LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულწრფელობა და იუმორი: მერე კი ნებისმიერი შეხვედრა წარმატებული იქნება

6

3 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და გვანცა ლაღიძის გადაცემას „წარმატების ფორმულა“ მოქანდაკე და ბოულინგის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ირაკლი წულაძე სტუმრობდა.

ხელოვანთა ოჯახში დაბადებულმა ირაკლიმ სამი წლის ასაკში აირჩია  მხატვრის პროფესია და ქანდაკების სპეციალობით დაასრულა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ბოულინგით კი, შემთხვევით დაინტერესდა, როცა ერთ-ერთი ტურნირისთვის პრიზი შექმნა.

– ბატონო ირაკლი, სულ რამდენიმე წლის წინ უცხოელებს ძალიან გაუკვირათ, როცა საქართველოში მხოლოდ ერთი ბოულინგ-ცენტრი აღმოაჩინეს. ახლა რა სიტუაციაა, როგორ ვითარდება ეს სპორტი ჩვენს ქვეყანაში?

– ბოულინგი საკმაოდ დინამიურად ვითარდება. რამდენიმე ახალი ცენტრი გაიხსნა, ბევრი დაინტერესდა და ახალი მოთამაშეებიც გამოჩდნენ. ბოულინგი პირველ რიგში გართობის და დროის სასიამოვნოდ გატარებისთვისაა, თუმცა, რამდენიმე ადამიანი სერიოზულად დავინტერესდით ამ თამაშით და შარშან მსოფლიოს თასზეც ვიყავით.

– სახელმწიფო რამდენადაა ჩართული სპორტის ამ სახეობის განვითარებაში?

– ამ ეტაპზე სახელმწიფო ნაკლებადაა დაინტერესებული სპორტის ამ სახეობით. სამწუხაროდ, ჩვენ საკმაოდ მწირი მატერიალური შესაძლებლობების ქვეყანაში ვცხოვრობთ და გამომდინარე აქედან, რთულია გარკვეული სფეროების განვითარება. თუმცა, ნიჭის და დაუღალავი შრომის ხარჯზე მაინც ვახერხებთ წარმატების მიღწევას.

– ქალბატონები რამდენად არიან დაინტერესებული ბოულინგით?

– ქალბატონებითვის ბოულინგი უფრო გართობაა, ვიდრე სპორტი.

– როდის მიხვდით, რომ სწორედ მოქანდაკე უნდა გამხდარიყავით?

– ვფიქრობ, ყველაფერი გენეტიკიდან მოდის, არანაკლებ მნიშვნელოვანია  ინტერესიც. ზოგი პროფესიას მისი პრაქტიკულობიდან გამომდინარე  ირჩევს, ზოგი კი, ფიქრობს რისთვის იცხოვროს და რა უნდა რომ აკეთოს. მე ბავშვობიდან მინდოდა მხატვრობა, რადგან ეს უწყვეტი პროცესია – სწავლობ და ვითარდები, ეძებ შთაგონებას, პოულობ და მთელი ცხოვრება ამ პროცესს უძღვნი. ფერწერისგან და გრაფიკისგან განსხვავებით, სადაც სიბრტყესთვან გვაქვს საქმე, ქანდაკება უფრო ინტიმური სფეროა, განსხვავებული დიაპაზონით, ფორმით და ფერთა გამით. ერთი სიტყვით, ეს მთელი ფილოსოფიაა.

– რა იყო თქვენი პირველი ნამუშევარი?

– პირველი ნამუშევარი – ხის ქვეშ, სკამზე ჩამომჯდარი შეყვარებულები იყო, რომელიც ოთხი წლის ასაკში შვქმენი, საკავშირო გამოფენაზე გაიგზავნა და შეიძლება იქვას, პირველი წარმატებაც მოვიპოვე საერთაშორისო ასპარესზე. მოგვიანებით, რა თქმა უნდა ფორმები დაიხვეწა და განვითარდა. ბედნიერი ვარ, რომ ბევრის შევქმნა მოვასწარი და კიდევ უამრავი მაქვს ჩაფიქრებული.

– სად პოულობთ შთაგონებას?

– შთაგონება ყოველთვის მოულოდნელად მოდის. თუმცა, მაქვს თემები, რომელთაც ხშირად ვუბრუნდები და სწორედ მათ გარშემო ვტრიალებ. ვფიქრობ, ჩემს შემოქმედებაში მთავარი ადამიანური გრძნობაა, რომელიც არა მარტო პლასტიკით, არამედ ფორმით და ხასიათითაც გამოიხატება. ვფიქრობ, ჩემი ნამუშევრები ყოველთვის სახასიათოა და ლირიზმით გამოირჩევა, თუმცა მათში დრამატიზმი და სიმბოლოზმიც საკმარისადაა. გარკვეული პერიოდი განსხვავებულ სტილში ვმუშაობდი, უცხოეთში მოწყობილი გამოფენიდან შთაბეჭდილებებით დავბრუნდი და აბსტრაქტული ნამუშევარი შევქმენი, მართალია რამდენიმე ვერ განვახორციელე და გული დამწყდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ოდესმე აუცილებლად დავუბრუნდები და უფრო გავაძლიერებ იმ მუხტს, რომელიც იმ პერიოდში მქონდა.

– რამდენად ხართ ჩართული საერთაშორისო პროექტებში?

– რამდენიმე წლის წინ, ჩემი ნამუშევრები საქართველოს ქალაქებთან ერთად, ბალტიის ქვეყნების ზოგიერთ ქალაქშიც დაიდგა. ახლა, ე.წ. „საზოგადოებრივი ქანდაკების“ პროექტები დროებით შეჩერებულია, რაც ერთის მხრივ კარგიცაა, რადგან უფრო მეტი დრო მაქვს დაზგურ ქანდაკებაზე სამუშაოდ. რამდენიმე გალერეასთან უკვე ვთანამშრომლობ, თუმცა, ვეძებ ახალ ბაზრებს და ურთიერთობებს. ვგეგმავ კონცეპტიალური გამოფენების მოწყობას, რომელთაგან ორს ერთ სერიაში გავაერთიანებ, მესამე კი, ერთგვარი რეტროსპექტივა იქნება, არა ტრადიციულ გამოფენის ჩარჩოში, არამედ განსხვავებული ინტერპრეტაციით, განათებით, მუსიკით და ხმოვანი გაფორმებით. ბევრი ქანდაკებას აუცილებლად პედესტალზე შემომდგარ, რაღაც მიუწვდომელ ქმნილებად აღიქვამს, ჩემი აზრით კი, ქანდაკება უფრო ინტერაქტიული, კონტაქტური და მეტყველი უნდა იყოს, რომელიც ემოციას გამოიწვევს და შთაბეჭდილებას მოახდენს, გამომდინარე აქედან, ძალიან მიხარია, რომ ჩემი ნამუშევრები საკმაოდ კონტაქტური და უშუალოა.

– ქალბატონები რამდენად არიან დაინტერესებული ქანდაკებით, თუ ეს სუფთა მამაკაცური პროფესიაა?

– ქალბატონები მოქანდაკის პროფესიას იშვიათად ირჩევენ, თუმცა დღეს,  მამაკაცებიც იშვიათად მუშაობენ ქანდაკებაზე, რაც სხვადასხვა ფაქტორებით, მათ შორის ფინანსური, მენტალური თუ ფიზიკური პრობლემებითაა განპირობებული. ზოგადად, ქანდაკების შექმნა მეტად რთული და ფიზიკურად მძიმე სამუშაოა, რომელსაც ვერასდროს შეასრულებ თუ მასში შეყვარებული არ ხარ.

– რა პროფესიას აირჩევდით მოქანდაკე რომ არ ყოფილიყავით?

– სიმართლე ვთქვა, ამაზე არასდროს მიფიქრია.

– რას აქცევთ ყურადღებას ბიზნეს-პარტნიორთან შეხვედრაზე?

– ჩვეულებრივ, პარტნიორის მთავარი თვისებები შეხვედრის დაწყებისთანავე ვლინდება, რადგან  ხმის ტემბრით დაწყებული,  მზერით დასრულებული, ყველაფერში იგრძნობა მისი დამოკიდებულება, ჩანს რამდენად უშუალო და გულწრფელია ურთიერთობაში. ამის გამოცნობა ნებისმიერს შეუძლია გარკვეული გამოცდილების ან ინტუიციაზე დაყრდნობით.

– უცხოელ პარტნიორთან ხომ არ შეგქმნიათ პრობლემები ეტიკეტის არ ცოდნის გამო?

– მთავარი უშუალობა, გულწრფელობა და იუმორის გრძნობაა, მერე კი, ნებისმიერი შეხვედრა წარმატებული იქნება.

– აქსესუარი თუ გაქვთ, რომლის გარეშე არასდროს ტოვებთ სახლს?

– ტელეფონი და საათი აუცილებელი ატრიბუტებია და ყოველთვის თან მაქვს, ცრურწმენების კი, არ მჯერა და არც განსაკუთრებული თილისმა არ მქონია არასდროს.

– გაქვთ თუ არა ნამუშევარი, რომელიც განსაკუთრებით გიყვართ და ვერასდროს შეელევით?

– ადრე დარწმუნებული ვიყავი, რომ რამდენიმე ნამუშევარს ვერასდროს გავყიდდი, თუმცა მერე მივხვდი, რომ პირიქით, საყვარელი ნამუშევრის სხვებისთვის გაზიარება უფრო მნიშვნელოვანია, რათა მათაც გაინაწილონ ის  მუხტი, რაც ამ ნამუშევარშია ჩადებული.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყეტილებას?

– ჩვეულებრივ, სწრაფად ვიღებ და ვფიქრობ, რომ ექპრომტად მიღებული გადაწყვეტილება ყოველთვის ბევრად იღბლიანი და წარმატებულია.

ბლიც-კითხვები:

– როგორ ამხნევებთ საკუთარ თავს სირთულეების დროს?

– ვარწმუნებ, რომ ყველაფერი გამოვა.

– როდის ითამაშეთ ბოულინგი ბოლოს?

– რამდენადაც მახსოვს, ბოლოს სამი დღის წინ ვითამაშე.

– როგორ ისვენებთ გადატვირთული დღის შემდეგ აუზზე მიდიხართ და ბარს სტუმრობთ მეგობრებთან ერთად?

– აუზზე სიარული კარგია, მაგრამ ხშირად ვერ ვახერხებ. ძირითადად ბარს ვსტუმრობ მეგობრებთან ერთად ან სახლში ვარ და ტელევიზორთან ვისვენებ მეუღლის მომზადებული ყავით ხელში.

– რამდენად კარგი კულინარი ხართ?

– ზოგადად, ძალიან ვაფასებ მათ, ვისაც გემრიელი კერძების მომზადება შეუძლია, მე კი, უფრო შემფასებელი ან დამგემოვნებელი ვარ, ვიდრე კულინარი.

– რა მთავარი თვისება უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– მთავარი მიზანდასახულობა და დაუღალავი შრომაა, რადგან სიზარმაცე წარმატების მთავარი მტერია. არანაკლებ მნიშვნელოვანია იღბალი და საყვარელი საქმის პოვნა, რადგან თუ არ მოგწონს ის, რასაც აკეთებ, ვერასდროს შეძლებ მის სრულფასოვნად შესრულებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები