LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების მართვა ორსულებში – ენდოკრინოლოგი ლალი ტიგიშვილი

8

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

 

29 სექტემბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ კლინიკა „ენმედიცის“ ექიმი-ენდოკრინოლოგი ლალი ტიგიშვილი სტუმრობდა, რომელმაც ორსულობის პერიოდში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების მართვის შესახებ ისაუბრა.

– ქალბატონო ლალი, რამდენად აუცილებელია ორსულობის პერიოდში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების მკურნალობა?

– ის, ვინც ორსულობის დროს ფარისებრ ჯირკვალს მკურნალობს თავადაც კარგად გრძნობს თავს და ნაყოფიც სრულფასოვნად ვითარდება, მშობიარობის შემდეგ კი, დედის და შვილის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია. ნაყოფის ჩასახვიდან ერთ-ერთი პირველი სწორედ ფარისებრი ჯირკვალი ვითარდება, რომელიც ორსულობის მე-12 კვირიდან იწყებს ფუნქციონირებას და ფაქტიურად, მთელი ეს პერიოდი ნაყოფი სრულადაა დამოკიდებული დედის ჰორმონებზე, ანუ შეიძლება ითქვას, რომ სწორედ დედა აგებს პასუხს ნაყოფის ორგანოგენეზის განვითარებაზე. აღსანიშნავია, რომ ნაადრევი მშობიარობა, ნაყოფის განუვითარებლობა და სიმახინჯეები სწორედ ფარისებრთა ჯირკვალის პათოლოგიებითაა გამოწვეული, თუ რა თქმა უნდა, დედა არ ღებულობს შესაბამის მკურნალობას. ხშირად პაციენტებს არ სურთ გარკვეული პრეპარატების მიღება და ვერ ხდბიან, რომ მკურნალობა პირველ რიგში ნაყოფისთვისაა საჭირო, რათა ის ჯანმრთელი იყოს და თავიდან ავიცილოთ კრეტინიზმის ან ახალშობილის თანდაყოლილი ჰიპოთირეოზის განვითარება.

– მეან-გინეკოლოგთან მისვლის შემდეგ, რამდენად აუცილებელია ენდოკრინოლოგიური კვლევის ჩატარება თუ პაციენტს ჩივილები არ აქვს?

– თუ პაციენტს დამძიმებული გინეკოლოგიური ანამნეზი აქვს, უკეთესია კვლევა ორსულობის დაგეგმვამდე ჩატარდეს და ორსულობაც მხოლოდ გინეკოლოგისა და ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით დაიგეგმოს. ორსულობის პერიოდში პირველი ვიზიტი ენდოკრინოლოგთან მე-4-6 კვირას ინიშნება, ანუ მაშინ, როცა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე ანალიზი უნდა ჩაბარდეს, მერე კი, ენდოკრინოლოგის გადასაწყვეტია  საჭიროა თუ არა იოდბალანსის დანიშვნა. პირველ ტრიმესტრში საკმაოდ ხშირია ტრანზიტორული ჰიპერთირეოზი, ამიტომ ჩვენც თავს ვიკავებთ ზედმეტი იოდის პრეპარატების დანიშვნისგან, ველოდებით გარდამავალ პერიოდს, როცა ნაყოფის ფარისებრი ჯირკვლი თავისით იწყებს ფუნქციონირებას და მხოლოდ შემდეგ ვსაზღვრავთ ჰორმონალურ სტატუსს.

– თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რამდენად ხშირია ორსულებში ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები და რამდენად დროულად იწყებენ ისინი მკურნალობას?

– ამ თვალსაზრისით დინამიკა დადებითია, რადგან ბოლო წლებში გინეკოლოგები სულ უფრო დიდ ყურადღებას აქცევენ ენდოკრინოლოგიურ სტატუსს. შესაძლოა, თავად ორსულმა გვიან მიაკითხოს ენდოკრინოლოგს, თუმცა გინეკოლოგი მაინც მიუთითებს  ენდოკრინოლოგთან კონსულტაციის აუცილებლობაზე და სწორედ მაშინ ვიწყებთ ერთობლივ მოქმედებას.

– რამდენად შეთანხმებულად მოქმედებთ ენდოკრინოლოგები და გინეკოლოგები, როცა საქმე მედიკამენტების დანიშვნას ეხება?

– ენდოკრინოლოგები დიდი ხანია შევთანხმდით, რომ ორსულობის დროს გარკვეული პათოლოგიების სამართავად აუცილებელია იოდბალანსის, კალიუმის იოდიდის დანიშვნა 200 მიკროგრამის ოდენობით, რადგან ორსულის დღე-ღამის იოდის ნორმა სწორედ 200-250 მიკროგრამს შეადგენს. რა თქმა უნდა, მედიკამენტები ჰორმონალური სტატუსის დადგენის შემდეგ, ენდოკრინოლოგის გადაწყვეტილებით ინიშნება, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია კვალიფიციური ენდოკრინოლოგიური მიდგომა და ზუსტი დროის განსაზღვრა, რადგან ზოგიერთი მედიკამენტის ხანგრძლლივი მიღება არ შეიძლება, გინეკოლოგებთან კი, მცირე უთანხმოება მხოლოდ მაშინ გვაქვს, როცა პაციენტს ჩვენს მიერ დანიშნულ იოდბალანსს უხსნიან, ჩვენ კი, საკუთარი გადაწყვეტილების მართებულობასა და იოდბალანსის დანიშვნის აუცილებლობაში გვიწევს მათი დარწმუნება.

– რა სიმტომებით აღინიშნება ფარისებრივი ჯირკვლის ფუნქციის მოშლა ორსულობის პერიოდში?

– ორსულს თავისუფლად შეიძლება დაღლილობის, ძილიანობის შეგრძნება ჰქონდეს ან შეშუპება გაუჩნდეს სახეზე რაც არა ორსულობას, როგორც ბევრს ჰგონია, არამედ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებს უკავშირდება, ამიტომ საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური სტატუსის დროული განსაზღვრა, მერე კი, ორსულობის და ნაყოფის ზრდის სწორად წარმართვა, რადგან არასათანადო მკურნალობის შემთხვევაში, ნაყოფს თავისუფლად შეიძლება განუვითარდეს ჩამორჩენა, რაც მოგვიანებით უკვე ბავშვის ზრდაზე აისახება. გარდა ამისა, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, ეს კი, ნაყოფის კრეტინიზმით დაბადების მიზეზი ხედბა. აუცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ ორსულმა არასდროს არ უნდა თქვას უარი მკურნალობაზე და მედიკამენტების მიღებაზე, რადან ეს მთელ მსოფლიოში მკურნალობის აპრობირებული მეთოდია და თუ გვსურს გვყავდეს ჯანსაღი მომავალი, ორსული აუცილებლად ორივე პროფილის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ უნდა იყოს.

– არის თუ არა გათვალისწინებული ახალშობილის სკრინიგი და რამდენად ეფექტურია ეს მეთოდი?

– სკრინინგის მეთოდს ყველა სამშობიარო ითვალისწინებს მშობიარობიდან მე-3-5 დღეს. ამგვარი მეთოდით ნეონატალური თირეოტროპული ჰორმონის გამოკვლევა ტარდება. აღსანიშნავია, რომ ის, ვინც მკურნალობა გაიარა, აბსოლუტურად ჯამრთელ ბავშვს ბადებს, რომელსაც ნეონატალური თირეოტროპული ჰორმონიც ნორმაში აქვს, მათ კი, ვისმა დედებმაც უარი თქვენს მკურნალობაზე ჰორმონიც მაღალი აღენიშნებათ. გარდა ამისა, არ აქვთ წოვის რეფლექსი, ნევროლოგიური სტატუსი კი, წინა პლანზეა წამოწეული. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სკრინინგი მართლაც საუკეთესო მეთოდია, რადგან გარკვეული დარღვევების შემთხვევაში დროულად შეგვიძლია ჩართვა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები