LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი დიდი ფესტივალი საკუთარ თავში რამდენიმე პატარა ფესტივალს აერთიანებს

6

21 ივლისს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის ”არტ-FM”-ს ტატო ხარჩილავა, თაკო სალთხუციშვილი, ზაზა შენგელია და ეკა მაზმიშვილი სტუმრობდნენ.

ფესტივალებით მდიდარ ზაფხულს ”ჯემ-ფესტივალი” აგრძელებს, რომელიც ანაკლიაში 30 ივლისს გაიხსნება და 7 აგვისტომდე გაგრძელდება. ელექტრონული მუსიკის ფესტივალი, რომელსაც თავისი მასშტაბურობით ანალოგი არ აქვს საქართველოში, არტისტების შემადგენლობითა და თავისი კონცეფციით გამოირჩევა სხვა ფესტივალებისგან.

როგორც ტატო ხურცილავამ აღნიშნა, ფესტივალისთვის მზადება მაისში დაიწყო. გიორგი სიგუამ მოახერხა და ახალი ფესტივალისთვის საერთაშორისო გუნდი შეკრიბა, რომელშიც ქართველებთან ერთად სერბი და უკრაინელი პრომოუტერებიც გაერთიანდნენ. თუმცა, ფესტივალი მაინც აბსოლუტურად ქართულია, რადგან მხოლოდ ქართული ინვესტიციებით იმართება.

თაკო სალთხუციშვილის განცხადებით, ერთი დიდი ფესტივალი საკუთარ თავში რამდენიმე პატარა ფესტივალს გააერთიანებს, მოეწყობა გამოფენები და კინოჩვენებები ახალგაზრდა შემოქმედების მონაწილეობით. როგორც თაკომ აღნიშნა, მრავალფეროვან ფესტივალზე ნებისმიერი სტუმარი მოძებნის მისთვის საინტერესოს, ორგანიზატორებმა კი, სტუმრებს თავისუფალი არჩევანის საშუალება მისცეს და ამავე დროს ყველაფერი გააკეთეს მაქსიმალური კომფორტის შესაქმნელად.

ფესტივალს არმინ ვან ბიურენი გახსნის, 70 არტისტს შორის კი, განსაკუთრებით აღსანიშნავია, ელენ ალენი, დევიდ აგუსტი, ლუჩიანო, დანიური ბენდი ”Who Made Who” და DupFire თავისი ჰიბრიდ-live შოუთი. ფესტივალი 7 აგვისტომდე გაგრძელდება და ნინო ქათამაძის კონცერტით დაიხურება.

მეორე მუსიკალური ფესტივალი – საერთაშორისო საცეკვავო ელექტრონული მუსიკის ფესტივალი ”ბრავო-რეკორდსის” ორგანიზებით ეწყობა და როგორც ზაზა შენგელიამ აღნიშნა, ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოში მსხვილი უცხოური ლიცენზირებული მუსიკალური ფესტივალი იმართება. ღონისძიება კარგი შანსია ქართველი დიჯეებისთვის წარმოადგინონ საკუთარი შემოქმედება მსოფლიოს მუსიკალურ არენაზე, ფესტივალის ჰედლაინერი კი, ლეგენდარული ბრიტანელი მუსიკოსი Fatboy Slimi იქნება, რომლის მრავალი ჰიტი უკვე იქცა ელექტრონული მუსიკის კლასიკად. ფესტივალი 11 სექტემბერს გაიხსნება რუსთავის ავტოდრომზე. დასწრება უფასოა, თუმცა შეზღუდული და მხოლოდ მოსაწვევებით.

სექტემბრის თვეში ბათუმი კიდევ ერთ ფესტივალს უმასპინძლებს, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი ”ლირა” და ქართველი პიანისტი ელისო ბოლქვაძე აწყობს. მუსიკალური ფესტივალი ”იუნესკოს” იუბილესადმი მიზღვნილი ბოლო ღონისძიებაა და მასში მსოფლიო მუსიკის ვარსკვლავები მიიღებენ მონაწილეობას.

საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მისი დამფუძნებლის ეკა მაზმიშვილის განცხადებით, წელს განსაკუთრებით გამოირჩევა ჟანრობრივი მრავალფეროვანებით, წარმოდგენილ 15 სპექტაკლს შორის კი, განსაკუთრებით საინტერესო აქრამ ხანის ”კააში” და ისრაელის თეატრის ჰიპ-ჰოპ ოპერა ”ქალაქი” იქნება. ფესტივალი 24 სექტემბრიდან 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება, შემოსული თანხა კი, სრულად გადაირიცხება თბილისის სტიქიით დაზარალებულთა ფონდში.

აუდიო ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები