გიორგი კერესელიძე: „სტუმრად მონატრებული ვარსკვლავი JAMIROQUAI გვეწვევა ახალი ალბომით”

გიორგი კერესელიძე: „სტუმრად მონატრებული ვარსკვლავი JAMIROQUAI გვეწვევა ახალი ალბომით”

21 მარტს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემის „არტ-FM“-ის სტუმარმა, „ისთერნ-ფრომოუშენის“ ხელმძღვანელმა გიორგი კერესელიძემ წლევანდელ შავი ზღვის ფესტივალზე ისაუბრა.

– ბატონო გიორგი, შარშან შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალმა იუბილე განსაკუთრებულად აღნიშნა, როგორი იქნება ფესტივალი წელს?

– წლევანდელი ფესტივალი ტრადიციულ ფორმატს დაუბრუნდება, შარშან გამონაკლისი დავუშვით და 10 წლის იუბილე, საკმაოდ პომპეზურად ორი უიკ-ენდითა და მრავალფეროვანი პროგრამით ავღნიშნეთ. წელს არანაკლებ საინტერესო პროგრამა გვექნება, სტუმრად მონატრებული ვარსკვლავი JAMIROQUAI გვეწვევა ახალი ალბომით, რომელსაც უკვე მეორედ ვუმასპინძლებთ.

– რამ გამოიწვია ბილეთებზე ფასის მომატება?

– სინამდვილეში, ფასი დიდად არ მომატებულა. უბრალოდ, შარშან, იუბილესთან დაკავშირებით გავაკეთეთ გამონაკლისი, რადგან გვსურდა რაც შეიძლება მეტ მსმენელს ჰქონოდა საყვარელი მუსიკოსების მოსმენის საშუალება, წელს კი, სხვა რეალობაა, ვალუტის კურსი შეიცვალა, რამაც ბილეთის ფასის გაზრდაც გამოიწვია, თუმცა, სხვა ქვეყნებთან  შედარებით, სადაც ანალოგიური კონცერტები იმართება, მაინც ბევრად იაფია. აქვე ავღნიშნავ, რომ წელს სიახლე გვაქვს – უსაფრთხოების ზომების დაცვასთან დაკავშირებით ბათუმის საჩოიგბურთო კლუბი ზონებად დავყავით და ბევრად კომფორტული გავხადეთ მაყურებლისთვის. წელს სამი ზონა იქნება: ყველაზე დიდი – ოქროს ზონა, რომელიც პირდაპირ სცენის წინაა, 3 ათასამდე მაყურებელს იტევს და აბონიმენტის მფლობელებს ყველა კონცერტზე დასწრების საშუალება ექნებათ, შედარებით მცირე – ვერცხლის ზონა და ყველაზე მცირე – VIP-ზონა.

– საინტერესოა, ახალ კომპოზიციებთან ერთად თუ შეასრულებს JAMIROQUAI ძველ და ყველასთვის ცნობილ ჰიტებს?

– რა თქმა უნდა, თავიდან რამდენიმე ახალ კომპოზიციას წარმოადგენს, რაც ახალი ალბომის ერთგვარი პრეზენტაცია იქნება, მერე კი, ძველი ჰიტები შესრულდება.

– JAMIROQUAI-თან ერთად კიდევ ვინ ეწვევა საქართველოს?

– როგორც უკვე ავღნიშნე, ფესტივალი ჩვეულ, ოთხდღიან ფორმატს დაუბრუნდა, რომელიც 27 ივლისს გაიხნება ამერიკელი მუსიკოსის CORY HENRY-ის კონცერტით, 28 ივლისს JAMIROQUAI წარმოადგენს ახალ ალბომს, 29-ში – ორი შოუ გაიმართება – ლეგენდარული DE LA SOUL-ის კონცერტამდე, ლორენ ჰილის ტრომბონისტი მეტიუ ჰარნეტი თავის ჯგუფთან ერთად წარსდგება მსმნელის წინაშე ერთსაათიანი პროგრამით, 30 ივლისს კი, ჯგუფი MF ROBOTS, და ბრიტანელი მუსიკოს JOSS STONE დახურავენ ფესტივალს.

– საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველ მუსიკოსებს ხომ არ ელით ფესტივალზე?

– მართალია, ჩვენ ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვიწვევთ საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველებს, მაგრამ გადატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე იშვიათად ახერხებენ ჩამოსვლას. თუმცა, ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით ჩავრთოთ ისინი თბილისის ფესტივალში.

23 მარტი, 2017

სხვა ჩანაწერები