LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეკატერინე ბაბუნაშვილი: “დიდი მიღწევები ხომ პატარ-პატარა გადაწყვეტილებებისგან შედგება”

წერა ყოველთვის უყვარდა. 4 წლის წინ, როდესაც ახალი პროფესია შეიძინა და ქოუჩი გახდა, დიდი სურვილი ჰქონდა გაეზიარებინა ადამიანებისთვის ის შედეგები, რაც  ქოუჩინგის პროცესის დროს დგება.  მაშინ ყაზახეთში ცხოვრობდა, საქართველოში კი ფაქტიურად ინტერნეტ სივრცეში არ არსებობდა ინფორმაცია ქოუჩინგის შესახებ. საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა და ბლოგების წერაც განაახლა. გადაცემის „ბლოგერები საუბრობენ“ სტუმარი ეკატერინე ბაბუნაშვილია. 

– ცოტამ თუ იცოდა რა არის ქოუჩინგი. მსურდა ეს შემეცვალა. საქართველოში გადმოვსახლდი 1 თვის წინ, არაერთი გამოწვევა მაქვს, აქ ფაქტიურად თავიდან დავიწყე იმ საქმის აწყობა, რაც ყაზახეთში უკვე მქონდა გაკეთებული. ამ ეტაპზე ბლოგზე ისე ინტენსიურად არ ვმუშაობ, თუმცა ქოუჩინგ ლაბ-ი არაჩვეულებრივი პლატფორმაა და მისთვის ვწერ პოსტებს. ამ საქმიანობას აუცილებლად გავააქტიურებ ახლო მომავალში, მაქვს შემოთავაზება ყაზახეთიდანაც ვწერო ქოუჩინგის შესახებ kz-ზე.

 

ამბობს, რომ მის ბლოგ პოსტებს ამ ეტაპზე ფართო მიზნობრივი აუდიტორია ჰყავს. იხსენებს, რომ პირველი ბლოგ პოსტი ქოუჩინგის შესახებ 2014 წელს გაჩნდა ინტერნეტ სივრცეში, ერთი ამოსუნთქვით დაწერა და გამოხმაურებაც საკმაოდ დადებითი მოყვა, ბევრი ადამიანი დაინტერესდა ამ პროფესიით. ამ ეტაპზე მუშაობს კონცეფციაზე, საქართველოს ბაზრის სპეციფიკის გათვალისწინებით შექმნა რამდენიმე მიმართულებით პროგრამები და ტრენინგები, თანამშრომლობს კომპანიებთან ქოუჩინგის, ტრენინგებისა და DISC-შეფასების სისტემის დანერგვის კუთხით. ასევე, გატაცებულია ჯანსაღი ცხოვრების წესის ქოუჩინგით, ეს მიმართულება მაისიდან გააქტიურდება. მიზნობრივი აუდიტორიაც სწორედ აქედან გამომდინარე იქნება ფორმირებული. მუშაობს თემებზე  – ქოუჩინგი როგორც მართვის სტილი, პიროვნული განვითარება, ქოუჩინგი განათლებაში და ველნესი.  

 

ბლოგ-პოსტის გამოქვეყნებამდე თუ ფიქრობ მკითხველის შეფასებებზე?

მიხარია გამოხმაურებები, ნებისმიერი გამოხმაურება ხომ მკითხველის ინტერესზე მეტყველებს. ზოგადად, ნებისმიერ ინოვაციას თან ახლავს მსჯელობა და შესაძლოა, თავიდან უნდობლობაც კი. მიხარია, რომ სულ უფრო ბევრი ადამიანი გებულობს ქოუჩინგის შესახებ და ინტერესმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საკმაოდ მოიმატა. გამოხმაურებები პოსტების შესახებ უფრო პოზიტიურია და მეც ვცდილობ ყველას გავცე პასუხი. შეფასებებზე წინასწარ არ ვფიქრობ. ზოგადად ძალიან მაინტერესებს ხოლმე უკუკავშირის მიღება, ბევრის მომცემი და ინფორმატიულია ხოლმე. ზოგჯერ ხელს მიწყობს საკითხის გაშლაში.

როგორ ფიქრობ, შენი ბლოგები ეხმარება ადამიანებს?

პირდაპირი მაგალითები არსებობს იმისა, რომ ეს ნამდვილად ასეა. ადამიანები მომმართავენ, მწერენ როგორც პირადში, ისე კომენტარებში რომ ჩემი პოსტის შემდეგ დაინტერესდნენ ქოუჩინგით, პიროვნული განვითარების ტექნოლოგიებით, როდის ჩავატარებ ტრენინგს რომ შეძლონ მონაწილეობა და ა.შ.  სწორედ ეხლა, სამშაბათს ვიწყებთ “პიროვნული განვითარების პრაქტიკუმს”, სადაც მონაწილეები გაიაზრებენ საკუთარ პოტენციალს, შეადგენენ პიროვნული განვითარების გეგმას და შეუდგებიან შესრულებას.

 

როგორია ბლოგის ავტორი, ბლოგს მიღმა

ენთუზიაზმით და ახალი იდეებით სავსე. მალე ახალ მიმართულებებს შევთავაზებ მკითხველს და ვემზადები ამისთვის.

 

წიგნი, რომელსაც ურჩევ მსმენელს…

ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვურჩევ ხოლმე დაინტერესებულ ადამიანებს ჯონ კეჰოს წიგნს “გონების ძალა” Mind Power, სადაც საკმაოდ მარტივი ინსტრუმენტებია მოცემული საკუთარ თავზე სამუშაოდ და უთუოდ დაემხარება მსურველს საკუთარი მიზნების მიღწევაში. ასევე, ქოუჩინგით დაინტერესებული მკითხველისთვის, საინტერესო იქნება თიმოთი გალვის წიგნი “ ტენისის შიდა თამაში”, რომელიც  ფუძემდებლურ ნაშრომად ითვლება ქოუჩინგში. ეს წიგნი მკითხველს გაააზრებინებს წარმატების ფსიქოლოგიას და იმას, რომ შეზღუდვებიც და შესაძლებლობებიც ჩვენშია,  ყოველთვის არის არჩევანი.

 

 

 

 

დრო და მოქმედების არეალი

ეკატერინე ბაბუნაშვილი

 

ადამიანებს, რომლებიც ჩემთან ერთად გადიან ქოუჩინგის პროცესს დროდადრო ვთხოვ ერთ რამეს: გააკეთონ დღის “თაიმინგი”. ეს სავარჯიშო ითვალისწინებს საკუთარი დღის განრიგის დეტალური ჩანაწერის წარმოებას დროის მითითებით, მაგალითად: გავიღვიძე 8:00; აბაზანა: 8.05-08:20; საუზმე 08:20 – 08:32; მგზავრობა… და ა.შ. მოცემული ჩანაწერის განხილვის შემდეგ ადამიანი ხშირად აღმოაჩენს ხოლმე, რომ დრო იხარჯება ისეთი სახის საქმიანობაში, რაც მოკლებულია ყველანაირ  ფასეულობას და აღნიშნული დროის მიზნების მისაღწევად გადამისამართება საკმაოდ ეფექტური იქნება. ზოგად სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, მაგალითად, აშშ-ის 18-49 წლამდე მოსახლეობის 14% ყოველდღიურად 2 საათს მაინც ხარჯავს ე.წ. სერიალების ყურებაში. ამას თუ დავუმატებთ სოციალურ ქსელებში გატარებულ კიდევ 2 საათს და ალაგ-ალაგ არაეფექტიანად დახარჯულ დროს, გამოდის, რომ სამუშაო დღის ნახევარი ფაქტობრივად ფუჭადაა გახარჯული. დრო კი ერთადერთი რესურსია, რომელსაც ვერ შევავსებთ, ის გადის და მიზნების მიღწევაც, შესაბამისად, უფრო შორეული მომავლისკენ გადაინაცვლებს. მიზნების მიღწევის გავადებასთან ერთად კი მოტივაციაც იკლებს.

თუმცა განტვირთვის საშუალებებსაც თავისი ადგილი აქვს ცხოვრებაში და ეს პროცესიც ინდივიდუალურია. მუშაობისა და დასვენების ბალანსირება მრავალი ადამიანისთვის გამოწვევაა და მას დაგეგმვა თუ ახალი უნარ-ჩვევების დაუფლება სჭირდება.

ასევე, ადამიანები ხშირად ახდნენ თავის ცხოვრებაზე პასუხისმგებლობის გადამისამართებას და შედეგად გვესმის:

ვეძებ სამსახურს…

რას აკეთებ ამისთვის?

აი, ჩემი ნათესავი შემპირდა და ველოდები.

რამდენი ხანია, რაც ელოდები?

6 თვეა, მაგრამ… ხომ იცი, ვინმე თუ არ გყავს…

გვხვდება სხვა მიზეზებიც: დრო არ მაქვს, ფულის გარეშე არაფერი გამოდის და ასე შემდეგ.

სინამდვილეში კი რესურსები და მით უფრო პასუხისმგებლობა გადაბარებული ნათესავი სულაც არ არის განმსაზღვრელი ფაქტორი. განმსაზღვრელია – პიროვნების რესურსული მდგომარეობა, მოტივაცია. სწორედ რესურსულ მდგომარეობაშია ადამიანი მაქსიმალურად კონცენტრირებული მიზანზე, ირთვება ფანტაზია, კრეატიულობა, მოხერხებულობა და იმსხვრევა შემზღუდავი ჩარჩოები. არარესურსული მდგომარეობა კი დაკავშირებულია თვითდაჯერებულობის ნაკლებობასთან, შიშებთან: თავს ხომ არ დავიმცირებ?…რას იტყვის ხალხი… გასაუბრებაზე რომ არ დამიბარონ? რომ ვერ წარმოვაჩინო თავი?..ჩემს ასაკში ხომ აღარავინ ამიყვანს სამსახურში! (იცით რამდენმა ადამიანმა დაიწყო თავისი ბიზნესი 50 წლის შემდეგ? თანაც საკმაოდ მცირე რესურსებით)და სხვ. მნიშვნელოვანია ამ დროს ადამიანმა სწორად ჩამოაყალიბოს თავისი მიზანი და რამდენიმე შეკითხვა დაუსვას საკუთარ თავს: რა მინდა? რა გზით მინდა მივაღწიო? რა დროში? რა რესურსები მჭირდება მიზნის მისაღწევად? რატომ არის მნიშვნელოვანი ამ მიზნის მიღწევა და რა ფასეულობას შემოიტანს იგი ჩემს ცხოვრებაში? ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემით ასევე შეიძლება შემოწმდეს მიზნის აუთენტურობა. ეს ის მიზანია, რომელიც მე მჭირდება, ჩემთვისაა ფასეული თუ თავს მოხვეულია? (მაგალითად,დედამ მირჩია ბანკში დავიწყო მუშაობა, მე კი მუსიკოსობა მსურს და ა.შ). სწორედ ფასეულობის გამოვლენის და გააზრების დროს იზრდება პიროვნების მოტივაცია და ხდება იმ შიდა რესურსების მობილიზება, რომელიც ადამიანს საკმარისად აქვს. დაუსვით თქვენს თავს ეს შეკითხვები და მიიღეთ გადაწყვეტილება, განსაზღვრეთ პრიორიტეტები. დიდი მიღწევები ხომ პატარ-პატარა გადაწყვეტილებებისგან შედგება. კიდევ ერთხელ დაფიქრდით, საბოლოოდ, რა არის უფრო მნიშვნელოვანი თქვენთვის, ტელეეკრანებზე სხვისი ცხოვრების ყურება თუ საკუთარი მომავლისთვის დროისა და რესურსების მობილიზება?

 

გადაცემის ჩანაწერი: