LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გრიგოლ ვაშაძის 7 საყვარელი სიმღერა – რას უსმენენ ცნობილები

6

11 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ ეთერში ახალი გადაცემა „რას უსმენენ ცნობილები“ დაიწყო. მუსიკალური პროექტი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მუსიკალურ გემოვნებაზე უყვება მსმენელს და მათ მიერ შერჩეულ შვიდეულს გვთავაზობს.  ნია მოძმანაშვილის საავტორო გადაცემის პირველი სტუმარი პოლიტიკოსი და პრეზიდენტობის კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე იყო.

ბატონო გრიგოლ, რა ადგილი უკავია თქვენს ცხოვრებაში რადიოსა და მუსიკას?

კლასიკური მუსიკა, კლასიკური როკ–მუსიკა და ბლუზი, ეს არის ის, რასაც ვუსმენ, გააჩნია რა ხასიათზე ვარ. ერთიც ძალიან კარგად ვიცი და მეორეც. თქვენ პატარა ხართ, არ გემახსოვრებათ, რადიო ჩვენი თაობისთვის იყო ფანჯარა გარესამყაროში. როდესაც ჩართავდი ღამე „ამერიკის ხმას“ ან „ბიბისის“, მოუსმენდი და გაიგებდი, რა დისკი გამოვიდა, ვინ რომელი ჯგუფიდან რომელ ჯგუფში გადავიდა და ასე შემდეგ. ეს იყო ენით აღუწერილი სიამოვნება. მახსოვს, ჩემთვის ჩამოჰქონდათ დისკები, ამიტომ მე და ჩემი კლასი ყოველთვის საქმის კურსში ვიყავით. მით უმეტეს, რომ ჩემს კლასში ბიჭები ფანტასტიკურად უკრავდნენ.

თქვენ არ უკრავდით?

არა, მე მუსიკალური ათწლედის მეექვსე კლასიდან გამოვედი და დღემდე ვერ მიპატიებია ჩემი თავისთვის.

არ გქონდათ მონაცემები, რომ მუსიკას გაჰყოლოდით?

არ ვიცი, მონაცემები მქონდა თუ არა, მაგრამ რომ მითხრან, საოცნებო კარიერა აირჩიეო და თავიდან დაიწყე ცხოვრებაო, რა თქმა უნდა, ან თეატრალური რეჟისორი ან დირიჟორი ვიქნებოდი. რომ წარმოვიდგენ, ბრუკნერის მეცხრე სიმფონიას, ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ იქნებოდა.

რის მიხედვით შეარჩიეთ 7 სიმღერა? ალბათ გაგიჭირდათ არჩევა…

ეს ის სიმღერებია, რომლებსაც დღის ნებისმიერ დროს ვუსმენ და ამ სიაში ოთხი, ხუთი კომპოზიცია არის, რომელმაც უზარმაზარი გავლენა მოახდინა როკმუსიკაზე.

მაშინ წარვადგინოთ, რომელი სიმღერა გავიდა მე–7 ადგილზე…

უნიკალური მუსიკოსი, ჰაულინ ვულფი. ჯერ ერთი, ეს ადამიანი იმით განსხვავდებოდა სხვა მუსიკოსებისგან, რომ ყოველთვის ჰქონდა ფული. სხვა ბლუზმუსიკოსები სად არ მუშაობდნენ, არასდროს მათ ფული არ ჰქონდათ, მაგრამ მას ჰქონდა.

მან საბუღალტრო კურსები დაამთავრა, რომ საკუთარი კარიერისთვის მიეხედა და თქვენ წარმოიდგინეთ, შესანიშნავ ხელფასს უხდიდა თავისი ანსამბლის წევრებს. პირველი იყო, რომელმაც ახალგაზრდა როკმუსიკოსებთან ჩაწერა დისკი და დღემდე ლეგენდარულია Howlin’ Wolf Session, სადაც ერიკ კლეპტონი, ბილ უაიმენი, რინგო სტარი მონაწილეობდნენ. Do The Do ეს სიმღერა არის ლონდონის სესიიდან და ახალგაზრდა ბრიტანელმა ვარსკვლავებმა განაცხადეს, რომ ესაა მათი ინსპირაცია მუსიკაში. ამის შემდეგ დაიწყო ეს მოვლენა, როდესაც ბლუზის პატრიარქებმა ერთი–მეორის მიყოლებით გამოუშვეს დისკები.

Do the do – ჰაულინ ვულფი, დასარტყამ ინსტრუმენტზე რინგო სტარი, ბასზე ბილი უაიმენი, გიტარაზე ერიკ კლეპტონი

#7

მე–6 ადგილზეა ჯონ ლი ჰუკერი, ალბათ, ქართველ მაყურებელს კარგად ახსოვს, რადგან განასახიერებდა ქუჩის მუსიკოსს ფილმში The Blues Brothers და უკრავდა მის ყველაზე სახელგათქმულ კომპოზიციას, – Boom Boom. ამ სიმღერას აქვს ბევრი ვერსია და თუ გამოვაკლებთ მის შესრულებას, ყველაზე მეტად მიყვარს ZZ Top-თან ერთად შესრულებული. ჯონ ლი ჰუკერს უზარმაზარი გავლენა აქვს როგორც ჯაზზე, ასევე როკ-მუსიკასა და ბლუზზე, მართლაც გენიალური მუსიკოსია.

 John Lee Hooker & ZZ Top, მიიღეთ სიამოვნება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ელექტროგიტარების ზეიმია. 

#6

გადავინაცვლეთ მეხუთე ადგილზე…

ალბერტ კოლინზი გენიალური სიმღერით, რომელიც სპეციალურად ავირჩიე იმიტომ, რომ არა მარტო ფანტასტიკური ბლუზმენი იყო, არამედ იყო შოუმენი. მას ჰქონდა არაჩვეულებრივი იუმორი. მოგიყვებით ერთ შემთხვევას, ჩიკაგოში კონცერტის დროს გავიდა სცენიდან ისე, რომ არ შეუწყვეტია დაკვრა, დაბრუნდა სცენაზე და 3 წუთში პიცა მოუტანეს (იცინის). ისტორიული ფაქტია და თან გადაღებულია. ამ სიმღერას ჰქვია I Ain’t Drunk, I’m Just Drinking ,,მე მთვრალი არ ვარ, მე უბრალოდ ვსვამ“, ძალიან სასაცილო ტექსტია.

#5

გადავინაცვლოთ მეოთხე ადგილზე…

მეოთხე ადგილი, ბრიტანული როკჯგუფი Ten Years After. მახსოვს, 1972 წელს ჩემი კლასის ბიჭებთან ერთად პეკინის ქუჩაზე მივდიოდი და ამას ვმღეროდით, არც თუ ისე ფხიზელ მდგომარეობაში (იცინის). ეს მუსიკა მაშინ იყო ცხოვრების წესი, მსმენელისთვისაც და შემსრულებელისთვისაც.

ფიქრობთ, რომ მაშინ უფრო სიღრმისეულად ესმოდათ მუსიკა?

დიახ ასეა, მე რასაც ვსაუბრობ, ეს ხომ არ არის ვიკიპედიიდან. მაშინ იყო ფანტასტიკური წიგნები,რომელიც ჩემთვის ჩამოჰქონდათ და თითქმის ყველა ინგლისურად ვსაუბრობდით.

შემსრულებლებსაც განსხვავებული ცხოვრების ისტორია ჰქონდათ, ვიდრე დღეს…

მე რომ მითხრან, ეპოქა აირჩიე, როდის გინდა ცხოვრებაო, რა თქმა უნდა, ავირჩევდი 60-70-იან წლების ნიუ-იორკს. Ten Years After სიმღერით I’m Coming Home და მინდა აღვნიშნო, რომ როცა ბიჭები ვიეტნამიდან სახლში ბრუნდებოდნენ, თვითფრინავიდან ისმოდა და ყველა მღეროდა ამ სიმღერას.

#4

https://www.youtube.com/watch?v=bW5M5xljdCI&feature=youtu.be

ჯენის ჯოპლინის ასაკი, 27 წელი არის საბედისწერო მუსიკოსებისთვის. ჯიმ მორისონი, ჯიმი ჰენდრიქსი, ჯენის ჯოპლინი, ემი ვაინჰაუსი, უამრავი ადამიანი გარდაიცვალა გადამეტებული დოზით ამ ასაკში. ჯოპლინი იყო გენიალური მუსიკოსი, უნიკალური ხმით და ერთი საინტერესო ისტორიაა ჯენის ჯოპლინზე. როგორც ყველა სამხრეთელი ბაპტისტი, ბავშვობიდან უსმენდა გოსპელს და სოულს და იყო პირველი ქალი, რომელმაც ვარსკვლავის სტატუსამდე მიაღწია იმ სფეროში, რომელიც სრულიად მამაკაცის დომინირების ქვეშ იყო. რაც შეეხება ამ სიმღერას, არც მუსიკა და არც ტექსტი არ არის მისი. ეს სიმღერა ეკუთვნის კრის კროსტოფერსონს. ერთი პერიოდი ჯოპლინი და კრისტოფერსონი ერთად ცხოვრობდნენ და ამ პერიოდში შეიქმნა სიმღერაც. ჯენის ჯოპლინის შემდეგ ეს სიმღერა არავის შეუსრულებია. მოისმინეთ როკ ენ ბლუზის დედოფალი ჯენის ჯოპლინი.

#3

ბატონო გრიგოლ, რატომ ვერ მოხვდა შვიდეულში ქართული სიმღერა?

იმიტომ, რომ არ შეიძლება ერთმანეთში არევა, ფაქტია, საქართველოში არ გვაქვს როკმუსიკა, გვაქვს ესტრადა. ესტრადაში ბევრი არა, მაგრამ გვაქვს სრული შედევრები. გვყავს მომღერლები, რომლებიც თავის თავს ვარსკვლავებს ეძახიან, რაც სასაცილოდ ჟღერს ხოლმე. მაგრამ გვყავს მომღერლები, რომლებიც ევროპის, შეერთებული შტატების სცენაზე გამოვიდოდნენ, ნორმალური საპროდიუსერო კომპანია რომ იყოს. ამის ძალიან კარგი მაგალითია ჩვენი თანამემამულე, რომელიც ყველას გვეამაყება, ქეთი მელუა. თუ გნებავთ, შემდეგ ჯერზე ქართულ სიმღერებსაც წარმოგიდგენთ.

ბოლოს რას მოუსმინეთ?

მუდმივად ვუსმენ „ეგარის“ სხვადასხვა ვერსიას და სრულ ექსტაზში ვარ. „ლამაზების ხელმწიფე“ იეთიმ გურჯის ლექსზე. ჯერ ლექსი მიყვარს ძალიან, შემდეგ ფანტასტიკურად უკრავენ, ისე აქვთ გადაწყობილი ეს სოლოები ინსტრუმენტებზე, არის ასევე გოგი დოლიძის სამოყვარულო ჩანაწერი, რომელსაც ვუსმენ. მიყვარს ნიაზ დიასამიძე, ეს კაცი არის სრულიად ევროპული მოვლენაა, რომელიც ბევრს, სამწუხაროდ, არ ესმის.

მეორე ადგილზე რა ხდება?

მეორე ადგილზე ხდება ტორნადო. პირველი დისკი რომ გამოვიდა, ჩვენ დავინახეთ, როგორ იწვის ზეპელინი გარეკანზე და ამ გაპრანჭული ხალხის მაგივრად, გაბურძგნული ტიპები გამოჩნდნენ. სხვადასხვანაირად ჩაცმული და რომ არც ერთ დისკს – პირველს, მეორეს, მესამეს და მეოთხეს, სახელი არ ჰქონდა, მეოთხეზე Led Zeppelin-იც კი არ იყო. ეს, როგორც Ten Years After-ის შემთხვევაში, იყო ნახტომი იმ გაპრანჭულ ჯგუფებთან შედარებით, ისე იყო Led Zeppelin. ჯიმი პეიჯი, ჯონ პოლ ჯონსი, რობერტ პლანტი, რომელიც ნახევრად ბოშაა და მისი ფალცეტი საოცარია და ჯონ ბონემი, რომელმაც შეცვალა დასარტყამ ინსტრუმენტებზე შესრულების მანერა. ეს მუსიკოსებისთვის ფანტასტიკა იყო. იცით, ხუმრობა იყო, როცა The Velvet Underground- მა პირველი, ენდი უორჰოლის მიერ გაფორმებული დისკი გამოუშვა, მასზე გამოსახული იყო ბანანი, რომელიც შეგეძლო აგეწია და გაგეფრცქვნა. გაიყიდა სულ 22 000 ეგზემპლარი და ხუმრობდნენ, ვინც იყიდა, ყველამ თავისი როკჯგუფი შექმნაო. მაშინ კრიტიკოსებმა გაანადგურეს პირველი დისკი, რომელიც აბსოლუტური კლასიკაა. მერე გაოცდნენ, როცა ეს დისკი მუდმივად წინ მიდიოდა და ბოლოს მაინც ავიდა ჩარტების დასაწყისში. ეს არის შეცვლილი ხმა და თაობის ხმა. ეს უკვე იყო თაობის ხმა, როგორც Ten Years After, როგორც Led Zeppelin. სხვათა შორის, ძალიან სახასიათოა ყველა ფილმი, რომელიც არის ვიეტნამზე გადაღებული, ის სიმღერებია რომელმაც გავლენა მოახდინა ადამიანებზე. ეს არ იყო უბრალო სიმღრის ტექსტები, ეს იყო ლექსები. თქვენ თუ აიღებთ მაგალითად Pink Floyd–ის Wish You Were Here–ს ან Mother–ს, ეს არის უმაღლესი კლასის პოეზია, ეს ხალხი პოეტებიც იყვნენ.

#2

 

რომელი კომპოზიციაა თქვენი შვიდეულის პირველ პოზიციაზე?

აი, ვიეტნამის ომი გავიხსენეთ. ეს იყო პირველი ომი კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც პირდაპირ ეთერში გადიოდა. ვიეტნამმა, ამ ომმა შექმნა თაობის ხმა. ეს სამყარო ისევ ისეთი აღარ იქნება, როგორც ადრე იყო. ჯიმი მორისონის შესრულებით და რა თქმა უნდა, ბობ დილანი. კომპოზიციას, რომელსაც თქვენ მოისმენთ, ჰქვია A Hard Rain’s A-Gonna Fall. ვინც ფლობს ინგლისურ ენას, შეუძლია შევიდეს Youtube-ზე, არის უამრავი ჩანაწერი და ნახოს ეს ფანტასტიკური ტექსტი.ზოგმა კი აიბზუა ტუჩები, როცა ბობ დილანმა ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურაში, მაგრამ ბევრიც აღიარებდა, რომ სასწაული გარდატეხა მოახდინა, როგორც მუსიკის, ისე ხელოვნების ისტორიაში. დიახ, ფანტასტიკური პიროვნება,რომელიც შეიძლება ითქვას, იყო თაობის ხმა, როგორც ყველა როკმუსიკოსი, რომელიც ჩვენ ამ პატარ სიაში გვყავდა. მინდა აღვნიშნო, რომ საბჭოთა კავშირში ბოლშევიკების შეცდომა ის იყო, რომ მათ ვერ გათვალეს, როგორ შეიცვალა კომუნიკაციის საშუალებები. იმ როკმუსიკას, რომელიც ჩვენთან, ფაქტობრივად, კონტრაბანდულად შემოდიოდა, უპირველეს ყოვლისა, მოჰქონდა თავისუფლების იდეა.

მოკლედ, დიდი ბედნიერებაა, რომ მუსიკა გვიყვარს, გვიყვარს როკმუსიკა, ვინც თქვა, რომ როკ ენ როლი მკვდარია, არ დაუჯეროთ!!!

#1

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები