LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძალიან საინტერესო კონცერტი იგეგმება

12

15 დეკემბერს რადიო ”ფორტუნას” თათა სადრაძის საავტორო გადაცემაში ”არტ-FM”-ს ვახტანგ კახიძე, მაკა ზამბახიძე, თეონა კახიძე და ნიკოლოზ კანდელაკი სტუმრობდნენ.

 

გადაცემის პირველ ბლოკში ვახტანგ კახიძემ და მაკა ცინცაძემ იმ კონცერტებზე ისაუბრეს, რომლებიც ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში 20-27 დეკემბერს გაიმართება, თეონა კახიძემ კი, საზღვარგარეთ ქართველი მუსიკოსების მოღვაწეობა განიხილა.

 

– ბატონო ვახტანგ, როგორ დაიგეგმა კონცერტები, ვინ მიიღებს მონაწილეობას და რამდენად რთული იყო რამდენიმე კონცერტზე ერთდროულად მუშაობა?

– პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ეს საშობაო საღამოების ერთგვარი ნაკრები იქნება, რომელშიც ოთხი კონცერტი გაერთიანდა. 20 დეკემბერს სულხან ცინცაძის კინომუსიკის საღამოს ვმართავთ, რომელიც დასკვნითი კონცერტი იყო ფესტივალზე ”შემოდგომის თბილისი”, ძალიან დიდი წარმატება მოიპოვა და მსმენელის თხოვნით კიდევ ერთხელ გავიმეორებთ უცვლელი სახით. კონცერტში მონაწილეობას საქართველოს სახელმწიფო კაპელა და სიმფონიური ორკესტრი მიიღებს, სოლისტები კი, ნეკა სებისკვერაძე, მაკა ზამბახიძე და გიორგი სუხიტაშვილი იქნებიან. 25 დეკემბერს საშობაო საქველმოქმედო კონცერტს ვაწყობთ კულტურის სამინისტროსთან და სოლიდარობის ფონდთან ერთად, საიდან შემოსული თანხაც სრულად გადაირიცხება სოლიდარობის ფონდში ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად. რადგან კონცერტი კათოლიკურ შობას იმართება, ამიტომ სპეციალურად შევარჩიეთ ბახის ნაწარმოებები. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად შესრულდება ფრაგმენტები მისი ლეგენდარული ”საშობაო ორატორიიდან”. მონაწილეობას ისევ ჩვენი ორკესტრი და გუნდი, ასევე ალექსანდრე ვასაძე, სალომე ჯიქია და ნანა ძიძიგური მიიღებენ. 26-27 დეკემბერს კინოსა და მუსიკის ჩემი ორო კონცერტი იქნება, რომლებიც უკვე გაიმართა გაზაფხულზე ქუთაისში. ორკესტრთან ერთად სცენაზე მომღერლები ნატო კახიძე, მაკა ზამბახიძე, ნეკა სებისკვერაძე, გოგა მესხი და გიორგი სუხიტაშვილი გამოვლენ.

 

– მაკა, ვიცი, რომ ძალიან გადატვირთული გრაფიკი გაქვთ, როგორია სამზადისი და უკვე აღნიშნული კონცერტების გარდა, კიდევ რა საახალწლო ღონისძიებებში მონაწილეობთ?

– სამზადისი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. ძალიან მიყვარს წინა საახალწლო დღეები. არც წლევანდელი წელია გამონაკლისი და ისევ ძალიან დატვირთული ვარ. ვახტანგ კახიძის საღამოების გარდა საახალწლო კონცერტში ვიღებ მონაწილეობას, სადაც გიორგი სუხიტაშვილთან ერთად ვიმღერებ. ძალიან საინტერესო კონცერტი იგეგმება, რადგან ესტრადისა და ოპერის მომღერლები დუეტებში იქნებიან წარმოდგენილი.

 

– მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, გრჩებათ თუ არა თავისუფალი დრო შვილისთვის და როგორ ერთობით ერთად?

– მართალია, ძალიან დატვირთული ვარ და სალომესთვისაც ნაკლები დრო მრჩება, რაზეც ძალიან მწყდება გული. ხშირად ვთავაზობ ჩემთან ერთად წამოსვლას, ძალიან მინდოდა წლევანდელ ახალ წელსაც ერთად შევხვედროდით, მაგრამ უარზეა და სახლში ყოფნა ურჩევნია. თუმცა, ჩვენ ძალიან კარგი შემოქმედებითი თანამშრომლობა გვაქვს. მალე  სალომეს დაწერილ სიმღერას ჩავწერ და კლიპსაც გადავიღებ. კარგ სიმღერებს წერს და ამიტომ ბევრ საინტერესოს გაკეთებას ვაპირებთ. მე არ მივეკუთვნები იმ დედებს, რომლებიც ზედმეტად აქებენ საკუთარ შვილებს, მაგრამ მართლა ძალიან კარგი სიმღერები აქვს და მეც ძალიან მომწონს.

 

– რას შესთავაზებთ მსმენელს ვახტანგ კახიძის ორგანიზებულ კონცერტებზე?

– პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ ჩემთვის ძალიან დიდი პატივია ბატონ ვახტანგთან მუშაობა. ჩვენი თანამშრომლობა მაისში დაიწყო, როცა ორი კონცერტი გავმართეთ ქუთაისში. საოცარი დახვედრა მოგვიწყო ქუთაისელმა მსმენელმა, კონცერტის დასრულება არ გვინდოდა, თუმცა სიმღერები აღარ დაგვრჩა შესასრულებელი, სწორედ ამ კონცერტების გამეორებთ 26-27 დეკემბერს, მანამდე კი, სულხან ცინცაძის შემოქმედებითი კონცერტი იქნება, რომელშიც მისი კინომუსიკა იქნება წარმოდგენილი. მე რამდენიმე კინოფილმიდან შევასრულებ სიმღერებს, რაც სიმართლე გითხრათ ჩემთვის ძალიან უცხო და უჩვეულოა.

 

– უცხოეთიდან თუ გაქვთ მიწვევები და გიფიქრიათ თუ არა როდისმე საზღვარგარეთ ცხოვრებაზე?

– რა თქმა უნდა სიახლის შეტანა შემოქმედებაში პროფესიონალური თვალსაზრისით ძალიან კარგია, მაგრამ საზღვარგარეთ ცხოვრება არასდროს მინდოდა. მქონდა წასვლის შანსი, თუმცა უარი ვთქვი, რადგან მთელი ჩემი არსით საქართველოში ვარ. საზღვარგარეთ კარგია გასტროლები და საქმიანი ვიზიტები, სამუდამოდ გადასახლება კი, ჩემთვის მიუღებელია. მიწვევებიც პერიოდულად მაქვს, ოქტომბრის თვეში ისრაელში ვიყავი გასტროლებით.

 

– ძალიან ცოტა დრო რჩება ახალი წლის დადგომამდე. ტრადიციებზე რომ ვისაუბროთ, რომელ კერძს ამზადებთ საახალწლო სუფრისთვის?

– ძალიან მიყვარს სახლში ფუსფუსი, მაგრამ კერძებს ძირითადად დედა ამზადებს, მე კი, ნაძვის ხეს ვრთავ.

 

– როგორია თქვენს ოჯახში საახალწლო საჩუქრების ტრადიცია და აღნიშნავთ თუ არა თქვენთვის განსაკუთრებულ თარიღებს?

– ჩვენ ძირითადად ზოგად დღესასწაულებს – ახალ წელს, სიყვარულის დღეს, 8 მარტს და დაბადებიის დღეებს ავღნიშნავთ. საჩუქრებს ნაძვის ხის ქვეშ კი, მხოლოდ ბავშვისთვის ვტოვებთ. მე რა თქმა უნდა, ჩემს საჩუქარს იმ საღამოსვე ვხსნი.

 

– მეუღლის ნაჩუქარ, ყველაზე გამორჩეულ საჩუქარს ხომ ვერ გაიხსენებდით?

– ალბათ ისევ ნაძვის ხე, რომელიც ძალიან მომწონს. ისე კი, ძირითადად პარფიუმს, შარფებს და აქსესუარებს მჩუქნის.

 

– საკმაოდ მოთხოვნადი მომღერალი ბრძანდებით და ძალიან ბევრი კონცერტი გაქვთ, ნერვიულობთ სცენაზე გასვლის წინ?

– ჩემთვის ყველა კონცერტი ერთნაირად მნიშვნელოვანია, ამიტომ ყოველთვის ძალიან ვნერვიულობ.

 

– სამომავლოდ რას უმზადებთ მსმენელს?

– ”ოქროს ტალღისთვის” ვამზადებ რამდენიმე ახალ სიმღერას. ძალიან მიხარია, რომ კონკურსი ტრადიციად აქციეთ, რადგან ძალიან ბევრი მუსიკოსისთვის სერიოზული სტიმული გახდა მასში მონაწილეობის მიღება.

 

– ქალბატონო თეონა, რამდენად მოთხოვნადია ქართული მუსიკა საზღვარგარეთ?

– რთულია ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა, რადგან გააჩნია რა მუსიკაზეა საუბარი, თუმცა, ყველაზე მოთხოვნადი მაინც ქართული ფოლკლორია, რომელიც მართლაც უნიკალური მოვლენაა მსოფლიოში. როგორც იცით, ქართული ხალხური მუსიკა იუნესკომ თავის არამატერიალურ ფასეულობათა ნუსხაშიც კი შეიტანა. სადაც არ უნდა ჩავიდეს ქართუული ფოლკლორი, ყველგან დიდი მოწონებით სარგებლობს. ზუსტად იგივეს თქმა შემიძლია ქართულ ცეკვაზეც. სხვა ჟანრში მოღვაწე მუსიკოსებზე თუ ვისაუბრებთ, მათ შორისაც ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდაა, ბევრი არაფრით ჩამოუვარდება უცხოელ შემსრულებლებს და უკვე მოასწრო მსოფლიო საოპერო სცენების დაპყრობა. ბოლო დროს დიდი ინტერესია ჩასაბერ ინსტრუმენტებზე შემსრულებელთა მიმართ, რამდენიმე ახალგაზრდა ქართველმა ამერიკაში მიიღო განათლება და ამ ქვეყანაში შეძლო თავის დამკვიდრება, უამრავ ფესტივალში იღებენ მონაწილეობას, რაც რა თქმა უნდა ძალიან სასიამოვნოა.

 

– უახლოეს მომავალში ჯანსუღ კახიძის მუსიკალური ცენტრი ხომ არ გეგმავს გასტროლებს საზღვარგარეთ?

– ამ სეზონზე გასტროლები არ გვაქვს დაგეგმილი, თუმცა, გვაქვს მიწვევები სხვადასხვა ფესტივალიდან. საკმაოდ რთულია სიმფონიური ორკესტრის გასტროლების მოწყობა, რადგან ეს საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. მართალია, კულტურის სამინისტრო და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციები გვეხმარებიან მატერიალურად, მაგრამ ჩვენ ამ ფინანსების დახარჯვა ადგილობრივ პროექტებში გვირჩევნია. ფესტივალებსზე უცხოელი მუსიკოსები ჩამოგვყავს და ქართულ საზოგადოებას მათი მოსმენის საშუალებას ვაძლევთ.

 

გადაცემის მეორე ბლოკს ”ისთერნ-ფრომოუშენის” წარმოამდგენელი ნიკოლოზ კანდელაკი სტუმრობდა.

 

– ნიკოლოზ, რამდენადაც ვიცი, თქვენ კალიფორნიის უნივერსიტეტში სწავლობთ და ძალიან ინტენსიური ურთიერთობა გაქვთ უცხოელ ვარსკვლავებთან. რამდენად გეხმარებათ ”ისთერნ-ფრომოუშენის” სახელი მათთან ურთიერთობისას?

– ძალიან მეხმარება, რადგან ბევრს აქვს ინფორმაცია იმ ფესტივალების შესახებ, რომლებიც თბილისსა და ბათუმში იმართება. ნებისმიერი ახალი შემსრულებელი ვისაც ვეცნობი, ჩვენს ფესტივალში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს.

 

– რამდენადაც ვიცი, ახალი წლის ღამეს ივენთ ჰოლში ნიკი ვესტის კონცერტს აწყობთ. თქვენი აზრით რატომ თანხმდებიან უცხოელი ვარსკვლავები საქართველოში ჩამოსვლაზე, როცა ჰონორარი აქ ბევრად უფრო ნაკლები აქვთ, ვიდრე საზღვარგარეთ?

 

– ალბათ იმიტომ, რომ საქართველო მათთვის ახალი ბაზარი და ახალი მსმენელია.

 

– ძალიან საინტერესო პროფესიას ეუფლებით, როგორ მიმდინარეობს სწავლის პროცესი?

– ლონდონში სამწლიანი სწავლის და ფინანსების სფეროში ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ, ახლა მუსიკის ინდუსტრიის მართვას ვსწავლობ კალიფორნიის უნივერსიტეტის მაგისტრატურაში. მართლაც იშვიათი პროფესიაა, რომელიც არა მარტო საქართველოშია უცხო, არამედ ევროპაშიც.

 

– რამდენად დიდია მოთხოვნა ამერიკაში ქართველ მუსიკოსებზე?

– ძალიან მოსწონთ ქართული ფოლკლორი. მენდესთან ვიყავი სტუმრად, რომელმაც ქართული ფოლკლორის მოსმენა მთხოვა. ახალ ალბომზე მუშაობს და ძალიან აინტერესებს ქართული ხმები.

 

– ნიკოლოზ, აპირებთ სწავლის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნებას?

– რა თქმა უნდა, წელიწადნახევარში დავბრუნდები. ისთერნ ფრომოუშენის მიზანიც სწორედ ეს იყო – მიმეღო განათლება საზღვარგარეთ და შემდეგ კომპანიას დავხმარებოდი.

 

– ვინაა ის მუსიკოსი, ვის ჩამოყვანაზეც ოცნებობთ?

– ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა პრინსის კონცერტმა და ალბათ მის ჩამოყვანას ვისურვებდი. ახლა კრის ბოტის სააგენტოში ვმუშაობ და ძალიან ბევრ მენეჯერთან ვურთიერთობ, რადგან ამ სფეროში მთავარი კონტაქტებია.

 

– გავრცელდა ხმები, თითქოს ბათუმის ჯაზ-ფესტივალზე ფარელის ჩამოყვანა იგეგმება, რამდენად მართალია?

– რამდენიმე კვირის წინ შევხვდი ფარელს, თუმცა დაზუსტებით ჯერ არაფრის თქმა არ შემიძლია.

 

– ალბათ, ბევრი ცნობილი ადამიანის სახლში ყოფილხართ სტუმრად, როგორ ცხოვრობენ უცხოელი ვარსკვლავები?

– განსაკუთრებით მეისი გრეის სახლი მომეწონა, რომელსაც ძალიან ბევრი მუსიკალური ინსტრუმენტი აქვს, რა თქმა უნდა აუზი და რამდენიმე საკალათბურთო დარბაზი. გარდა ამისა, სახლში სამორინეც მოაწყო, ანუ ყველა იმ გასართობს მოუყარა თავი, რაც თვითონ უყვარს.

 

აუდიო ჩანაწერი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები