LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი კეკელიძე: “ჩემი წიგნი ყველანაირი ეპატაჟის გარეშე გახდა პოპულარული”

3

16 თებერვალს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM”-ს გიორგი კეკელიძე სტუმრობდა.

პოეტი, პროზაიკოსი და ესეისტი, ლექტორი და ტელეწამყვანი გიორგი კეკელიძე 1984 წლის 10 აპრილს დაიბადა ოზურგეთში. დაამთავრა სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი ჰუმანიტარულ მეცნირებათა მაგისტრის ხარისხით. 2008 წელს გამოსცა პოეტური კრებული ”ოდები”, 2012 წელს კი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გახდა. არის წინანდლის და საბას პრემიების მფლობელი, ელექტრონული ბიბლიოთეკის Lib.ge-ს დამფუძნებელი და ქართული ბესტსელერის ”გურული დღიურები” ავტორი.

უყვარს მოგზაურობა და ფილმების ყურება, მიიჩნევს, რომ პოეზიაში  უფრო მეტი გააკეთა, ვიდრე პროზაში. მისმა ”გურულმა დღიურებმა” კი გაამართლა, რადგან ახლოს მივიდა მკითხველთან და ქართულ ლიტერატურაში ყველა დროის ერთ-ერთ ბესტსელერად იქცა. როგორც თავად გიორგი ამბობს, დღე-ღამეში სულ რამდენიმე საათი სძინავს, რადგან ძალიან ბევრი აქვს მოსასწრები. უყვარს მკითხველთან ურთიერთობა, სიამოვნებით უსმენს და პასუხობს მათ კითხვებს.

– გიორგი, თქვენი აზრით რამდენად მნიშვნელოვანია მწერლისთვის პოპულარობა?

– მემგონი საჭიროა, რადგან თუ ადამიანი რამეს აკეთებს, ამას სხვისთვის გასაზიარებლად აკეთებს, სხვა შემთხვევაში ყველაფერს საკუთარ თავში შეინახავდა. როცა მწერალი წერას იწყებს, ის სხვა ადამიანებზე ფიქრობს, ბევრისთვის შესაძლოა ეს არც ისე მნიშვნელოვანია, თუმცა, ჩემი აზრით რაც უფრო მეტი მკითხველი ეყოლება წიგნს, მით უფრო მეტი განათლებული ადამიანი იქნება, რაც ქვეყანასაც გამოადგება.

– როგორ ფიქრობთ, რა მდგომარეობაშია დღეს ქართული მწერლობა?

– ვერ ვიტყოდი, რომ ცუდ მდგომარეობაშია, თუმცა რამდენიმე მნიშვნელოვანი ელემენტი მაინც აკლია. პირველ რიგში, ეს ქვეყნის განვითარებაა, რადგან ურბანული გარემო პირდაპირ კავშირშია ლიტერატურის განვითარებასთან, რაც მსოფლიო ლიტერატურის იტორიამაც დაადასტურა. არანაკლებ მნიშვნელოვანია ქართული მწერლობის აქტიურობა საზღვარგარეთის ბაზრებზე. ეს სამარცხვინო ტერმინი არაა. ჩვენ ხშირად გვაქვს განცდა, თითქოს სიტყვები ”ბაზარი” და ”ბიზნესი” წიგნს არ უხდება, რადგან ბევრისთვის ის, მაინცდამაინც მაღალფარდოვნებასთან ასოცირდება. სინამდვილეში, წიგნი ისეთივე პროდუქტია, როგორც ბევრი სხვა და აუცილებლად უნდა გაიყიდოს, რათა იარსებოს გამომცემელმა, ჰონორარი მიიღოს ავტორმა და ყველამ, ვინც წიგნზე მუშაობდა. ჩვენ საკუთარი ლიტერატურული ცხოვრება უნდა დავგეგმოთ და ის სივრცე გავიანგარიშოთ, რომელშიც ვარსებობთ. გვჭირდება პიარ-აგენტები და შესაბამისი კვალიფიკაციის პროფესიონალები, სხვა შემთხვევაში, ავტორს ყველაფრის საკუთარ თავზე აღება მოუწევს, რაც ჩემი აზრით სწორი არაა.

– მინიმუმ რამდენი ეგზემლარი უნდა გაიყიდოს, წიგნი ბესტსელერად რომ ჩაითვალოს?

– ჩემი აზრით, 5 000 გაყიდული წიგნი უკვე ბესტსელერია, რაც საკმაოდ სერიოზულ მიღწევად ითვლება, განსაკუთრებით ქართველ მწერლებთან მიმართებაში. ამასაც თავისი მიზეზები აქვს. ერთის მხრივ ეს მოსახლეობის ფინანსების სიმცირით აიხსნება, მეორეს მხრივ – წიგნმა, როგორც ფენომენმა დაკარგა აქტუალურობა. არსებობს ონლაინ-სივრცეც, სადაც მსურველები მათთვის საინტერესო ნაწარმოებებს ეცნობიან. რაც შეეხება ჩემს ”გურულ დღიურებს” – ის 18 000 ეგზემპლარად გაიყიდა და ყველა რეკორდი მოხსნა. დამატებით გამოვიდა 3 000 ეგზემპლარი ის ისიც თითქმის ამოწურულია. გადავწყვიტე წიგნიდან შემოსული თანხა ლეიკემიით დაავადებულთა ფონდს გადავცე, კარგი თუ ამ წამოწყებას სხვა გამომცემლებიც აუბამენ მხარს.

– თქვენი აზრით, რატომ არ იქნება ქართულ მწერლობაში სასიყვარულო რომანები?IMG_1617

– საინტერესო კითხვაა. გამორჩეული რომანტიკული პერსონაჟები ქართულ ლიტერატურას მართლაც არ ჰყავს. არ ვიცი, შესაძლოა ეს რომანტიზმის შიშით ან პოსტმოდერნიზმის ცინიკურობითაა გამოწვეული. კარგი იქნებოდა თუნდაც ისეთი გროტესკული პერსონაჟების არსებობა, როგორებიც მაგალითად ლუარსაბი და დარეჯანი არიან.

– ახალგაზრდა თაობაზე მინდა გკითხოთ, როგორ ფიქრობთ აქვთ მათ წიგნთან ურთიერთობის პრობლემა?

– ძალიან საინტერესო სტატისტიკა არსებობს – გამომცემლობის ხარისხის და აქტიურობის თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა ერთ-ერთი პირველია რეგიონშიც და პოსტსაბჭოთა სივრცეშიც, განათლების მხრივ კი, საქართველო ძალიან ბევრ ქვეყანას ჩამორჩება. ამის მიზეზი ჩემი აზრით ისაა, რომ წიგნი არაა მასობრივი და მას მხოლოდ გარკვეული სეგმენტი კითხულობს. ახალგაგაზრდა თაობის გარკვეულ ნაწილს მართლაც აქვს განათლების პრობლემა და ეს სკოლების ნაკლია. ჩვენ ჯერ კიდევ ვერ შევძელით განათლების სისტემის შეცვლა. თუმცა, ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი და განათლებული ახალგაზრდაა, სხვათაშორის, ბევრად უფრო განათლებული, ვიდრე მე ვიყავი მათ ასაკში. ისინი ჩვენზე თავისუფლები არიან და წიგნზეც უფრო მეტად მიუწვდებათ ხელი.

– რამდენადაც ვიცი, ჯერ არ ხართ დაოჯახებული, ამიტომ მინდა გკითხოთ, რას აფასებთ ყველაზე მეტად ქალში?

– კონკრეტული კრიტერიუმი არ მაქვს. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია იყოს ქალი საინტერესო, რადგან თუ ის საინტერესოა, მაშინ საკუთარი თავის მრავალმხრივ წარმოჩენის უნარიც ექნება.

– ვრცელდებოდა ხმები თქვენს პირად ცხოვრებაზე. გყავთ თუ არა დღეს საყვარელი ადამიანი და ხართ თუ არა ბედნიერი?

– საყვარელი ადამიანი მყავს, ბედნიერება კი, პირობითი ცნებაა, ამ თვალსაზრისით შემიძლია ვთქვა, რომ ბედნიერი ვარ. ყველანაირ ხმაურს გავერიდე, ძალიან ბევრი ჭორი გავრცელდა და ყველაფერი ეს გამაღიზიანებელი და საქმეში ხელისშემშლელი გახდა. დღეს მაქსიმალურად ვერიდები ინტერვიუებს, სადაც დეტალურად იკვლევენ ამ საკითხებს.

– თქვენი აზრით, რამდენად საჭიროა ეპატაჟი და სკანდალი წიგნის გასაყიდად?

– ჩემი წიგნის ერთ-ერთ ღირსებად სწორედ იმას ვთვლი, რომ ის ყველანაირი ეპატაჟის გარეშე გახდა პოპულარული. არიან მწერლები, ვისაც ჭირდება ეპატაჟი, არიან ისინიც, ვისი თვისობრივი მხარეც ეპატაჟია. ეს მათი საქმეა და მე ამაში დასაძრახს ვერაფერს ვხედავ. ეპატაჟური ავტორები როგორც წესი ცნობილები ხდებიან, მაგრამ მათი წიგნები ნაკლებად იყიდება.

– ”გურული დღიურების” გამოსვლის შემდეგ, თქვენგან ყველა რაღაც ახალს ელოდა. რამდენად გაამართლა რომანმა ”სიკვდილი პიცერიაში”?

– ვფიქრობ, გაამართლა. მასობრივი გამოცემა იყო და მაღალი ტირაჟით გაიყიდა. ეს ერთგვარი ექსპერიმენტული ტიპის ტექსტები – შებრუნებული დეტექტივებია და თავისი მკითხველი შეიძინა. წიგნმა განსხვავებულ სეგმენტში შეაღწია, რადგან ეს თანამედროვე ცხოვრების ირონიული აღწერაა და ამიტომ საკმაოდ დიდი გამოხმაურებაც მოიპოვა.

 – რამდენადაც ვიცი კვირაში რამდენიმე დღეს რეგიონებში ატარებთ. რას ითვალისწინებს თქვენი მოძრაობა ”ეკვილიბრიუმი – სოფლის განახლებული ბიბლიოთეკები”? 

– ეს სოფლის ბიბლიოთეკების აღდგენის სახალხო პროგრამაა, რომელიც რომელიმე კონკრეტული ბიბლიოთეკის წიგნებით მომარაგებას და შეძლებისდაგვარად კომპიუტერებით აღჭურვას ითვალისწინებს. მოძრაობაში სხვადასხვა ორგანიზაციები არიან ჩართული, თუმცა ნებისმიერს შეუძლია მონაწილეობის მიღება, ვინც თუნდაც რამდენიმე წიგნს მოიტანს.

– ე.წ. ”ჩამოსულების” თემაზე რას იტყვით, რომელიც დღეს ძალიან აქტუალურია?

– პირადად მე საერთოდ არ მაინტერესებს ეს თემა, არ მაქვს კომპლექსები და არც არასდროს მქონია.

– სამომავლოდ რას გვიმზადებთ?

– ”გურული დღიურების” მეორე ნაწილს ვამზადებ. არ ვიცი, რამდენად ბესტსელერი გახდება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხარისხით ნამდვილად უკეთესი იქნება, რადგამ მასში ძალიან ბევრი და საინტერესო თემაა გაშლილი.   

გადაცემის ჩანაწერი

 

https://www.youtube.com/watch?v=SZsL_SvS234&feature=youtu.be

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები