LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გელა ჩარკვიანი: ადვილი არა არის საკუთარი გარდაცვლილი შვილი გაცოცხლებული ნახო

5

8 დეკემბერს რადიო ”ფორტუნას” თათა სადრაძის გადაცემა ”არტ-FM”-ს ნიკოლოზ რაჭველი, თეო ჯორბენაძე და ნინო მაჩაიძე, გელა ჩარკვიანი და გიგა კობალაძე სტუმრობდნენ.

* * *

გადაცემის პირველი ბლოკის სტუმრებმა – ნიკოლოზ რაჭველმა, თეო ჯორბენაძემ და ნინო მაჩაიძემ იმ საღამოზე ისაუბრეს, რომელიც 16 დეკემბერს დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

– ნიკოლოზ, კონცერტები თქვენი მონაწილეობით ყოველთვის განსაკუთრებული ნამუშევრებით და სიურპრიზებით გამოირჩევა. რა სიახლეს შესთავაზებთ მაყურებელს ამჯერად?

– კონცერტისთვის მზადება უკვე დაწყებულია, ასე რომ ჯერ კიდევ გვაქვს დრო პროგრამის დასახვეწად. ნინოს ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს, რომლის ყოველი დღე რამდენიმე წლით ადრეა გაწერილი, ამიტომ გამიკვირდა და ძალიან გამიხარდა, რომ რამდენიმე დღით ადრე მოახერხა ჩამოსვლა. ახალი კონცერტი, ისევე როგორც თითქმის ყველა ჩემი პროექტი, ერთგვარი მოგზაურობა იქნება სხვადასხვა ატმოსფეროში. ერთ-ერთი ასეთი მოგზაურობით იმ საოპერო თეატრის სცენაზე გადავინაცვლებთ, სადაც ნინო ტრიუმფით გამოდის, დეკორაციებით და კოსტიუმებით კი, იმ სპექტაკლებს წარმოვადგენთ, სადაც ნინო წამყვან პარტიებს ასრულებს. მოგვიანებით ბროდვეიზე გავისეირნებთ და კონცერტშიც ბროდვეის ჟღერადობა შემოიჭრება, ნინო ლეონარდ ბერსტაინის და ჯორჯ გერშვინის კომპოზიციებს შეასრულებს. ბოლოს კი, ჩვენს მაყურებელს დამდეგ დღესასწაულებს მივულოცავთ. კონცერტში რა თქმა უნდა, ჩვენი სიმფონიური ორკესტრიც მიიღებს მონაწილეობას, რომელიც სპეციალურად შერჩეული ნაწარმოებებით კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს 90 წლის საიუბილეო სეზონს.

– თეონა, ზოგიერთ პროფესიას საქართველოში რატომღაც განსხვავებულ მნიშვნელობას ანიჭებენ. ძალიან მაინტერესებს რას ნიშნავს პროდიუსერი და რა შედის კონკრეტულად თქვენს ფუნქციებში?

– მართალია, ბევრს წარმოდგენაც არ აქვს რა განსხვავებაა პროდიუსერსა და მენეჯერს შორის. პროდიუსინგი ძალიან რთული სფეროა, რადგან პროდიუსერს კარგად უნდა ესმოდეს მარკეტინგი, რეჟისურა, დრამატურგია და რა თქმა უნდა, მუსიკა. მუსიკის ცოდნის გარეშე ამ სფეროში უბრალოდ შეუძლებელია მოღვაწეობა. პროდიუსერი ის ადამიანია, რომელიც ქმნის პროდუქტს, ამიტომ ზუსტად უნდა იცოდეს რა უნდა მაყურებელს. ჩემი აზრით, პროდიუსერი თავისი არსით ყველაზე ახლოს კრეატიულ დირექტორთანაა.

– ნინო, საქართველოში ჯერ არ გქონიათ მასშტაბური კონცერტი, რამ გადაგაწყვეტინათ ასეთი გრანდიოზული საღამოს მოწყობა?

– დიდი ხანია ამგვარ პროექტზე ვოცნებობთ. ყველა დეტალს ვითვალისწინებთ და ვცდილობთ ყველაფერი იდეალურად იყოს, რადგან ძალიან გვინდა ნებისმიერი გემოვნების მაყურებელი დავაკმაყოფილოთ. რა თქმა უნდა, შეუძლებელია ასეთი კონცერტის რამდენიმე დღეში გაკეთება, მე კი, სამწუხაროდ ხშირად ვერ ვახერხებ საქართველოში ჩამოსვლას, ამიტომ პროექტი გარკვეული პერიოდით გადაიდო, ახლა კი, როგორც იქნა ოცნება ავისრულეთ. პროგრამა ძალიან მრავალფეროვანი იქნება და დარწმუნებული ვარ ყველას მოეწონება. მაქსიმალურად ვეცადეთ შეგვექმნა საზეიმო ატმოსფერო, რათა მაყურებელი ჩვენი კონცერტიდან კმაყოფილი და ამაღლებული განწყობით წავიდეს.

– თეო, აუცილებლად მინდა გკითხოთ სცენარზე. ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ნებისმიერ სცენარს, რომც არ იყოს ის თქვენი დაწერილი, მაინც თქვენი ხელწერა აქვს და თქვენი სტილი იგრძნობა. ამჯერად რას ამზადებთ მაყურებლისთვის?

– ჩვენი ძირითადი პრინციპი ყოველთვის საინტერესო პროექტის მომზადებაა, რომელიც არ იქნება სცენაზე მუსიკოსის ბანალური გამოსვლა და ნომრის შესრულება. ჩემი აზრით, თუ ხელოვანს არ აქვს ამბავი და არაფერი აქვს მაყურებლისთვის მოსაყოლი, მაშინ მისი გამოსვლაც აზრს კარგავს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველ კონცერტზე შევქმნათ გარკვეული დრამატურგია და მოვყვეთ კონკრეტული ისტორია. ამ კონცერტის მიზანია გავაცნოთ ნინო მაყურებელს, რადგან ყველას არ აქვს საშუალება მოუსმინოს მას მსოფლიოც ცნობილი ოპერების სცენაზე. აღსანიშნავია, რომ ნინო სწორედ ის მუსიკოსია, რომელსაც ფანტასტიურ ხმასთან ერთად საოცარი არტისტიზმიც აქვს. ჩემი აზრით, თუ არტისტს არ შეუძლია გარდასახვა, ის ვერასდროს მიიტანს მაყურებლამდე საკუთარი პერსონაჟის ხასიათს, სათქმელს და ემოციებს. ნინო კი, ის უნიკალური მუსიკოსია, რომელშიც ხმასთან ერთად პერსონაჟის მთელი შინაგანი სამყაროცაა კონცენტრირებული. კონცერტზე რამდენიმე სცენა იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა სპექტაკლიდან, რომელშიც გოჩა აბულაძე, მიშა ქირია და ოთარ ჯორჯიკიაც მიიღებენ მონაწილეობას.

– ნინო, როგორ ინარჩუნებთ ფორმას ასეთი გადატვირთული გრაფიკის პირობებში?

– განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ. გრაფიკი კი, მართლაც გადატვირთული მაქვს. ყოველ ახალ დადგმას თავისი ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი უძღვის წინ, მხოლოდ 6-კვირიანი რეპეტიციების შემდეგ გადავდივართ სცენაზე და ახლა იქ ვაგრძელებთ 6-9 საათიან რეპეტიციებს. არის შემთხვევები, როცა მომზადებისთვის მხოლოდ რამდენიმე დღე გვრჩება. სულ ცოტა ხნის წინ კი, ძალიან უცნაური შემთხვევა მქონდა ჰამბურგის შტატს-ოპერაში, სადაც ”ტრავიატას” ვდგამდით, ჩემი კოლეგები და დირიჟორი კი, წარმოდგენამდე მხოლოდ ნახევარი საათით ადრე გავიცანი. თუმცა, სპექტაკლმა მაინც ფანტასტიურად ჩაიარა.

– ნინო, საქველმოქმედო ფონდის დაარსებაზე ხომ არ გიფიქრიათ?

– გულახდილად გეტყვით, რომ ამ საკითხზე ფიქრის დრო ჯერ ნამდვილად არ მაქვს. ჩემი აზრით იმ ორგანიზაციის დაარსებას, რომელიც ძალიან ბევრ კარგ და კეთილ საქმეს ემსახურება, საკმაოდ დიდი დრო ჭირდება. ძალიან არ მინდა, ფონდს ჩემი სახელი ერქვას, მე კი, გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე საერთოდ არ მქონდეს მის მუშაობაში მონაწილეობის მიღების საშუალება.

* * *

გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარები ბატონი გელა ჩარკვიანი და გიგა კობალაძე იყვნენ, რომლებმაც ირაკლი ჩარკვიანის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტზე ისაუბრეს.

– ბატონო გელა, კონცერტზე 3D-გამოსახულებით აპირებენ ირაკლის გაცოცხლებას. როგორია თქვენი მოლოდინი?

– ფსიქოლოგების ტერმინს თუ გამოვიყენებ – ამბივალენტური. ერთის მხრივ ცოტა მეშინია, მეორეს მხრივ კი – ძალიან მაინტერესებს, თუმცა, ადვილი არა არის საკუთარი გარდაცვლილი შვილი გაცოცხლებული ნახო.

– რამდენადაც ვიცი, 2001 წელს ირაკლის ჰქონდა ამგვარი მასშტაბური კონცერტის გაკეთების სურვილი. თქვენი აზრით, როგორ წარმოედგინა მას ეს კონცერტი?

– არ ვიცი, ალბთ მაქსიმალურად მიახლოებული დღევანდელ კონცერტთან. ირაკლის ბევრი სიმღერა აქვს დაწერილი და როგორც ყველა მუსიკოსს, მის შემოქმედებაშიც არის განსაკუთრებული კომპოზიციები, რომლებიც მოგვიანებით ჰიტად იქცა. ჩემი აზრით, კონცერტის პროგრამა ირაკლის არჩევანს დაემთხვევა, განსხვავება კი, მხოლოდ ის იქნება, რომ საკუთარ კონცერტზე ის თვითონ შეასრულებდა ყველა სიმღერას.

– რაც დრო გადის, სულ უფრო პოპულარული ხდება ირაკლის შემოქმედება. თქვენი აზრით, რა იქნება 30 წლის შემდეგ?

– 30 წელი – ეს თითქმის უსასრულობაა, ამიტომ ძალიან რთულია ამის თქმა. ჩემი აზრით, ნებისმიერი ადამიანი გარკვეულ ეპოქასთანაა დაკავშირებული. 1990-იან წლებზე საუბრისას, იქნება ეს პროზა, პოეზია თუ მუსიკა, არ შეიძლება ირაკლი არ გავიხსენოთ. გარდაცვალების შემდეგ მისი პოპულარობა სულ უფრო იზრდება, მაგრამ რაღაც მომენტში ალბათ გაჩერდება და შესაძლოა იკლოს კიდეც, მაგრამ ეპოქასთან ის მაინც ყოველთვის იქნება დაკავშირებული.

– გეგა, ცოტა სარისკო ხომ არაა 3D-გამოსახულება და რეპერტუარს შესთავაზებთ ირაკლის თაყვანისმცემლებს?

– ბუნებრივია ამგვარი კონცერტის მოწყობა გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული. ჰოლოგრამის გამოყენების პირველი პრეცენდენტი 2012 წელს იყო, როცა სცენაზე 2Pac-ი გააცოცხლეს, მეორე კი, ერთი წლის წინ, როცა მაიკლ ჯექსონის ”ცოცხალი” კონცერტი გაკეთდა. დღეს ჩვენც შეგვიძლია ამგვარი ტექნოლოგიით კონცერტის მოწყობა. რისკი არსებობს, თუმცა მე რამდენიმე სატესტო ვერსია ვნახე და შემიძლია ვთქვა, რომ მაყურებელს მართლაც შთამბეჭდავი სანახაობა ელის. აღსანიშნავია, რომ ყველაფერი არა უცხოელებმა, არამედ ქართულმა კომპანიამ გააკეთა, რომელიც 6 თვე ჯერ ტექნოლოგიას ეცნობოდა, მერე კიდევ 6 თვე პროექტზე მუშაობდა. კონცერტის მთავარი ინტრიგა, რა თქმა უნდა ჰოლოგრამაა, მაგრამ პროგრამაც ძალიან საინტერესოდაა შერჩეული. რეპერტუარზე ირაკლის ახლო მეგობარმა – გიორგი ასანიშვილმა იმუშავა, ძალიან ბევრი მუსიკოსი გვყავს მოწვეული, რომლებიც თავისებურად წარმოადგენენ ირაკლის შემოქმედებას.

– ბატონო გელა, კონცერტში მონაწილე მუსიკოსებიდან, თქვენი აზრით ვინაა ყველაზე ახლოს ირაკლის შემოქმედებასთან?

– არ ვიცი. ჩემი აზრით არცერთი არ უნდა ჰგავდეს. ყველამ საკუთარი შესრულება უნდა წარმოადგინოს, რადგან კონცერტის მთავარი აზრიც სწორედ ესაა.

აუდიო ჩანაწერი

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები