LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„„ფორტუნამ“ მართლაც არაჩვეულებრივი საჩუქარი გაგვიკეთა, წლევანდელმა ღონისძიებამ კი, ყველა მოლოდინს გადააჭარბა”

5

გადაცემის ლაივი LIVE

10 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ კომპოზიტორი ლილიკო ნემსაძე და მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი სტუმრობდნენ, რომლებმაც სიმღერის „ერთხელ წვიმიან ქალაქში“ შესახებ ისაუბრეს. შეგახსენებთ, რომ სიმღერა მუსიკალური კონკურსის „ოქროს ტალღის“ გამარჯვებული გახდა და წლის სიმღერად დასახელდა.

– ნოდიკო, როგორ შეიქმნა სიმღერა „ერთხელ წვიმიან ქალაქში“?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ ძალიან მიყვარს ეს სიმღერა, რადგან მე და სალომე ბაკურაძე დიდხანს ვნატრობდით დუეტის ჩაწერას, როგორც იქნა ავისრულეთ ოცნება და მართლაც შესანიშნავი კომპოზიცია ჩავწერეთ. მუსიკის ავტორი ყველას საყვარელი კომპოზიტორი ლილოკო ნემსაძეა, რომლის დიდი მადლიერი ვარ ულამაზესი მელოდიისთვის, ლექსი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის, არანჟირებაზე ბორიკო შხიანმა იმუშავა, კლიპი კი, ნესტან სინჯიკაშვილმა გადაიღო.

– რამდენიმე საინტერესო დუეტი გაქვთ ჩაწერილი, რომელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული თქვენი და სოფო გელოვანის ერთობლივი ნამუშევარია, რომელიც 2013 წელს „ოქროს ტალღის“ წლის სიმღერის გამარჯვებული გახდა

– კარგად მახსოვს 2013 წლის „ოქროს ტალღის“ დაჯილდოვება, რადგან ახალი ჩამოსული ვიყავით ლუქსემბურგიდან, მეორე დღეს კი, პარიზში გავფრინდით, სოფოს რამდენიმე საათში დავათვალიერებინე პარიზი, კონცერტის შემდეგ კი, დუსელდორფში გავემგზავრეთ.  აუცილებლად გავიხსენებ „ოქროს ტალღის“ პირველ დაჯილდოებას, როცა ფანტასტიკური კონცერტი მოეწყო რუსთაველის მცირე დარბაზში. სწორედ მაშინ  მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია მუსიკოსებისთვის ამგვარი კონკურსები, მით უფრო, რომ „ოქროს ტალღა“ ერთადერთია ქართულ შოუბიზნესში. ყველა ქვეყანაში არსებობს მსგავსი დაჯილდოვება, დიდხანს ვნატრობდი ჩვენს ქვეყანაშიც მოწყობილიყო და რადიოჰოლდინგმა „ფორტუნამ“ მართლაც არაჩვეულებრივი საჩუქარი გაგვიკეთა, წლევანდელმა ღონისძიებამ კი, ყველა მოლოდინს გადააჭარბა და არაჩვეულებრივი შოუ შემოგვთავაზა, რისთვისაც დიდი მადლობა უნდა ვუთხრათ ორგანიზატორებს და პირველ რიგში ქალბატონ თამარ ჩიგოგიძეს, რომლის სურვილის და მონდომების გარეშე ნამდვილად ვერ შედგებოდა ასეთი გრანდიოზული დღესასწაული. აუცილებლად ავღნიშნავ მარკეტინგის ხელმძღვანელს, ქალბატონ მაია მაზანაშვილს და ოთხივე რადიოს მენეჯერს, ყველასთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს,  ძალიან მიყვარს და დიდ პატივს ვცემ.

– რით გამოარჩევდით წლევანდელი „ოქროს ტალღის“ დაჯილდოვებას?

– არაჩეულებრივი კონცერტი მოეწყო, რომელიც ნიკოლოზ რაჭველმა და სახელმწიფო სიმფონიურმა ორკესტრმა დაამშვენა, ქალბატონი ნანი ბრეგვაძე როგორც ყოველთვის, ახლაც შეუდარებელი იყო, ლიზა ფიშერის შემოქმედებას კი, დიდი ხანია ვიცნობ და მართლაც ბედნიერება იყო ჩემთვის მისი ცოცხლად მოსმენა. ყველა ჩემს კოლეგას მინდა მივულოცო გამარჯვება და აუცილებლად ვუსურვო წარმატება.

– რამდენად გჯეროდათ გამარჯვების?

– თავმდაბლობის გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ მოლოდინი ნამდვილად გვქონდა, თუმცა, მაინც დაჯილდოებას ველოდით, რათა საბოლოოდ დავრწმუნებულიყავით საკუთარ ვარაუდებში.

– ახალ პროექტზე ხომ არ გეგმავთ მუშაობას?

– რამდენიმე დღის წინ ბიბი კვაჭაძესთან ერთად ახალი სიმღერა ჩავწერე, რომლის პრემიერა სექტემბერში შედგება. საიდუმლოს გაგიმხელთ და გეტყვით, რომ ჩვენი ნამუშევარი ცნობილი სიმღერის ქავერია, თუმცა ძალიან განსხვავებული და ორიგინალური ვერსიით.

– ლილიკო, თქვენთვის რას ნიშნავს „ერთხელ წვიმიან ქალაქში“?

– მართლაც გულიდან წამოსული სიმღერაა, რომელიც ნოდიკოსთვის და სალომესთვისაც ახლობელი აღმოჩნდა, ბრწყინვალედ შეასრულეს და ძალიან მიხარია, რომ მსმენელმაც სწრაფად შეიყავარა.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– ჯერჯერობით მცირე პაუზა მაქვს, თუმცა მალე აუცილებლად შემოგთავაზებთ ახალ ნამუშევრებს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები