LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი დარახველიძე: “ვცდილობთ, ყველა თანამშრომელმა ერთი დიდი ოჯახის წევრად იგრძნოს თავი”

7

16 მაისს რადიო ”ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას ”წარმატების ფორმულა” შპს ”გოლბის” გენერალური დირექტორი ირაკლი დარახველიძე სტუმრობდა.

1992 წელს, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-სამშენებლო ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, ბატონმა ირაკლიმ კონცერნ  ”სოფმშენში” გააგრძელა საქმიანობა, რის შემდეგაც ბიზნესში გადაინაცვლა  და ჯერ შპს ”პეანი” დააფუძნა, მოგვიანებით კი, შპს ”გოლბი”, რომლის მფლობელობაშია ავეჯის მაღაზიათა ქსელი ”პაპილონი” და სახლის აქსესუარების მაღაზიათა ქსელი ”ქრეათივ ჰოუმი”

– ბატონო ირაკლი, რამ განაპირობა თქვენი ბიზნესით დაინტერესება და რამდენად რთული გზა გაიარეთ საკუთარი ბიზნესის გასავითარებლად?

– ჩემს შემთხვევაში ბიზნესის დაწყება უფრო აუცილებლობა იყო, ვიდრე ბავშვობის ოცნება. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, სამშენებლო ბიზნესში დავიწყე მოღვაწეობა, თუმცა ეს არ იყო ბიზნესი ტრადიციული გაგებით, რადგან საბჭოთა ეპოქის დასასრულს მშენებლობის სტრუქტურა რადიკალურად განსხვავდებოდა დღევანდელისგან. რეალური ბიზნესის დაწყება 1997 წელს შევძელით, რაშიც ძალიან დაგვეხმარა უკვე დაგროვილი გამოცდილება. ზოგადად, ნებისმიერი საქმის ან კომპანიის წარმატება შედეგით იზომება ანუ რამდენად შეესაბამება მიღებული შედეგი თავდაპირველ ჩანაფიქრს. ჩვენ ძალიან მალე, პრაქტიკულად 2-3 წელიწადში შვძელით ჩვენი ჩანაფიქრის განხორციელება. შემდეგ დადგა მომენტი, როცა მივხვდით, რომ ეს არაა ჩვენი მაქსიმუმი და უფრო მეტის გაკეთება შეგვიძლია. სწორედ მაშინ გავხსენით ე.წ. სარემონტო საშუალებების მაღაზია ”კაფელის სახლი”, რომელიც ამ ტიპის პირველი მაღაზია იყო საქართველოში. ბევრი სკეპტიკურად უყურებდა ჩვენს წამოწყებას, რადგან არ სჯეროდა, რომ შევძლებდით ”ელიავას ბაზრობასთვის” კონკურენციის გაწევას. თუმცა, ჩვენ გვჯეროდა და საკმაოდ წარმატებულადაც განვახორციელეთ ჩვენი იდეები.

– რას საქმიანობს შპს ”გოლბი” დღეს?

– შპს ”გოლბი”, რომელიც 2004 წელს დაარსდა, ძირითადად ავეჯის ბიზნესში ოპერირებს, რომელიც ”პაპილონის” ბრენდითაა წარმოდგენილი, ასევე გვაქვს სახლის აქსესუარების მაღაზიათა ქსელი ”ქრეათივ ჰოუმი”.

– რამდენ ბრენდს აერთიანებთ ”პაპილონი”?

– ”პაპილონი” მსოფლიოს 25 წამყვან ბრენდს აერთიანებს. ძირითადი აქცენტი ევროპელ მწარმოებლებზე კეთდება, თუმცა აქტიურად არიან ჩართული აზიის და ჩვენი მეზობელი ქვეყნები.

IMG_4427– თქვენი აზრით, არის თუ არა დღეს ხელისაყრელი გარემო ბიზნესისთვის და რამდენად ეხმარება სახელმწიფო მის განვითარებას?  

– ზოგადად, გარემო ბიზნესის კეთებისთვის ყოველთვის არის, თუმცა რამდენად ხელსაყრელია ის, მართლაც მთავრობაზეა დამოკიდებული. ჩემი აზრით, მთავრობამ ქვეყანაში სამოთხე კი არ უნდა შექნმას, არამედ უნდა იზრუნოს, რომ ქვეყანა ჯოჯოხეთად არ გადაიქცეს. სიმართლე  ვთქვა, დღევანდელი მთავრობა პირველია, ვინც ამის გაკეთება შეძლო. მან შექმნა ხელსაყრელი გარემო, დანარჩენი კი, ჩვენი საქმეა, რადგან ყველაფერი თვითონ უნდა შევქმნათ საკუთარი მუშაობით.

– რამდენად სწრაფად განვითარდა თქვენი კომპანია და რომელი პერიოდი გახსენდებათ ყველაზე მომგებიანად?

– ყველაზე აქტიური და მომგებიანი როგორც წესი დასაწყისია ანუ პირველი რამდენიმე წელი, რადგან თუ ყველაფერი სწორედ გაქვს დაგეგმილი, 2-3 წელიწადში ის აუცილებლად მოიტანს შედეგს. ”პაპილონის” შემთხვევაშიც ზუსტად ასე მოხდა. თავიდან ის მხოლოდ საპილოტო პროექტი იყო, რომელსაც საკუთარი შენობაც არ ჰქონდა. თუმცა, სწრაფად განვითარდა და ძალიან მალე შვილობილი სახლებიც  შეიძინა.

როგორ მოახერხეთ ამდენი უცხოელი ბიზნეს-პარტნიორის მოზიდვა?

– 20 წელია ბიზნესში ვართ. ამ ხნის განმავლობაში უამრავი შეხვედრა გვქონდა, რაც სამომავლოდ საქმიან ურთიერთობაში გადაიზარდა.

– თქვენი აზრით, ბიზნესის რომელი მიმართულებაა დღეს ყველაზე მომგებიანი და თვითონ რომელ ბიზნესს მოკიდებდით ხელს?

– სოფლის მეურნეობა ყოველთვის მომგებიანი დარგიაა, რომელსაც ვერერთი პოლიტიკური სიტუაცია ვერ შეცვლის და ვერცერთი მთავრობა  ვერ აუვლის გვერდს, რადგან ერმა საკუთარი სარჩო თვითონ უნდა მოიპოვოს. ამ მიმართულებით ჩვენც გვაქვს სამომავლო გეგმები, თუმცა ჯერჯერობით თავს შევიკავებ გახმოვანებისგან.

– შპს ”გოლბი” ”პაპილონის” და ”ქრეათივ ჰოუმსის” მაღაზიათა ქსელს აერთიანებს, ახალი მიმართულების დამატებას ხომ არ გეგმავთ ახლო მომავალში?

– დღეს აქტუალური წარმოების თემაა, რადგან ახალმა რკინიგზამ ამ სფეროშიც წარმოაჩინა ახალი პერსპექტივები. გარდა ამისა, გაჩნდა ინვესტორების დაინტერესებაც.

– რა პროფესიაზე ოცნებობდით ბავშვობაში, თავიდანვე ბიზნესს და ეკონომიკას ხომ არ ანიჭებდით უპირატესობას?

– ბავშვობაში ძალიან მომწონდა შენება, სწორედ ამ მიმართულებით ავირჩიე სპეციალობაც, თუმცა გული მწყდება, რომ 1997 წლიდან აქტიურად აღარ ვარ ჩაბმული მშნენებლობაში.

– ნებისმიერ კომპანიას ჭირდება გადახალისება, თქვენს კომპანიაში  როგორ იბადება ახალი იდეები და რამდენად აკეთებთ გათვლას სარეკლამო კამპანიაზე?

– მე ყოველთვის გადაწყვეტილების კოლექტიურად მიღების მომხრე ვარ. დამფუძნებლებს და თანამშრომლებს საკმაოდ ხშირი შეხვედრები გვაქვს. ნებისმიერის აზრს ვითვალისწინებთ, რადგან ყველას განსხვავებული ხედვა აქვს და ხშირად რთულია ზუსტად განსაზღვრო, სად ჭირდება კომპანიას გაძლიერება. ყოფილა შემთხვევა, როცა კარგად დაგეგმილ სარეკლამო კამპანიას შედეგი არ მოუტანია, რისი მიზეზიც ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანი გამხდარა. თუმცა, პირიქითაც ხდება – თითქოს ნაკლებად მნიშვნელოვან აქტივობას საკმაოდ კარგი შედეგი მოაქვს.

რამდენად რთულია დღეს პროფესიონალი კადრების მოძიება?

– პროფესიონალი კადრების მოძიება მართლაც რთულია. თუმცა, სიტუაცია უკეთესისკენ იცვლება, რადგან მე ის პერიოდიც მახსოვს, როცა საქართველოში განათლებული ადამიანის მოძებნაც ჭირდა. ვფიქრობ განათლების სისტემა საგრძნობლად გამოსწორდა, ახლა მხოლოდ მიღებული განათლების პრაქტიკაში გამოყენებაა საჭირო.

– როგორ ფიქრობთ, რა არის მთავარი კარგი მენეჯმენტისთვის?

– ჩვენ არააგრესიულ მეჯმენტის მომხრე ვართ, არ ვიყენებთ თანამშრომლების ფინანსურად დასჯის მეთოდს, ვმუშაობთ გუნდური პრინციპით და ვცდილობთ, ყველა თანამშრომელმა ერთი დიდი ოჯახის წევრად იგრძნოს თავი.

– პირველ რიგში რას აქცევთ ყურადღებას კადრების შერჩევისას?

– ყველა თანამშრომელს ერთიდაიგივეს ვეუბნებით – ადამიანს ნებისმიერი, ყველაზე დიდი შეცდომაც შეიძლება ეპატიოს, თუმცა, არასდროს ეპატიება დაუდევრობა.

რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– საკმაოდ სწრაფად, თუმცა აუცილებლად ვისმენ და ვითვალისწინებ თანამშრომლების აზრს.

ბლიც-კითხვები:

– ფრაზა, რომელითაც საკუთარ თავს ამხნევებთ?

– ”არასდროს არ დანებდე!”

ადგილი ოფისში სადაც განტვირთვას ახერხებთ?

– ჩემი სამუშაო კაბინეტი.

– დღის განმავლობაში ძირითადად სად ეცნობით ახალ ინფორმაციას?

– ტელევიზორში.

– ყავით იწყებთ დილას თუ ნატურალური წვენით?

– ყავით.

– რა უფრო მოგწონთ – აუზი თუ ბარი მეგობრებთან ერთად?  

– ბარი მეგობრებთან ერთად.

– რაზე ფიქრობთ ახლა?

– ვფიქრობ, რა იქნება შემდეგი შეკითხვა.

– ბოლოს როდის ითამაშეთ კალათბურთი?

– დაახლოებით 3-4 წლის წინ.

– ახლო მომავალში სად აპირებთ მოგზაურობას?

– ზუსტად არ ვიცი, მაგრამ აუცილებლად აზიის ქვეყანა იქნება.

– აქსესუარი რომლის გარეშეც სახლიდან არასდროს გამოდიხართ?

– საათი.

– მეუღლის მომზადებულ კერძებს შორის, რომელი გიყვართ ყველაზე მეტად?

– თვითონ ”მადამ ბოვარს” ეძახის და ისე რა ჰქვია, არ ვიცი.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად? 

– კრიტიკული აზროვნება ნებისმიერ საქმეში აუცილებელია, თუმცა არარაკლებ მნიშვნელოვანია შრომისმოყვარეობაც.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები