LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაუფასურებული ლარი და ეკონომისტების პროგნოზები-გადააჭარბებს თუ არა კურსი 2, 80-იან ნიშნულს

ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სავალუტო კრახის წინაშეა. ფინანსისტები ამბობენ, რომ მთავრობა დაბნეულია და ეროვნული ვალუტის გასამყარებლად ზომებს ვერ იღებს. ეკონომისტი ნიკა შენგელიას აზრით, დიდია რისკი, რომ კურსი 2,80-იან ნიშნულს გასცდეს.

მისი თქმით, არჩევნების მეორე ტური რომ არ ყოფილიყო, სპეციალისტებს ზუსტი პროგოზი ჰქონდათ, რომ 20 დეკემბრიდან დაიწყებოდა ლარის გამყარება, მაგრამ ახლა ექსპერტებს პროგნოზის გაკეთება უჭირთ.

შენგელია განმარტავს, რომ მთავრობა აჩერებს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თანხის გამოყოფას, რომ ლარის მასა არ გაიზარდოს; ეროვნული ბანკი რეზერვიდან აღარ უშვებს ბრუნვაში ლარს, რათა კურსი არ გაუფასურდეს, მაგრამ იქვე ამბობს, რომ ამას კარგად ვერც ერთი ახერხებს და ვერც – მეორე.

შენგელია ვარაუდობს, რომ ასეთ ვითარებაში მთავრობა შეეცდება, 2,75-ის ფარგლებში შეინარჩუნოს კურსი, თუმცა ეკონომისტებისთვის, ეს საკმაოდ რთულად წარმოსადგენია.