გიორგი ოვაშვილი ახალი ფილმის დეტალებით გადაცემაში ”არტ-FM”

გიორგი ოვაშვილი ახალი ფილმის დეტალებით გადაცემაში ”არტ-FM”

1 ნოემბერს რადიო ”ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემას ”არტ-FM”რეჟისორი გიორგი ოვაშვილი სტუმრობდა, რომელმაც თავის ახალ ფილმზე ”ხიბულა” ისაუბრა.

– ბატონო გიორგი, როგორ მიდის ფილმზე მუშაობა?

– ფაქტიურად მუშაობა დასრულებულია. მცირე შესწორებები შეგვაქვს ტიტრებსა და სუბტიტრებში, ანუ მხოლოდ ტექნიკური სამუშაოებია დარჩენილი.

– ფილმის შექმნისას, რა იყო თქვენი მთავარი ამოცანა?

– მართალია, თქვენ უკვე აღნიშნეთ, რომ ფილმი ზვიად გამსახურდიაზეა, მაგრამ მე პატარა შესწორებას მაინც შევიტანდი. სინამდვილეში, ფილმი არა ერთ კონკრეტულ ადამიანზე, არამედ ზოგადად  პრეზიდენტზე, ლიდერზე და პირველ რიგში პიროვნებაზეა.

– თქვენ ყოველთვის დიდ ყურადღებას უთმობთ მსახიობების შერჩევას. რა კრიტერიუმით შეარჩიეთ მსახიობები ახალი ფილმისთვის?

– მართალია, სახეებს ყოველთვის დიდ ყურადღებას ვაქცევ, რადგან სწორედ მათი დახმარებით გადამაქვს ეკრანზე საკუთარი ჩანაფიქრი. ახლაც საკმაოდ ხანგრძლივი ქასთინგი გვქონდა. ფილმში ძალიან ბევრი განსხვავებული სახეა და ვფიქრობ, სწორედ ტიპაჟური გალერეა ქმნის იმ სამყაროს, რომელშიც მაყურებლი გვინდა მივიწვიოთ. მთავარ როლს ცნობილი ირანელი მსახიობი ჰოსეინ მახჯუბი ასრულებს, ქართველ შემსრულებლებს კი, დრამატულ თეატრებში ვეძებდით თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით და ისეთი მსახიობები შევარჩიეთ, ვისაც მანამდე არ ჰქონდა კინოში მუშაობის გამოცდილება.

– რამდენადაც ვიცი, თქვენს ფილმებზე ყოველთვის უცხოელი ოპერატორები მუშაობენ. რატომ არ თანამშრომლობთ ქართველებთან?

– ვერ ვიტყოდი, თითქოს პრინციპი მაქვს ასეთი – ვიმუშავო მხოლოდ უცხოელებთან. პირიქით, დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი ქართველ ოპერატორებთან, მაგრამ ჩვენი ფილმები ძირითადად უცხოელებთან კოპროდუქციაა, რაც საკვანძო ფიგურების სხვადასხვა ქვეყნიდან შერჩევას გვავალდებულებს. სამწუხაროდ, ფილმის წარმოება ყოველთვის დაფინასებაზეა დამოკიდებული, ფინანსური ვალდებულებები კი, კოპროდიუსერებს შორისაა გადანაწილებული, ისინი აწესრიგებენ ფინანსურ მხარეს და ძირითადი პოზიციების შერჩევაც სწორედ ამ პრინციპით ხდება.

– ”სიმინდის კუნძულის” და ”გაღმა ნაპირის” შემდეგ, დარწმუნებული ვარ, ”ხიბულაც” წარმატებული იქნება. თქვენი აზრით, როგორი საფესტივალო ცხოვრება ექნება ფილმს?

– ვერ ვიტყვი, რომ ფილმი აუცილებლად წარმატებული იქნება. ამ შემთხვევაში, მე ძალიან სუბიექტური ვარ და შემფასებლადაც ვერ გამოვდგები, რადგან სულ ცოტა ხნის წინ დავამთავრეთ მუშაობა და ჯერ ვერ შევძელი მისგან დისტანცირება. რაც შეეხება საფესტივალო ცხოვრებას – სწორედ ახლა ვმუშაობთ საფესტივალო სტრატეგიაზე. გარკვეული გეგმები გვაქვს, თუმცა, ყველაფერი ჩვენზე არაა დამოკიდებული. ვნახოთ, რომელი ფესტივალის სელექციას გაივლის ფილმი და სწორედ ამის მიხედვით შედგება მისი მსოფლიო პრემიერა.

გადაცემის ჩანაწერი

1 ნოემბერი, 2016

სხვა ჩანაწერები