LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯაბა მელქაძე: “კონკურენტებად ვერავის ვერ აღვიქვამ, გარდა HBO-სი”

15

12 ოქტომბერს რადიო ”ფორტუნას” გვანცა ლაღიძის გადაცემაში ”წარმატების ფორმულას” GDS-ის დირექტორი ჯაბა მელქაძე სტუმრობდა.

ჯაბა მელქაძე1985 წლის 8 მარტს დაიბადა. 2006 წელს დაამთავრა საქართველოს ტელე-რადიო მაუწყებლობის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 2003 – 2011 წლებში მუშაობდა სხვადასხვა ტელევიზიასა და სარეკლამო კომპანიაში. მათ შორის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, ტელეკომპანია ”იმედსა” და სარეკლამო კომპანია “სარკეში”. 2012 წლიდან მუშაობს ტელეკომპანია GDS-ში. ტელეკომპანიის დაარსებიდან იყო მისი სამხატვრო ხელმძღვანელი, 2014 წლის ნოემბრში კი, არხის დირექტორის თანამშრომლობა ჩაიბარა.

– GDS-ს საკმაოდ ბევრი საინტერესო პროექტი აქვს. როგორი იყო ტელევიზიის განვითარების გზა და პირველი ნაბიჯები?

– გამომდინარე იქიდან, რომ პირვანდელი იდეა სულ სხვა იყო, განვითარების პერიოდი მართლაც საინტერესო აღმოჩნდა. თავიდან ლევან დაბრუნდაშვილს და ბერას ფროდაქშენ-კომპანიის დაარსება უნდოდათ, რომელიც რეკლამაზე და ფილმების გამოშვებაზე იმუშავებდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ იდეა გაფართოვდა და გადაწყდა ახალგაზრდული, შემეცნებით-გასართობი ტელევიზიის გაკეთება. იდეამ გაამართლა! ბევრი ექსპერიმენტი ჩავატარეთ, რადგან ამის გარეშე უბრალოდ შეუძლებელი იყო. სწორედ მრავალფეროვანი ექსპერიმენტების წყალობით შევამცირეთ ჩვენი განვითარების გზა და სულ რაღაც სამ წელიწადში მივაღწიეთ იმას, რაც ახლა გვაქვს.

– ნებისმიერი ბიზნესის წარმოებისას ჩნდება პრობლემები, რა იყო ყველაზე დიდი წინაღობა GDS-ის შემთხვევაში?

– განსაკუთრებული წინაღობა არ მახსენდება. ექსპერიმენტების შემდეგ დადგა მომენტი, როცა GDS-ს ფორმა უნდა მისცემოდა, ჩამოყალიბებულიყო და საკუთარი პოზიცია დაეფიქსირებინა. გადაწყვეტილების მიღებაში, სწორედ ექსპერიმენტები დაგვეხმარა. ექსპერიმენტი შემიძლია დავარქვა ”პარადოქსს”, რასაც მალე სერიალი ”პანიკის გარეშე” მოჰყვა, შემდეგ კი ”ტიფლისი” იყო, რომელმაც უზარმაზარი წარმატება მოიპოვა და სწორად ამან გადაგვაწყვეტინა აგვერჩია ჩვენს ნიშად ქართული სერიალები. ყოველთვის გვქონდა სურვილი აგვემაღლებინა ზოგადად მიღებული ტელესერიალების ხარისხი და მართალია არხი გასართობ-შემეცნებითია, აქცენტი მაინც ხარისხიან სერიალებზე გაკეთდა.

– რამდენად მნიშვნელოვანია ნებისმიერი საქმიანობის დროს ჯანსაღი კონკურენცია? ვის თვლით თქვენს კონკურენტად?

– ჯანსაღი კონკურენცია ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან კონკურენცია მოტივაციაა. გამომდინარე იქიდან, რომ ქართული სერიალების ნიშა მხოლოდ ჩვენ გვიჭირავს საქართველოში, კონკურენტებად ვერავის ვერ აღვიქვამ, გარდა HBO-სი. ზოგადად კონკურენცია ზრდას უწყობს ხელს და ძალიან კარგი იქნება თუ სხვა კომპანიებიც ამავე ხარისხის პროდუქციას შექმნიან.

– რა ხდება მაშინ, როცა არ არის კონკურენცია, ამ შემთხვევაში როგორია მოტივაცია?

– როცა კონკურენცია არ არის, რჩება მხოლოდ სურვილი და ოცნება, რაც თავის მხრივ შეიძლება ჩამოყალიბდეს მოტივაციად. მე და ლევანი ერთად ვსწავლობდით და დიდი ხანია ერთად მოვდივართ. თავიდან პატარა პროექტებს ვაკეთებდით, რასაც ჩვენ ძალების მოსინჯვა დავარქვით. კონკურენცია არც მაშინ იყო, უბრალოდ გვქონდა ოცნება გვეკეთებინა ფილმები.

– ამდენი სიახლისა და კრეატიული პროექტების ფონზე როგორ ხდება მუშაობა ტელეკომპანიაში, რამდენად მნიშვნელოვანია გუნდური პრინციპით მუშაობთ?

– რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია. მე დიორექტორი ვარ, მაგრამ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს არასდროს არ ვღებულობ, მითუმეტეს როცა ეს არა ადმინისტრაციულ, არამედ კრეატიულ საკითხებს ეხება. გუნდის გარეშე საქმის კეთება ზოგადად შეუძლებელია, GDS-ის გუნდის გარეშე კი, შეუძლებელი იქნებოდა იმ წარმატების მიღწევა, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის იმ ადამიანების აზრი ვინც ჩვენს გუნდშია გაერთიანებული.

– დაახლოებით რამდენი ადამიანია თქვენს გუნდში?

– გუნდში ათნი ვართ. ყოველდღე ვიკრიბებით და ჩვენს აზრს გამოვთქვამთ. უამრავი იდეა გვაქვს, რომლებსაც ზოგი ეთანხმება, ზოგი არა. ხშირად ვკამათობთ და ერთმანეთს ვებუტებით, თუმცა სხვანაირად შეუძლებელია. სწორედ ასე ვაღწევთ შედეგს და ვთვლი, რომ გუნდური მუშაობა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან სხვა შემთხვევაში უბრალოდ ვერ შევქმნით ხარისხიან პროდუქციას.

– რამდენად მომგებიანია დღეს მედია-ბიზნესი, არის თუ არა საქართველოში ხელსაყრელი პირობები ბიზნესის კეთებისთვის?

– მომავალზე თუ არ ვიფიქრებთ, ვერასდროს ვერ ვისაუბრებთ ბიზნესის მომგებიანობაზე. ამ ეტაპზე რა თქმა უნდა, მომგებიანი არ არის. თუმცა, მასშტაბურად თუ მივუდგებით ამ საკითხს, შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან სერიოზული გეგმები გვაქვს, რადგან ჩვენი პირვანდელი იდეა ბევრად უფრო მასშტაბურია. ზოგს შეიძლება წარმოუდგენლადაც მოეჩვენოს, მაგრამ შანსები მართლაც ძალიან დიდია. ჩვენთვის, პირველ რიგში რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია ქართველი მაყურებელი ანუ ყველა პროექტი, რასაც აქამდე გავაკეთეთ და რასაც მომავალში გავაკეთებთ სწორედ ქართველი მაყურებლისთვის იქმნება. მაყურებელს აკლია ქართული ისტორიები და სწორედ ამიტომ უყურებს სხვის ისტორიებს. თუმცა, ქართული აუდიტორიის გარდა არსებობს ძალიან დიდი ბაზარიც, სადაც აუცილებლად მიიღებენ ხარისხიან პროდუქციას. ჩვენ ყოველ წელს ვმონაწილეობთ კანის კინო-მარკეტზე, სადაც მთელი მსოფლიოს ფროდაქშენ-ჯგუფები იყრიან თავს და ერთმანეთს საკუთარ პროდუქციას სთავაზობენ. წელს ხუთი პროექტი წარვადგინეთ და უამრავი კომპანია დავაინტერესეთ. ჯერ რაოდენობით, მერე კი ”ქერჩისა” და ”დაკარგული გმირების” თრეილერები ვაჩვენეთ და მიხვდნენ, რომ რაოდენობის გარდა, ხარისხიც ძალიან მაღალი გვქონდა. ამიტომ გამორიცხული არაა, რომ ჩვენი ფილმები მალე სხვა ქვეყნის მაყურებელმაც იხილოს. თავიდან ცოტა გაკვირვებულებიც იყვნენ, არ ეგონათ რომ საქართველოში ასეთი ხარისხიანი პროდუქციის კეთება შეიძლებოდა. რა თქმა უნდა, ჩვენ პირველ რიგში ქართველ მაყურებელზე ვზრუნავთ და მათ ვთავაზობთ ქართული პროდუქციას, თუმცა იგივე პროდუქცია აუცილებლად იმ ხარისხის უნდა იყოს, რომ სხვებიც დააკმაყოფილოს.

– მდიდარი მედია-გამოცდილება გაქვთ, შედარება რომ გავაკეთოთ, რა განსხვავებაა დღევანდელ მედიას და ათი წლისწინანდელ მედიას შორის, რა შეიცვალა და რა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თქვენი აზრით?

– ნაბიჯები მართლაც გადაიდგა, თუნდაც იმიტომ რომ ვნახეთ, რას ნიშნავს ხარისხიანი პროდუქცია. ძალიან მნიშვნელოვანია ტექნიკური ზრდაც. რადგან მხოლოდ იდეით და ტექნოლოგიების გარეშე შეუძლებელია კინოს და ტელევიზიის შექმნა. დღეს ტექნოლოგიები ისე განვითარდა, რომ ხარისხიანი პროდუქტის მარტივად და სწრაფად კეთების შესაძლებლობა გვაქვს, რაც ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია.

– რესურსების არსებობის შემთხვევაში, რომელ ბიზნეს მიმართულებას აირჩევდით და დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, რომელ სფეროში ჩადებდით ინვესტიციებს?

– აუცილებლად მედიის სფეროში, რადგან საქართველოს ამ ბიზნესის განვითარების რეალურად მდიდარი რესურსები აქვს. რა თქმა უნდა, საჭიროა მსოფლიო კომპანიების ჩართვაც, რადგან ჩვენ მხოლოდ ჩვენი ბაზრისთვის ვერ ვიმუშავებთ და ვერ შევქმნით მარალი ხარისხის პროდუქტს. კინოს და ტელევიზიას ყველაზე მეტად მაყურებელი ჭირდება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა მთლიანად კი, ზოგჯერ უფრო ნაკლებია, ვიდრე ზოგიერთი სერიალის მაყურებელი. ამიტომ, როცა ამ სფეროს განვითარებაზე ვსაუბრობთ არ შეიძლება მხოლოდ ქართველ მაყურებელზე ვიფიქროთ.

– რა პროფესიაზე ოცნებობდით ბავშვობაში?

– ბავშვობაში ცხოველები მიყვარდა და ძაღლებზე გაზეთის გამოშვებაც მინდოდა, თუმცა მერე ფრენსის ფორდ კოპოლას ”დრაკულა” ვნახე და კინომ გამიტაცა. მაინტერესებდა როგორ იქმნებოდა ეს სამყარო. კინო ყოველთვის მიყვარდა, რადგან ის გაძლევს შესაძლებლობას ჯერ შენთვის მოიგონო და შექმნა სამყარო, მერე კი, საკუთარი გამოგონილი სამყარო აბსოლუტურად რეალურად აჩვენო სხვებს.

– როგორია GDS-ის სამომავლო გეგმები?

– პირველ რიგში რამდენიმე წელიწადში საერთაშორისო ბრენდად ჩამოყალიბებას ვგეგმავთ, ახლო მომავლისთვის კი, უამრავი ახალი პროექტი გვაქვს დაგეგმილი. სეზონი ორი კომედიით – ”მზარეულები” და ”ცოლები და ქმრები” დავიწყეთ, 20 ოქტომბერს ”პარადოქსის” მეორე სეზონის პრემიერა შედგება, 2 ნოემბერს – ”ტიფლისის” ახალი სეზონის გაშვებას ვგეგმავთ, ნოემბრის ბოლოს კი – ”ქერჩის” პრემიერა იქნება. გარდა ამისა, 16-ში მუსიკალური შოუ ”გახდი ვარსკვლავი” აიღებს სტარტს. 2016 წლის თებერვლიდან კი, კიდევ ერთი სერიალი დაიწყება, რომელიც BBC-ის ფორმატით კეთდება.

– რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნეს ეტიკეტის ცოდნა და თავად რას აქცევთ პირველ რიგში ყურადღებას საქმიან შეხვედრებზე?

– გამომდინარე იქდან, რომ ჩვენი სფერო განსხვავებულია, შეხვედრებიც რა თქმა უნდა განსხვავებული გვაქვს. თუმცა, ნებისმიერ შეხვედრაზე პირველ რიგში ყურადღება ადამიანის საქმის მიმართ დამოკიდებულებას ექცევა. პირველი შეხვედრისას მნიშნელოვანია პარტნიორის განწყობა შენს მიმართ, ჩემთვის ღიმილიც მნიშვნელოვანია. ხშირად ვიღიმი და ვთვლი, რომ საკუთარი ცუდი განწყობა სხვებს არასდროს არ უნდა მოახვიო თავს.

– როგორი ხელმძღვანელია ჯაბა მელქაძე?

– იმდენად კარგი დირექტორი ვარ, რამდენადაც კარგი რეჟისორი და ზუსტად იმავე პრინციპებით ვხელმძღვანელობ, რომლითაც რეჟისორი გადასაღებ მოედანზე ანუ არის ბევრი ადამიანი, ყველას თავისი საქმე აქვს, შენ კი, ისე უნდა მისცე დავალება, რომ კარგად გაიგოს და საკუთარი გემოვნების გათვალისწინებით ზუსტად ის გააკეთოს, რაც შენ გინდა.

– როგორც წესი, სწრაფად ღებულობთ გადაწყვეტილებას თუ ნელა და გააზრებულად?

– საერთოდ არ მიყვარს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება, განსაკუთრებით, როცა ეს მნიშვნელოვან საკითხებს ეხება. იდეა ჯერ უნდა დაღვინდეს, კარგად გამოჩნდეს ყველა პლიუსი და მინუსი და მხოლოდ მერე უნდა მიიღო გადაწყვეტილება. თუმცა, არის მომენტები, როცა სწრაფი გადაწყვეტილების მიღებაც საჭიროა.

ბლიც – კითხვები

– GDS-ის სლოგანი?

– უფრო საინტერესო, ვიდრე ტელევიზია.

– თქვენთვის გამორჩეული პროექტი კომპანიაში?

– ”ქერჩი”

– როგორია თქვენი დილა?

– ძალიან მიჭირს დილას გაღვიძება.

– აზრი რომელიც ახლა გებადებათ?

– ვფიქრობ რა იქნება შემდეგი კითხვა?

– გადატვირთული სამუშაო გრაფიკის შემდეგ, რა გირჩევნიათ აუზი თუ ბარი მეგობრებთან ერთად?

– ბარი მეგობრებთან ერთად.

– ყველაზე გამაღიზიანებელი კითხვა, რომელიც ჟურნალისტებისგან მოგისმენიათ?

– არ ვარ განებივრებული ინტერვიუებით, ამიტომ ჯერჯერობით არცერთი კითხვა არ მაღიზიანებს.

ჯაბა მელქაძის ”წარმატების ფორმულა”

პირველ რიგში აუცილებელია გჯეროდეს საკუთარი ოცნების, გჯეროდეს, რომ ყველაფერი გამოვა. თუმცა, ოცნებასთან ერთად აუცილებელია შრომისმოყვარეობა და რაც მთავარია, არასდროს არ უნდა შეჩერდე მიღწეულზე.

აუდიო ჩანაწერი:

 

IMG_5994 IMG_6002 IMG_6003

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები