LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკა მაზმიშვილი: „მიყვარს გონიერი და ღრმა ინტელექტის მქონე ადამიანები”

16

24 ოქტომბერს რადიო ”ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას ”წარმატების ფორმულა” მარჯანიშვილის თეატრის მმართველი, ქალბატონი ეკა მაზმიშვილი სტუმრობდა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ქალბატონმა ეკამ სწავლა პრაღის ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში გააგრძელა ხელოვნების და არქიტექტურის ფაკულტეტზე. გარდა ამისა, სწავლობდა გრენობლის უნივერსიტეტში არტ-მენეჯმენტის მიმართულებით, გაიარა უმარავი ტრენინგი და ძალიან უყვარს სპეციალური ლიტერატურის კითხვა მენეჯმენტის სფეროს უკეთ გასაცნობად.

პირველი სამუშაო გამოცდილება ჯორჯ სოროსის ორგანიზაციაში ”ფონდი ღია საზოგადოება – საქართველო” შეიძინა, მოგვაინებით ”თეატრალურ სარდაფს” შეუერთდა, რომელმაც როგორც თავად აღნიშნა, სრულად განსაზღვრა მისი ცხოვრება, მერე კი, თბილისის  ფესტივალის ერთ-ერთი ორგანიზატორი გახდა და ბათუმის Street Art-ის პროექტში ჩაერთო.

– ქალბატონო ეკა, რამდენადაც ვიცი, საკმაოდ ადრეულ ასაკში მოხვდით თეატრში და მას შემდეგ ვეღარ შეძელით მისგან თავის დაღწევა. რამ მოგხიბლათ ყველაზე მეტად ამ სფეროში?

– სიმართლე ვთქვა, არ მახსოვს, როდის შედგა ჩვენი ნაცნობობა. თუმცა, ნამდვილი თეატრი მთელი თავისი ბრწყინვალებით, პირველად ”თეატრალურ სარდაფში” ვნახე და ძალიან შემიყვარდა. მომწონს პრემიერისთვის მზადება, მონტაჟი და ზოგადოდ კულისები, რომელიც ჩემთვის ერთი დიდი, ჯადოსნური სამყაროა. სწორედ მაშინ მოვიხიბლე თეატრით და მას შემდეგ მისით მონუსხული ვარ. ჩემთვის ერთგვარი მისტიკაა ჯერ პრემიერისთვის მზადება, მერე კი, მაყურებელთან პირველი შეხვედრა.

– როგორ ჩატარდა თბილისის მერვე საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი და რამდენად მრავალფეროვანი პროგრამა გქონდათ წელს?

– ფესტივალმა საკმაოდ კარგად ჩაიარა, პროგრამაც ძალიან მრავალფეროვანი გვქონდა, რომელმაც საკუთარი თავში თანამედროვე ცეკვა, დრამატული და ტრადიციაზე დაფუძნებული თანამედროვე თეატრი გააერთიანა. გარდა ამისა, წელს პირველად გავედით ქუჩაში, გქონდა ქუჩის წარმოდგენები და ქართული სპექტაკლების პროგრამა,  მრავალრიცხოვანი ტრენინგები და სემინარები უცხოელი სტუმრების მონაწილეობით. რაც მთავარია გაგვიჩნდა ახალი იდეები, ასე რომ, მომავალ წელს ფესტივალი განსხვავებული და კიდევ უფრო საინტერესო იქნება.

– რითი განსხვავდება თბილისის საერთაშორისო ფესტივალი სხვა ანალოგიური ღონისძიებებისგან, რა მიღწვებით გადის საერთაშორისო ასპარეზზე და რა იზიდავს ჩვენს ქვეყანაში უცხოელ სტუმრებს?

– საქართველოს ყოველთვის ბევრი საერთაშორისო პროექტი ჰქონდა. არსებობს რამდენიმე ფესტივალი, ერთ-ერთი გამორჩეული მათ შორის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი ”საჩუქარია”, რომელმაც თითქმის 20-წლიანი ისტორიის მანძილზე უამრავი საინტერესო  პროექტი განახორციელა. გარდა ამისა, გაჩნდა ბევრი ახალი ფესტივალი და ახლა თბილისს უამრავი სავიზიტო ბარათი აქვს, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. საქართველოში ყველასთვის ცნობილი ხელოვანები და ის ინტელექტუალები ჩამოდიან, რომლებიც ამ სფეროში გადამწყვეტ როლს ასრულებენ. მათი შეფასებით, საქართველო გამორჩეული პოტენციალის ქვეყანაა, რომელსაც განვითარების და ახალი იდეების განხორციელების მართლაც მშვენიერი შესაძლებლობა აქვს.

– ყველასთვის კარგადაა ცნობილი თქვენი მუდმივად კარგი განწყობა. მართალია, ცდილობთ ყველაფერი პოზიტიურად დაინახოთ, მაგრამ რა ვითარებაა დღეს ქართულ თეატრში რეალურად და რამდენად მაღალია მაყურებლის დაინტერესება?

– ჩემი შეფასება მეტად სუბიექტიურია. მე არ ვარ კრიტიკოსი, გამომდინარე აქედან, ვთვლი, რომ ქართული თეატრი ყოველთვის კარგ მდგომარეობაშია, რადგან ის მუდმივი ძიების და განვითარების პროცესშია. ევროპის ბევრი თეატრი მინახავს და მართალია, ჩვენ მეტი ძალისხმევა და კავშირების დამყარება გვჭირდება პოპულარობის მოსაპოვებლად,  მაგრამ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ქართული თეატრი საკმაოდ წარმატებულია, რასაც მაყურებლის მაღალი დაინტერესებაც ადასტურებს.

– როგორც მახსოვს, შარშან სახელმწიფომ ორი მლნ. ლარით დაგაფინანსათ. რამდენად საკმარისია ეს თანხა თეატრისთვის და რა უნდა გააკეთოს სახელმწიფომ ამ სფეროს განვითარებისთვის?

– ჩემი აზრით, მთავარი ფინანსური და იურიდიული კანონების დახვეწაა. ვფიქრობ, არსებული კანონები ბევრად უკეთ შეიძლება მოერგოს თეატრის სპეციფიკას და ხელი შეუწყოს მის განვითარებას. ფინანსები არასდროსაა საკმარისი, რადგან რაც მეტი იქნება დაფინანსება მით უფრო სწრაფად განვითარდება ჩვენი სფერო. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ დღეს, ქართული თეატრები ბევრად მეტს აკეთებენ, ვიდრე ბიუჯეტი იძლევა საშუალებას. რას და როგორ ვახერხებთ, ეს უკვე ჩვენი საქმეა.

– როგორ ფიქრობთ, ყველა თეატრს თავისი მაყურებელი ჰყავს, თუ სახელმწიფო თეატრებს უფრო მეტი მაყურებული სტუმრობს?

– დღეს ძალიან ცოტა დამოუკიდებელი თეატრი და პროექტია. მართალია, ყველას თავისი მაყურებელი ჰყავს, რადგან არსებობს გარკვეული სტილი, რომელიც მას მოსწონს და მისი ერთგულია, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ეს მაყურებელი სტუმრობს ყველა თეატრს.

– რამდენი მსახიობია მარჯანიშვილის თეატრში დღეს, რამდენი მათგანია შტატიანი და რამდენი შტატგარეშე?

– მარჯანიშვილის თეატრს საკმაოდ ბევრი მსახიობი ჰყავს. აქედან 65 შტატიანია, 50 კი – შტატგარეშე ანუ მოწვეული მსახიობია.

– მართალია, უკვე 10 წელია თეატრში ხართ, მაგრამ საშუალება რომ გქონდეთ, კიდევ რა პროფესიას შეითავსებდით?

– ორ მიმართულება მაინტერესებს – ან შოკოლადის ფაბრიკას გავაკეთებდი ან ესთეტიკის სფეროში ვიმუშავებდი. დღეს მსოფლიოში განსაკუთრებული პოპულარობით ნატურალური პროდუქტით დამზადებული ესთეტიკური საშუალებები სარგებლობენ და სწორედ ამ მიმართულებით შევქმნიდი პატარა საწარმოს.

– რა პროფესიის არჩევაზე ოცნებობდით ბავშვობაში?

– ბავშვობაში მხოლოდ ერთ ოცნება მქონდა – არ გავმხდარიყავი ექიმი!

– როგორია ეკა მაზმიშვილი სახლში, რამდენად იყენებთ ხელოვნებათმცოდნის პროფესიას კულინარიაში და რომელ კერძს აქცევთ ხელოვნების ნამდვილ შედევრად?

– ძალიან მიყვარს კერძების მომზადება. საყვარელ კერძებს შორის კი, ტაფამწვარს დავასახელებდი, რომლის მომზადების უამრავი ორიგინალური ვარიანტი ვიცი, თუმცა, ძალიან არ მიყვარს კარტოფილის შეწვა, რადგან როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, არასდროს გამომდის. ზოგადად, სახლი ძალიან მიყვარს. კარგად ვქარგავ, მიყვარს ოთახის მცენარეები, სამწუხაროდ ერთი დამიჭკნა, თუმცა ახალი ნაყოფი გამოიღო და უკვე ბედნიერი ვარ.

– რა თვისებას აფასებთ ყველაზე მეტად ადამიანში?

– ძალიან მხიბლავს იუმორის გრძნობა, მიყვარს გონიერი და ღრმა ინტელექტის მქონე ადამიანები.

– ყველამ კარგად ვიცით, რომ თეატრი ერთი დიდი ოჯახია, სადაც მეგობრობასთან ერთად დაპირისპირებაც საკმაოდ ხშირია, რადგან ყველა ხელოვანი ზედმეტად ემოციურია, თეატრში კი, ეს ყველაზე აშკარად ვლინდება. როგორც თეატრის ხელმძღვანელს რამდენად ხშირად გიწევთ სიტუაციის დაბალანსება?

– ვფიქრობ მთავარი დისციპლინაა, მათ შორის ხელმძღვანელისთვისაც, რათა ადამიანებს არ გაუჩნდეთ განცდა, თითქოს მეტი პრივილეგიით სარგებლობ და უფრო მეტის უფლებას აძლევ საკუთარ თავს. რაც შეეხება ემოციებს – რა თქმა უნდა, ყველას გვაქვს ემოციები. ყოველთვის მახსოვს დედის გაფრთხილება, რომელმაც კატეგორიულად ამიკრძალა სხვებზე ხმის ამაღლება. მართალია, იდეალური არავინაა და ზოგჯერ ვერც მე ვახერხებ თავის შეკავებას, მაგრამ ყოველთვის ძალიან მრცხვენია საკუთარი საქციელის.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– გადაწყვეტილებას გააჩნია. ზოგჯერ ფიქრი მჭირდება, ზოგჯერ კი, სწორი გადაწყვეტილება თავისით ჩნდება.

ბლიცკითხვები:

– უკვე მრავალჯერ ნანახი სპექტაკლებიდან, რომელს ნახავდით სიამოვნებით კიდევ ერთხელ?

– ძალიან ბევრია ასეთი.

– როგორ იწყება თქვენი დილა?

– ადრე ვიღვიძებ და დილას ვარჯიშით ვიწყებ.

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– ”რა მაგარია!”

– ჟურნალისტების რა კითხვა გაღიზიანებთ ყველაზე მეტად?

– ძალიან ამ მომწონს როცა პირად ცხოვრებაზე მეკითხებიან და ისეთ ბანალურ კითხვებს მისვამენ, როგორებიცაა: ”ხართ თუ არა შეყვარებული?” ან ”რამდენჯერ გყავდათ შყვარებული?”

– თქვენი აზრით, რა ემოცია უნდა ჰქონდეს მარჯანიშვილის თეატრიდან გამოსულ მაყურებელს?

– ემოცია, რომელიც გულში გაჩნდება და მალე, ისევ ჩვენთან დააბრუნებს.

– გაქვთ თუ არა ჰობი, რომლის შესახებ მხოლოდ ახლობლებმა იციან?

– უამრავი გატაცება მაქვს, მომწონს ოთახის მცენარეები, გატაცებული ვარ სპორტით, მიყვარს მოგზაურობა.

– როგორ იქცევით რთულ სიტუაციაში?

– როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, სირთულე ყველაზე მარტივი მდგომარეობაა, რაც კი ადამიანს შეიძლება ჰქონდეს, რადგან რთული სიტუაციიდან მხოლოდ ერთი გამოსავალია – სინათლისკენ. რაც მთავარია, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ნებისმიერი ცუდი ადრე თუ გვიან აუცილებლად დასრულდება.

– დღის რა მონაკვეთი გიყვართ ყველაზე მეტად?

– მიყვარს ადრიანი დილა, 7-დან 8 საათამდე, როცა ქალაქი ჯერ კიდევ იღვიძებს.

– რას უსურვებთ კონკრეტულად ჩვენს მსმენელს და ზოგადად ყველა ადამიანს?

– ყველას დიდ სიყვარულს ვუსურვებ. ვფიქრობ, მთავარია გიყვარდეს და უყვარდე, რადგან როცა შინაგანად კარგად ხარ, მაშინ შენს გარშემოც ყველაფერი მოგწონს და გახარებს.

– ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ, რას დახატავდით გადაცემაში ”წარმატების ფორმულა”?

– ყოველთვის ერთიდაიგივეს ვხატავ – ან ორმანეტს ან პატარა სახლს ტყეში, მზეს და ნაძვებს, მდინარეს და ”ღიპიან” ადამიანებს, რომლებიც გაუთავებლად მოძრაობენ.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად?

– ჩემი აზრით, მთავარი დისციპლინა და ნებისყოფაა. რა თქმა უნდა, არაფერს ვამბობ კარგ განათლებასა და საკუთარი საქმის სიყვარულზე.

– თავად თუ გაქვთ ნებისყოფა?

– ვფიქრობ, საკმაოდ ძლიერი ნებისყოფა მაქვს.

– თეატრის სამომავლო გეგმებზე რომ ვისაუბროთ, რას შესთავაზებთ მაყურებელს ახლო მომავალში?

– ოქტომბრის ბოლოდან დეკემბრის ბოლომდე ოთხი ძალიან მნიშვნელოვანი პრემიერა შედგება ჩვენს თეატრში, გასტროლებს ვგეგმავთ ტუნისაა და ისრაელში. გარდა ამისა, გვაქვს თეტრალური ორშაბათები ”ცოცხალი წიგნების” სახით, საერთო პროექტები ”არტარეასთან”, რომელთა განხორციელებას მომავალ წელს ვაპირებთ.  სულ ცოტა ხნის წინ, ჩვენი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და შემოქმედებითი ჯგუფი საქმიანი ვიზითით იტალიაში გაემგზავრა ჩვენს პარტნიორებთან შესახვედრად, ევროპის კონვენციასთან ერთად კი, ძალიან მალე დიგიტალური ლაბორატორიის პროექტის განხორციელებას დავიწყებთ.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები