LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გადაცემა ”არტ-FM” თამაზ ჯორბენაძის ხსოვნას მიეძღვნა

18

31 მაისს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM”-ს თეონა ჯორბენაძე და მალხაზ თავართქილაძე სტუმრობდნენ, რომლებმაც ცნობილი კომპოზიტორის თამაზ ჯორბენაძის დაბადების დღეზე, მისი ცხოვრება და შემოქმედება გაიხსენეს.

თამაზ ჯორბენაძე 1947 წლის 31 მაისს დაიბადა თბილისში. მუსიკის შესწავლა ხუთი წლის ასაკში დაიწყო, კონსერვატორიაში კი, კომპოზიციის ფაკულტეტი დაამთავრა. სხვადასხვა დროს, ბატონი თამაზი მაუდ-კამბოლის კულტურის კლუბს და ფოლკლორის სახელმწიფო ანსამბლის ”თბილისს” ხელმძღვანელობდა, სათავეში ედგა ქართული ფოლკლორის ექსპერიმენტულ თეატრს და მედეა ფანიაშვილის სახელობის მუსიკალურ სასწავლებელს. მის მუსიკალურ არქივშია საესტრადო სიმღერები: ”ზამთარია, სიცივეა”, ”საშობაო სიმღერა”, ”ჩუმად, ჩუმად”, ”გაზაფხულზე ისევ მახსენდები” და მრავალი სხვა.

– თეონა, რამდენადაც ვიცი, თქვენ მამის გამოუქვეყნებელი სიმღერების ნოტების არქივი გაქვთ, რომლის თავიდან აწყობის ერთ-ერთი სტიმული ირაკლი ჩარკვიანი იყო.

– ზოგადად, ნებისმიერი შემოქმედის ცხოვრებაში დგება მომენტი, როცა ის უარს ამბობს ყველაფერზე და მთელ დროს შემოქმედებას უთმობს. მამას შემთხვევაში ასეთი პერიოდი 50 წლის ასაკში დადგა, როცა მისი, როგორც ანსამბლის ხელმძღვანელის საქმიანოიბამ მეორე პლანზე გადაინაცვლა და გადაწყვიტა სერიოზულად მიეხედა საკუთარი მუსიკალური ნაწარმოებებისთვის. სწორედ მაშინ დავიწყეთ ნოტების მოწესრიგება და ჩავწერეთ რამდენიმე სიმღერა. მისი გარდაცვალების შემდეგ, ირაკლი ჩარკვიანი პირველი იყო, ვისაც ჩანაწერები მოვასმენინე. მახსოვს მისი სიტყვებიც: ”მე რომ ასეთი ძლიერი კონცენტრირების ნაწარმოებები შევქმნა, ძალიან თავისუფალი და მშვიდი წავალ ამ ცხოვრებიდანო”. სხვათაშორის, ირაკლი მამას ”ზამთარია, სიცივეა” ასრულებდა და ყოველთვის აღნიშნავდა, რომ მის რეპერტუარში ეს ერთადერთი სხვა კომპოზიტორის მიერ დაწერილი სიმღერა იყო.

– ბატონო მალხაზ, თქვენ როგორ გაიხსენებთ ბატონ თამაზს და რას გვეტყვით ახალ ნამუშევარზე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ ჩაწერეთ?

– ბატონ თამაზთან მხოლოდ ნაცნობობა მაკავშირებდა და არა შემოქმედებითი თანამშრომლობა, რაზეც დღეს ძალიან მწყდება გული. ბატონი თამაზი ის ადამიანი იყო, რომელიც ყველაფერს გულით აკეთებდა და არასდროს ეძებდა აღიარებას. ჩვენი ტრიო თითქმის 40 წელი ასრულებდა მის სიმღერას ”ზამთარია, სიცივეა” ისე, რომ წარმოდგენაც არ გვქონდა, ვინ იყო მისი ავტორი. თავად ბატონი თამაზიც უსმენდა ჩვენს ნამღერს და არასდროს უთქვამს, რომ სწორედ ის იყო მისი ავტორი. რაც შეეხება ახალ სიმღერას – ძალიან მიხარია, რომ შევძელით მისი ჩაწერა. სიმღერა უკვე სრულდებოდა და ძალიან სასიამოვნო, ლამაზი ნამღერი იყო, თუმცა ჩვენ ცოტა შევცვალეთ და ჩვენებურად წარმოვადგინეთ. აუცილებლად მინდა ავღნიშნო, რომ ბატონი თამაზის სიმღერები ყოველთვის განსაკუთრებულ განწყობას ქმნიან, მის ტექსტსა და მელოდიაში კი,ნებისმიერი საკუთარ ისტორიას პოულობს.

– თეო, აუცილებლად მინდა გკითხოთ ფონდ ”იავნანასთან” დაკავშირებით. რა ფორმით გააგრძელებს ფონდი მუშაობას, პატონი პაატას პოლიტიკაში წასვლის შემდეგ?

– ფონდი ”იავნანა” ზუსტად იმავე მისიით გააგრძელებს მუშაობას რა მისიითაც 12 წლის წინ დაარსდა, მთავარი პრიორიტეტი ყოველთვის ადამიანების დახმარება იყო და ამავე მიმართულებით გააგრძელებს მოღვაწეობას. მართალია, ბატონი პაატა ფონდის მუშაობაში აღარ მიიღებს აქტიურ მონაწილეობას, მაგრამ ის ყოველთვის იქნება მისი ერთ-ერთი დამფუძნებელი და მთავარი მხარდამჭერი.

 

გადაცემაში ასევე მონაწილეობა მიიღო მაესტრო ნიკოლოზ რაჭველმა და კომპოზიტორი თამაზ ჯორბენაძე გაიხსენა.

ნიკოლოზ რაჭველი:

– დღეს ბატონი თამაზის დაბადების დღეა და ძალიან მიხარია, რომ სწორედ ამ დღეს დაემთხვა მისი საკმაოდ ადრეული სიმღერის და იმ სიმფონიური ნაწარმოების გაჟღერება, რომელიც 1990-იანი წლების  ტრაგიკულ მოვლენებთან დაკავშირებით შეიქმნა. მე მოსმენილი მაქვს ეს ნაწარმოები და სამომავლოდ ჩვენი ორკესტრი გეგმავს მის შესრულებას. თუმცა, ის რომ, რუსეთში გაკეთებული ჩანაწერი უკვე გაჟღერდება და კლასიკური მუსიკის მოყვარულები შეძლებენ მის მოსმენას, ძალიან სასიხარულოა. აქამდე ბატონი თამაზის შემოქმედება ჩრდილში იყო, რადგან ადრე წავიდა ამ ქვეყნიდან და ვერ მოასწრო საკუთარი ჩანაწერების პატრონობა. ახლა კი, თეონასთან ერთად მისი მეგობრებიც ვცდილობთ, მოვიძიოთ, მოვკრიფოთ და თავი მოვუყაროთ იმ მუსიკას, რომელიც მან დაუტოვა  შთამომავლობას.

გადაცემის ჩანაწერი

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები