LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განსაკუთრებით სასიამოვნო ამერიკელი პროდიუსერის დაინტერესება აღმოჩნდა

6

30 იანვარს რადიო “ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას “არტ-FM” მომღერალი ცირა კობიაშვილი სტუმრობდა, რომელმაც შემოქმედებით სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

– ცირა, საკმაოდ დატვირთული შემოქმედებითი ცხოვრება გაქვთ. დიდი ხნით დაბრუნდით საქართველოში თუ ისევ აპირებთ გამგზავრებას?

– ჯერ საქართველოში ვარ, თუმცა მალე თურქეთში მივემგზავრები, სადაც კონტრაქტის პირობებით კიდევ ერთ სიმღერას ჩავწერთ და კლიპსაც გადავიღებთ.

– რამდენადაც ვიცი, გიორგი ადამაშვილთან ერთად ახალი ბენდში გაწევრიანდით?

– ადრე ჯგუფში New One ვმღეროდი, თუმცა “ბიოლის ბენდთანაც” ვთანამშრომლობდი. ახლა, მეტად სასიამოვნო პროცესში ვარ ჩართული, რადგან აბსოლუტურად განსხვავებულ სიტუაციაში აღმოვჩნდი.

– რომელ მუსიკალურ ჟანრში მუშაობს ბენდი?

– ამ ეტაპზე მხოლოდ პოპულარულ მუსიკაზე, ე.წ. ქავერებზე ვმუშაობთ, მერე ალბათ, ბენდის ხელმძღვანელი ზურა მახნიაშვილი შემოგვთავაზებს საკუთარ ნამუშევრებს.

– მართალია, თურქეთში საკმაოდ სერიოზულ წარმატებას მიაღწიეთ, თუმცა შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს თქვენთვის ნაკლებად საინტერესო მუსიკალურ ჟანრში მუშაობთ. თავად რა სტილის მუსიკა მოგწონთ?

– რა თქმა უნდა, მსიამოვნებს, როცა ჩემი შემოქმედება პოპულარობით სარგებლობს, თუმცა სიმღერები თურქულ გემოვნებას უფროა მორგებული, ვიდრე ჩემსას. სამწუხაროდ, კონტრაქტის პირობებით ძალიან შეზღუდული ვარ და თითქმის არასდროს მაქვს გადაწყვეტილების მიღების საშუალება. მართალია, პირველი კლიპი კარგი გამოვიდა, მაგრამ უკეთესიც შეიძლება, იმედი მაქვს მეორე ნამუშევარი მაინც გამოვა ისეთი, როგორიც მინდა.

– რატომ არ შედგა კლიპის პრეზენტაცია საქართველოში?

– ჩავთვალე, რომ კლიპი ნაკლებად საინტერესო იქნებოდა ქართული პუბლიკისთვის.

                                                        

– უამრავ შეთავაზებას ღებულობთ უცხოელი პროდიუსერებისგან, სამომავლოდ ვისთან გეგმავთ თანამშრომლობას?

– შემოთავაზება მართლაც ბევრია. განსაკუთრებით სასიამოვნო ამერიკელი პროდიუსერის დაინტერესება აღმოჩნდა, თუმცა საკმარისი ფინანსები არ გამოიძებნა.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– სიმართლე ვთქვა, კონკრეტულად ჯერ არაფერი ვიცი, რადგან გეგმები მუდმივად იცვლება. ზუსტად ვიცი, რომ კიდევ ერთ კლიპს გადავიღებთ თურქეთში, გარდა ამისა, მალე  ბიოლის ბენდის კონცერტიც მოეწყობა.

გადაცემის აუდიო ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები