გიორგი კერესელიძე: „თბილისის ჯაზფესტივალი წლის დაგვირგვინება იქნება”

გიორგი კერესელიძე: „თბილისის ჯაზფესტივალი წლის დაგვირგვინება იქნება”

8 ნოემბერს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM”-ს ისთერნ-ფომოუშენის დირექტორი გიორგი კერესელიძე სტუმრობდა, რომელმაც თბილისის ჯაზფესტივალზე ისაუბრა.

– ბატონო გიორგი, რას გვიმზადებს წლევანდელი თბილისის ჯაზფესტივალი და როგორი იქნება მისი პროგრამა?

– წელს საქართველოს მოსახლეობა ძალიან განებივრებული იყო კონცერტებით. ბევრი ვარსკვლავი ესტუმრა საქართველოს და დაუვიწყარი საღამო აჩუქა ქართველ მსმენელს. სწორედ წლის დაგვირგვინება იქნება თბილისის ჯაზფესტივალი, რომელსაც არანაკლებ ლეგენდარული ვარსკვლავები ეწვევიან. პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ წლევანდელი ფესტივალი შეგნებულად გადავწიეთ ნოემბრისკენ და სავარაუდოთ მომდევნო წლებშიც ასე იქნება, რადგან ოქტომბერი ყოველთვის დატვირთულია კულტურული პროგრამით როგორც თბილისში ისე რეგიონებში, ჩვენც კი, მაქსიმალურად ვცდილობთ, ქართული პუბლიკა გავახაროთ და ყველა ღონისძიებაზე დასწრების საშუალება მივცეთ.

წელს თბილისის მე-19 ჯაზფესტივალი 10 ნოემბერს გაიხსნება და 13 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალს ჯეიმი კალუმი გახსნის,  რომელსაც შავი ზღვის ჯაზფესტივალზე ველოდებოდით, თუმცა, თურქეთში განვითარებული მოვლენების გამო, იძულებული გახდა საქართველოში ვიზიტი გადაედო. სხვათაშორის, გასულ ფესტივალზე ძალიან გაგვიმართლა, რადგან ცაიტ-ნოტში გვიწევდა მუშაობა  და პროგრამაში ცვლილებების შეტანა. ქალუმი ერთ-ერთი იყო, ვინც ჩასვლა ვერ შეძლო, თუმცა შევიპირეთ რომ, აუცილებლად ჩამოვიდოდა თბილისში.

img_419011 ნოემბერს ნიკოლას პეიტონის კონცერტი მოეწყობა ივენთ ჰოლის სივრცეში. ჩვენი აზრით, მის კონცერტს კლუბური ატმოსფერო უფრო უხდება და სწორედ ამიტომ შევარჩიეთ ეს ლოკაცია. საღამოზე დასწრების საშუალება მხოლოდ აბონიმენტის მფლობელებს ექნებათ, ბილეთები კი არ გაიყიდება. მინდა მოკლე ინფორმაცია  მოგაწოდოთ ნიკოლას პეიტონზე. ალბათ იცით, რომ ის არა მარტო თანამედროვე ჯაზის ვარსკვლავია, არამედ ცნობილი პუბლიცისტი და მუსიკალური კრიტიკოსიც, რომელსაც კარგად იცნობენ მთელ მსოფლიოში და მრავალრიცხოვან კონცერტებზეც სიამოვნებით ეპატიჟებიან. რამდენიმე წელია პეიტონი საყვირითან ერთად კლავიშებზეც უკრავს. ძალიან საინტერესო სანახავია, როცა ის ერთი ხელით საყვირზე, მეორეთი კი, კლავიშებზე ასრულებს ნომერს. მუსიკოსი ძირითადად საკუთარ კომპოზიციებს ასრულებს, თავისივე არანჟირებით.

12 ნოემბრს ქართული პუბლიკის წინაშე ქენდი დალფერი წარსდგება. არ დაგიმალავთ და დიდი ხანია ვცდილობდით მის ჩამოყვანას, თუმცა, აქამდე ან მუსიკოსის გადატვირთული საგასტროლო გრაფიკი გვიშლიდა ხელს ან ტექნიკური პრობლემები. წელს დალფერი სხვა მუსიკოსების მსგავსად მხოლოდ ერთი დღით ჩამოვა. ძალიან რთულია მოკლე დროში დამატებითი ღონისძიებების მოწყობა, თუმცა, ჩვენ ყველანაირად  ვცდილობთ, რომ ის ერთი დღეც მაქსიმალურად დატვირტული და საინტერესო იყოს მათთვის.

13 ნოემბერს, ფესტივალს გრეგორი პორტერის კონცერტი დახურავს, რომელიც მართლაც ძალიან საინტერესო მუსიკოსია და უამრავი პრესტიჟული მუსიკალური ჯილდო აქვს მიღებული. ”ხავერდოვანი ხმა” – როგორც მას ხშირად ეძახიან, რამდენიმე გრემის მფლობელია, აჩვეულებრივი ვოკალური მონაცემების არტისტია და საუკეთესო ჯაზ-ვოკალისტის ტიტულითაც სარგებლობს, საკუთარ კომპოზიციებს ასრულებს და არანჟირებაზეც თავად მუშაობს. არ ვიცი, რამდენად ნიჭიერი სპორტსმენი დაკარგა სპორტმა მისი სახით, მაგრამ მუსიაკლურმა სამყარომ რომ მართლაც უნიჭიერესი მუსიკოსი და უნიკალური ვოკალისტი შეიძინა – ფაქტია. ალბათ იცით, რომ პორტერი პროფესიონალურად თამაშობდა ამერიკულ ფეხბურთს და რომ არა საბედისწერო ტრავმა, დღეს ის სპორტის ვარსკვლავი იქნებოდა არა ჯაზ-მუსიკის.

– რამდენადაც ვიცი, ლონდონში სულ ცოტა ხნის წინ გრეგორი პორტერზე გადაღებული ფილმის პრემიერა შედგა.

img_4192– პორტერი მართალაც უნიკალური მუსიკოსია და სწორედ ამიტომ დაინტერესდა მისით მსოფლიო მუსიკალური ინდუსტრია. საღამოზე დასაწრები ბილეთი ექსკლუზიურად გაიყიდა 10 000 ფუნტ სტერლინგად. მის ღირებულებაში ფილმის ჩვენება, კონცერტზე დასწრება და ბექსთეიჯის მონახულება შევიდა, სადაც მელომანებს პორტერთან გადაუბრების, მისი ავტოგრაფის მიღების და ფოტოს გადაღების შანსი მიეცათ. სხვათაშორის, ბოლო რამდენიმე წელია ცნობილი დიჯეები ძალიან აქტიურად იყენებენ პორტერის ვოკალს ელექტრონულ მუსიკაში, ანუ მისი შემოქმედება არაა განსზღვრული კონკრეტული ასაკის მსმენელისთვის და ნებისმიერი გემოვნების მუსიკის მოყვარულს აკმაყოფილებს.

– აქვთ თუ არა მუსიკოსებს განსაკუთრებული მოთხოვნები, რამდენადაც ვიცი, ბევრს გასტრონომიული თავისებურება ახასიათებს?

– ამჯერად განსაკუთრებული მოთხოვნა არავის ჰქონია. სხვათაშორის, თავისი მრავალფეროვნებით ქართული სამზარეულო დიდი ხანია უცხოელების მოხიბვლის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

– არის თუ არა ხელმისაწვდომი ბილეთები თუ უკვე ყველა ბილეთი გაყიდულია?

– ბილეთები ჯერ კიდევ არის. იმედი გვაქს, ფესტივალის დაწყებამდე ყველა ბილეთი გაიყიდება, რადგან თბილისის და ბათუმის ფესტივალები ტრადიციულად ძალიან პოპულარულია, ბოლო წლებში კი, განსაკუთრებით მოთხოვნადი გახდა. წელს ბათუმმა გაყიდვების რეკორდიც კი მოხსნა 22 000 გაყიდული ბილეთით, რაც მართლაც ძალიან კარგი შედეგია. აღსანიშნავია, რომ ჯაზ-ფესტივალებს ტურიზმის განვითარებაშიც ყოველწლიურად საკმაოდ სერიოზული წვლილი შეაქვთ.

– რამდენადაც ვიცი, მომავალ წელს ბათუმის ჯაზფესტივალზე ფარელ უილიამსის მოწვევას გეგმავთ

– ფარელ უილიამსი საკმაოდ მოთხოვნადი არტისია, რომელთანაც დიდი ხანია ურთიერთობა გვაქვს, თუმცა დაზუსტებით ნამდვილად ვერ ვიტყვი შესაძლებელი იქნება თუ არა მისი ჩამოსვლა. მთავარი დეტალების შეთანხმება, რომელზე მუშაობასაც თბილისის ფესტივალის დასრულების შემდეგ დავიწყებთ.

გადაცემის ჩანაწერი

9 ნოემბერი, 2016

სხვა ჩანაწერები