ექიმი-ფონიატრი ირინა ქაცარავა: „ხმის პრობლემები საქართველოში უფრო აქტუალურია, ვიდრე ევროპაში, რადგან ქართველები განსაკუთრებით ემოციურები ვართ, გვიყვარს ყვირილი”

16

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

პირველ ივნისს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ ხმასა და ხმასთან დაკავშირებულ პრობლემებზე სასაუბროდ ექიმი-ფონიატრი, აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრის ფონიატრიისა და ხმის რეაბილიტაციის განყოფილების ხელმძღვანელი ქალბატონი ირინა ქაცარავა სტუმრობდა.

– ქალბატონო ირინა, პირველ რიგში განვმარტოთ, რა ნიშნავს ფონიატრია და რა ფუნქცია აქვს ექიმ-ფონიატრს?

– ფონიატრია ოტორინოლარინგოლოგიის ერთ-ერთი ქვედარგია, რომელიც ხორხსა და ხორხის დაავადებებზე, ხმის დიაგნოსტიკაზე, თერაპიულ მკურნალობასა და რეაბილიტაციაზეა ორიენტირებული, ფონოქირურგია კი, ხორხის, ხმის იოგების ქირურგიას ითვალისწინებს. მე ექიმ-ფონიატრი ანუ მკურნალი თერაპევტი ვარ.

– მართალია, საკმაოდ მრავალფეროვანი, მაგრამ საერთო ნიშნით გაერთიანებულ პაციენტთა კონტინგენტი გყავთ. საინტერესოა, საზოგადოების რომელ ჯგუფში უფრო აქტუალურია ხმის პრობლემები?

– ჩვენს პაციენტებს ე.წ. ხმის პროფესიონალები ანუ ზოგადად ვოკალისტები და მეტწილად ოპერის მომღერლები შეადგენენ, რადგან სწორედ მათ სახმო აპარატზე მოდის განსაკუთრებული დატვირთვა, გარკვეული სირთულეები ექმნებათ მსახიობებს და პედაგოგებს, ჟურნალისტებს და პოლიტიკოსებს, ანუ მათ, ვინც სხაზე აქტიურად იყენებს სახმო აპარატს სამუშაო ინსტრუმენტად, გვყავს ონკოლოგიური პაციენტებიც, ისინი, ვინც ხორხის რეზექციის შემდეგ გადის რეაბილიტაციას. რამდენიმე წლის წინ სპეციალური განყოფილებაც კი გაიხსნა აუდიოლოგიის ცენტრში, რომელიც მაღალი დონის აპარატურითა და პერსონალით, ევროპაში დადგენილი სტანდარტების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ხმის რეაბილიტაციის კურს.

– თქვენ ევროპის ფონიატრთა ასოციაციის წევრი ბრძანდებით, როგორ შეაფასებდით დარგის განვითარებას უცხოური გამოცდილების ფონზე?

– ხმის პრობლემები საქართველოში უფრო აქტუალურია, ვიდრე ევროპაში, რადგან ქართველები განსაკუთრებით ემოციურები ვართ, გვიყვარს ყვირილი, მასიურად მოვიხმართ თამბაქოს და ალკოჰოლს, არ ვუვლით თავს და არ ვიცავთ საჭირო რეჟიმს. გარდა ამისა, არ არსებობს ჩამოყალიბებული სისტემა, რომელიც ხმადაკარგულ პაციენტს არა ოტორინოლარინგოლოგთან, არამედ პირდაპირ ფონიატრთან გადაამისამართებს. მართალია,  ბატონების ოთარ დავითაშვილის და ზურაბ ქევანიშვილის ხელშეწყობით, აუდიოლოგიის ეროვნული ცენტრი მაქსიმალურად ცდილობს ზოგადად დარგის განვითარებას, მაგრამ საკმაოდ ხშირად ვაწყდები პრობლემებს, რადგან ბევრმა ოჯახის ექიმმა საერთოდ არ იცის ჩვენი ცენტრის არსებობის შესახებ და პაციენტი მხოლოდ დამოუკიდებლად მოძიებული ინფორმაციის წყალობით გვაკითხავს.

– როგორია ხმის პრობლემების კლინიკური გამოვლინება და რამდენად დროულად მოგმართავენ პაციენტები?

– ჩვენ პროვაიდერი კლინიკა ვართ და მრავალ სადაზღვევო კომპანიასთან ვთანამშრომლობთ, ამიტომ თბილისში პრობლემა მეტ-ნაკლებად მოგვარებულია, თუმცა რეგიონებში ისევ ვაწყდებით სირთულეებს, რადგან პაციენტები მხოლოდ რამდენიმე წლის დაგვიანებით მოგვმართავენ, როცა წარმონაქმნი ხმის იოგებზე იმდენად დიდია, რომ აუცილებელი ხდება ქირურგიულ ჩარევა. დაავადების პირველი მანიშნებელი დისფონიაა ანუ ხმის ჩახლეჩაა. თუ დისფონია მხოლოდ ბანალური ვირუსის შედეგია, რომელიც 5-7 დღე გრძელდება, რა თქმა უნდა, ექიმის კონსულტაცია საჭირო არაა, მაგრამ თუ ხმის ჩახლეჩა ორ კვირაზე მეტს გრძელდება, მომატებულია ტემპერატურა და თან ახლავს ხველა, მაშინ აუცილებელია ფონიატრის და არა ოტორინოლარინგოლოგის კონსულტაცია.

– მაღალი ტექნოლოგიების განვითარების ეპოქაში, რამდენადაა აღჭურვილი თქვენი ცენტრი დიაგნოსტიკისთვის საჭირო აპარატურით და აკმაყოფილებს თუ არა ქართული რეალობა საერთაშორისო სტანდარტებს?

– საბედნიეროდ, საქართველოში გვაქვს აპარატურა, რომელიც სრულად აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. მაგალითად, ვიდეოლარინგოსტრობოსკოპი ხორხის დათვარიელების საშუალებას გვაძლევს და არა მხოლოდ ხორხის ანატომიური თავისებურების შესწავლაში, არამედ მისი ფუნქციის ანუ ხმის ფიზიოლოგიის დეტალურ შეფასებაში გვეხმარება. ამგვარი კვლევა მხოლოდ ჩვენთაა შესაძლებელი იმ უახლესი აპარტურით, რომელიც გერმანიაში შევიძინეთ. არსებობს ხმის ორგვარი დაზიანება – ფუნქციური და ორგანული. ჩვენ ერთის მხრივ, ვიზუალურად ვაფასებთ ორგანოს, მეორეს მხრივ კი, ხმის მდგომარეობას ვამოწმებთ – ვიწერთ და ვიკვლევთ დარღვევებს, ხმის პარამეტრების დაზიანების შემთხვევაში კი, თერაპიული დანიშნულების პარალელურად პაციენტი აუცილებლად ხმის თერაპევტთან იწყებს მუშაობას.

– პროფესიის არჩევისას, როცა ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რამდენად მიზანშეწონილია პრევენციის მიზნით კონსულტაციის ფონიატრთან გავლა?

– ვფიქრობ, პრევენციის მიზნით ძალიან მნიშვნელოვანია ხორხის დიაგნოსტიკა და ხმის პარამეტრების განსაზღვრა. არ შეიძლება მუსიკოსმა, რომელიც კლასიკურ ვოკალს ირჩევს პროფესიად, ისე ჩააბაროს კონსერვატორიაში, რომ არ გაიაროს მსგავსი კვლევა, რადგან შესაძლოა ხმამ ვერ გაუძლოს დატვიტრთვას და მოგვიანებით საკმაოდ სერიოზული პრობლემები შეექმნას. მაგალითად ევროპაში, აბიტურიენტი პედაგოგთან ერთად მიდის სპეციალისტთან და იტარებს სრულ ფონიატრიულ გამოკვლევას, მერე კი, პრევენციის მიზნით წელიწადში რამდენჯერმე, ისევ პედაგოგთან ერთად გადის შემოწმებას.

– რამდენად მიზანშეწონილი ან პირიქით საფრთხის შემცველია, სხვადასხვა მეთოდებით თვითმკურნალობა?

– თვითმკურნალობას გააჩნია. გაცივების ან ვირუსის შემთხვევაში მკურნალობა სახლის პირობებშიც შეიძლება, თუმცა სერიოზული პრობლემის დროს, რა თქმა უნდა, აუცილებელია სპეციალისტის კონსულტაცია. ვფიქრობ, ნებისმიერისთვის, ვისთვისაც ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მთავარი ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვაა, ასევე რეკომენდირებულია დიდი ოდენობით სითხის და მხოლოდ მცენარეული საწუწნი აბების, სიმშრალის დროს კი, ზეთოვანი ხსნარების მიღება.

– ბოლო დროს განსაკუთრებით მოიმატა სხვადასხვა ტიპის პათოლოგიებმა, რომელთა უმეტესობა ქირურგიულ ჩარევას მოითხოვს, მერე კი, საკმაოდ ხშირია პოსტოპერაციული გართულები. საინტერესოა, რა შესაძლებლობები არსებობს დაკარგული ხმის აღსადგენად?

– ფარისებრი ჯირკვლის სრული ან ნაწილობრივი რეზექციის შემდეგ მართლაც არსებობს შებრუნებული ნერვის დაზიანების რისკი, რომელიც ფარისებრი ჯირკვალის მსგავსად ხორხსაც კვებავს. ზოგადად, ხორხს რამდენიმე, მათ შორის დამცველობითი და ხმის წარმოქმნის ფუნქცია აქვს, რომლიც ნერვის დაზიანების შემთხვევაში ირღვევა, რადგან ვითარდება ხორხის დამბლა, არ ვიბრირებს იოგები, პაციენტი კი, კარგავს ხმას და ჩნდება საკვების ტრაქეაში ასპირაციის რისკი. ამგვარი შემთხვევების დროს, აუცილებელია დიაგნოსტიკა ვიდეოლარინგოსტრობოსკოპით, რათა შევაფასოთ დაზიანების მასშტაბები, მერე კი, ვიწყებთ ხორხის ელექტროფონოპედურ სტიმულაციას, რაც დაახლოებით 10-15 სეანსის შემდეგ ხმა 80%-ით დაბრუნებას უზრუნველყოფს.

გადაცემის ლაივი

– რამდენად ეფექტურია მკურნალობა სპეციალისტის დროულად მიმართვის და ყველა დანიშნულების დაცვის შემთხვევაში?

– დროულად მიმართვის შემთხვევაში პროგნოზი მეტწილად კეთილსაიმედოა, დაგვიანების შემთხვევაში კი, აუცილებელი ხდება ქირურგიული ჩარევა, რადგან ხმოვან იოგზე მცირე წარმონაქმნის თერაპიულად მკურნალობა შესაძლებელია, გაზრდის შემთხვევაში კი, საჭირო ხდება ოპერაცია.

– ხორხის რა ტიპის დაზიანებებია ყველაზე მეტად გავრცელებული?

– როგორც უკვე ავღნიშნე, არსებობს ხორხის ორი ტიპის – ფუნქციური და ორგანული დაზიანება. ფუნქციური დაზიანების შემთხვევაში, მართალია ვიზუალურად ორგანო ჯანმრთელია, მაგრამ ხორხის ფუნქცია, ანუ ხმის წარმოქმნის ფიზიოლოგიაა დარღვეული, ორგანულ დაზიანებას კი, ანთებითი დაავადებები და მწვავე ქრონიკული ლარინგიტი, კეთილთვისებიანი ან ავთვისებიანი წარმოანაქმნი იწვევს.

– ძირითადად რა ასაკის პაციენტები გყავთ?

– პაციენტების ასაკი მკაცრად არასდროს ყოფილა განსაზღვრული. ჩვენი დახმარება ხშირად ბავშვებსაც სჭირდებათ, რადგან პატარები ვერ ახერხებენ ხმის მართვას, ხშირად აწუხებთ იოგების შეშუპება და უჩნდებათ ცრუ კვანძები. სხვათაშორის, ბავშვების მკურნალობა საკმაოდ პრობლემურია, რადგან რთულია მათი დამორჩილება და იძულება დაიცვან ხმის რეჟიმი, თუმცა, მშობლის დახმარებით მაინც ვახერხებთ კვლევის აბსოლუტურად უმტკივნეულოდ ჩატარებას, რომელიც არანაირ დისკომფორტს არ უქმნის პატარას.

– საინტერესოა, რა ზიანს აყენებს ხმას თამბაქო?

– სტაჟიანი მწეველების დაავადებებად ჰიპერპლაზიური ლარინგიტი და პოლიპოიდური დეგენერაცია ანუ რეინკეს შეშუპება ითვლება, რომელიც 40 წელს გადაცილებულ ქალბატონებში უფრო მეტადაა გავრცელებულია, რადგან მამაკაცებისგან განსხვავებით სუსტი სქესის წარმომადგენლები ბევრად მგრძნობიარე არიან. პოლიპოიდური დეგენერაციის დროს შეშუპებულია მთლიანად ლორწოვანი გარსი, ჟელატინისებრი მასა რეიკეს სივრცეში კი, რომელიც იოგების ვიბრაციას უზრუნველყოფს – გარქოვანებულია, ამ შემთხვევაში მხოლოდ ქირურგიული ჩარევაა რეკომენდირებული, რადგან თერაპიული მკურნალობა ნაკლებად ეფექტურია.

– ხმასთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად, რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა?

– რა თქმა უნდა, ხმის დაავადებების პრენევციის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანია რეჟისმის, სწორი კვებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვა, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ხმის სწორად გამოყენება, ე.წ. ხმის პროფესიონალებმა უნდა ისწავლონ სწორად საუბარი და სუნთქვა, რათა არ დააზიანონ სახმო აპარატი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები