LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ექიმ ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელი ნინო ჟვანია სტუმრად გადაცემაში „პულსი

6

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

 

9 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო ჟვანია სტუმრობდა.

– ქალბატონო ნინო, რას მიეძღვნა თქვენი ასოციაციის მიერ, რამდენიმე დღის წინ მოწყობილი მეტად საინტერესო და ორიგინალური ღონისძიება?

– ხელოვან ექიმთა ღონისძიება, რომელშიც ქალბატონებთან ერთად, მამაკაცები და სამედიცინო ფაკულტეტების სტუდენტებიც მონაწილეობდნენ, საზოგადოებისთვის ჩვენი უნიჭიერესი ექიმების გაცნობას ისახავდა მიზნად. ძალიან ამაყი ვარ, რომ ამდენი ნიჭიერი ექიმი გვყავს, რომლებიც პროფესიონალურ საქმიანობასთან ერთად, არც შემოქმედებით მოღვაწეობას ივიწყებენ. აღსანიშნავია რომ გამოფენის მონაწილეთა დიდი ნაწილი მოქმედი ექიმია და სხვადასხვა კლინიკას ხელმძღვანელობს. სხვათაშორის, ეს ჩვენი მეორე ღონისძიებაა, პირველი – შემოქმედ ექიმთა პოეზიის საღამო გასულ წელს მოვაწვეთ და ექიმებს საკუთარი ლექსების წაკითხვა შევთავაზეთ.

– როგორ გაჩნდა ექიმ ქალთა ასოციაციის შექმნის იდეა?

– ჩვენი ასიოციაცია, ექიმ ქალთა საერთაშორისი ორგანიზაციის შემადგენელი ნაწილია, რომელიც 88 ქვეყნის ასოციაციასა და ინდივიდუალურ პირს აერთიანებს. შექმნის იდეა ბატონ არჩილ ხომასურიძეს ეკუთვნის. სწორედ მან გაიცნო კეიპტაუნში, ერთ-ერთ კონფერენციაზე ორგანიზაციის გენერალური დირექტორი, რომელმაც საქართველოშიც შესთავაზა  მსგავსი ასოციაციის შექმნა. ბატონმა არჩილმა იდეა გამიზიარა და ასოციაციის  ხელმძღვანელობა ჩამაბარა, რომელიც 1999 წელს, მეტად კრიზისულ პერიოდში დავაარსეთ. პრეზენტაცია სასტუმრო „შერატონში“ მოვაწყვეთ და უკვე პენსიონერი, თუმცა თავის დროზე მეტად წარმატებული ექიმი ქალბატონები დავპატიჟეთ, თუმცა ძალიან გული დაგვწყდა, რადგან მძიმე წლებში, ბევრს ჩვენს ღონისძიებაზე მოსვლის მატერიალური საშუალება არ აღმოაჩნდა. სწორედ მაშინ გაგვიჩნდა იდეა დავხმარებოდით ექიმ ქალბატონებს, შევქმენით ერთგვარი ფონდი და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით ძალიან ბევრ ექიმს დავეხმარეთ.

– რამდენად რთულია მსხვილი ასოციაციის ხელმძღვანელობა, რომელიც უამრავ ინტელექტუალს აერთიანებს?

– რა თქმა უნდა ასოციაციის ხელმძღვანელობა, რომელშიც ძალიან ბევრი წარმატებული მედიკოსი ქალბატონია გაერთიანებული, საკმაოდ რთულია, თუმცა ყოველთვის მხარში მიდგას ჩვენი ვიცე-პრეზიდენტი, მიკროპედიატრი, ქალბატონი ია დავითაია. გარდა ამისა, შესანიშნავი კოლექტივი გვყავს, კარგად გვესმის ერთმანეთს და მარტივად ვპოულობთ საერთო ენას.

– რამდენად მნიშვნელოვანია ექიმების კოორდინაცია, რათა უკეთ შეძლონ საკუთარი თავის წარმოჩენა?

– ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მედიკოსი ქალბატონების გარკვეული ფორმით გაერთიანება, რომელთაც ყოველთვის ექნებათ საკუთარი თავისა და შესაძლებლობების დემონსტრირების შესაძლებლობა. უამრავი საინტერესო ღონისძიება გამართა ასოციაციამ არსებობის მანძილზე, მოვაწყვეთ ორი საერთაშორისო კონგრესი უცხოელი სტუმრების მონაწილეობით და კონფერენცია თელავში, რომელზეც რეგიონის მედიკოსებს მათივე თხოვნით შერჩეული თემები გავაცანით. გარდა ამისა, გამოვეცით წიგნი „ქალი მუდამ ჯანმრთელი და ახალგაზრდა“, რომელშიც ქალთა ყველა დაავადება განვიხილეთ და სხვებთან ერთად, ლტოლვილებსაც გადავეცით საჩუქრად.

– რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ექიმი ქალბატონები ქართული მედიცინის განვითარებაში?

– ქალბატონებს მართლაც დიდი წვლილი მიუძღვით ქართული მედიცინის განვითარებაში როგორც ქირურგიისა და  ნევროლოგიის, ისე პედიატრიისა და თერაპიის განხრით. მართალია, თანამედროვე სამყაროში ქალი ექიმები უფრო მრავლად არიან, თუმცა წამყვანი პოზიციები მაინც მამაკაცებს უჭირავთ. რა თქმა უნდა, გენდერული თანასწორობის პრობლემები დღესაც საკმაოდ აქტუალურია, თუმცა ჩვენი ასოციაცია, როგორც დიდი ორგანიზაციის წევრი, მაქსიმალურად ცდილობს ყველა პრობლემის მოგვარებას, ისევ აქტიური ქალბატონების მხარდაჭერითა და თანადგომით.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები