LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჯეოსელის“ ახალი პროექტი – „ნუ მოჭრი – მორთე“

8

10 იანვარს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM” „ჯეოსელის“ მარკეტინგული კომუნიკაციების ექსპერტი თათა ჩემია სტუმრობდა, რომელმაც კომპანიის ახალ პროექტზე „ნუ მოჭრი – მორთე“ ისაუბრა.

– ქალბატონო თათა, თქვენი წინა პროექტი, რომელიც მთელი ქვეყნის მობილური ინტერნეტით მოვლას გულისხმობდა, ძალიან მასშტაბური და მართლაც გამორჩეული გამოდგა. რა მიზანს ემსახურება „ჯეოსელის“ ახალი პროექტი?

– გეთანხმებით, კამპანიამ „ქვეყნის მოვლა მობილური ინტერნეტით“, რომელიც ზაფხულში დავიწყეთ და მოქალაქეებს  ჩვენი არაჩვეულებრივი სამშობლოს ფეხით მოვლისკენ, ულამაზესი ადგილების მონახულებისა და დანაგვიანებული ადგილების დასუფთავებისკენ მოვუწოდეთ, მართლაც გაამართლა, უზარმაზარი გამოხმაურება მოჰყვა და კომპანიებთან ერთად უამრავი მოხალისეც შემოგვიერთდა. ახალი კამპანია მობილური თაობის ყურადღების უფრო აქტუალურ – საახალწლოდ ხეების მოჭრის პრობლემაზე გამახვილებას ითვალისწინებს. ჩემი აზრით, სარეკლამო და ზოგადად ნებისმიერი ტიპის კომუნიკაცია სასარგებლო უნდა იყოს ადამიანებისთვის. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი ვიდეო არა უბრალოდ სარეკლამო რგოლი, არამედ საახალწლო ემოციებით დატვირთული მუსიკალური კლიპი ყოფილიყო. სიმღერად ქეთი მელუას მართლაც ულამაზესი ქავერი შევარჩიეთ, რომლის პირველწყაროდ ჯონი მიტჩელის საშობაო კომპოზიცია იქცა.

– როგორ შედგა თქვენი და ქეთი მელუას თანამშრომლობა და რამდენად ადვილად დათანხმდა თქვენს შეთავაზებას?

– ალბათ, ყველამ მოისმინა ქეთი მელუას ახალი ალბომი  In Winter, სწორედ ამ ალბომის ქავერი River ავირჩიეთ ვიდეოსთვის, რომელიც ვფიქრობ, ყველაზე მეტად უხდება ჩვენს საახალწლო კამპანიას. ქეთის დავუკავშირდით და ვიდეორგოლი გავუგზავნეთ, რომელიც ჯერ დამთავრებულიც არ იყო. როგორც ჩანს, ქეთის ძალიან მოეწონა ვიდეო და საკუთარი სიმღერის გამოყენების უფლებაც მოგვცა, რაც ძალიან იშვიათად ხდება, ამიტომ მოხარული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა შედგა.

– საახალწლოდ ძალიან ბევრი ნაძვის ხე იჭრება, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ეკოლოგიას. რამდენადაც ვიცი, თქვენი კლიპიც სწორედ ამ მეტად მნიშვნელოვანი პრობლემისკენაა მიმართული?

– პირველ რიგში, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ჩვენი კონცეფცია აბსოლუტურად ემთხვევა გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივას მესიჯით „ნუ მოჭერი – მორთე“, რომელსაც „ჯეოსელი“ აბსოლუტურად იზიარებს და უერთდება. სწორედ ამიტომ ჩვენს საახალწლო ვიდეოში სწორედ ეს მესიჯი გამოვიყენეთ. ვფიქრობ, ბევრად უფრო სასიამოვნო იქნება, თუ ახალი წლის სიმბოლოს – ნაძვის ხეს, მოჭრის და სახლში წაღების ნაცვლად ბუნებრივ გარემოში მოვრთავთ. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ეკოლოგიაზე ზრუნვას, კამპანიით „ქვეყნის მოვლა მობილური ინტერნეტით“ და ყველას მოვუწოდებთ შემოუერთდეს ამ მეტად მნიშვნელოვან წამოწყებას. მსურველებს თავისუფლად შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ ცხელ ხაზზე ან მოგვწერონ facebook-ის გვერდზე, ჩვენ კი,  აქციის ნებისმიერ მონაწილეს, ვინც ქვეყნის დასუფთავების საქმეში ჩაებმება, დასუფთავებისთვის საჭირო პირველადი ატრიბუტიკით (ხელთათმანი, პოლიეთილენის პარკი, პირბადე და ა.შ.) ვუზრუნველყოფთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები