LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გოჩა ბარბაქაძე: C ჰეპატიტის გამოსავლენად მნიშვნელოვანია დროული პროფილაქტიკა და სკრინინგის ჩატარება

13

გადაცემას წარმოგიდგენთ კომპანია „ავერსი”

 

20 იანვარს რადიო „ფორტუნამ“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემამ „პულსი“, კლინიკის „ენ-მედიცი“ ექიმს, გასტრო-ენტეროლოგს და ჰეპატოლოგს, პროფესორ გოჩა ბარბაქაძეს უმასპინძლა, რომელმაც მეტად აქტუალურ საკითხზე – C ჰეპატიტზე ისაუბრა.

– ბატონო გოჩა, C ჰეპატიტი უაღრეასად აქტუალური პრობლემაა მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით მწვავე თემაა საქართველოში. თუმცა, ყველასთვის კარგადაა ცნობილი C ჰეპატიტის ელიმინაციის უნიკალური პროგრამა, რომელიც მთელი დატვირთვით მუშაობს. აქტიურადაა ჩართული თქვენი კლინიკაც. რა სიახლე გაქვთ და როგორ მუშაობს C ჰეპატიტის პროგრამა კონკრეტულად თქვენს კლინიკაში?

– სამწუხაროდ, C ჰეპატიტი ისევ ინარჩუნებს აქტუალურობას მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, რადგან არ არსებობს ამ დაავადების პროფილაქტიკა და B ჰეპატიტისგან განსხვავებით ჯერ კიდევ არაა შემუშავებული ვაქცინა. ალბათ იცით, რომ C ჰეპატიტს ძალიან ვერაგი გართულებები აქვს ღვიძლის ციროზის და სიმსივნის სახით. ჩვენს ქვეყანაში დაავადების მაჩვენებელი 7%-მდე აღწევს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. გამომდინარე აქედან, საქართველოს მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს ეგიდით, საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის ანუ ვირუსის აღმოფხვრის პროგრამა ხორციელდება, რომელმაც საკმაოდ დიდი კონტიგენტი მოიცვა. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არაა, რადგან ათასობით ადამიანია ამ სენით დაავადებული და სწორედ ამიტომ, სულ უფრო მეტი კლინიკა ერთვება პროგრამაში. ჩვენი კლინიკა რამდენიმე თვის წინ შეუერთდა C ჰეპატიტთან ბრძოლის მეტად საჭირბოროტო საქმეს და მინდა ავღნიშნო, რომ მეტად წარმატებით მიმდინარეობს ჯერ პაციენტების სრული კვლევა, მერე კი, მათი მკურნალობის პროცესი.

– კონკრეტულად რითი იწყება პროგრამის მუშაობა?

– პროგრამა ანტისხეულების აღმოჩენით იწყება, მისი დაფიქსირების შემთხვევაში კვლევა გრძელდება, თვითონ ვირუსის აღმოსაჩენად,  რადგან მხოლოდ ანტივირუსების არსებობის შემთხვევაში არაა აუცილებელი მკურნალობის ჩატარება.

– იმ შემთხვევაში, თუ დაფიქსირდა ვირუსი, როგორ ხორციელდება მისი მკურნალობა და რამდენად ხელმისაწვდომია ის პაციენტებისთვის?

– ანტივირუსების განსაზღვრა ანუ სკრინინგი აბსოლუტურად უფასოა. ასე რომ, ნებისმიერს თავისუფლად შეუძლია ჩაიტაროს გამოკვლელვა და იმ შემთხვევაში თუ ანტივირუსების არსებობა დადასტურდა, გააგრძელოს გამოკვლევა. აუცილებლად უნდა მოხდეს ვირუსის იდენტიფიცირება, რომელიც მართალია, ფასიანია მაგრამ, ბევრად ნაკლები ღირს, ვიდრე მანამდე. შემდგომი კვლევების ჩატარება თანაგადახდის პრინციპით შეიძლება, მკურნალობა კი, რომელიც უახლესი, პირდაპირი მოქმედების პრეპარატებით ხორციელდება აბსოლუტურად უფასოა, რაც ძალიან დიდი შეღავათია პაციენტებისთვის, რადგან სხვა ქვეყნებში მკურნალობის ერთი კურსი 50 000-დან 80 000 ევრომდე ღირს.

– როგორ ვლინდება C ჰეპატიტი და რამდენად დიდი მნიშვნელობა აქვს დროულ და ზუსტ დიაგნოსტირებას?

– სამწუხაროდ, C ჰეპატიტს და ზოგადად ღვიძლის დაავადებებს კლინიკური გამოვლინება არ აქვს. პაციენტს არც ტკივილები აწუხებს, არც სიყვითლე აქვს. სწორედ ამიტომ, ანტისხეულების გამოსავლენად მეტად მნიშვნელოვანია დროული პროფილაქტიკა და სკრინინგის ჩატარება.

– როგორ ხორციელდება მკურნალობა C ჰეპატიტის დიაგნოზის დასმის შემდეგ და რამდენად ეფექტურია ეს მკურნალობა?

– C ჰეპატიტის მკურნალება ანტივირუსული პრეპარატებით, ევროპის და ამერიკის ღვიძლის შემსწავლელი ასოციაციის მიერაა გაწერილი და მათ მიერ შემუშავებულ გაიდლაინებთან ერთად, საქართველოს ჯანდაცვის სამინსტროს და C ჰეპატიტის ელიმინაციის ჯგუფის მიერ შექმნილ პროტოკოლებს ექვემდებარება. გამომდინარე აქედან, არ შეიძლება მისი შეცვლა, გახანგრძლივება ან პირიქით შემოკლება. თუმცა, მკურნალობაზე მრავალი ფაქტორი მოქმედებს. ძალიან მნიშვნელოვანია ანტივირუსების რაოდენობის დადგენა და ვირუსის გენოტიპის განსაზღვრა. მართალია, C ჰეპატიტის ვირუსი ზოგადად ღვიძლს აზიანებს, მაგრამ მას ექვსი გენოტიპი აქვს. საქართველოში განსაკუთრებით ხშირად პირველი, მეორე და მესამე გენოტიპები გვხვდება. გამომდინარე აქედან, მკურნალობის რეჟიმი, მისი ხანგრძლივობა და მედიკამენტების დოზირება სწორედ გენოტიპზეა დამოკიდებული. აუცილებლად მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენს კლინიკაში სრული გამოკვლევა ხორციელდება – ანტისხეულების განსაზღვრით დაწყებული გენოტიპის დადგენით დასრულებული. სწორედ ამის შემდეგ დგება მკურნალობის პროტოკოლი, რომელიც ძირითადად 12 კვირას, ციროზის შემთხვევაში კი, 24 კვირას გრძელდება ვირუსზე პირდაპირი მოქმედების მეტად ეფექტური პრეპარატებით. აღსანიშნავია რომ, დადებითი შედეგი 98%-ს აღწევს ანუ როცა მკურნალობის დასრულების შემდეგ ვირუსი აღარ ისაზღვრება, შეიძლება ჩაითვალოს, რომ C ჰეპატიტი განკურნებადია. მართალია, ანტისხეულები მთელი ცხოვრების მანძილზე რჩება, მაგრამ ღვიძლის დაზიანება აღარ გრძელდება.

– ეფექტური მკურნალობისთვის გარკვეული პასუხისმგებლობა პაციენტემაც უნდა აიღოს საკუთარ თავზე. კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს ადამიანმა ამ მეტად ძვირადღირებული პრეპარატებით მკურნალობისას?

– აუცილებელია დიეტისა და რეჟიმის დაცვა. რა თქმა უნდა, პაციენტმა უარი უნდა თქვას ალკოჰოლზე, არა მარტო მკურნალობის დროს, არამედ მისი დასრულების შემდეგაც, რადგან პირველ რიგში სწორედ ალკოჰოლი აზიანებს ღვიძლს. გარდა ამისა, მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს სხვა მედიკამენტების მიღება, რათა თავიდან აიცილოს არასასურველი გვერდითი მოვლენები.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები