LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შაღაშვილი: შავი ადამიანის შინაგან ფერად ბუნებას მალავს

19

22 მარტს რადიო ”ფორტუნას” თათა სადრაძის საავტორო გადაცემაში ”არტ-FM” დიზაინერ გიორგი შაღაშვილი ესტუმრა.

სამედიცინო ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ, გიორგი შაღაშვილი სამხედრო ჰოსპიტალში, ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და სეფსისის ცენტრში მუშაობდა. მოგვიანებით დანიაში გაემგზავრა, იქიდან დაბრუნებულმა კი, ბაკალავრის და მაგისტრის ხარისხი მიიღო თბილისის სამხატვრო აკადემიაში, სადაც შემდეგ მოწვეული პროფესორად მუშაობდა. ახლა გიორგი ლექციებს კითხულობს მოდის ისტორიასა და თანამედროვე ტენდენციებზე. ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.

– გიორგი, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნეთ, ”ძლივს მიძლებს ჩემი ცოლიო”, რატომ ფიქრობთ ასე?

– იმიტომ, რომ ძალიან დაკავებული ვარ და ხშირად მიწევს ოჯახის დიდი ხნით დატოვება. ჩემი მეუღლე კი, იძულებულია თავისი და ჩემი ფუნქციებიც საკუთარ თავზე აიღოს. მართალია, როცა სახლში ვარ, მაქსიმალურად ვეხმარები, მაგრამ მინც საკმაოდ რთულია.

12421865_1121267791237844_136640236_n– ვიცი, რომ თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დანიაში ცხოვრების პერიოდი, თუმცა, არანკლებ მნიშვნელოვანი ქვეყანა აღმოჩნდა კენიაც.

– გეთანხმებით. აფრიკა გარკვეულწილად ჩემი აკვიატება იყო. ძალიან მაინტერესებდა ეს კონტინენტი და დიდხანს მინდოდა იქ გამგზავრება. ბოლოს გამოჩნდა შანსი და უკვე მეოთხე წელია მთელი ოჯახი კენიაში ვცხოვრობთ.

– თქვენი საყვარელი ფერი შავია. რატომ ანიჭებთ უპირატესობას მაინცდამაინც ამ ფერს?

– შავი ძალიან სიღრმისეული და ფილოსოფიური ფერია, რომელსაც როგორც ნეგატიური, ისე პოზიტიური დატვირთვა აქვს. განსხვავებულად ხედავენ მას სხვადასხვა რელიგიაშიც. გარდა ამისა, შავი ადამიანის შინაგან ფერად ბუნებას მალავს. ფერი ადამიანის სულიერ მდგომარეობას ასახავს, შავს არ აქვს ამის პრეტენზია.

– თავად რომელი ბრენდები მგწონთ?

– მე იაპონურ და ბელგიურ ბრენდებს ვანიჭებ უპირატესობას.

– ცნობილი მოდის სახლებისგან თუ გქონიათ შემოთავაზება თანამშრომლობაზე?

– ცნობილი სახლებისგან შემოთავაზება ჯერ არ მიმიღია. თუმცა, ერთ-ერთ ნაკლებად ცნობილ სახლთან ვმუშაობდი კოლექციაზე.

– წლევანდელ მოდის კვირეულზე რას შესთავაზებთ თქვენს თაყვანისმცემლებს?

– წლევანდელი კოლექციის მთავარი თემა იაპონიაში მოგზაურობის დროს დაიბადა და ერთგვარი პარალელების გავლება იქნება  იაპონურ ტრადიციებს და თანამედროვე ჩაცმულობას შორის. მინდა პერფორმანსის ბოლოს ინსტალაციაც გავაკეთო, თუმცა, ჯერ არ ვიცი რამდენად მომცემს პოდიუმი ამის საშუალებას.

– რამდენადაც ვიცი, განსაკუთრებული ყურადღებით არჩევთ მოდელებს, რას ანიჭებთ ყველაზე დიდ მნიშვნელობას?

– ჩემთვის მოდელი არა უბრალოდ ლამაზი ქალი, არამედ პიროვნებაა, თავისი შინაგანი ბუნებით. ამიტომ, ჯერ მის შინაგან სამყაროს ვეცნობი, მხოლოდ შემდეგ ვუყურებ მის გარეგნობას და ვაფასებ, რამდენად მოდის თანხვედრაში ჩემს კოლექციასთან. მოდელი აუცილებლად ხასიათს და იმ ემოციას უნდა გადმოსცემდეს, რომელიც მე მჭირდება.

 Untitled-3– გსურთ თუ არა, რომ შვილებმა თქვენი გზა გააგრძელონ, ან თავად მათ თუ გამოუთქვამთ ამის სურვილი?

– პერიოდულად სამივეს აქვს მსგავსი სურვილი. თუმცა, დაძალებას და საკუთრი აზრის თავზე მოხვევას ნამდვილად არ ვაპირებ. მათ თვითონ უნდა გადაწყვიტონ და გააკეთონ საკუთარი არჩევანი.

– რაზე ოცნებობთ?

– ვიეტნამში და კამბოჯაში ვისურვებდი მოგზაურობას. საერთოდ, აზიაში მინდა ცხოვრება და იქაური კულტურის უფრო ახლოს გაცნობა.

– სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

– ბაქოში ვაპირებ სამდღიანი შოუ-რუმის მოწყობას. ჯერჯერობით მოლაპარაკება მიმდინარეობს და ვნახიოთ, რა გამოვა.

– სად შეიძლება თქვენი მოდელების შეძენა?

– თამარაშვილის 3-ში მაქვს სახელოსნოც და მაღაზიაც. სწორედ აქ შეუძლია ნებისმიერ მსურველს მოსვლა და მისთვის სასურველი მოდელის შეძენა.

 

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები