LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ღამის სერენადები“ 10 წლის იუბილეს აღნიშნავს – როგორი იქნება საიუბილეო წელი

4

გადაცემის ლაივი LIVE

3 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“, ფესტივალის „ღამის სერენადები“ დირექტორი, ქალბატონი ნინა ცაგარელი და დირიჟორი, ბატონი ვახტანგ მაჭავარიანი სტუმრობდნენ, რომელთაც საიუბილეო ფესტივალის ფარგლებში თბილისსა და ბათუმში დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

– ქალბატონო ნინა, ფესტივალი „ღამის სერენადები“, რომელიც ქალბატონი ლიანა ისაკაძის ინიციატივით დაარსდა, წელს 10 წლის იუბილეს აღნიშნავს. საინტერესოა, კონკრეტულად სად და როდის გაიმართება კონცერტები?

– ბათუმში, კონცერტები 26, 28 და 29 აგვისტოს გაიმართება სასტუმრო „შერატონის“ საკონცერტო დარბაზში, თბილისში კი, 2 და 4 სექტემბერს ვუმასპინძლებთ მუსიკის მოყვარულებს კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში.

– ბატონო ვახტანგ, რა პროგრამით წარსდგებით მელომანების წინაშე და რამდენად განსხვავებული იქნება საიუბილეო წელი?

– აუცილებლად ავღნიშნავ, რომ ძალიან მახარებს ლიანა ისაკაძის ფესტივალში მონაწილეობა და თითქმის ყველა კონცერტის დირიჟორობა, რადგან ქალბატონი ლიანა, რა თქმა უნდა, უდიდესი პიროვნება და უნიჭიერესი მუსიკოსია, თუმცა ჩემთვის ის პირველ რიგში, უახლოესი მეგობარი და მუსიკალური თილისმაა. სწორედ ქალბატონი ლიანა სოლირებდა ჩემს პირველ კონცერტებზე თბილისში და მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, პრაღაში და  პირველი ფირფიტაც – ალექსი მაჭავარიანის სავიოლინო კონცერტი, რომელიც 1977 წელს გამოვუშვი, ისევ ქალბატონ ლიანასთან თანამშრომლობით ჩავწერე. სხვათაშორის, ჩანაწერი დღმდე აღაფრთოვანებს მსოფლიო პუბლიკას, სულ ცოტა ხნის წინ, ივრი გიტლისმა ისიც კი მითხრა, რომ ვერავინ, მათ შორის ვერც უდიდესი მევიოლინეები ვერ შეასრულებდნენ ნაწარმოებს ასე შესანიშნავად. საიუბილეო ფესტივალის პროგრამამ ძალიან საინტერესო ნაწარმოებები გააერთიანა – მოცარტის პოპულარული „ღამის პატარა სერენადით“ და შოსტაკოვიჩის კამერული სიმფონიით დაწყებული, თბილისის კონსერვატორიის კურსდამთავრებულის სოსო ბარდანაშვილის სავიოლინო კონცერტით დასრულებული. სიამოვნებით ავღნიშნავ სოსოს წარმატებებს არა მხოლოდ ისრაელში, სადაც ცხოვრობს, არამედ მთელ მსოფლიოში. ფესტივალის სტუმარები იქნებიან იაშვილების მუსიკალური დინასტიის წარმომადგენელი, მევიოლინე გია იაშვილი და ალექსანდრე კორსანტია, რომელიც უსტოლსკაიას კონცერტს დაუკრავს, შესრულდება დვორჟაკის ულამაზესი სერენადა, ალექსი მაჭავარიანის მეოთხე სიმფონია ფორტეპიანოს, სიმებიანი და  დასარტყამი ინსტრუმენტებისთვის, რომელიც კამერული ორკესტრისთვის გადავამუშავე და ევროპის რამდენიმე ქალაქში უკვე მოვიპოვეთ წარმატება.

– ქალბატონო ნინა, პირადად თქვენთვის რას ნიშნავს საიუბილეო ფესტივალის ხელმძღვანელობა და აპირებთ თუ არა სამომავლოდ გაფართოვებას?

– საიუბილეო ფესტივალის ჩატარება მართლაც ძალიან საპასუხისმგებლოა, მით უფრო რომ საზოგადოებას უამრავ სიახლეს შევთავაზებთ. რა თქმა უნდა, გაფართოვებას ვაპირებთ,  თუმცა ჩვენთვის პრიორიტეტული მაინც ქალბატონ ლიანას მიერ შექმნილი ფორმატის და სტილის შენარჩუნებაა.

– ფესტივალს ყოველთვის უამრავი უცხოელი მუსიკოსი სტუმრობდა, წელს კი, მეტწილად ქართველი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. რამ განაპირობა ამგვარი არჩევანი?

– ვერ დაგეთანხმებით, რადგან ქართველი მუსიკოსებით მხოლოდ ორკესტრი დაკომპლექტდა. 2011 წელს ქალბატონმა ლიანამ ფესტივალის საბაზისო ორკესტრი შექმნა, რომელმაც ტრანსფორმაცია განიცადა და წელს უცხოეთსა და საქართველოში მოღვაწე ახალგაზრდა ნიჭიერი შემსრულებლების შემადგენლობით, „საქართველოს ვირტუოზების“ სახელით წარსდგება პუბლიკის წინაშე. თუმცა, აუცილებლად გვესტუმრებიან უცხოელი სოლისტები, მათ შორის სოფია ბარო, მარიო პიეტროდარჩი და მევიოლინე გიზა ჰოსზუ ლეგოცკი, რომელმაც ჯერ კიდევ 13 წლის ასაკში მიიღო მონაწილეობა ჰოლივუდის ცნობილ ფილმში „წითელი ვიოლინო“.

ფესტივალი ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „არდი“. ღონისძიების ორგანიზატორი: კომპანია ,,არტ ალიანსი“.

ფესტივალის   მთავარი   პარტნიორები   არიან   საქართველოს   განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქ. ბათუმის მერია,  ქ. თბილისის მერია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, პროექტი  Check in Georgia, ფესტივალის ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია „არდი” , კომპანია „თელასი“, „ჯინო ფერედაისი“,  ქართული ვისკი”ჯიმშერი”, კომპანია ”სარაჯიშვილი”, ქართული უნიკალური ღვინო Georgian unique wine, „ედვაის ჯგუფი“, მოდის სახლი „მარიგოლდი“.

პროექტის საინფორმაციო მხარდამჭერები: – პირველი არხი, აჭარის ტელევიზია, რადიო ჰოლდინგი „ფორტუნა“,  „ივენთს ამბები.გე“, საინფორმაციო სააგენტო „ჯი-ეიჩ-ენი, „ინტერნეტ მედია ჯგუფი“, „მედიაგავრცელების სააგენტო კლიპ-არტი“, Awards.com.ge, ინგლისურენოვანი გაზეთები„Georgia Today“ და „The Georgian Messenger“, ვიდეო პორტალი ”My Video.GE”.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები