად აქვს გაცნობიერებუილი რისთვის ჩამოდის, ძალიან უნდათ ბავშვების დახმარება და მართლა მთელი გულით აკეთებენ ამას.

– ქართველ მსმენელს რით შეგვიძლია დავეხმაროთ?

– ნებისმიერს შეუძლია დარეკოს ჩვენი ფონდის ტელეფონის ნომერზე (0901 900 999) და თავისი წვლილი შეიტანოს ქველმოქმედებაში. მინდა აღვნიშნო, რომ სამი კონცერტით ჩვენ უკვე შევძელით 21 ბავშვის დახმარება და მათი ცხოვრების კარდინალურად შეცვლა. ახლაც გვეყოლებიან კონკრეტული ბენეფიციარები, რომელთაც მაყურებელი სპეციალური სიუჟეტებით გაიცნობს.

– ძალიან აქტიურად ხართ ჩართული ფონდის მუშაობაში. როგორ ასწრებთ ამდენს და რატომ იღებთ ყველაფერს საკუთარ თავზე? გარდა ამისა, მინდა გკითხოთ, რამდენად აქტიურად მოდიან ქართული კომპანიები თანამშრომლობაზე?

– მიმაჩნია, რომ თუ რამეს აკეთებ, ყველაფერი თვითონ უნდა გააკეთო, თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს დახმარებაზე უარის თქმას. ძალიან ბევრი ენერგია და წლების განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება მაქვს. მინდა ყველაფერი ამ საქმეში დავხარჯო და მაქსიმალურად ავწიო ხარისხი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. რამდენიმე კომპანია ჩვენთან მუდმივად თანამშრომლობს. გარდა ამისა, ბევრი სახელმწიფო და კერძო ორგანიზაცია გვიდგას მხარში, რადგან თანხები მართლაც კოლოსალურია.

– ნინო, თქვენ ყოველთვის სიურპრიზებით გვანებივრებთ. ამჯერად რას გვიმზადებთ?

– სიურპრიზი ბევრი იქნება, თუმცა უმჯობესია სიურპრიზად დავტოვოთ. შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან საინტერესო კონცერტი იქნება, შერჩეული პროგრამა კი ყველას კმაყოფილს დატოვებს. იმედი მაქვს გავერთიანდებით და შევძლებთ ბავშვების დახმარებას, რადგან მართალია, ბევრი კეთდება, მაგრამ ბევრი ჯერ ისევ გასაკეთებელია.

– ბატონო პაატა, თქვენმა ფონდმა ”იავნანა” მორიგი საქველმოქმედო აქცია გამართა, ვინ იყვნენ თქვენი ბენეფიციარები?

– ამჯერად ჩვენმა ფონდმა მზრუნველობამოკლებული ბავშვები შეკრიბა, რომლებმაც ”ასტრა პარკში” იმხიარულეს. ძალიან მიხარია, რომ ასეთი ღონისძიება მოეწყო, თუმცა, მიმაჩნია, რომ მსგავსი აქცია არა წელიწადში ერთხელ, არამედ სისტემატურად უნდა იმართებოდეს.

– რა სამომავლო გეგმები აქვს ფონდ ”იავნანას”?

– სამომავლოდ ორი პროექტი გვაქვს ჩაფიქრებული. თარიღი ჯერ არაა დაზუსტებული, თუმცა გპირდებით, რომ ძალიან საინტერესო პროექტები იქნება.


გადაცემის მეორე ბლოკს თამუნა მიქაძე და ლიზა რამიშვილი სტუმრობდნენ, რომლებმაც საქველმოქმედო საღამოზე ისაუბრეს, რომელიც 10 იანვარს გაიმართება.

– თამუნა, რას ეძღვნება თქვენი კონცერტი და ვინ მიიღებს მონაწილეობას?

– ჩვენი საღამო ნიჭიერთა ათწლედის მოსწავლეს ნინო ჭყონიას ეძღვნება, რომელსაც მძიმე ავადმყოფობა დაუდგინდა. ნინოს უკვე გაუკეთდა რამდენიმე წარმატებული ოპერაცია და საბედნიეროდ მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა, მაგრამ მას ხანგრძლივი მკურნალობა ესაჭიროება, რაც ძალიან დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ძალიან გვეხმარება ”სოლიდარობის ფონდი”, თუმცა ვერც ნიჭიერთა ათწლედი დარჩებოდა გულგრილი და დიდი საქველმოქმედო აქცია-კონცერტის გაკეთება გადავწყვიტეთ. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველას, ვინც ჩვენს ღონისძიებაში მიიღებს მონაწილეობას, რადგან მართლაც ვარსკვლავური შემადგენლობა შეიკრიბა. ბევრმა საკუთარი გეგმებიც კი გადადო, რათა ჩვენს გვერდით ყოფილიყო.

– ლიზა, გარდა საქველმოქმედო კონცერტისა, სხვა რა სამომავლო გეგმები გაქვთ. საქართველოში აპირებთ დარჩენას თუ თქვენც საზღვარგარეთ გაემგზავრებით?

– გამგზავრება ჯერ არ გადამიწყვეტია, რადგან აქაც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. სამომავლოდ კი სოლო კონცერტის გამართვას ვაპირებ, რომელიც კონსერვატორიის მცირე დარბაზში თებერვალში მოეწყობა.

აუდიო ჩანაწერი

https://www.youtube.com/watch?v=EviyYxo4U_g

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები