LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კირვალიძე: „საირმე ყოველთვის თქვენთანაა!”

15

25 ივლისს რადიო ”ფორტუნას” და გვანცა ლაღიძის გადაცემას ”წარმატების ფორმულა” კომპანია ”საირმეს” კომერციული დირექტორი ირაკლი კირვალიძე სტუმრობდა.

კავკასიის ბიზნეს სკოლაში სწავლის შემდეგ, ირაკლიმ განათლების მიღება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის თურქეთში, აშშ-ში, ჩინეთსა და ბელგიაში გაგრძელა. სამუშაო გამოცდილება კი, ქართულ და ევროპულ ბაზრებზე შეიძინა, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია მუშაობა ”სონი-ევროპის” ბელგიის ოფისში და მონაწილეობა რუმინეთის ერთ-ერთი კლინიკის მარკეტინგული გეგმის შემუშავებაში.

– ბატონო ირაკლი, ”საირმე” უკვე დიდი ხანია ოპერირებს ქართულ ბაზარზე. რა გზა გაიარა კომპანიამ და რა სიახლეებზეა ორიენტირებული დღეს?

– საირმე მინერალური წყლების ერთ-ერთი უძველესი ბრენდია, რომელიც ცნობილი 1893 წელს გახდა. მართალია, საბჭოთა კავშირის ქვეყნებში მასიური აღიარება არ ჰქონდა, მაგრამ ცნობადობა მაინც ყოველთვის მაღალი იყო. დაახლოებით სამი წლის წინ კომპანიაში  მენეჯმენტის სრული ცვლა განხორციელდა და საკმაოდ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩაიდო, აბსოლუტურად განახლდა მანქანა-დანადგარები, გაკეთდა იტალიური ხაზები და გერმანული სტანდარტის ლაბორატორია, რომელიც გვეხმარება სრულად ვაკონტროლოთ ჩვენი პროდუქციის ხარისხი. რაც შეეხება სიახლეებს – კომპანია ისევ  აქტიურად აგრძელებს ქართული ბაზრის ათვისებას, რადგან საკმაოდ დიდი ძალისხმევა ჭირდება უკვე დამკვიდრებული ადგილის გამყარებას. ძირითად აქცენტს ექსპორტზე ვაკეთებს, რადგან რეალიზაციის თვალსაზრისით შესაძლებლობები საზღვარგარეთ ბევრად უფრო მეტია.

– დღეს ქართულ ბაზარზე საკმაოდ ბევრი მინერალური წყალია წარმოდგენილი. რა გამოარჩევს ”საირმეს” სხვა მინერალური წყლებისგან?

– გეთანხმებით, ბაზარზე მართლაც მრავალრიცხოვანი ეროვნული პროდუქციაა წარმოდგენილი.”საირმეს” კონკურენტებისგან მისი მინერალიზაცია (3-დან 5 მილიგრამამდე) და დაბალანსებული ქიმიური შემადგენლობა გამოარჩევს, რაც მინერალურ წყალს ყოველდღიური მოხმარებისთვის მეტად სასარგებლოს ხდის. როგორც იცით, ზედმეტად მინერალიზირებული წყლის ყოლველდღე მიღება რეკომენდებული არაა. აუცილებელია დაცული იყოს მინერალიზაციის ნორმები, რათა წყალმა გვარგოს და არა გვაზიანოს. ”საირმე” საშუალოდ გაზირებული ოდნავ განსხვავებული გემოს წყალი და საკმაოდ სასიამოვნო დასალევია. აღასანიშნავია მისი სამკურნალო თვისებებიც – წყალი ძირითადად პროფილაქტიკური და საკმაოდ ფართო სპექტრის დაავადებების პრევენციის მიზნით გამოიყენება.

– ”საირმეს” წყალი საკმაოდ დიდი მოცულობით გადის ექსპორტზე. როგორია ექსპორტის გეოგრაფია?

– გეოგრაფია საკმაოდ მასშტაბურია, რაც კიდევ ერთხელ მინდა ავღნიშნო, ბოლო სამ წელიწადში მიღწეული შედეგია. ევროპაში, ძირითად ექსპორტს ლატვიაში, ჩეხეთსა და გერმანიაში ვახორციელებთ. პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ჩვენი პროდუქცია რუსეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთში, თურქმენეთში, ბელორუსიაში, მოლდოვასა და უკრაინაში გადის. გარდა ამისა, წარმოდგენილი ვართ ჩინეთში, ჰონგკონგში, ისრაელში, თურქეთსა და საუდის არაბეთში. სხვათაშორის, საუდის არაბეთი ძალიან მნიშვნელოვანი ბაზარია მინერალური წყლის ნებისმიერი მწარმოებლისთვის. ჩვენ, ეს ბაზარი სამი თვის წინ ავითვისეთ და საკმაოდ დიდ იმედებს ვამყარებთ, რადგან უკვე მოვახერხეთ გარკვეული რაოდენობის გატანა, სერთიფიცირება და დარეგისტრირება, რაც საკმაოდ რთული პროცესია.

– სხვა საექსპორტო ბაზრებზე თუ გეგმავთ გასვლას, გაქვთ თუ არა შემუშავებული ახალი მიმართულება?  

– მიმართულება და სტრატეგია უკვე შემუშავებულია. ამ ეტაპზე ძირითადად გალფის ქვეყნებზე – ყატარზე, ქუვეითსა და ომანზე ვაკეთებთ აქცენტს, მოლაპარაკება გვაქვს უზბეკეთთანაც. გარდა ამისა, იმ ქვეყნებში, სადაც უკვე წარმოდგენილი ვართ, შეხვედრებს ვმართავთ ახალ დისტრიბუტორებთან, რათა მაქსიმალურად გავაფართოვოთ დისტრიბუციის არეალი.

13649499_1245766585442970_773300994_n– ბატონო ირაკლი, თქვენ საბაზისო განათლება საქართველოში მიიღეთ, როგორ ფიქრობთ, საკმარისია საქართველოში მიღებული განათლება შემდგომი თვითრეალიზაციისთვის თუ აუცილებელია საზღვარგარეთ სწავლა?

– ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოში მიღებული განათლება საკმარისი არაა. ჩვენ გვაქვს რამდენიმე საინტერესო და კარგად განვითარებული უნივერსიტეტი, რომელთა შორის ერთ-ერთი კავკასიის ბიზნეს სკოლაა, თუმცა, საზღვარგარეთ მიღებული განათლება ბევრად უფრო აფართოვებს აზროვნებას, მსოფლმხედველობას და შესაძლებლობების არალს.

– არის თუ არა საზღვარგარეთ მიღებული განათლება თქვენი წარმატების მთავარი ფაქტორი?

– რა თქმა უნდა, გარკვეული წვლილი უცხოურმა განათლებამაც შეიტანა, თუმცა, მთავარი ჩემი აზრით, მაინც მიზანდასახულობაა.

– თქვენი აზრით, არიან თუ არა დღეს საქართველოში კვალიფიციური კადრები?

– კვალიფიციური კადრები საქართველოში უდაოდ არიან, თუმცა არა იმ რაოდენობით, რაც საჭიროა. გარკვეული ნაკლებობას რა თქმა უნდა, მაინც იგრძნობა.

– ახორციელებს თუ არა თქვენი კომპანია კადრების გადამზადებას?

– ჩვენ სხვადასხვა ტიპის ტრენინგები გვაქვს, სადაც უცხოური გამოცდილების გათვალისწინებით ვაწვდით მსურველებს ინფორმაციას.

– როგორ იქცევით სირთულეების დროს?

– ძალიან კარგი შეკითხვაა. ჩემი აზრით, პირველ რიგში სირთულის წარმოქმნის წყაროს მოძიება და მისი სწორად გაანალიზებაა საჭირო, მერე კი, სწორი სტრატეგიით აქტიურ მოქმედებაზე გადასვლა.

– ყველაზე რთული დღე თუ გახსენდებათ?

– სირთულეები ყოველთვისაა, როგორც ყოველდღიურ ცხოვრებაში ისე ბიზნესში, თუმცა დაუძლეველი და გადაულახავი არაფერია.

– როგორი ბიზნესგარემოა დღეს საქრთველოში?

– ზოგადად მსოფლიოშია ნაკლებად სახარბიელო სიტუაცია. იგივე მდგომარეობაა საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც. საერთო ფონია საკმოდ დაძაბული, თუმცა პოზიტიურად ვარ განწყობილი და იმედი მაქვს, მალე ყველაფერი მოწესრიგდება.

– თქვენი აზრით, რა არის საჭირო ბიზნესის განვითარებისთვის?

– პირველ რიგში ეკონომიკიური სტაბილურობის შექნმაა საჭირო, გამართული უნდა იყოს საბანკო სისტემაც. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა თავად აუწყოს ფეხი ცვლილებებს, იყოს დინამიური და მიდმივად განვითარებაზე ორიენტირებული.

13838441_1245766598776302_971865890_o– როგორ ახერხებთ საქმის და ქველმოქმედების შეთავსებას. რამდენადაც ვიცი, თქვენ ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის თანადამფუძნებელი ხართ?

– ორგანიზაცია ”ერთმანეთისთვის” საკმაოდ სპონტანურად დაარსდა, როცა რამდენიმე მეგობარს საერთო ინტერესები აღმოგვაჩდა. ამ ეტაპზე ორგანიზაცია ”თემთან” ვთანამშრომლობთ, რომელიც კახეთში მუშაობს და 80-მდე ადამიანს ეხმარება. მხარში გვიდგას რამდენიმე კომპანია, მათ შორის ”საირმე მინერალ ვოთერსიც” რომელიც პროდუქციითაც გვამარეგებს და მატერიალურადაც გვეხმარება.

– თქვენი აზრით, რა მთავარი პრინციპებია აუცილებელი ხელმძღვანელისთვის ლიდერის პოზიციის შესანარჩუნებლად?

– ხელმძღვანელს უნდა უყვარდეს და მაქსიმალურად იყოს ჩართული იმ საქმეში, რომელსაც აკეთებს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ბიზნესტენდენციების კარგად ცოცდნა და ცვლილებებზე დროულად რეაგირება. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლების აზრის მოსმენა, რადგან ზოგიერთ საკითხში მათ უფრო მეტი ცოდნა, გამოცდილება და კომპეტენტური აზრი აქვთ.

– პირველ რიგში რას აქცევთ ყურადღებას თანამშრომლის შერჩევისას?

– მომავალი თანამშრომელი აუცილებლად კვალიფიციური უნდა იყოს, ჰქონდეს შესაბამისი განათლება და გამოცდილება. არანაკლებ მნიშვნელოვანია მიზანდასახულობა და სირთულეების დაძლევის უნარი.

– როგორ იბადება კრეატიული იდეები თქვენს კომპანიაში?

– ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს თანამშრომლებთან, მუდმივად ვცვლით ინფორმაციას და ხშირად, იდეებიც ძალიან სპონტანურად იბადება.

– რა პროფესიაზე ოცნებობდით ბავშვობაში?

– ბავშვობაზე არქიტექტორობა მინდოდა. თუმცა, რაღაც მომენტში გადავწყვიტე, რომ ბიზნესი უფრო სარფიანი იქნებოდა.

– სპორტის რომელიმე სახეობით ხომ არ იყავით გატაცებული და სპორტსმენობა ხომ არ გინდოდათ?

– რამდენიე წელი ჯიუ ჯიცუზე დავდიოდი, თუმცა, სპორტსმენობაზე სერიოზულად არასდროს მიფიქრია.

– რამდენად სწრაფად იღებთ გადაწყვეტილებას?

– გადაწყვეტილებას ყოველთვის სწრაფად ან ძალიან სწრაფად ვიღებ. ბიზნესში, სადაც ყველაფერი დინამიურია და სწრაფად იცვლება, გადაწყვეტილების მიღებაც ოპერატიულადაა საჭირო. თუმცა, ნებისმიერი გადაწყვეტილება ლოგიკასა და კონკრეტული ფაქტების ანალიზს უნდა ემყარებოდეს.

ბლიც-კითხვები:

– რა სლოგანი აქვს კომპანია ”საირმეს”?

– ”საირმე ყოველთვის თქვენთანაა!” – ამ სლოგანით ხაზი გვინდა გავუსვათ ჩვენს მიზანს – იყოს ”საირმე” ყოველთვის, ყველასთან და ნებისმიერ სიტუაციაში.

– ფრაზა, რომელსაც ყველაზე ხშირად მიმართავთ?

– ხშირად არ მივმართავ, მაგრამ ჩემი საყვარელი ფრაზაა: ”წარმოსახვა მართავს სამყაროს!” ჩემი აზრით, ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემოა, რაც უკვე გაკეთდა ან მომავალში გაკეთდება, ვიღაცის წარმოსახვაში უკვე იყო და შესაბამისად, ყველაფერი შესაძლებელია.

– ძირითადად სად ეცნობით ახალ ინფორმაციას?

– როგორც წესი, მობილური აპლიკაციებით ვსარგებლობ.

– როგორ ისვენებთ გადატვირტული დღის შემდეგ?

– ჩვეულებრივ, სპორტულ დარბაზში მივდივარ.

– როგორც ვიცი, ძალიან გიყვართ მოგზაურობა. რომელია თქვენი სანატრელი ქვეყანა?

– ძალიან მინდა, საქართველოში განვითარდეს ტურიზმი, რისი პოტენციალიც უდაოდ არის. ძალიან ბევრი მეგობარი ჩამოდის საზღვარგარეთიდან და ყველას ძალიან მოსწონს ჩვენი ქვვეყანა. პირველ რიგში საქართველოს შემოვივლიდი, უცხოეთის ქვეყნებიდან კი, ავსტრალიაში ვიმოგზაურებდი დიდი სიამოვნებით.

– აქსესუარი, რომლის გარეშეც არასდროს გამოდიხართ სახლიდან?

– ჯვარი და საათი.

– საჩუქრის გაცემა უფრო დიდ სიამოვნებას განიჭებთ თუ მიღება?

– ორივე სასიამოვნოა, თუმცა გაცემა უფრო მიყვარს.

– ფანქარი და ფურცელი რომ გქონდეთ, რას დახატავდით გადაცემაში ”წარმატების ფორმულა”?

– ჰორიზონტს დავხატავდი, რაც ჩემთვის ახალ შესაძლებლობებთან ასოცირდება.

– თქვენი აზრით, რა მთავარი თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს წარმატების მისაღწევად?

– პირველ რიგში მიზანდასახულობა და იმ მიზნის სიყვარული, რომლის მიღწევასაც ცდილობს. არანაკლებ მნიშვნელოვანია გამართლებაც, თუმცა, მთავარი მაინც მიზანია, რადგან თუ კონკრეტული მიზანი გაქვს და ყველაფერს აკეთებ მის მისაღწევად, შეუძლებელიც არაფერია.

გადაცემის ჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები