გიორგი ჯავრიშვილი: „მოექეცით პაციენტებს ისე, როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს და ყველაფერი კარგად იქნება”

გიორგი ჯავრიშვილი: „მოექეცით პაციენტებს ისე, როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს და ყველაფერი კარგად იქნება”

14 ნოემბერს რადიო „ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა” კლინიკა „ოფთალმიჯის” ხელმძღვანელი,  მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი, ბატონი გიორგი ჯავრიშვილი სტუმრობდა.

მონაცემები:

1973-1980 – სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტზე

1987-1995 – სწავლობდა მოსკოვის თვალის მიკროქირურგიის ფიოდოროვის სახელობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში

1987-1991 – გაიარა ორდინატურა და ასპირანტურა

1991 – დაიცვა საკანდიდატო დესერტაცია

1992-1996 – გაიარა დოქტურანტურა

2005 – დაიცვა სადოქტორო დესერტაცია

2006 – გახდა სვიატოსლავ ფიოდოროვის პრემიის ლაურეატი

2002-2007 – მუშაობდა დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში ოფთალმოლოგიის სასწავლო კურსის მოწვეულ პედაგოგად

2011-2016 – მუშაობს დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტში ოფთალმოლოგიის სასწავლო კურსის პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე

1996-2016 თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ”ოფთალმიჯის” ხელმძღვანელი.

* * *

– ბატონო გიორგი, როგორ დაარსდა კლინიკა ”ოფთალმიჯი”?

– პირველი და სათავო კლინიკა 1996 წელს დავაარსეთ, მერე კი, ფილიალები გავხსენით საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის ქუთაისსა და ბათუმში. დღეს უკვე 11 ფილიალი გვაქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით. რა თქმა უნდა, გარკვეული სირთულეები იყო, მაგრამ თუ სურვილია, ნებისმიერი სირთულის მოგვარება შეიძლება. ჩემი აზრით, წინაღობები ყველა საქმის თანმდევი უნდა იყოს, სხვანაირად განვითარება უბრალოდ შეუძლებელია.

– როგორია სოციალური კულტურა რეგიონებში და რამდენად ბევრი პაციენტი გყავთ?

15025453_1356354094384218_5645967422851088294_o– კატარაქტა პრაქტიკულად ეპიდემიათაა ქცეული ჩვენს ქვეყანაში და 60-70 წელს გადაცილებიულ თითქმის ყოველ მეორე ადამიანს აღენიშნება. კლინიკის გახსნის დღიდან ჩვენი მთავარი მიზანი პაციენტების საუკეთესო მომსახურება იყო. ფილიალების გახსნით კი, გვინდოდა ყველასთვის ხელმისაწვდომი გაგვეხადა მკურნალობა და არა პაციენტების საძებნი გავმხდარიყავით, არამედ თვითონ მივსულიყავით მათთან. თუმცა, რადგან  ყველა ქალაქსა და რაიონში ფილიალის გახსნა შეუძლებელი აღმოჩნდა, ამიტომ 2000 წელს ქუთაისის ავტოქარხანაში მოძრავი საოპერაციო ბლოკი გავაკეთეთ, რომლის დახმარებით რამდენჯერმე მოვიარეთ საქართველოს თითქმის ყველა რეგიონი, ხულოს, ყაზბეგის და სხვა რთულად მისასვლელი რაიონების ჩათვლით. უნდა ვაღიარო, რომ იდეა ფიოდოროვის მოსკოვის კლინიკას ”მოვიპარე”. მახსოვს, როცა ”ოფთალმიჯი” გავხსენით და მაღალმთიანი რეგიონის პაციენტები ოპერაციის ჩასატარებლად მოვიწვიეთ, ძალიან ცოტა ჩამოვიდა. მოგვიანებით, ჯანდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით უფასო ოპერაციების ჩატარების საშუალება მოგვეცა და მართალია, პაციენტების რიცხვი გაიზარდა, მაგრამ საერთო ჯამში მაინც საკმაოდ ცოტა იყო, რადგან მათთვის რთული აღმოჩნდა თბილისში ჩამოსვლა, ჩვენი მისვლის შემდეგ კი, უამრავი წარმატებული ოპერაცია განხორციელდა.

– „ოფთალმიჯმა” საკმაოდ ბევრი ნოვაცია დანერგა, რომელთა შორის თვალის ბადურის დაავადებების მკურნალობაც იყო არგონ-ლაზერის გამოყენებეთ. დღესაც საკმაოდ აქტიურად ცდილობთ აუწყოთ ფეხი მსოფლიო სიახლეებს. რამდენად რთულია, თუნდაც ტექნოლოგიურად აჰყვეთ მსოფლიო მიღწევებს და იყოთ ყოველთვის მოწინავე პოზიციაზე?

– მაღალი დონის კლინიკის შექმნის, მისი შენარჩუნებისა და მუდმივი წინსვლისთვის ორი რამაა საჭირო. პირველი – კლინიკა დიდ ქვეყანაში უნდა იყოს, ანუ უფრო მეტი პათოლოგია უნდა არსებობდეს. მეორე კი –  გადახდისუნარიანი პაციენტების არსებობაა.  სამწუხაროდ, საქართველოში არც ერთია, არც მეორე, ამიტომ საკმაოდ რთულია ავუწყოთ ფეხი ტექნოლოგიურ პროგრესს. მაგალითად, ბოლო პერიოდში ოფთალმოლოგიურ ბაზარზე ძალიან აქტუალურია ფემტოლაზერი, რომელიც მართალია საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ჩვენ მაინც დავნერგეთ ჩვენს კლინიკაში და უკვე რამდენიმე თვეა ვმუშაობთ. ზოგადად ნებისმიერ შენაძენს ორმაგი დანიშნულება აქვს, პირველ რიგში ის კომერციულად უნდა იყოს მომგებიანი, ჩვენთვის კი, ეს ნაკლებად მომგებიანია. მეორე და განსაკუთრებული – მისი საიმიჯო დანიშნულებაა. კლინაკას, რომელსაც პრეტენზია აქვს უმაღლეს დონეზე აუცილებლად მაღალტექნოლოგიურად უნდა იყოს აღჭურვილი. დღეს ჩვენს კლინიკაში ყველაფერი ისეა დაკომპლექტებული, როგორც თუნდაც საფრანგეთის ან ამერიკის საუკეთესო კლინიკებში.

– რამდენადაც ვიცი, საკმაოდ აქტიურად ხართ ჩართული ქველმოქმედებაში. რა მიმართულებით მუშაობთ ამ სფეროში და რამდენად რთულია ქველმოქმედებაზე კონცენტრირება, როცა ისედაც უამრავი საქმეა გასაკეთებელი?

– რა თქმა უნდა, რთულია, მაგრამ ქველმოქმედება ნებისმიერ საქმიანობს თან ახლავს, რადგან ერთი მეორეს არა თუ გამორიცხავს, არამედ  პირიქით – ავსებს. არ შეიძლება აქცენტის მხოლოდ კომერციაზე გაკეთება, ზუსტად ისე, როგორც არ შეიძლება აქცენტირებული იყო მხოლოდ ქველმოქმედებაზე. ორივე სფერო ერთნაირად უნდა იყოს განვითარებული და ჩვენც სწორედ ასე ვმოქმედებთ.

– გაქვთ თუ არა ქველმოქმედების სპეციალური პროგრამა და რამდენად ხშირად აწყობთ ამგვარ აქციებს?

– ზოგადად, ქველმოქმედება საკმაოდ ფართე მცნებაა, რომელიც სხვადასხვა ფორმით ხორციელდება. ჩვენ ქველმოქმედების ასეთი ფორმა შევიმუშავეთ – ჩვენი ბრიგადები რაიონებში გადიან და პაციენტებს უფასოდ ემსახურებიან. აუცილებლად მინდა ავღნიშნო, რომ ძალიან კარგად მუშაობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, როდემდე გაგრძელდება არ ვიცი, მაგრამ ის, რაც აქამდე გაკეთდა, მართლაც ძალიან კარგი იყო და კლინიკებიც პრაქტიკულ „ოაზისურ” პირობებში ვართ, რაც გარკვეული რისკის გაწევის საშუალებასაც გვაძლევს.

– თქვენი აზრით, მედიცინის რომელი დარგს სჭირდება უფრო მეტ განვითარება და რომელია დღეს წამყვან პოზიციაზე?

– დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ლიდერის პოზიციას მთელი მსოფლიოს მასშტაბით დღეს ოფთალმოლოგია ფლობს. გამომდინარე აქედან, ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ საზღვარგარეთ დანერგილი ტექნოლოგიების საქართველოში შემოტანას.

– თქვენი აზრით, რამდენად საკმარისია საქართველოში მიღებული განათლება პროფესიონალად ჩამოყალიბებისთვის, თუ აუცილებელია კვალიფიკაციის უცხოეთში ამაღლება?

15110489_1356353374384290_253238508363175855_o– ჩემი აზრით, უცხოეთში მიღებული განათლების გარეშე ძალიან რთულია წინსვლა და განვითარება. რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს საბაზისო განათლებას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია გამოცდილების სწორედ იმ ”სამზარეულოში” შეძენა, სადაც ტექნოლოგიები იქმნება. პირველ რიგში, ეს მედიცინას ეხება და ამ მხრივ ძალიან გვეხმარება როგორც საერთაშორისო კონფერენცები, ისე პირდაპირი მიზნობრივი სტაჟირება. ჩვენი კლინიკის ყველა ექიმს რამდენიმეწლიანი კურსი აქვს გავლილი საზღვარგარეთ.

– საერთო ჯამში რამდენ ექიმს აერთიანებს ”ოფთალმიჯი”?

– რეგიონების ჩათვლით ”ოფთალმიჯში” დაახლოებით 20 ექიმია.

– აუცილებლად უნდა გკითხოთ მედიცინის და კულტურის შერწყმაზე. თქვენ როგორ შეძელით ფერწერისა და ოფთალმოლოგიის გაერთიანება?

– მე მხატვრების ოჯახში გავიზარდე. მამიდა – რუსუდან ჯავრიშვილი და დედას ბიძა – დავით წერეთელი, საკმაოდ ცნობილი მხატვრები იყვნენ და სწორედ მე ჩამაბარეს საკუთარი ნამუშევრები საპატრონოდ, რომელთაც მოვლაც სათანადო სჭირდებოდა და გამოფენების მოწყობაც. კლინიკის მშენებლობასთან ერთად, საგამოფენო დარბაზზეც დავიწყე ფიქრი. გარკვეული მონახაზი უკვე მქონდა, როცა მეგობარი ბიზნესმენები მესტუმრნენ კლინიკის სანახავად. პირველი სართული, სადაც ოფთალმოლოგია იყო გაშლილი, ძალიან მოიწონეს, მეორე სართულზე კი, გაუკვირდათ, როცა ამხელა საგამოფენო დარბაზი აღმოაჩინეს. გულწრფელად მითხრეს, რომ ჩემი გათვლა არასწორი იყო და არასდროს მექნებოდა მოგება. თავიდან, ფერწერა მხოლოდ გატაცება მეგონა, თუმცა, როგორც ჩანს სწორედ ეს იყო მთელი ცხოვრების აზრი. მართალია, მოგვიანებით ყველამ მოიწონა ჩემი ჩანაფიქრი, მაგრამ  მაინც არასწორ მარკეტინგულ ნაბიჯად ჩამითვალეს.

– დღეს, ყურადღების ცენტრში თქვენი ფერწერულ კონკურსი ”ჟირაფია”. დაჯილდოვების ცერემონია ერთხელ უკვე გაიმართა. რამდენად ხშირი იქნება ამგვარი ღონისძიება და არის თუ არა ცნობილი მონაწილეთა ვინაობა?

– დაჯილდოების ცენემონია პირველად შარშანწინ ჩატარდა. კონკურსის ორგანიზატორი მხოლოდ მე ვარ, თავიდანვე ვიფიქრე, რომ შესაძლოა ღონისძიება ყოველ წელს ვერ გამართულიყო და მისი ჩატარებაც ორ წელიწადში ერთხელ დავგეგმე. მორიგი ”ჟირაფი” ივნისში გაიმართება. მზადება უკვე დაწყებულია, გარკვეული კორექტივებიც შევიტანეთ, რადგან პირევლი ცერემონიის შემდეგ, რამდენიმე წვრილმანი ხარვეზი გამოვლინდა. უკვე არსებულ ნომინაციებს – ფერწერა, გრაფიკა, ქანდაკება და წლის მხატვარი, ახალი ნომინაცია ”დამსახურებისთვის” დაემატა. პირველ სამ ნომინაციაში გამარჯვებულს ”ჟირაფის” ფიგურასა და გარკვეულ ფულად პრემიასთან ერთად, პარიზში ვიზიტიც დაემატა თვენახევრიანი  ცხოვრებით და მუშაობით.

– ბატონო გიორგი თავად თუ ხატავთ?

– არა, მე მხოლოდ საოპერაციოში მიწევს ”ხატვა”.

– რა გეგმები აქვს კლინიკას სამომავლოდ, აპირებთ თუ არა გაფართოებას და კიდევ რა სიახლეების დანერგვას ვარაუდობთ?

– სიმართლე ვთქვა, სწორედ ახლა მოხდა ჩვენს კლინიკაში ის გაფართოება, რომელსაც 2-3 წლის განმავლობაში სიფრთხილით ვეკიდებოდით. საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება და დავნერგეთ ფემტოლაზერი, რომელსაც ახლა განვითარება ჭირდება, რაც ვფიქრობ, დროთა განმავლობაში სულ უფრო წარმატებული იქნება. გარდა ამისა, ჩვენი მოძრავი კლინიკით და ფილიალებით, უკვე ჩავატარეთ უამრავი ოპერაცია საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში.

– რა მთავარი თვისებებით აფასებთ თანამშრომლებს, თქვენი აზრით, რა განსაზღვრავს პროფესიონალიზმს პირველ რიგში?

– მთავარი თვისება ისაა, რაც არ ისწავლება ანუ პაციენტთან ურთიერთობის ფორმა. ბევრჯერ მითქვია ჩვენი ექიმებისთვის, „მოექეცით პაციენტებს ისე, როგორც საკუთარი ოჯახის წევრებს და ყველაფერი კარგად იქნება”. ჩვენს კლინიკაში მთავარი ადამიანური ურთიერთობაა, რომლის სერიოზული დეფიციტია მთელ ქვეყანაში და ნებისმიერ სფეროში. მთავარია, ადამიანმა კარგად იგრძნოს თავი შენს გვერდით, პირველ რიგში კი, ეს ექიმისა და პაციენტის ურთიერთობას ეხება.

– როგორი ხელმძღვანელი ბრძანდებით?

15123434_1356353967717564_6465021971423500269_o– ვფიქრობ, საკმაოდ კომფორტული.

– როგორ ახერხებთ სამსახურში განტვირთვას, გაქვთ თუ არა სპეციალური ადგილი?

– საკონფერენციო დარბაზში ავდივარ, მუსიკას ვრთავ და 10-15 წუთი ვისვენებ. სხვათაშორის, ჩვენი საგამოფენო დარბაზის ერთი ნაწილი იატაკთან ერთად მინისაა, საიდანაც საოპერაციო ჩანს. ხშირად ვხუმრობ, „იქ მხედველობას ვაძლევთ, აქ კი, სახვითი ხელოვნება გვაქვს-მეთქი”. სხვა დარგის ექიმი რომ ვყოფილიყავი, ალბათ არ გავაკეთებდი ასეთ დარბაზს, ”ვიზუალი” კი, ერთნაირად ეხება ოფთალმოლოგიასაც და მხატვრობასაც.

– როგორ იწყება თქვენი დილა?

– ჩემი მამა ანდაზა-ნაკვესების ავტორი იყო, მოგვაინებით მისი წიგნიც გამოვეცი. მისი ერთ-ერთი ანდაზა ასეთი იყო: ”ბედნიერია კაცი, რომელსაც გათენება უხარია და დაღამება სწყინს”.

– თქვენი აზრით, როგორი უნდა იყოს ჯანსაღი ცხოვრება მათთვის, ვისაც  გადატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს და რა უნდა გავითვალისწინოთ პირველ რიგში?

– ვფიქრობ, მთავარი ფიზიკური აქტივობაა, რომელიც ყველას გვაკლია. სხვათაშორის, ჩვენ კლინიკაში სავარჯიშო დარბაზიც გვაქვს. ძალიან რთულია ექიმს სამუშაო დღის შემდეგ დარჩენა მოსთხოვო, თუმცა მათი დღე ჩემს განკარგულებაშია, ამიტომ ვთხომვ, რომ ბოლო საათი სწორედ დარბაზში გაატარონ. რა თქმა უნდა, არა პაციენტის ჯანმრთელობის ხარჯზე.

– მხატვარ შალვა ქიქოძეზე მინდა გკითხოთ, რომლის საქართველოში გადმოსვენების სურვილი გქონდათ, თუმცა, გარკვეული პრობლემები შეგექმნათ.  

– გასული საუკუნის 20-იან წლებში ახლად ჩამოყალიბებულმა დამოუკიდებელმა საქართველომ სამი მხატვარი – ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაზე და შალვა ქიქოძე რამდენიმე წლით საფრანგეთში გაგზავნა სასწავლებლად. ქიქოძე, რომელიც არა მარტო კარგი მხატვარი, არამედ კარგი ესეისტი და პოეტიც იყო, 27 წლის ასაკში გარდაიცვალა და ფრაიბურგში დაიკრძალა. მონოგრაფია წავიკითხე მის შესახებ და  ძალიან მომინდა საქართველოში დაბრუნება. თუმცა, გადმოსვენება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ფრაიბურგის დაბომბვის შემდეგ, იქ უამრავი გარდაცვალი დაიკრძალა. მერიასთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, კონკურსი გამოვაცხადეთ, გამარჯვებული გამოვავლინეთ და რამდენიმე თვეში ალექსანდრეს ბაღში, ცისფერ გალერეასთან ახლოს, შალვა ქიქოძის ძეგლიც დაიდგმება.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– ზოგადად საკითხზეა დამოკიდებული. თუმცა, არ შემიძლია დიდხანს ფიქრი. თუ იდეა მომეწონა, ის აუცილებლად სწრაფად უნდა გადავწყვიტო და განვახორციელო.

ბლიც-კითხვები:

– რა პროფესიას შეითავსებდით საკმარისი დრო რომ გქონდეთ?

– ალბათ რეჟისორი ვიქნებოდი და ფილმებს გადავიღებდი.

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად იმეორებთ დღის განმავლობაში”

– ”სად ხარ კაცო, ამდენი ხანი?”

– რომელია თქვენი სამაგიდო წიგნი?

– ბევრი წიგნი მიყვარს, თუმცა მამას ანდაზა-ნაკვესები მთელი ცხოვრება მომყვება.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– რამდენიმე წლის წინ ახალგაზრდა ქალბატონმა ძალიან სერიოზული ინტერვიუ ჩაწერა ჩემთან და ბოლოს მკითხა, თუ როგორი ქალები მომწონდა. ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის ამგვარი შეკითხვა, მაგრამ სწრაფად ვუპასუხე, საინტერესო-მეთქი. სწორედ ამაზე ვფიქრობდი ახლა.

– საჩუქრის მიღება უფრო დიდ სიამოვნებას განიჭებთ თუ გაცემა?

– ერთმნიშვნელოვნად გაცემა.

– გეხერხებათ თუ არა საჭმლის მომზადება და რომელია თქვენი საყვარელი კერძი?

– ნამდვილად არ მეხერხება და არც განსაკუთრებული გურმანი ვარ.

– როგორ ისვენებთ საღამოს, აუზზე მიდიხართ თუ ბარში ატარებთ დროს მეგობრებთან ერთა?

– ჯერ აუზზე მივდივარ, მერე კი ბარს ვსტუმრობ მეგობრებთან ერთად.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უბდა ჰქონდეს ადამიანს ნებისმიერ სფეროში წარმატების მისაღწევად?

– საკმაოდ რთული კითხვაა და ვერც მე ვიქნები ორიგინალური. ვფიქრობ, მთავარი პროფესიის სწორად არჩევა, არანაკლებ მნიშვნელოვანია იღბალიც. ჩემი აზრით, ადამიანს აუცილებლად უნდა უყვარდეს საქმე, რომელსაც აკეთებს და ყოველდღე სიამოვნებით უნდა მუშაობდეს.

გადაცემის ჩანაწერი

 

15 ნოემბერი, 2016

სხვა ჩანაწერები