ევროპის ჩემპიონი თეოდორა კახიანი: „ჩემთვის ეს არ იყო მარტივი”

ევროპის ჩემპიონმა ფარიკაობაში რადიო “ფორტუნას” ეთერში ოქროს მედლის შესახებ ისაუბრა. თეოდორა კახიანი დამწყებ სპორტსმენებს ურჩევს ბევრი ივარჯიშონ და დაიჯერონ, რომ შეუძებელი არაფერია.

თეოდორა კახიანი:

“არ მჯეროდა, ვერაფრით დავიჯერე, ვიდრე რამდენჯერმე არ ვუყურე ფინალურ ბრძოლას, ინტერნეტში. ყველაფერი უცებ გაიყინა, გაჩერდა და ველოდებოდი როდის გამოაცხადებდნენ მოვიგე, თუ არა; იმდენად დაუჯერებელი იყო, არავინ ელოდებოდა, რომ მოვიგებდი; სიმართლე გითხრათ იმედი ყველა სპორტსმენს აქვს, რომ მოიგებს, მაგრამ ამ გამარჯვებამდე მე 202-ე ვიყავი მსოფლიო რეიტინგში და ცხადი იყო, რომ მე არ ვიყავი ერთ-ერთი ფავორიტი, რომელსაც უნდა მოეგო; არ მქონია შედეგი, რომელიც სარეიტინგო ქულას ამიმღლებდა. აქ საერთაშორისო შეჯიბრებებზე არ მიბრძოლია, ამიტომაც არ მქონდა ისეთი რეიტინგი რომ ერთ-ერთი ფავორიტი ვყოფილიყავი; ერთ დღეში ეს არ გამიკეთებია. 12 წლია სპორტსმენი ვარ, უბრალოდ, არის შემთხვევები, როცა ადვილად აჩვენებენ შედეგს. ჩემთვის ეს არ იყო მარტივი; რამდენიმე წელი ვივარჯიშე იმისთვის, რომ რაღაც შედეგი მეჩვენებინა; ძალიან მიხარია და ამაყი ვარ; ყველა სპორტსმენის ოცნება ოლიმპიადაა და შსაბამისად ვემზადები; შეუძლებელი არაფერია, უბრალოდ, გააჩნია მონდომებას; როცა ფარიკაობას ვიწყებდი, ყოველთვის ვფიქრობდი, როგორ უნდა გავიტანო დღევანდელი დღე; რთულია იყო სპორტსმენი; ყველაზე მნიშვნელოვანია გჯეროდეს საკუთარი შესაძებლობების”.