LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია პეტრიაშვილი: “თოვლის ბაბუად ყოფნა უფრო მიხარია, ვიდრე საჩუქრების მიღება”

5

14 დეკემბერს გვანცა ლაღიძის გადაცემაში ”წარმატების ფორმულა” სტუმრად მოწვეული იყო მიკრო ბიზნეს კაპიტალის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გია პეტრიაშვილი მოიწვია.

 

თეორიული და მათემატიკური ფიზიკის განხრით, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის და დოქტორის აკადემიური ხარისხის მფლობელმა გია პეტრიაშვილმა სამეცნიერო კარიერა 1988 წელს დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერ-მკვლევარის პოზიციაზე, შემდეგ კი, მოსკოვის ბირთვული კვლევების ინსტიტუტში გააგრძელა მოღვაწეობა როგორც მიწვეულმა მეცნიერ-თანამშრომელმა.

 

– ბატონო გია, როგორ დაიწყო თქვენი კარიერა ბიზნესში?

 

– 1992 წელს მეგობრებთან ერთად ბანკის დაფუძნება გადავწყვიტე. მაშინ ეს ძალიან მარტივი იყო, რადგან მოთხოვნა კაპიტალის შევსებაზე საკმაოდ დაბალი აღმოჩნდა. 10 000 დოლარიანი კაპიტალით დავაარსეთ ბაზისბანკი, რომელიც ძალიან სწრაფად განვითარდა და დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბანკია. მოგვაინებით ბაზისბანკი საქართველოში ერთ-ერთმა ყველაზე მსხვილმა ინვესტორმა – ჩინურმა ჰუალინგ ჯგუფმა შეისყიდა. გული მწყდება, რომ ბაზისბანკი უკანსკნელი ბანკი იყო, რომელსაც მხოლოდ ქართველი მფლობელები ჰყავდა. დღეს ასეთი ბანკი საქართველოში აღარაა, თუ რა თქმა უნდა ქართუ ბანკს არ ჩავთვლით. 2012 წელს ძველ პარტნიორებთან ერთად მიკროსაფინანსო ორგანიზაციის დაარსება გადავწყვიტეთ, რათა არ დაგვეკარგა ჩვენი საბანკო გამოცდილება.

 

-განვითარების რა გზა გაიარა მიკრო ბიზნეს კაპიტალმა?

 

– ჩვენი პირველი ოფისი 2013 წლის თებერვალში გაიხსნა, პირველ სესხი კი, 1 აპრილს გავეცით. დღეს ჩვენი პორტფელი თითქმის 7 მლნ. დოლარია და 1 500ზე მეტი კლიენტს ითვლის. ბიზნესის განვითარებას რამდენიმე მიმართულებით ვცდილობთ. ერთ-ერთი სალომბარდე ტიპის სესხებია ანუ იპოთეკური ლომბარდი, ავტოლომბარდი და ოქროს ლომბარდი. თუმცა, ჩვენი კომპანიის სახელწოდება პირდაპირ მიუთითებს ჩვენს სტრატეგიულ მიმართულებაზე – მიკრობიზნესის დაფინანსებაზე. სწორედ ამაში ვხედვათ ჩვენს მთავარ როლს. წელს ბიზნეს სესხების გაცემა დავიწყეთ და ამ პროდუქტის ხვედრითმა წილმა ჩვენს პორტფელში თითქმის 20% შეადგინა. იმედი მაქვს, მომავალში ის კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან მაქსიმალურად ვცდილობთ იმ კრედიტორებს, ვისაც ბიზნესში სურს ფინანსების ინვესტირება რბილი, პრაქტიკულად საბანკოსთან მიახლოებული პირობები შევთავაზოთ.

 

– რამდენად მომგებიანია თქვენი ბიზნესი დღევანდელ ბიზნესგარემოში?

 

– ჩვენი ბიზნესი ძალიან მომგებიანია და სწორედ ამით აიხსნება მოთამაშეების სიმრავლე ბაზარზე. ათი წელია ვაკვირდები მის განვითარებას და ყოველწლიურად საშუალოდ 30%-ით იზრდება, საკმაოდ ადვილია ამ ბიზნესის დაწყება, რაც დღეს შესაძლოა არც იყოს გამართლებული. მოთხოვნა კაპიტალზე მიკრო საფინანსო ორგანიზაციის დასაფუძნებლად სულ რაღაც 250 000 ლარია, რაც საკმაოდ დაბალი ბარიერია. ერთის მხრივ, ეს რა თქმა უნდა კარგია ბიზნესის წასახალისებლად და ახალი მოთამაშეების მოსაზიდად,  მეორეს მხრივ კი, საკმაოდ არასასიამოვნოა, რადგან ბაზარზე ძალიან ბევრი არაპროფესიონალი მოთამაშეა. საწყისი ეტაპისთვის ასეთი მიდგომა კარგი იყო, თუმცა ახლა, ჩემი აზრით დროა ეროვნულმა ბანკმა გაამკაცროს გარკვეული რეგულაციები. ჩვენი კაპიტალი თავიდანვე 3-ჯერ აღემატებოდა დადგენილ მოთხოვნას დღეს კი ის უკვე 2 მლნ-ზე მეტია.

 

– ბატონო გია, თქვენ საწყის ეტაპზე გახსენით სერვის ცენტრების ქსელი მთელი თბილისის მასშტაბით. ზოგადად, რამდენად სწრაფად შეძელით კომპანიის განვითარება?

 

– ორი სერვისცენტრი პირველივე წელს გავხსენით, რასაც მალე კიდევ  რამდენიმე მოჰყვა თბილისის სხვადასხვა უბანში. წლის ბოლომდე ან მომავალი წლის დასაწყისში კიდევ ერთი ცენტრის გახნას ვაპირებთ. 2016 წელს კი, თბილისის ფარგლებს გავცდებით და პირველ ფილიალს რუსთავში გავხსნით. კიდევ ორ სტრატეგიულ ცენტრად ქუთაისი და ბათუმი ავირჩიეთ. ამით გარკვეულწილად პირველი ეტაპი დასრულდება და ჩვენც ყველა მსხვილ ურბანულ წერტილებში ვიქნებით წარმოდგენილი. კომპანია სულ სამი წლისაა, შესაბამისად განვითარების პროცესიც გარკვეულ პრობლემებთანაა დაკავშირებული, ამიტომ ვცდილობთ მაქსიმალურად ფრთხილად და ფაქიზად გავიაროთ ეს ეტაპი. როცა ჩვენი სერვის ცენტრები საკმარის რაოდენობას მიაღწევს, მერე დავფიქრდებით და ან რეგიონებში შევალთ ახალი – სოფლის მეურნეობის განვითარების მიმართულებით ან ისევ ქალაქში გაფართოებაზე მოვახდენთ კონცენტრირებას. როგორც იცით სოფლის მეურნეობა დღეს ქვეყნისთვის საცოცოხლოდ მნიშვნელოვანი სფეროა. საკმაოდ ბევრი ფონდი არსებობს ამ კუთხით, რომლებიც კომპანიებს აფინანსებენ, დაფინანსება კი, როორც წესი ბევრად უფრო რბილი და მოქნილია. ეს კიდევ ერთი სტიმულია მიკო საფინანსო ორგანიზაციებისთვის, რათა საკუთარ მომსახურებაში სასოფლო-სამეურნეო ტიპის სესხებიც შეიტანოს.

 

– სამწლიანი პერიოდი რომ შევაჯამოთ და ლარის დევალვაცია გავითვალისწინოთ, რა ვითარებაა მომხმარებელთა მატების ან კლების თვალსაზრისით?

 

– ჩვენ ვახერხებთ და ყოველწლიურად საშუალოდ 40%-ით ვიზრდებით. თუმცა, გვესმის, რომ ეს მხოლოდ საწყის ეტაპზეა მარტივი. მომხმარებელთა რაოდენობასაც ვზრდით, მაგრამ ლარის დევალვაციამ სხვებთან ერთად ჩვენზეც უარყოფითად იმოქმედა განსაკუთრებით პირველ ეტაპზე. მომხმარებელი ძალიან დაბნეული იყო, რადგან უმეტესობას სესხი ამერიკულ დოლარში ჰქონდა აღებული შემოსავალი კი, ლარში და შესაბამისად სესხიც გაუძვირდათ. იძულებული გავხდით გარკვეულ დათმობებზე წავსულიყავით – გავაგრძელეთ ვადები და შევამცირეთ განაკვეთი. რა თქმა უნდა, ეს წამგებიანია ჩვენთვის, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი კლიენტებისთვის მიმზიდველი პირობების შეთავაზებაა.

 

– არის თუ არა დღევანდელი ბიზნესგარემო ხელსაყრელი ბიზნესის განვითარებისთვის?

 

– ზოგადად ბიზნესზე რთულია საუბარი, თუმცა, ჩვენი ბიზნესისთვის ჯერჯერობით ისევ ხელსაყრელია. მიკრო საფინანსო ბაზარი ისევ ვითარდება, მართალია ტემპი გასულ წლებთან შედარებით შემცირდა და მოგებაც იკლო, მაგრამ ეს ბაზარი ჯერ კიდევ მიმზიდველია. 80-ზე მეტი მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა დარეგისტრირებული რაც სწორედ მის მომგებიანობაზე მეტყველებს.

 

– რამდენი ადამიანია დასაქმებული თქვენს კომპანიაში?

 

– დღეს 50-მდე ადამიანია დასაქმებული. მომავალ წელს ორი ფილიალის გახსნას და კიდევ 20 ადამიანის დასაქმებას ვგეგმავთ. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ძალიან რთული აღმოჩნდა პროფესიონალი კადრების მოძიება. ვცდილობთ ბანკებიდან მოვიზიდოთ პროფესიონალები, თუმცა, არც ისე ადვილია კონკურენციის გაწევა, რადგან მათი შესაძლებლობები ბევრად აღემატება ჩვენსას. ძალიან გაგვიჭირდა მაღალკვალიფიციური მენეჯერის მოძიება, სპეციალური კომპანიაც კი დავიქირავეთ შესაბამისი კადრის მოსაძიებლად. უცნაურია, ერთის მხრივ ქვეყანაში უმუშევრობაა, მეორეს მხრივ კი – ძალიან რთულია პროფესიონალი კადრის პოვნა.

 

– როგორია სამუშაო პროცესი თქვენს კომპანიაში, არის თუ არა გუნდური მუშაობა წარმატების ერთ-ერთი მთავარი პირობა?

 

– რა თქმა უნდა, გუნდური მუშაობის გარეშე შეუძლებელია წარმატების მიღწევა. თუმცა, არის კიდევ მეორე პრინციპი – ტოპ-მენეჯმენტის კავშირი ყველა დონის თანამშრომლებთან. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ დაქირავებული კმაყოფილი იყოს თავისი სამსახურით, თანამშრომელთა უმრავლესობის უკმაყოფილება ყოველთვის მენეჯმენტის სერიოზულ შეცდომაბზე მიუთითებს. ჩვენ სპეციალური საიტი გვაქვს, სადაც ნებისმიერს ანონიმურად შეუძლია გამოთქვას საკუთარ აზრი, მენეჯერები კი გაიგებენ, რას ფიქრობენ მათზე თანამშრომლები.

 

– ბატონო გია, როგორ ხვდებით ახალ წელს და რა საახალწლო შემოთავაზებები აქვს თქვენს კომპანიას?

 

– ჩვენ ტრადიციულად გვაქვს საახალწლო აქციები და არც წლევანდელი წელი იქნება გამონაკლისი. ახალ კლიენტებს, ვინც 31 დეკემბრამდე მოგვამრთავს სესხისთვის, მოეხსნება პირველი თვის პროცენტი, უკვე არსებულ კლიენტებს კი, ვინც 12 თვის განმავლობაში, დაგვიანების გარეშე დაფარავს სესხს, ბოლო თვეს გაუუქმდება გადასახადი.

 

– ბატონო გია, როდის აირჩიეთ ბიზნესი საკუთარი მოღვაწეობის სფეროდ?

 

– გადაწყვეტილება მეტწილად იმ სირთულეებით იყო ნაკარნახევი, რომელიც იმ პერიოდში ჩვენს ქვეყანაში არსებობდა. საკმაოდ სერიოზულ წარმატებებს მივაღწიე ჩემს ძირითად პროფესიაში, ამიტომ ძალიან  გული დამწყდა, როცა მისი მიტოვება მომიწია. დღეს ბანკირი ვარ, თუმცა ძალიან დიდხანს ვეძახდი საკუთარ თავს ფიზიკოსს.

 

– რა კრიტერიუმებით სარგებლობთ თანამშრომლების შერჩევისას?

 

– ჩემი აზრით, მთავარი გახსნილი გონებაა, რადგან სწორედ ესაა ყველაფრის საწინდარი.

 

– რამდენადაც ვიცი, კომპანიაში სპეციალური თრეინინგ-კურსები გაქვთ. რამდენად სასარგებლოა ეს თქვენი კომპანიისთვის?

 

– პრაქტიკულად ყველა ჩვენი თანამშრომელი გადის სამთვიან თრეინინგ-კურსს და გარკვეულ ცოდნასთან ერთად გამოცდილებასაც იღებს. ასე ვცდილობთ იმ დეფიციტის შევსებას, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაშია პროფესიონალი კადრების სფეროში.

 

– ბატონო გია, თქვენი აზრით როგორი ხელმძღვანელი ბრძანდებით?

 

– ვფიქრობ, არ ვარ მკაცრი. ჩემი, როგორც ხელმძღვანელის მთავარი ამოცანა – კოლექტივისთვის და განსაკუთრებით ტოპ-მენეჯმენტისთვის იმ რწმენის ჩამოყალიბებაა, რომ ისინი აუცილებლად შეძლებენ სერიოზული შედეგების მიღწევას.

 

– ბატონო გია, რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

 

– რა თქმა უნდა ანალიზის და დაგეგმვის გარეშე არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ იმდენად სწრაფ პირობებში გვიწევს მუშაობა, რომ სწრაფი გადაწყვეტილების მიღების გარეშე უბრალოდ შეუძლებელია წარმატების მიღწევა.

 

ბლიც–კითხვები:

 

– რა სლოგანი აქვს მიკრო ბიზნეს კაპიტალს?

 

– ”როცა იცი ფულის ფასი!”

 

–  გაქვთ თუ არა ჰობი, რომელსაც არასდროს ღალატობთ?

 

– ფეხბურთი, მართალია ძველებურად ვეღარ ვახერხებ თამაშს, მაგრამ ძალიან მიყვარს.

 

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

 

– ძალიან ხშირად ვუმეორებ საკუთარ თავს: ”ჩვენ თუ არა, აბა ვინ?!”

 

პირველი სიტყვა, რომელსაც ყველაზე უკმაყოფილო კლიენტს ეტყოდით?

 

– იმედი მაქვს, უკმაყოფილო კლიენტები არ გვეყოლება, მაგრამ თუ მაინც იქნება, ვეტყოდი: ”სცადეთ კიდევ ერთხელ!”.

 

– თქვენს გამოცდილებას თუ გავითვალისწინებთ, რა არის აუცილებელი წარმატების მისაღწევად?

 

– ჩემი აზრით, აუცილებელია გაგება, იმისა რომ ბიზნესი მუდმივი შეჯიბრი და მრავალი წინააღმდეგობაა. თუ ერთის მხრივ, კარგად არ იცნობ იმ პოტენციონალურ კონკურენტებს, ვისაც ეჯიბრები, მეორეს მხრივ კი – ადეკვატურად ვერ აფასებ საკუთარ შესაძლებლობებს, ვფიქრობ ძალიან რთული იქნება წარმატების მიღწევა. გარდა ამისა, ყველამ უნდა გააცნობიეროს, რომ წარმატება არც ერთ თვეში მოდის, არც ერთ წელიწადში და მზად უნდა იყოს ხანგრძლივი მუშაობისთვის, ასე რომ აუცილებელია მიზანდასახულობა და შრომისმოყვარეობა.

 

– ბატონო გია, რა საჩუქარს ელოდებით ახალ წელს?

 

– ვფიქრობ ახალი წლის დღესასწაულებზე მე თვითონ ვიქნები თოვლის ბაბუა. დღეს მე თოვლის ბაბუად ყოფნა უფრო მიხარია, ვიდრე საჩუქრების მიღება.

 

აუდიო ჩანაწერი

 

 

0939bc63-0100-4e8c-8bef-fb37cdfc3958

d74d793b-17b2-4a57-9b85-c4fa55bcefd4

effade87-139d-4648-988d-66afa3d53af8

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები