LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GAU#5 – „ბადაგონი“ მომხმარებელს სიახლეს თავაზობს

18

19 მაისს რადიო „ფორტუნამ“ და მაია მამულაშვილის გადაცემამ „ბიზნესნიუსმა“  ღვინის კომპანია „ბადაგონის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსს ეკა ვარდოსანიძეს უმასპინძლა.

– ქალბატონო ეკა,  როდის დაარსდა კომპანია „ბადაგონი“ და რა სახეობის ღვინოებს სთავაზობს მომხმარებელს?

– „ბადაგონი“ 10 წლის წინ დაარსდა და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ჩვენი კომპანია ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ღვინის კომპანია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ აღმოსავლეთ ევროპაში, რაც შესაძლოა, ბევრისთვის სიახლეც კი იყოს. აღსანიშნავია, რომ ჩვენს კომპანიას უდიდესი მთავარი ენოლოგი, იტალიელი დონატო ლანატი უდგას სათავეში, რომელიც მსოფლიო ენოლოგთა ხუთეულშია შესული, 2015 წელს კი, მეღვინეობის უმაღლესი საერთაშორისო ჯილდო, ღვინის ოსკარი – „ოსკარ დელ ვინო“ მიიღო. სწორედ დოქტორ ლანატი ქმნის ჩვენს პროდუქციას და „ბადაგონის“ ყველა ღვინოც ფაქტიურად მისი საავტორო ნამუშევარია, რითაც ძალიან ვამაყობთ და სწორედ ეს განაპირობებს ჩვენი ღვინოების წარმატებას საერთაშორისო კონკურსებზე , სადაც უამრავი ჯილდო აქვს მიღებული.

– სხვა კომპანიებთან შედარებით, რას თვლით საკუთარ უპირატესობად?

– ვფიქრობ, სწორედ ჩვენი ენოლოგი და ტექნოლოგიებია პროდუქციის მაღალი ხარისხის საწინდარი, რაც ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი და ყველაზე პრიორიტეტულია. სწორედ ხარისხია ჩვენი უპირატესობა, რაც გვაძლევს საშუალებას მოვიპოვოთ ლიდერის პოზიცია არა მხოლოდ ქართულ, არამედ საერთაშორისო ბაზარზე და წარმოვადგინოთ ჩვენი ბრენდი უმაღლესი ხარისხის ბრენდებს შორის. აქვე ავღნიშნავ, რომ გარდა მაღალი ხარისხისა, ჩვენი ფასებიც საკმაოდ კონკურენტუნარიანია.

– საინტერესოა, როგორ მიმდინარეობს უშუალოდ ღვინის წარმოების პროცესი?

– პირველ რიგში, გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პროფესიონალები აღფრთოვანებული არიან ჩვენი ქარხნით. ღვინის წარმოების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია ჩამოსასხმელი ხაზი, მიკროფილტრაციის ხაზი, ცისტერნები და ე.წ. ავტოკლავები, სადაც ღვინის ფერმენტაცია ანუ დადუღება ხდება. სხვათაშორის, ჩამოსასხმელი და მიკროფილტრაციის ხაზები წამყვანმა იტალიურმა კომპანიებმა „ბერტოლაზომ“ და „ენოტეკიმ“ სპეციალურად ჩვენი კომპანიისთვის შექმნეს, ჩვენი მთავარი ენოლოგის დოქტორ ლანატის ყველა მოთხოვნის, მათ შორის ქართული ყურძნის ჯიშების, ღვინის სპეციფიკის და უამრავი სხვა დეტალის გათვალისწინებით. აქვე  ავღნიშნავ, რომ როცა „ბერტოლაზო“ და „ენოტეკი“ საერთაშორისო კონკურსებზე წარმოაჩენენ საკუთარ თავს პრეზენტაციის სახით სწორედ „ბადაგონის“  ჩამოსასხმელი და მიკროფილტრაციის ხაზების ვიდეორგოლს აჩვენებენ.

– რას წარმოადგენს ახალი ბრენდი GAU#5?

– GAU#5-ს, რომელიც ჩვენი სასიამოვნო სიახლეა, ბევრმა უკვე დაარქვა ახალ სიტყვა ქართულ მეღვინეობაში. ბრენდი სულ ცოტა ხნის წინ ჩაეშვა წარმოებაში, სარეკლამო კომუნიკაცია „ექსპერიმენტი 1“კი, ორი დღის წინ დაიწყო, თუმცა ჩვენ შეჩერებას არ ვაპირებთ და ექსპერიმენტებს მომავალშიც გავაგრძელებთ. სახელწოდებაში – GAU#5 უკვე ნათქვამია, რომ ბრენდი ხუთი სახეობის ღვინისგან შედგება და „ბადაგონის“ ფილოსოფიიდან გამომდინარე მხოლოდ ქართული ყურძნის ჯიშებია გამოყენებული. გარდა ამისა, თითოეული ღვინო, რომელიც ასევე დოქტორ ლანატის საავტორო ნამუშევარია,  სხვადასხვა ჯიშების უნიკალური ნაზავია და აბსოლუტურად ახალია ქართულ მეღვინეობაში. ახალმა ხუთეულმა ორი თეთრი ღვინო, ორი წითელი და ერთი როზე გააერთიანა. აღსანიშნავია ბრენდის თანამედროვე დიზაინიც, რომელმაც ზუსტად გადმოსცა ჩვენი მიზანი – მაქსიმალურად სწრაფად ავუწყოთ ფეხი თანამედროვე მსოფლიო ტენდენციებს, მითუმეტეს, რომ საქართველო ღვინის აკვანია და რა თქნა უნდა, აუცილებლია გაგრძელდეს კალსიკური ღვინოების წარმოების ტრადიცია, თუმცა, არ უნდა ვთქვათ უარი არც ახლის შექმნაზე.

– სამომავლოდ რა გეგმები აქვს კომპანია „ბადაგონს“?

– პირველ რიგში ავღნიშნავ, რომ მართალია, „ბადაგონი“ მსოფლიოს 20-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი მაინც ექსპორტის გეოგრაფიის გაზრდა და ქართული ღვინის საერთაშორისო ბაზარზე მასიურად გატანაა. გარდა ამისა, ახლო მომავალში მორიგ სიახლეს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები