LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იმ პერიოდში მართლაც მარტოდ ვგრძნობდი თავს და მეც მსურდა მყვარებოდა”

10

გადაცემის ლაივი LIVE

24 აპრილს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ ახალი სიმღერების პრეზენტაციით მუსიკოსები მაია ბარათაშვილი და ნინი შერმადინი სტუმრობდნენ. როგორ შეიქმნა ახალი სიმღერები და რა გეგმები აქვთ მომავალში – მომღერლებმა რადიო “ფორტუნას” ეთერში ისაუბრეს.

– მაია, ახალი კომპოზიცია მნიშვნელოვნად განსხვავდება თქვენი ძველი ნამუშვრებისგან. საინტერესოა, როგორ შეიქმნა სიმღერა?

– საერთოდ, ძალიან მიყვარს საკუთარი თავის სხვადასხვა მუსიკალურ ჟანრში მოსინჯვა, რაც ვფიქრობ ყველა მუსიკოსისთვის აუცილებელია, ამიტომ ძალიან დავინტერესდი, როცა ჩემმა მეგობარმა, შესანიშნავმა მუსიკოსმა სერგო კოკაიამ, ახალ და ჩემთვის მანამდე უცნობ ჟანრში შემომთავაზა მუშაობა. თავად მოვიფიქრე მელოდია, ტექსტი და Bravo Records-ში ბრწყინვალე მომღერალსა და ინსტრუმენტალს, ძალიან გემოვნებიან ადამიანს ალეკო ბერძენიშვილს მივაკითხე. კომპოზიცია Summer Dance – შეყვარებული წყვილის ისტორიაა, რომელიც საცეკვავო მოედანზე ხვდება ერთმანეთს. სიმღერა ერთად ჩავწერეთ, მერე კი, ალეკომ თავად დაამუშავა, ასე რომ პროდაქშენის ავტორობაც Bravo Records ეკუთვნის.  ვფიქრობ, ძალიან საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა, რომელიც ნებისმიერი ასაკის მსმენელს ააცეკვებს.

– ნინი, საკმაოდ აქტიურად მოღვაწეობთ საზღვარგარეთ, რა სიახლით ჩამოხვედით საქართველოში?

– ამჯერად, ორ ნამუშევარს წარმოვადგენ. პირველ რიგში, ჩემი უახლოესი მეგობრის, შეერთებულ შტატებში მოღვაწე უნიჭიერესი პიანისტის და არაჩვეულებრივი ადამიანის ირაკლი შარაძის სიმღერას შევთავაზებ მსმენელს, რომელიც მამა პეტრე კოლხის ლექსზე დაიწერა. თავად მამა პეტრეს სურვილი იყო, რომ სიმღერა შექმნილიყო და მე შემესრულებინა, რაც ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა, რადგან სამწუხაროდ ნაკლებად მაქვს ქართული სიმღერები რეპერტუარში. ვფიქრობ, ლამაზი კომპოზიცია გამოვიდა და ძალიან მაინტერესებს, როგორ მიიღებს ქართველი მსმელნელი. მეორე – საავტორო სიმღერაა, რომლის ტექტი და მუსიკა თავად დავწერე, საკმაოდ ენერგიული, პოზიტიური გამოვიდა და Smile Everobody დავარქვი.

– მაია, როგორ მოგწონთ ნინის ახალი ნამუშევარი?

– ძალიან მომეწონს, რადგან უცნაური ნოსტალგიის გრძნობა გამიჩნდა. 1980-იან წლებში, როცა ჯაზისა და როკისგან განსხვავებით ნაკლებად ვიცნობდით დასავლურ პოპ-კულტურას, სწორედ ვიდეოკლიპებმა და პოპ-მუსიკამ შემოიტანა ჩვენს ცხოვრებაში  რომანტიზმი. ზოგადად, ხელოვნება ყოველთვის კონკრეტულ ეპოქას ეხმიანება, იმ პერიოდის მუსიკა კი, ძალიან რომანტიკულად იყო განწყობილი და თითქოს ყველას სიყვარულისკენ უბიძგებდა, ამიტომ, როცა ნინის კომპოზიცია მოვისმინე ძველი დრო გამახსენდა და მომინდა, მეც ვინმე მყვარებოდა. ვფიქრობ, სიმღერაზე მუშაობისას ნინის არ ჰყავდა კონკრეტული ადრესატი, რადგან ნამუშევარი ერთგვარი მოწოდებაა რომანტიკისა და სიყვარულისკენ, მისი პერსონაჟი კი, მზადაა ახალი თავგადასავლისთვის.

– ნინი, რამდენად ეთანხმებით ქალბატონი მაიას მოსაზრებას?

– აბსოლუტურად ვეთანხმები, რადგან ზუსტად ახსნა ჩემი განცდა და ჩანაფიქრი. იმ პერიოდში მართლაც მარტოდ ვგრძნობდი თავს და როგორც ყველას, მეც მსურდა მყვარებოდა, რადგან სიყვარული ყველაზე ძლიერი მოტივატორია. ქალბატონი მაია მართლაც, ერთადერთი და განუმეორებელი მუსიკოსია, რომელსაც უზარმაზარ პატივს ვცემ და ძალიან ბევრს ვსწავლობ მისგან, ამიტომ მისი შეფასებაც ძალიან მნიშვნელოვანია.

– მაია, როგორ ემზადებით ჯანსუღ კახიძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალისთვის?

– რა თქმა უნდა, დიდი პატივია ამგვარ ფესტივალში მონაწილეობა, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ვატო კახიძეს. თუმცა, ცოტას ვღელავ, რადგან ყოველთვის საპასუხისმგებლოა, ისეთ ლეგენდარულ მუსიკოსთან ერთად ფესტივალში მონაწილეობა როგორიც დი დი ბრიჯვოთერია. სწორედ ფესტივალის ფარგლებში, 23 მაისს მოვაწყობ ჩემს საიუბილეო საღამოს. პირველ ბლოკში, ტრადიციული ჯაზს წარმოვადგენ თბილისის ბიგ ბენდთან ერთად, მეორე ბლოკი თანამედროვე ჯაზს მიეძღვნება, მესამე კი – სიმფონიურ ორკესტრს, ბიგ ბენდს დაეთმობა და მეც შევასრულებ ორ კომპოზიციას. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო, მრავალფეროვანი პროგრამა გვექნება და ჩვენი მსმენელიც კმაყოფილი დარჩება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები