LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ტყეშელაშვილი: “წარმატების მთავარი ფორმულა რწმენაა”

27

21 მარტს რადიო ”ფორტუნამ” და გვანცა ლაღიძის გადაცემამ  ”წარმატების ფორმულა”, მოწვეულ სტუმართან – კომპანია” ბილაინის” გენერალური დირექტორთან გიორგი ტყეშელაშვილთან ერთად, მსმენელს სასარგებლო რჩევები და წარმატებული კომპანიის გამოცდილება გაუზიარა.

მონაცემები:

გიორგი ტყეშელაშვილი 1975 წლის 17 აპრილს დაიბადა თბილისში. 1998 წელს იურისტის სპეციალობით მიიღო ბაკალავრის ხარისხი მოსკოვის ლომონოსოვის უნივერსიტეტში, 2000 წელს ეკონომიკის მაგისტრის ხარისხი მოიპოვა, 2003-ში კი, ამავე უნივერსიტეტში დაამთავრა ეკონომიკის ფაკულტეტის ასპირანტურა. მუშაობდა კომპანია ”ვიდეო ინთერნეიშენალ-საქართველოს” და შპს ”მობიტელის” ფინანსური დირექტორის თანამდებობებზე,  2013 წელს კი, ”მობიტელის” გენერალური დირექტორის გახდა. 2011 წელს გიორგი ტყეშელაშვილის წარმატებები უმაღლესი კორპორატიული ჯილდოთი ”ბრილიანტის ფუტკრით” აღინიშნა.

* * *

– სქართველოში ”ბილაინმა” 2007 წელს დაიწყო მუშაობა. როგორ დაიმკვიდრა თავი კომპანიამ პირველ ეტაპზე, რამდენი აბონენტით დაიწყეთ და დღეს რა არეალს მოიცავთ?

– თავიდან საკმაოდ მცირე არეალს – მხოლოდ თბილისს და რუსთავს მოვიცავდით. მახსოვს, პირველ დღეს რამდენიმე ასეული სიმ-ბარათი გავყიდეთ, დღეს კი, 9 წლის შემდეგ, მილიონ 300 ათასი მომხმარებელი გვყავს და ბაზრის წილის 25% გვიჭირავს, რითიც ძალიან ვამაყობთ და ვთვლი, რომ დიდი წარმატებაა.

– პოსტ-საბჭოთა სივრცის რომელ ქვეყნებში ოპერირებს კომპანია ”ბილაინი”?

– ”ბილაინი” 12 ქვეყანაში ოპერირებს, რომელთა შორის როგორც პოსტ-საბჭოთა, ისე დასავლეთ ევროპის, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის და აფრიკის რამდენიმე ქვეყანაა.

– სად უფრო ერთგული მომხმარებელი ჰყავს ”ბილაინს”?

– შემიძლია ვთქვა, რომ საქართველო ლიდერებს შორისაა.

– ”ბილაინის”  საქართველოში მოღვაწეობის ყველაზე რთული პერიოდს ხომ ვერ გაიხსენებდით და რამდენად ხელსაყრელი ბიზნესგარემოა დღეს საქართველოში თქვენთვის?

– ყველაზე რთული დასაწყისი იყო, როცა ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შეგვხვდა. ქსელს ვაწყობდით, რაც საკმაოდ რთული, თუმცა მეტად საინტერესო და ამაღელვებელი პროცესია, რადგან ჩვენ რაღაც ახალს ვქმნიდით და ყველაფერს ნულიდან ვიწყებდით. ჩემი აზრით დღეს იდეალური ბიზნესგარემოა, რასაც ჩვენი ჯგუფიც ხშირად აღნიშნავს. საკმაოდ დიდი ჯგუფი გვყავს, რომელიც მრავალ ქვეყანაში ოპერირებს და სწორედ ისინი აღნიშნავენ, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით საქართველოში ყველაზე კარგი გარემოა. რამდენიმე სიტყვა ჩვენს ჯგფზეც მინდა ვთქვა – ესაა კომპანია ”ვინპელკომი”, რომელშიც საქართველოს ”ბილაინიც” შედის. ”ვინპელკომი” რამდენიმე კომპანიის შერწყმით დაარსდა, მსოფლიოში 200 მლნ-ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს, მისი წილის მფლობელები კი, საერთაშორისო ორგანიზაციები არიან. ერთი სიტყვით, საკმაოდ დიდი და ძლიერი კომპანიაა.

– როგორ შეგხვდნენ კონკურენტი კომპანიები და რამდენადაა კონკურენცია თქვენთვის მოტივატორი?

– თავიდან საკმაოდ გულგრილად შეგვხვდნენ. გარკვეული პერიოდი არც ყურადღებას გვაქცევდნენ, არც დიდ მნიშვნელობას გვანიჭებდნენ, თუმცა, ჩვენ ძალიან სწრაფად შევძელით ადგილის დამკვიდრება და საკმაოდ მნიშვნელოვანი არეალიც მოვიცავით.

– რომელი იყო ”ბილაინის” ყველაზე ეფექტური სარეკლამო კამპანია?

– ჩემი აზრით, ყველაზე ეფექტური სარეკლამო კამპანია შარშან გვქონდა, როცა მილიონ მომხმარებლიანი ბაზის მფლობელმა კომპანიამ ახალი სტანდარტი – მეოთხე თაობის ტექნოლოგიები დანერგა. სარეკლამო რგოლი მოზარდ ბიჭზე გავაკეთეთ, რომელიც ჯერ ჩამორჩება თანატოლებს სირბილში, გაზრდილი კი, ასწრებს მათ. დიდი გამოხმაურება ჰქონდა ამ რეკლამას. ზოგადად ვთვლი, რომ რეკლამა კომპანიის წარმატების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რა თქმა უნდა ახალი ტექნოლოგიების დანერგვა-განვითარებასა და ინვესტიციების დაბანდებასთან ერთად.

– რომელია პროდუქტის რეკლამირების ყველაზე სწრაფი გზა?

IMG_0909

– რა თქმა უნდა, ყველაზე სწრაფი ინტერნეტია.

– რას ნიშნავს მუშაობდე კარგი კომპანიისთვის? რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კარგი თანამშრომელი და როგორ უნდა დაძლიოს სირთულეები კარგმა მენეჯერმა?

– ჩემი აზრით, მნიშვნელობა არ აქვს კომპანია დიდი იქნება თუ მცირე, რადგან მენეჯერი ნებისმიერ შემთხვევაში შედეგზე და იმ ამოცანების შესრულებაზე უნდა იყოს ორიენტირებული, რასაც მას აქციონერები უსახავენ. გარდა ამისა, ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია მენეჯერი შინაგანად იყოს განწყობილი და ყოველთვის ჰქონდეს წარმატების მიღწევის რწმენა. თანამშრომელს კრიტიკული აზროვნება და ჯერ სიტუაციის შეფასების და ანალიზის, შემდეგ კი, მისი გადაწყვეტის რამდენიმე ვარიანტის შეთავაზება უნარი უნდა ჰქონდეს.

– რომელ სოციალურ პროექტებშია ჩართული ”ბილაინი”?

”ბილაინმა” რამდენიმე სოციალური პროექტი განახორციელა, რომელთა შორის, პროექტს ”ნათელი ფერები ბავშვებს” გამოვყოფდი. საინტერესო აქტივობა იყო, რომლის ფარგლებში ყოველი სიმ-ბარათიდან შემოსული თანხის გარკვეული ნაწილი მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ერიცხებოდა. გარდა ამისა, გვაქვს პროექტი თანამედროვე ტექნოლოგიების წახალისების მიზნით, რომელიც მართალია უკვე დასრულდა, მაგრამ სამომავლოდ კიდევ გვექნება. პროექტი კრეატიულ ახალგაზრდებს მობილური აპლიკაციის შექმნაში და მის ფრომოუშენში უწყობს ხელს, გამარჯვებულებს კი, მატერიალურ დახმარებას უწევს. რამდენიმე ახალგაზრდა უკვე შევარჩიეთ, რომლებთანაც უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა.

– რა გეგმები აქვს ”ბილაინს” სამომავლოდ?

– ზოგადად, სიახლეები ჩვენი სტილია. ყოველდღიურ საქმიანობას თუ განვიხილავთ, დღეს აქცენტი მეოთხე თაობის ქსელების განვითარებაზე გვაქვს გადატანილი. უკვე დავფარეთ ქვეყნის ტერიტორიის 50%-ზე მეტი. გვინდა ეს მაშვენებელი მუდმივად იზრდებოდეს, რისთვისაც საკმაოდ დიდ ინვესტიციებს ვახორციელებთ. არეალი ყოველ თვე ფართოვდება, უკვე შევედით ქვეყნის შედარებით მოშორებულ რეგიონებში, სადაც ინტერნეტის სერიოზული დეფიციტია. თბილისში და რამდენიმე დიდ ქალაქში სასურველი ინტერნეტ-რესურსის არჩევის ფუფუნება გვაქვს, რეგიონებს კი, ამის საშუალება არ აქვთ. ჩვენ ერთ-ერთი პირველები ვართ, ვინც ამ ბარიერის დაძლევას ვცდილობთ და მომხმარებელს სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოფაზე ვმუშაობთ. გარდა ამისა, გვაქვს მეტად საინტერესო შეთავაზება – ერთთვიანი ულიმიტო ინტერნეტი სულ რაღაც ხუთ ლარად, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო და აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.

– რამდენადაც ვიცი, ”კავკასუსის” საცალო ქსელის შესყიდვას გეგმავთ?

– ჩვენი სურვილია ”კავკასუსის” საცალო ქსელის შეძენა. მიმდინარეობს მოლაპარაკება, საქმე მარეგულირებელ კომისიაში განიხილება. სურვილი არის, თუ აქციონერები შეთახმდებიან და მარეგულირებელი კომისია დაგვრთავს ნებას, მაშინ გარიგებაც შედგება, რაც ორივე კომპანიის მომხმარებლისთვის მომგებიანი იქნება.

– როგორ იბადება ახალი იდეები კომპანიაში?

– ჯერ კონკრეტულ იდეას ვირჩევთ, მერე კი, მის ბიზნეს-ანალიზს ვახდენთ. ზოგადად მობილური კავშირგაბმულობა იდეების თვალსაზრისით საკმაოდ კრეატიული სფეროა.

– რამდენ თანამშრომელს აერთიანებს კომპანია საქართველოში?

– კომპანიაში 500-ზე მეტი თანამშრომელი მუშაობს. რაც შეეხება პროფესიონალიზმს, ვთვლი რომ, ჩვენთან მხოლოდ პროფესიონალები მუშაობენ, რადგან მათი შერჩევა აუცილებლად მაღალი სტანდარტებით ხდება. ძალიან კმაყოფილი ვარ ჩვენი თანამშრომლების მუშაობით. ზოგადად, დარწმუნებული ვარ, რომ პროფესიონალური გუნდის გარეშე ვერცერთი კომპანია ვერ შეძლებს წარმატების მიღწევას.

– როგორი უნდა იყოს კარგი მენეჯერი?

– კარგ მენეჯერს დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების და შემდეგ საკუთარ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობის აღების უნარი უნდა ჰქონდეს. გარდა ამისა, მას კარგი ანალიზი უნდა შეეძლოს, არ უნდა იყოს მოწყვეტილი რეალურ სამყაროს და გადაწყვეტილებებსაც სწორედ მისი გათვალისწინებით იღებდეს.

– გიყვართ თუ არა სურპრიზები?

– რა თქმა უნდა, კარგი სიურპრიზები მიყვარს. 

ბლიც-კითხვები:

– თავად რომელი მობილური ქსელით სარგებლობთ?

– საქართველოში აუცილებლად ”ბილაინით”. 

– რა სლოგანი აქვს ”ბილაინს”?

– ”გადმოდი ნათელ ფერებზე!”

ფრაზა რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ დღის განმავლობაში?

– ”აუ, ეს რა მაგარია!”

– ვის მიმართავთ რჩევისთვის ყველაზე ხშირად?

– ჩემს თანამშრომლებს.

– პირველ რიგში რას გააკეთებთ გადაცემის დასრულების შემდეგ?

– დიდი სიამოვნებით ვივახშმებ.

– გადატვირთული სამუშაო დღის შემდეგ, რა უფრო მოგწონთ – აუზი და მშვიდი გარემო თუ კლუბი მეგობრებთან ერთად?

– უპირატესობას ჯანსაღ ცხოვრების წესს ვანიჭებ, ამიტომ აუზს და მშვიდ გარემოს ავირჩევ.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამინს წარმატების მისაღწევად?

– ჩემი აზრით წარმატების მთავარი ფორმულა რწმენაა. უნდა გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ და აუცილებლად ყველაფერს მიაღწევ. თუ ერთი წამით მაინც შეგეპარება ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში, მაშინ არაფერი არ გამოვა.

გადაცემის ჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები