ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიის პრინციპები – ტრანსორალურ ენდოსკოპიურ თირეოდოქტომიის დეტალები გადაცემაში „პულსი“

ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიის პრინციპები – ტრანსორალურ ენდოსკოპიურ თირეოდოქტომიის დეტალები გადაცემაში „პულსი“

9 თებერვალს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ კლინიკა „ენმედიცის“ თავისა და კისრის ონკოლოგი, პროფესორი ლევან რამიშვილი სტუმრობდა, რომელმაც ახალ ოპერაციულ ტექნიკაზე – ტრანსორალურ ენდოსკოპიურ თირეოდოქტომიაზე ისაუბრა.

 

– ბატონო ლევან, ტრანსორალური ენდოსკოპიური თირეოდოქტომია საკმაოდ ახალი ოპერაციული ტექნიკაა. საინტერესიოა, მანმადე როგორ სრულდებოდა ოპერაცია ფარისებრ ჯირკვალზე?

– ფარისებრი ჯირკვლის ქირურგიის პრინციპები ცნობილმა მეცნიერმა თეოდორ კოხერმა შეიმუშავა მე-20 საუკუნის დასაწყისში და მართალია, დროთა განმავლობაში მნიშვნელოვნად დაიხვეწა ტექნოლოგიები, მაგრამ ძირითადი პრინციპები მაინც უცვლელი დარჩა. ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია ღია წესით ქირურგიას ანუ კანზე განაკვეთით ოპერაციას გულისხმობს, რაც ნაკლები პოპულარობით სარგებლობს, რადგან არასასიამოვნო ნაწიბურს ტოვებს, რომელიც რუჯის დროს განსაკუთრებით იკვეთება. მეცნიერებმა აქტიურად დაიწყეს ახალი გზების ძიება და 2003-2004 წლებში ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა ფარისებრი ქირურგიის დახვეწით ტრანსაქსილარული მეთოდი შეიმუშავეს, რომელიც განაკვეთის არა კისერზე, არამედ იღლიის ფოსოში, გულ-მკერდის წინა ზედაპირზე გაკეთებას გულისხმობდა და სწორედ ამ გზით ხდებოდა ფარისებრ ჯირკვალთან მიახლოება. მართალია, ამგვარი განაკვეთი საკმაოდ მცირე ზომის იყო და 3 სანტიმეტრის არ აღემატებოდა, მაგრამ პაციენტს ოთხი განაკვეთი ჰქონდა, რაც განსაკუთრებით ქალბატონებისთვის იყო არასასიამოვნო. აუცილებული გახდა არსებული მეთოდის გაუმჯობესება და უკვე 2012-2013 წლებში შემუშავდა  ტრანსორალური ენდოსკოპიური თირეოიდექტოომია ანუ განაკვეთი პირის ღრუში კარიბჭის მხრიდან, ვესტიბულარულად კეთდება ლორწოვანზე. სხვათაშორის, ეს უმოკლესი გზაა ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილამდე მისაღწევად.

– მართალია, ამ მეთოდით ოპერირება მეტად მომგებიანია პაციენტისთვის, რადგან არ რჩება ნაწიბური, მაგრამ რამდენად მოსახერხებილია ამგვარი ტექნიკა ქირურგისთვის?

– რა თქმა უნდა, ამგვარი მეთოდით ოპერირება ენდოსკოპიური მანიპულაციების და  ფარისებრ ჯირკვლზე ოპერაციული ტექნიკის სრულყოფილ ცოდნას, ასევე ძალიან ფაქიზ ინსტრუმენტებს და მაღალტექნოლოგიურ დანადგარებს მოითხოვს, რასაც კლინიკის გამართული ინფრაქტრუქტურა სჭირდება. ინფრასტრუქტურის მომზადებაში, რაც 6-7 თვე გაგრძელდა, ჩვენი თურქი კოლეგები დაგვეხმარნენ, რომელთა მხარდაჭერის გარეშე ნამდვილად ვერ შევძლებდით ასე მოკლე დროში ყველაფრის ორგანიზებას.

– თქვენი აზრით, რატომაა ტრანსორალური ენდოსკოპიური თირეოდოქტომია აზიის ქვეყნებში უფრო პოპულარული, ვიდრე ევროპაში?

– ოპერირების ამგვარი მეთოდი ტაილანდელმა და კორეელმა ექიმებმა შეიმუშავეს, რომელთაც იზმირში, ეგეს უნივერსიტეტში შვხვდი. სწორედ მათ შეუწყვეს ხელი მეთოდის პოპულარიზაციას მთელ მსოფლიოში. საინტერესო აღმოჩნდა იტალიელ და რუს კოლეგებთან საუბარიც, რომლებიც საკუთარ ქვეყნებში ცდილობენ ტრანსორალური ენდოსკოპიური თირეოდოქტომიის მეთოდების გავრცელებას. უკვე საქართველოში ჩამოსულს კი, ავსტრიელი ექიმები დამიკავშირდნენ, რომლებიც თებერვლის ბოლოს  საერთაშორისო კონგრესს მართავენ და ტაილანდელ კოლეგებთან ერთად, მეც მიმიწვიეს. ძალიან სასიამოვნოა, რომ საქართველო ერთ-ერთია იმ მოწინავე ქვეყნებს შორის, სადაც ოპერაციები ამგვარი მეთოდით უკვე სრულდება.

– საინტერესოა, რა შემთხვევაშია ამ მეთოდით ოპერირება რეკომენდირებული და როდისაა  ნაკლებად გამართლებული?

– ოპერაცია არაა რეკომენდირებული თირეოტოქსიკოზების და ქრონიკული თირეოიდიტების ანუ ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული ანთებების შემთხვევაში, რადგან ამ დროს ქსოვილი იმდენად შეცვლილია, რომ მასზე მანიპულირება ღია წესითაც კი საკმაოდ რთულია, ოპერაცია ვერ კეთდება ფარისებრი ჯირკვლის გავრცელებული ავთვისებიანი სიმსივნის დროსაც. მართალია, ამგვარი მეთოდის გამოყენება  შეიძლება ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნეზე, მაგრამ კისრის რეგიონალური ლიმფური კვანძების მეტასტაზური დაზიანების შემთხვევაში, როცა ფარისებრ ჯირკვლთან ერთად რეგიონალური ლიმფური კვანძების ამოკვეთაც საჭიროა, ოპერაცია კატეგორიულად აკრძალულია. არანაკლებ მნიშვნელოვანია ფარისებრ ჯირკვლში სიმსივნური წარმონაქმნის ზომაც, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 4 სანტიმეტრს. ასე რომ, ამ ოთხი შემთხვევის გამოკლებით, ტრანსორალური ენდოსკოპიურ თირეოდოქტომია ნებისმიერ სხვა შემთხვევაში გამართლებულია.

– რამდენად მატივია რეაბილიტაცია ამაგვარი ოპერაციის შემდეგ?

– სარეაბილიტაციო პერიოდი საკმაოდ მსუბუქია, რადგან მეტწილად პაციენტს ოპერაციის მეორე დღესვე ვუშვებთ სახლში სპეციალური დანიშნულებით, რომლის შესრულება ექიმის გარეშეც თავისუფლად შეიძლება.

 

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

 

13 თებერვალი, 2018

სხვა ჩანაწერები